რატომ მორცხვობს ბავშვი?
გააზიარე:
ადამიანები ერთმანეთისგან განვსხვავდებით – როგორც ფიზიკურად, ისე მენტალობითა და აზროვნებით. ახალი გარემო, ახალი გამოცდილება და ახალი სახეები ზოგს თუ სიამოვნებას აღუძრავს, ზოგისთვის ძალისხმევასა და დისკომფორტთან ასოცირდება. პირველები საკუთარი ინიციატივით ამყარებენ ახალ ურთიერთობებს, თავად ეცნობიან სხვებს, ერთვებიან საუბარში და ეს ყველაფერი მათთვის ძალიან ადვილი და ბუნებრივია, მეორეებს კი დრო სჭირდებათ, რომ უცხოებთან ურთიერთობაში შევიდნენ.
მეორე ტიპის ადამიანი, სანამ გაშინაურდება, ამპარტავანი და ცივი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ დროს მისმა მეგობრებმა იციან, რომ სინამდვილეში ძალიან მეგობრულია, კარგი მსმენელი და ცოტა გიჟიც.
ჩვენი ხასიათის ძირითადი ასპექტები ბავშვობაში ყალიბდება, ამიტომ მშობლებმა უნდა ვიზრუნოთ, რომ ჩვენი შვილების ბავშვობა რაც შეიძლება ლაღი და დადებითი ემოციებით დატვირთული იყოს.
- რა არის მორცხვობა?
მორცხვობა არის ემოცია, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს განცდებსა და ქცევებზე სხვა ადამიანების გარემოცვაში. მორცხვი ადამიანი ამ დროს თავს არაკომფორტულად გრძნობს და ღელავს.
მორცხვობა არა მარტო შეგრძნებებით, ხშირად ფიზიკური ნიშნებითაც გამოიხატება: შეხურებით, შეფაკვლით, სუნთქვისა და ლაპარაკის გაძნელებით, ოფლიანობით, კანკალით.
მორცხვობა თავდაჯერებულობის საპირისპირო მდგომარეობაა, როდესაც ადამიანმა შეიძლება თავი შეიკავოს რამის გაკეთებისგან ან თქმისგან იმიტომ, რომ არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში ან არ უნდა ზედმეტი ყურადღების მიპყრობა, რადგან არ იცის, როგორ მოიქცეს, როგორ გაუმკლავდეს არასასურველ ყურადღებას.
- რეაქცია ახალზე
ხშირად მორცხვობა სწორედ ახალი და უცნობი სიტუაციებიდან გამომდინარეობს. ასეთია, მაგალითად, სკოლის პირველი დღე, უცნობ ადამიანებთან შეხვედრა ან ჯგუფის წინაშე სიტყვით გამოსვლა. ბავშვები ყველაზე ხშირად მაშინ მორცხვობენ, როდესაც არ იციან, ამა თუ იმ სიტუაციაში როგორ მოიქცნენ, ვერ ხვდებიან, რა რეაქცია ექნებათ სხვებს მათ საქციელზე ან სიტყვებზე, ან მაშინ, როდესაც ხალხის ყურადღება მათკენაა მიპყრობილი.
ახლობლებისა და მეგობრების გარემოცვაში, ნაცნობ სიტუაციებში, თუნდაც ნაცნობების ყურადღების ცენტრში ყოფნისას, მორცხვობა ნაკლებმოსალოდნელია.
სხვა ემოციების მსგავსად, მორცხვობაც შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო და ძლიერი. ეს დამოკიდებულია პიროვნებასა და სიტუაციაზე, რომელშიც ის აღმოჩნდება. ზოგჯერ ინტროვერტებს მიიჩნევენ მორცხვებად, მაგრამ საქმე ყოველთვის ასე არ გახლავთ. ჩუმი, მოკრძალებული ადამიანი ყოველთვის არ არის მორცხვი.
- რატომ ვიმორცხვებთ?
ფსიქოლოგები ადასტურებენ, რომ მორცხვობა ნაწილობრივ გენებზეა დამოკიდებული. ის ასევე დამოკიდებულია ჩვენ მიერ ბავშვობაში დასწავლილ უნარებსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე.
- გენები განაპირობებს ადამიანის ფიზიკურ მახასიათებლებს: სიმაღლეს, თვალისა და კანის ფერს, სხეულის აგებულებას... მაგრამ პიროვნულ თვისებებზეც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს. ადამიანების დაახლოებით 20%-ს მორცხვობისკენ გენეტიკური მიდრეკილება აქვს. თუმცა, ცხადია, არ არის აუცილებელი, ყველას, ვისაც მორცხვობისკენ აქვს მიდრეკილება, მორცხვი ხასიათი ჩამოუყალიბდეს. ამაში ძალიან დიდ როლს ასრულებს ცხოვრებისეული გამოცდილება.
- როდესაც ბავშვი ხვდება ისეთ სიტუაციაში, რომელშიც იმორცხვებს, გარშემო მყოფთა რეაქციაზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევა ის მსგავს სიტუაციებში, რომლებიც მომავალში იჩენს თავს.
- ამაში დიდია მშობლის როლი. თუ ბავშვს ნელ-ნელა შევამზადებთ და მივაჩვევთ ახალ, მისი კომფორტის ზონის მიღმა მყოფ სიტუაციებს, ის მეტ თავდაჯერებას შეიძენს და მალე მსგავს სიტუაციებს დამოუკიდებლად, თავდაჯერებულად გაუმკლავდება, ხოლო თუ ვაიძულებთ, სწრაფად შეეგუოს მისთვის სტრესულ გარემოებებს, მსგავს გარემოებებში მას ყოველთვის შეეპარება ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში და, შესაბამისად, დაიმორცხვებს.
- მაგალითად, თუ ბავშვი მორცხვობს და უჭირს სხვა ბავშვებთან კონტაქტის დამყარება, აუცილებლად უნდა დაეხმაროთ, ერთად გაიცნოთ მისი უცნობი თანატოლი, შესთავაზოთ ერთად თამაში. როდესაც ბავშვი დაინახავს, რომ ამაში მოსარიდებელი არაფერია და ახალ ნაცნობობას არა უხერხულობის, არამედ სიამოვნების განცდასთან დააკავშირებს, თავადაც ადვილად გააკეთებს იმავეს, მაგრამ თუ დააძალებთ, მიდი და დაელაპარაკე, მიდი და ეთამაშეო, ახალი ურთიერთობების დამყარება მისთვის პრობლემად იქცევა და ზრდასრულ ასაკშიც გაუჭირდება.
- ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის მაგალითი. თუ ბავშვი ხედავს, რომ მშობელს უჭირს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება, თუ მშობელი ჰიპერმზრუნველობას იჩენს ან ყოველთვის ცდილობს, ბავშვის მაგიერ თავად გასცეს პასუხი სხვებს, ბავშვს ავტომატურად უყალიბდება მორცხვი ხასიათი, ერიდება ახალ სიტუაციებს და ყოველთვის ვიღაცის მოლოდინშია, რომ დაიცვას ან მის მაგიერ უპასუხოს მასთან კონტაქტის მსურველ თანატოლს ან ზრდასრულს.
- ძველი ქართული ანდაზა გვასწავლის, შეძახილმა ხე გაახმოო. ამ ანდაზის დედააზრი კარგად გამოხატავს იმ ზიანს, რასაც ახლობლები უნებლიეთ აყენებენ ბავშვს. თუ ბავშვმა მისთვის უცხო სიტუაციაში დაიმორცხვა, მაგალითად, მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე სხვებს არ შეუერთდა, შესაძლოა, წვეულებაზე მყოფმა მოზრდილმა მოფერებით უთხრას, უი, შენ რა მორცხვი ბიჭი ყოფილხარო, მაშასადამე, იარლიყი მიაკეროს მას. არადა, შესაძლოა, ეს სულაც არ იყოს მორცხვობა, შესაძლოა, ბავშვს გართობაზე უარის თქმის სულ სხვა მიზეზი ჰქონდეს – არ მოსწონდეს მუსიკა ან თამაში, რომელსაც იმ დროს თამაშობენ. "კეთილისმსურველის" სიტყვებმა კი მის ფაქიზ ფსიქიკაზე დიდი გავლენა მოახდინოს, ბავშვმა თავში ჩაიდოს, რომ მორცხვია და მოლოდინი გაუჩნდეს, რომ მსგავს სიტუაციებში მუდამ ანალოგიურად მოიქცევა.
ამიტომ, როგორც არ შეიძლება ქება კონკრეტული მონაცემების გამო, ისევე არ შეიძლება ბავშვისთვის უარყოფითი იარლიყის მიკერება. უმჯობესია დაველოდოთ, დავაცადოთ. თუ ცოტა ხნის შემდეგაც არ მოინდომა სხვა ბავშვებთან შეერთება, გამოველაპარაკოთ, ვკითხოთ მიზეზი, თუ სადმე გაყოლა უნდა, გავყვეთ და ბავშვიც, უკვე დადებითი ემოციების ფონზე, ნელ-ნელა უფრო გახსნილი და დამოუკიდებელი გახდება.
- მორცხვობის ძლიერი მხარე
რა თქმა უნდა, მთლიანობაში მორცხვობა არასასიამოვნოა, მაგრამ ბუნებრივად მორცხვ ადამიანებს თავიანთი ძლიერი მხარეებიც აქვთ, რომლებსაც ხშირად თვითონ ვერ ამჩნევენ. ისინი ძალიან კარგი მსმენელები არიან, შესაბამისად, კარგი მეგობრებიც, გულთან მიაქვთ სხვისი გასაჭირი, არიან მზრუნველები და მოსიყვარულეები.
- დავძლიოთ მორცხვობა
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ღირსების მიუხედავად, ბევრ მორცხვ ადამიანს სურს, გათავისუფლდეს ამ თვისებისგან, ამიტომ უმჯობესია, მშობლებმა თავიდანვე იზრუნონ და დაეხმარონ ბავშვს, ახალ სიტუაციებში თავი უფრო კომფორტულად იგრძნოს:
- იარეთ ბავშვთან ერთად ხალხმრავალ ადგილებში, მაგალითად, სათამაშო მოედანზე, მაგრამ, იმავდროულად, მიეცით თავისუფლება. როცა დაინახავთ, რომ თავი კომფორტულად იგრძნ და გაიხსნა, ნელ-ნელა მოშორდით და გვერდზე გადექით. მაგალითად, დაჯექით სკამზე სხვა უფროსებთან ერთად ისე, რომ ბავშვს თვალთახედვის არეში ჰყავდეთ.
- დაარწმუნეთ, რომ მისი გრძნობები ნორმალურია, რომ უცნობ სიტუაციებში ზოგჯერ დიდი ადამიანებიც ნერვიულობენ. მაგალითად, თუ შეატყობთ, რომ დაბადების დღეზე მიმავალი ნერვიულობს, უთხარით: ვიცი, ცოტას ღელავ, რადგან არ იცი, წვეულებაზე ვინ იქნება; მოდი, შესვლისას ერთად დავათვალიეროთ ყველა.
- ეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ. როდესაც ბავშვი ხედავს, რომ განსაზღვრულ სიტუაციაში მშობელი დაძაბულია, ეს მისთვის მინიშნებასავითაა, რომ ეს სიტუაცია საშიშია, რაც თავისთავად იწვევს მორცხვობის განცდას.
- წაახალისეთ სითამამე, შეაქეთ, როდესაც რაიმე ახალს სცდის ან სხვა ბავშვთან ურთიერთობისას ინიციატივას გამოიჩენს. მაგალითად, ასე: დაგინახე, როგორ მიესალმე და შესთავაზე თამაში შენს მეგობარს, ყოჩაღ! დაინახე, როგორ გაუხარდა?
- მიეცით სხვა ადამიანებთან თავდაჯერებული ურთიერთობების მაგალითი, ყოველთვის მიესალმეთ მეზობლებს და ბავშვის თვალწინ გაუბით სასიამოვნო საუბარი, წამოიწყეთ დიალოგი თავად.
- როდესაც სხვა ადამიანი თქვენს შვილს მორცხვს უწოდებს, ზრდილობიანად შეუსწორეთ, რომ ის მორცხვი არ არის, უბრალოდ, დრო სჭირდება სიტუაციასთან შესაგუებლად; როგორც კი თავს კომფორტულად იგრძნობს, აუცილებლად შეუერთდება სხვებს. ამით ბავშვს მიანიშნებთ, რომ გესმით მისი და ის, რომ სხვებზე ძნელად ეგუება უცნობ სიტუაციებს, ტრაგედიას არ წარმოადგენს.
ლიკა ქათამაძე