როგორ შევარჩიოთ სასკოლო ზურგჩანთა?

გააზიარე:

სულ მალე ახალი სასწავლო წელი დაიწყება და მშობლებმა სასკოლო ნივთების შეძენაზე უნდა ვიზრუნოთ. ჩანთა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ის არაერთ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, რომ ჩვენს პატარებს ზურგის ტკივილი და სხეულის არასწორი განვითარება თავიდან ავაცილოთ.
სკოლისთვის პირველკლასელები განსაკუთრებით ემზადებიან, ამიტომ ზურგჩანთა მათთვის შესახედავადაც მოსაწონი უნდა იყოს და ზედმიწევნით კომფორტულიც, რომ უფრო მეტი ხალისით იარონ სკოლაში.
სასკოლო ჩანთის სწორად შესარჩევად აშშ ნაციონალური მედიცინის ინსტიტუტის (US NIM) რეკომენდაციებს გაგაცნობთ.

ამთავითვე შევთანხმდეთ, რომ სკოლის მოსწავლემ ხელჩანთა ან ცალყურიანი ჩანთა არ უნდა ატაროს –სხეულზე სიმძიმის არათანაბარი განაწილების გამო ცალ მხარეს გადახრილს მოუწევს სიარული, რაც ზურგის კუნთების არათანაბარ განვითარებას, წელის ტკივილს და დისკომფორტს გამოიწვევს. მოსალოდნელია ტანდეგობის დარღვევა და ხერხემლის პრობლემების აღმოცენებაც.
ზურგჩანთა საუკეთესო არჩევანია და მიაქციეთ ყურადღება, რომ ბავშვმა ის ორივე მხარზე მოკიდებული ატაროს.

ზომა
უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ასაკის, სიმაღლისა და წონის გათვალისწინებით ზუსტად უნდა განისაზღვროს ზურგჩანთის მისაღები ზომა. რა თქმა უნდა, უფრო ეკონომიური იქნება დიდი ჩანთის შეძენა, რომელსაც ბავშვი ორი-სამი წელი ატარებს, მაგრამ ჯანმრთელობისთვის ეს რეკომენდებული არ არის.
სასურველია, ზურგჩანთა ბავშვის მხრებზე განიერი არ იყოს, ამასთან, ჩანთის ზედა ნაწილი კისრის ქვემოთ იყოს ფიქსირებული, ხოლო ქვედა წელზე ოდნავ დაბლა, თეძოებამდე სწვდებოდეს.
შეეცადეთ, ჩანთა რაც შეიძლება მსუბუქი იყოს, რადგან, პედიატრთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტანდარტის თანახმად, ზურგჩანთის წონა შიგთავსიანად არ უნდა აღემატებოდეს ბავშვის წონის 10%-ს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ წიგნები საკმაოდ მძიმეა და პატარებს დღის განმავლობაში არა ერთი, არამედ რამდენიმე საგნის გაკვეთილი აქვთ, ამასთან, სკოლაში რვეულები, ფერადი ფანქრები და კონტეინერით საკვებიც უნდა ატარონ, სასურველია, ცარიელი ჩანთის წონა არ აღემატებოდეს 500-800 გრამს.
მე-6-9 კლასების მოსწავლეებს კიდევ უფრო უმძიმდებათ ჩანთები, რადგან საგნების რაოდენობა იმატებს, წიგნები კი უფრო დიდია... ასე რომ, მათთვის მაქსიმალურად ტევადი და მსუბუქი ჩანთის შერჩევა ჯობს.
მე-9-12 კლასების მოსწავლეთა ზურგჩანთის წონა შიგთავსიანად 4 კგ-ზე მეტი არ უნდა იყოს.

ფორმა
სასურველია, ზურგჩანთა მყარი იყოს, რომ წიგნების ჩაწყობისას ფორმა არ დაკარგოს. ასეთი ჩანთა წიგნებსაც დაიცავს დაზიანებისგან და არც ბავშვს შეერჭობა ზურგში ფანქრის წვერები.
ზურგჩანთების უმრავლესობას აქვს ე.წ. ჩარჩო, რომელიც ნაკერებში ჩატანებულ პლასტმასის ან კაუჩუკის ერთგვარ საყრდენს წარმოადგენს. ჩარჩო ჩანთას ფორმას უნარჩუნებს და შიგთავსის სიმძიმეს მის ძირსა და საზურგეზე თანაბრად ანაწილებს.


თუ თქვენს შვილს მეტისმეტად ბევრი წიგნის ტარება უწევს და ჩანთის წონა დასაშვებ ზღვარს აღემატება, მისთვის ბორბლიანი ჩანთის შეძენა ჯობს. ასეთ ჩანთებს დაწყებითი კლასის მოსწავლეები უფრო ხშირად ირჩევენ, უფრო მოზრდილებს იშვიათად მოსწონთ, თუმცა ზურგის პრობლემების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო არჩევანია.
თუ ბორბლიანი ჩანთის შეძენას გადაწყვეტთ, მიაქციეთ ყურადღება სახელურის სიგრძეს. ის ბავშვის სიმაღლეს უნდა შეესაბამებოდეს. პატარას არ უნდა უწევდეს მოხრა, რომ მისწვდეს.
თუ ვერც ბორბლიანი ჩანთის ტარებაზე დაიყოლიეთ პატარა და არც მყარ ან ჩარჩოიან ზურგჩანთაზე მიგიწვდებათ ხელი, მძიმე წიგნები ბავშვს ზურგთან ახლოს მდებარე განყოფილებაში ჩაალაგებინეთ – ეს ხრიკი სიმძიმის ხერხემლისთვის უმჯობესი პრინციპით გადანაწილებას უზრუნველყოფს.

საზურგე
თუ მთლიანად ჩანთის კორპუსი მყარი არ არის, ყურადღება მიაქციეთ, რომ ის ნაწილი მაინც, რომლიც ბავშვის ზურგს ეხება, შედარებით მკვრივი იყოს.
შეგიძლიათ შეარჩიოთ ზურგჩანთა, რომელსაც ორთოპედიული საზურგე აქვს – დრეკადი რბილი ფორმები შესანიშნავად იმეორებს ბავშვის ზურგის მოყვანილობას და, შესაბამისად, სიმძიმე არა მხოლოდ მხრებსა და წელზე, არამედ მთელ ზურგზე თანაბრად ნაწილდება, ხერხემალზე კი ნაკლები დატვირთვა მოდის.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ საზურგე, მით უფრო – ორთოპედიული, სასურველია, გარედან ბადისმაგვარი ნატურალური ქსოვილით იყოს დაფარული. ეს დეტალი მნიშვნელოვანია, რათა ბავშვი ნაკლებად გაოფლიანდეს.

სამხრეები
ჩანთის შერჩევისას გასათვალისწინებელია კიდევ ერთი აუცილებელი დეტალი – სამხრეები.
სასურველია, ჩანთას ბრტყელი, რბილი და ელასტიკური სამხრეები ჰქონდეს, არანაკლებ 4-5 სანტიმეტრი სიგანისა. თუ სამხრეებს შიგნითა მხარეს ბადისმაგვარი ქსოვილი ექნება გადაკრული, მხრებს უკეთ მოეჭიდება და არ ისრიალებს.
სამხრეები ერთმანეთთან მეტისმეტად ახლოს არ უნდა იყოს მიკერებული – ამ შემთხვევაში კისერზე ზეწოლა გაიზრდება და სიმძიმე უშუალოდ ხერხემალს დააწვება, ხოლო თუ სამხრეებს შორის მანძილი საჭიროზე მეტია, ჩანთა იოლად ჩამოცურდება მხრებზე.


აუცილებელია, სამხრეების სიგრძე სპეციალური მექანიზმით რეგულირდებოდეს.
ვინაიდან ჩანთის სიმძიმის უდიდესი წილი სამხრეებზე მოდის, მიაქციეთ ყურადღება, რომ რამდენიმე ნაკერი ჰქონდეს და მტკიცედ იყოს მიმაგრებული ჩანთის კორპუსზე. ასეთი ჩანთა უფრო გამძლეა და დიდხანს მოემსახურება თქვენს პატარას.

ღვედები
სასურველია დამხმარე, მაგალითად, წელის ან გულმკერდის ღვედებიც.
წელის ღვედი ჩანთის ძირს მჭიდროდ აფიქსირებს წელის გარშემო, რაც ზურგჩანთის სიმძიმეს არა მხოლოდ ზურგსა და მხრებზე, არამედ თეძოებზეც ანაწილებს. ეს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს ტვირთს.


გულმკერდის სამაგრი, რომელიც ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალად შეიძლება ჩათვალოთ, ასევე სიმძიმის გადანაწილებას ემსახურება და ღვედი, რომელიც ორ სამხრეს ერთმანეთთან აკავშირებს, საგრძნობლად ამცირებს მხრებზე ზეწოლას.
ამ სამაგრების გარეშე ბავშვს შესაძლოა დაეჭიმოს და დაეღალოს მხრები და ზურგის კუნთები.
ყურადღება მიაქციეთ ღვედების შესაკრავს – საკეტი მარტივად უნდა იხსნებოდეს. ზედაპირი, რომელიც ბავშვის მუცელს ან გულმკერდს ეხება, არ უნდა იყოს უხეში და მკვრივი.

დამატებითი დეტალები
ჩანთის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის შიდა განყოფილებებსაც. ეს დეტალი არცთუ უმნიშვნელოა კომფორტის თვალსაზრისით. სხვადასხვა სათავსი მოსწავლეს საჭირო ნივთებისა და წიგნების ორგანიზებულად განაწილებას მიაჩვევს და მათ პოვნასაც გაუადვილებს. ნურც ზედმეტ ჯიბეებზე იტყვით უარს. განსაკუთრებით მოხერხებულია გარეთა ჯიბე, რომელშიც წყლის ბოთლის ჩადება შეიძლება. ასე აღარც ჩანთის შიგთავსი დასველდება, თუ ბოთლიდან წყალმა გაჟონა.


ყურადღება მიაქციეთ ქსოვილსაც. ნატურალური და ბადისებრი ქსოვილი, სასურველია, ჩანთის იმ ნაწილზე იყოს გადაკრული, რომელიც უშუალოდ ბავშვის სხეულს ეხება, ხოლო ჩანთის მთლიანი კორპუსი სინთეტიკისა იყოს – ის უფრო იოლი მოსავლელია, უფრო გამძლეა და უფრო ადვილად იწმინდება. ამასთან, სასურველია, წყალგაუმტარიც იყოს, რომ წვიმაში წიგნები არ დასველდეს.
საკეტი სანდო და იოლად გასახსნელი უნდა იყოს. ელვა შესაკრავს პატარები იოლად უმკლავდებიან, თუმცა ასევე იოლად აზიანებენ. ფხრიწიანი შესაკრავიც არ არის ურიგო არჩევანი. მთავარია, საკეტი ხარისხიანი იყოს.

როდესაც ჩანთას ყველა ამ ტექნიკური კრიტერიუმის გათვალისწინებით შეარჩევთ, ჯერი თქვენს პატარაზე მიდგება – მიეცით საშუალება, ფერი, გაფორმება, ნახატი თავად აირჩიოს. კარგია, როცა ბავშვი მცირე ასაკიდანვე გრძნობს დამოუკიდებლობის ხიბლს და თავად იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რეალურად კი ბევრს არაფერს წყვეტს.
არ დააძალოთ ბავშვს იმ ჩანთის ტარება, რომელიც არ მოსწონს. თუ თქვენი კრიტერიუმებით შერჩეული ზურგჩანთა დაიწუნა, არ დაგეზაროთ და დაწვრილებით აუხსნით, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ნიუანსი მისი ჯანმრთელობისთვის.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: