როგორ დავამეგობროთ ძაღლი და კატა?
გააზიარე:
თუ უკვე გყავთ კატა, მაგრამ შინ ძაღლის მიყვანაც გინდათ, სასურველია, ამისთვის წინასწარ მოემზადოთ. კატა, სავარაუდოდ, დიდად არ აღფრთოვანდება თქვენი გადაწყვეტილებით და მის გაპროტესტებას ეცდება. თქვენ კი მოგიწევთ, მოთმინება მოიკრიბოთ და მასპინძლისა და ოჯახის ახალი წევრის დამეგობრებაზე იზრუნოთ.
- პირველი პაემანი
ძაღლისა და კატის პირველი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. აქაც, როგორც ადამიანებთან, პირველ შთაბეჭდილებაზეა დამოკიდებული ურთიერთობის მომავალი.
კატის გაცნობამდე ცუგა ხანგრძლივად ნასეირნები და დანაყრებული უნდა იყოს. ძაღლი მოკლე საბლით ახლოს მოისვით და ოთახში კატა შემოუშვით. კატას მშვიდი კილოთი მიმართეთ, სიტყვიერად მიეფერეთ, იმავდროულად ძაღლის მიმართაც გამოხატეთ კეთილგანწყობა და სასუსნავით გაუმასპინძლდით. ეცადეთ, პირველი შეხვედრა ხუთ წუთზე მეტ ხანს არ გაგრძელდეს. მერე ორივე ცხოველი რამე გემრიელით დააპურეთ ცალ-ცალკე ოთახში.
ასეთი შეხვედრები შეგიძლიათ დღიდან დღემდე გაახანგრძლივოთ, სანამ ძაღლი და კატა ერთმანეთს არ შეეგუებიან.
- სასარგებლო რჩევები
1. კატა, ძაღლისგან განსხვავებით, შინ მეტი თავისუფლებით და მეტი უფლებით სარგებლობს. იერარქიაში მას ბუნებრივად უფრო მაღალი პოზიცია უკავია. ეს ნიშნავს, რომ მისი ადგილი, მის მიერ მონიშნული არე, საკვები და საძინებელი სივრცეები იქვე უნდა დარჩეს, სადაც თავიდან იყო. ძაღლის მოყვანის შემდეგ კატის ძირითადი ჩვევები არსებითად არ უნდა შეიცვალოს.
2. თუ ნაცნობობა წარუმატებელი აღმოჩნდა და ძაღლი დიდ დისკომფორტს უქმნის მასპინძელ კატას, გასაწვრთნელად პროფესიონალ კინოლოგს მიაბარეთ. დაგვეთანხმეთ, უსამართლობა იქნება კატის უფლებების უგულებელყოფა. ფისო უკონფლიქტოდ მიიღებს სახლის ახალ ბინადარს, თუ თავად უსაფრთხოდ იგრძნობს თავს.
3. სეირნობის დროს არასდროს დაგეშოთ ძაღლი კატების წინააღმდეგ.
4. საკმარისი დრო დაუთმეთ ძაღლის სეირნობას, რათა მან სათანადოდ დახარჯოს ენერგია.
5. აუცილებლად დააჭერით ბრჭყალები კატასაც და ძაღლსაც.
6. ეთამაშეთ ორივე ცხოველს, თქვენი მეთვალყურეობით ათამაშეთ ერთმანეთთანაც. დაუწესეთ ერთგვარი საზღვრები, სადამდეც ერთმანეთთან შეთამაშების უფლება ექნებათ. აუკრძალეთ ერთმანეთის მოხრჩობა, კბილის ჩასობა, ბრჭყალებშემართული ჩხუბი.
- რისი გაკეთება არ შეიძლება
. არც ერთი მათგანი არასდროს დასაჯოთ ფიზიკურად. კატის შემთხვევაში სასჯელი საერთოდ არ არის ქცევაზე ადეკვატური და ეფექტიანი პასუხი.
. არ მისცეთ ნება, ერთმანეთზე “ინადირონ”. თუ ერთმა მეორე კუთხეში მოიმწყვდია და დომინირების გამომხატველი პოზა მიიღო, სასწრაფოდ შეაწყვეტინეთ ახლო კონტაქტი.
. კონფლიქტის შემთხვევაში “დაჩაგრულის” მხარეს ნუ დაიჭერთ. თუ “მსხვერპლს” “მოძალადის” დასანახად ჩაიხუტებთ, ამ უკანასკნელს კი დატუქსავთ, ამით კონფლიქტს უფრო გააღრმავებთ – საქმეში ეჭვიანობა ჩაერთვება.
ახლა კი ძაღლის იმ ჯიშების მოკლე აღწერას შემოგთავაზებთ, რომლებიც კარგად ეწყობიან კატებს.
- ოქროსფერი რეტრივერი
ამ მშვენიერი ძაღლის საუკეთესო თვისებათა შორის კატებისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულებაც არის. ოქროსფერი რეტრივერი ჭეშმარიტად “ოჯახური” ყაიდის ძაღლია. კატებსაც და ბავშვებსაც ის მშვენივრად ეწყობა.
- ბიშონ ფრიზე
პატარა, ფუმფულა, საზრიანი და მიმნდობი ფინია ოჯახის უსაყვარლესი წევრი გახდება. ის იმდენად საყვარელია, რომ კატების გულსაც კი ადვილად იგებს. ცნება “კონფლიქტი” მის ძაღლურ ლექსიკონში საერთოდ არ არსებობს.
- ლაბრადორი
თუ დიდი ბინა ან ეზოიანი სახლი გაქვთ, ლაბრადორი საუკეთესო არჩევანია. ლაბრადორი საკმაოდ აქტიური ძაღლია, თუმცა კატებთან ჩხუბი მის ინტერესებში არ შედის. ის გულგრილია ამ არსებების მიმართ და, შესაბამისად, არც მათთან კონფლიქტისთვის სცალია.
- მოპსი
აპათიური, თითქოს გამუდმებით ცხოვრების ამაოებაზე ჩაფიქრებული და შეწუხებული მოპსი მეგობრული ხასიათით გამოირჩევა. ეს არაჩვეულებრივი ქმნილება წინააღმდეგი არ იქნება, პატრონის სიყვარული სხვასაც გაუზიაროს.
- გერმანული ბოქსიორი
თამაშის მოყვარული, ცოცხალი და ენერგიული ბოქსიორები ბავშვური ხასიათით გამოირჩევიან. ისინი მუდამ მზად არიან ცელქობისთვის, თუმცა, ამასთან, პატივს სცემენ სხვის უფლებას, არ უნდოდეს თამაში. ასე რომ, თუ თქვენი კატა გართობაში არ აჰყვება ბოქსიორს, ის ზედმეტად არ შეაწუხებს ფისოს. თუ კატაც ჭკუამხიარული შეგხვდათ, თქვენს სახლში ნამდვილად განუმეორებელი ატმოსფერო დაისადგურებს.
ნინო ლომიძე