რა არის ბიპოლარული აშლილობა?

გააზიარე:

სტატიის დასაწერად რომ ვემზადებოდი, ჯანმრთელობის საკითხებისადმი მიძღვნილ ერთ ფეისბუქჯგუფში ვიკითხე, რისი წაკითხვა დააინტერესებდათ ჯგუფის წევრებს. ბიპოლარული აშლილობა ბევრმა დაასახელა. ეს მდგომარეობა საკმაო ინტერესს იწვევს. ერთი მხრივ, ნაცნობია, ხშირად გვესმის, რომ ამა თუ იმ ცნობილ ადამიანს ჰქონია (უილიამ ბლეიკით დაწყებული, კურტ კობეინით დამთავრებული), მაგრამ, იმავდროულად, დამაბნეველი და გაუგებარიც. არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენს ნაცნობს ან თავად ჩვენ ბიპოლარული აშლილობის ნიშნები გამოგვაჩნდა.
ბიპოლარული აშლილობა იშვიათი არ არის და თუ პირადად არ ვიცნობთ ამ დიაგნოზის მქონე ადამიანს, ამის მიზეზი ფსიქიატრთან მისვლის შიში და ფსიქიკური მდგომარეობის დიაგნოსტირების სირთულეები უფროა, ვიდრე ის, რომ საქართველოსთვის უცხოა ეს მოვლენა. დარწმუნებული ვარ, ყველას შეგვხვედრია ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანი.


ამავე დროს, გვახსოვდეს: სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია მხოლოდ ვარაუდის გამოთქმაში თუ დაგვეხმარება – დიაგნოზის დასმა ფსიქიატრის საქმეა! დიახ, ვერც ფსიქოლოგი და ვერც ფსიქოთერაპევტი ვერ დასვამენ ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზს, მით უმეტეს – ვერც მეზობელი ან თანამშრომელი.

  • განმარტება

ბიპოლარულ აშლილობას წინათ მანიაკური დეპრესია ერქვა, თუმცა ამ სახელწოდებამ იმდენი სტერეოტიპი წარმოშვა, რომ სტიგმატიზაციის შესამცირებლად ბიპოლარული აშლილობის ცნება შემოიღეს. ადამიანებს, რომლებსაც ეს დიაგნოზი დაუსვეს, აქვთ უაღრესად ინტენსიური ემოციების პერიოდები, რომლებსაც თან სდევს უამრავი ცვლილება – ძილის, აქტიურობის, ენერგიულობის, ქცევის, წარმოდგენების, აღქმისაც კი, და ეს პერიოდები ხარისხობრივად განსხვავდება მათი ჩვეული მდგომარეობისგან.
ერთმანეთს ენაცვლება ორი პოლარულად განსხვავებული მდგომარეობა: ემოციური აწეულობის, ანუ მანია და ემოციური დათრგუნულობის, ანუ დეპრესია.
მანიის ერთი ეპიზოდი მაინც უნდა დადასტურდეს, რომ არა დეპრესიის, არამედ ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაისვას.
აშლილობა მოკლედ ასე შეიძლება აღვწეროთ: დეპრესიის ეპიზოდის დროს ადამიანს სევდა და უიმედობა ეუფლება; როდესაც დეპრესია მანიით იცვლება, იწყება ეიფორია, ადამიანი ერთბაშად ივსება ენერგიით, ამაღლებულ განწყობაზე დგება.


ზოგიერთ შემთხვევაში დეპრესია-მანიის ეპიზოდები იშვიათია, ზოგიერთს კი წელიწადში რამდენიმეჯერ უმეორდება.
ბიპოლარული აშლილობა მუდმივი მდგომარეობაა – რამდენიც არ უნდა ვიმკურნალოთ, არ გაივლის, თუმცა კარგად გაწერილი სამკურნალო გეგმის წყალობით სიმპტომები მართვას დაექვემდებარება და ადამიანიც უფრო ადვილად ჩაერთვება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

  • სიმპტომები

განასხვავებენ ბიპოლარული აშლილობის ორ ძირითად სახესხვაობას:

  • ბიპოლარული აშლილობა I – მანიის, სულ მცირე, ერთი ეპიზოდი, რომელსაც წინ უძღვის ან მოჰყვება დეპრესიის ეპიზოდი. სიმპტომების სიმძიმის გამო ადამიანს უჭირს, მიჰყვეს ყოველდღიურ ცხოვრებას;
  • ბიპოლარული აშლილობა II – ჰიპომანიის (ჰგავს მანიას, მაგრამ ისეთი ინტენსივობით არ არის გამოხატული) და, სულ მცირე, ერთი დეპრესიული ეპიზოდი.
  • ბიპოლარული აშლილობა II არ არის I-ის მსუბუქი ვარიანტი, ეს ცალკე დიაგნოზია. პირველ შემთხვევაში თუ მთავარი დამანგრეველი ძალა მანიაა, მეორის დროს უფრო ხანგრძლივი და მძიმე დეპრესია აღინიშნება, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვიოს.

ბიპოლარული აშლილობა ყველა ასაკში გვხვდება, თუმცა ტიპობრივად – მხოლოდ მოზარდებთან და 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებთან.
სიმპტომები ინდივიდუალურია, განსხვავებული. მეტიც: შესაძლოა, დროთა განმავლობაში ერთ ადამიანთანაც კი იცვლებოდეს.

  • მანია და ჰიპომანია

მანია და ჰიპომანია ორი სხვადასხვა ტიპის მდგომარეობაა, თუმცა სიმპტომები მსგავსი აქვს. მანია ჰიპომანიაზე ძლიერია და სამსახურში, სასწავლებელში, სოციალურ აქტივობებსა და ურთიერთობებში გაცილებით შესამჩნევია – ამ დროს გამოვლენილი ქცევა თვალში საცემია. ინტენსიური მანია ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს.
როგორც მანიის, ისე ჰიპომანიის ეპიზოდის დასადგენად აუცილებელია დადასტურდეს სამი ან მეტი ჩამოთვლილი სიმპტომებიდან:

  • უჩვეულო მოუსვენრობა, “დაქოქილობა”;
  • აქტიურობის დონის მომატება, გადაჭარბებული ენერგიულობა, აჟიტირებულობა;
  • კეთილდღეობის გაზვიადებული განცდა (ეიფორია), გაზვიადებული თვითშეფასება;
  • ძილის საჭიროების დაქვეითება;
  • უჩვეულოდ ბევრი ლაპარაკი;
  • სწრაფი ფიქრები;
  • უყურადღებობა;
  • საზიანო გადაწყვეტილებები და ქცევები, მაგალითად, ფულის უანგარიშოდ ხარჯვა, სარისკო ქმედებაში მონაწილეობა.

დეპრესია
დეპრესიული ეპიზოდი მოიცავს ისეთი სიმძიმის სიმპტომებს, რომ ადამიანი ყოველდღიურ საქმიანობასაც ვეღარ ახერხებს. ეპიზოდი მოიცავს ხუთს ან მეტს ჩამოთვლილი სიმპტომებიდან:

  • გუნება-განწყობილების დაქვეითება, სევდა, უიმედობა, უმიზეზო ტირილი;
  • სიამოვნების მიღების უნარის და მისდამი ინტერესის შესუსტება;
  • წონის მომატება ან დაკლება;
  • ძილის გახანგრძლივება ან მოკლება;
  • შენელებული მოქმედება;
  • ენერგიის ნაკლებობა, გადაღლილობა;
  • დაქვეითებული თვითშეფასება ან გამძაფრებული დანაშაულის განცდა;
  • აზროვნებისა და კონცენტრაციის უნარის შესუსტება;
  • სუიციდზე ფიქრი, მისი დაგეგმვა.

მივმართოთ ექიმს?
ასეთი უაღრესად გამოკვეთილი ურთიერთსაპირისპირო ემოციური დატვირთვისა და მრავალი პრობლემის გამომწვევი სიმპტომების მიუხედავად, ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანები ფსიქიატრამდე ხშირად ვერ აღწევენ.
ისეც ხდება, რომ მანიის ეპიზოდის დროს განცდილი ეიფორია და გადაჭარბებული ენერგიულობა სასიამოვნოა. სწორედ ამ პერიოდებში ქმნიდნენ ბიპოლარული აშლილობის მქონე ხელოვანები თავიანთ საუკეთესო ნამუშევრებს. თუმცა ეიფორიას ყოველთვის უმძიმესი დეპრესია მოსდევს, მეტიც – დეპრესიის დროს ადამიანს უწევს იმ სოციალურ თუ ფინანსურ პრობლემებთან გამკლავებაც, რომლებიც მანიის ეპიზოდისთვის დამახასიათებელ დაუფიქრებელ, იმპულსურ და სარისკო ქცევას მოჰყვა.
ბიპოლარული აშლილობა თავისთავად არ ალაგდება, ამიტომ ჯდომა და ლოდინი, როდის გაივლის მანიისა თუ დეპრესიის ეპიზოდი, მხოლოდ დაამძიმებს მდგომარეობას.
მივმართოთ ექიმს? აუცილებლად, თუნდაც ეს მხოლოდ ვარაუდი იყოს. ჯობია, ზუსტად ვიცოდეთ, გვჭირდება თუ არა მკურნალობა, ვიდრე მანიის ან დეპრესიის დიაგნოზის შიშით დავმალოთ ჩვენი მდგომარეობა და ამით თავი უფრო დიდ საფრთხეში ჩავიგდოთ.

  • გამომწვევი მიზეზები

ბიპოლარული აშლილობის ზუსტი მიზეზი თუ მიზეზები უცნობია, თუმცა ვიცით, რომ მის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორი ფაქტორი:

  • ბიოლოგიური ცვლილებები – ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანების ტვინში არსებული ნეიროტრანსმიტერები სხვაგვარად მოქმედებს. არსებობს ვარაუდი, რომ ბიპოლარულ აშლილობას თავის ტვინში არსებული განსხვავებები იწვევს;
  • გენეტიკური ფაქტორები – ბიპოლარული აშლილობა ახლო ნათესავებში უფრო ხშირია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ მდგომარეობის ბიოლოგიურ საფუძველზე.

რისკფაქტორები

  • ძლიერი სტრესი ან ტრავმა (მაგალითად, საყვარელი ადამიანის გარდაცვალება);
  • გამაბრუებელი ნივთიერებების (მათ შორის – ალკოჰოლის) ჭარბი მოხმარება,

– ეს ის ფაქტორებია, რომლებიც ბიპოლარულ აშლილობას არ იწვევს, მაგრამ შეუძლია, გაამძაფროს ის ან ხელი შეუწყოს მის პირველ გამოვლენას.

გართულებები
ნებაზე მიშვებული ბიპოლარული აშლილობა სათავეა მრავალი პრობლემისა, რომლებიც ცხოვრების ყველა სფეროს ეხება. შედეგად შესაძლოა უსიამოვნო ან საშიში სიტუაციები წარმოიშვას. მაგალითად:

  • გამაბრუებელი ნივთიერებების მოხმარება და მათზე დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
  • თვითმკვლელობა ან მისი მცდელობა;
  • უთანხმოება კანონთან;
  • ფინანსური პრობლემები;
  • დანგრეული ურთიერთობები;
  • პრობლემები სამსახურში ან სასწავლებელში.

პრევენცია
ბიპოლარული აშლილობის პრევენციის გზა არ არსებობს. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ფსიქიატრთან დროულად მისვლა და მედიკამენტური და ფსიქოლოგიური თერაპიის დაწყებაა. ამ ორის კომბინაცია საგრძნობლად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. მეტიც: სხვაგვარად ბიპოლარული აშლილობის მართვა შეუძლებელია.
თუ ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაგისვეს, სიმპტომებთან გამკლავებაში ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები დაგეხმარებათ:

  • ყურადღება მიაქციეთ წინმსწრებ ნიშნებს. რაც უფრო ადრე დაეჭვდებით და მიხვალთ ექიმთან, მით უფრო ადრე დაიწყება თერაპია და მით უფრო ეფექტურად მოხერხდება აშლილობის მართვა.
  • თავი არიდეთ ალკოჰოლს და ნარკოტიკულ ნივთიერებებს – მათ შესაძლოა დაამძიმონ მდგომარეობა.
  • აუცილებლად, აუცილებლად მიიღეთ წამლები დანიშნულებისამებრ. ბიპოლარული აშლილობის მართვა მხოლოდ ამგვარადაა შესაძლებელი. შესაძლოა, თავი კარგად იგრძნოთ – ექიმის ნებართვის გარეშე წამლების მიღებას ნუ შეწყვეტთ! ამან შესაძლოა ახალი ეპიზოდი გამოიწვიოს.

მკურნალობა
გავიმეორებ: მკურნალობის სწორად დაგეგმვა უაღრესად მნიშვნელოვანია, ამიტომ აუცილებელია, დახმარებისთვის მიმართოთ სანდო და კვალიფიციურ ფსიქიატრს, რომელიც სიმპტომებს შეადარებს მსოფლიოში აღირებულ სადიაგნოსტიკო ჩამონათვალს და შესაბამის დასკვნას გამოიტანს. სხვაგვარად დიაგნოსტიკა უბრალო მარჩიელობად დარჩება. მეორე ნაბიჯია ფსიქოთერაპევტის სერვისის გამოყენება, რადგან ბიპოლარული აშლილობით გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად აუცილებელია დრო, ენერგია და მცოდნე მეგზური.
ბიპოლარული აშლილობის მკურნალობა არასოდეს მთავრდება. ვიცი, ეს უსიამოვნოდ ჟღერს, მაგრამ ასევეა უამრავი სხვა სამედიცინო/ფსიქიკური მდგომარეობაც, რომლებსაც უბრალოდ ვეჩვევით და ვმართავთ. მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწორი მკურნალობა ბიპოლარული აშლილობის დროს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც, მაგალითად, ინსულინის დოზების მუდმივი გადამოწმება დიაბეტის დროს.


მკურნალობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

  • მედიკამენტების დანიშნულებისამებრ მიღება. წამლებს, როგორც წესი, დიაგნოზის დასმისთანავე გამოწერენ.
  • ხანგრძლივი მკურნალობა. თუნდაც ადამიანი თავს კარგად გრძნობდეს, ექიმის დანიშნულებას არ უნდა გადაუხვიოს.
  • ჰოსპიტალიზაცია. საავადმყოფოში დაწოლის საჭიროება წარმოიშობა, როდესაც ადამიანი რეალობას სწყდება, სათანადოდ ვეღარ აფასებს მოვლენებს, რისკებს ან აშკარაა სუიციდის საფრთხე.
  • ფსიქოთერაპია. დასავლეთის ქვეყნების ნებისმიერი წყარო მიუთითებს, რომ ბიპოლარული აშლილობის დროს ფსიქოთერაპია აუცილებელია. თერაპია შეიძლება ჩაუტარდეს როგორც დიაგნოზის მატარებელ ადამიანს, ისე მის ოჯახს, ერთად ან ცალ-ცალკე. შეიძლება როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური თერაპიის ჩატარება.

დამატებითი მხარდაჭერა
ბიპოლარული აშლილობით გამოწვეული ემოციური, სოციალური და ფიზიკური ცვლილებები ადვილი ასატანი არ არის, ამიტომ ამ დიაგნოზის მქონე ადამიანი უნდა ეცადოს, რაც შეიძლება მეტი საყრდენი იპოვოს ცხოვრებაში – ეს სიმპტომებთან გამკლავებაში დეხმარება. მაგალითად:

  • მიიღოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ამ მდგომარეობის შესახებ – გაიაროს ექიმის კონსულტაცია, ჰქონდეს ურთიერთობა სხვა პაციენტებთან, უარს არ ამბობდეს გამოცდილების გაცვლა-გამოცვლაზე. მე მყავს კლიენტები, რომლებიც წლების განმავლობაში თავიანთი მდგომარეობის ექსპერტები გახდნენ. ცოდნა ძალაა და იარაღი, რომელიც ადამიანს კონტროლის განცდას უბრუნებს.
  • დაისახოს გეგმა და მიჰყვეს. როგორც ნებისმიერი ქრონიკული მდგომარეობა, ბიპოლარული აშლილობაც ადამიანისგან მძლავრ მოტივაციას, ნებისყოფას და მოთმინებას მოითხოვს. მკურნალობის შუა გზაზე მიტოვება, წამლის დოზების თვითნებური შეცვლა, თვითმკურნალობა, ნაცადი მედიკამენტების ნაცვლად ბალახეული ნაყენების სმა, მთვარის ციკლზე აქტივობების დაგეგმვა და შელოცვები ისედაც მძიმე მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს.
  • ჯანსაღად ხარჯოს ენერგია. ჭარბი ენერგიის დასახარჯად (წინასწარ, მანიის ეპიზოდის დადგომამდე) აუცილებელია სხვადასხვა აქტივობის, მაგალითად, ვარჯიშის, აქტიური ჰობის დაგეგმვა.
  • აითვისოს და გამოიყენოს სტრესის მართვის ტექნიკები: იოგა, მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიშები და ა.შ. ეს ყველაფერი საჭიროა შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომებთან გასამკლავებლად.


დასკვნა
ბიპოლარული აშლილობა იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი ვერ შეძლებს სწავლას, მუშაობას, სასურველი რომანტიკული ურთიერთობების დამყარებას, დასვენებას, გართობას, მეგობრობას, მოქალაქეობას... ამ დიაგნოზის მატარებელ ადამიანებს ხშირად იმაზე მეტ იარლიყს აკერებენ, ვიდრე რეალობას შეეფერება. განსაკუთრებით გაუგებარი მაინც მანიის ეპიზოდია. თუ ეიფორიაა – რატომ არის ცუდი? თუ ადამიანი აჩქარდა – რატომ ვერ ნელდება? თუ ფულს ფლანგავს – რატომ ვერ ჩერდება? თუ აბობოქრებულ ზღვაში შედის და არ სჯერა, რომ შეიძლება რამე მოუვიდეს – რატომ არ მოუხმობს ჭკუას? ეს ალბათ იმის ბრალია, რომ დეპრესია მეტ-ნაკლებად ყველას გამოგვიცდია, აი, მანია კი “სულ სხვა ცხოველია”. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მანიის ეპიზოდი ისევე არ ექვემდებარება ადამიანის კონტროლს, როგორც დეპრესიისა. ეს რეალობის დამახინჯებული აღქმა და განცდაა და პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან გამრუდდება სარკე – არადეკვატურად დაბლა დაეშვება ადამიანი თუ იკაროსივით მზისკენ აიჭრება, სანამ ფრთებზე ცვილი არ დაუდნება.
ყველაზე უარესი, რაც ამ დროს შეიძლება გავაკეთოთ, ადამიანის განსჯაა. ნაცვლად ამისა, ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ის კვალიფიციურ სპეციალისტამდე მივიყვანოთ.
თუ ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაგისვეს, ესე იგი თქვენი მკურნალობა დაიწყო, ეს კი მნიშვნელოვანი მიღწევაა. მიუხედავად იმისა, რომ აუცილებლად დადგება მომენტები, როდესაც ყველაფერი რთული და უბრალოდ აუტანელი მოგეჩვენებათ, არ შეგეშინდეთ, ესეც გაივლის.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: