როგორ ვიზრუნოთ თვალებზე?

გააზიარე:

კარგი მხედველობა ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია – ჩვენ ხომ სწორედ თვალებით შევიმეცნებთ გარე სამყაროს უდიდეს ნაწილს. არსებობს მთელი წყება დაავადებებისა, რომლებმაც ადამიანს შესაძლოა მხედველობაც კი დააკარგვინოს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება დროულად მოხდეს თვალის დაავადებების გამოვლენა და მკურნალობა.

ექიმი გირჩევთ, რა სიხშირით შეიმოწმოთ მხედველობა.

  • რა ემუქრება თვალს

ასაკთან ერთად იმატებს თვალის დაავადებების განვითარების რისკიც. მათგან ყველაზე გავრცელებულია:
* კატარაქტა – ეს არის თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, რომლის დროსაც მხედველობა დაბინდულია. ასაკობრივი კატარაქტა მხედველობის დარღვევის და სიბრმავის მთავარი მიზეზია მთელ მსოფლიოში;
* დიაბეტური რეტინოპათია – დიაბეტის დროს სისხლში შაქრის მომატებული დონე იწვევს ბადურას სისხლძარღვების დაზიანებას;
* მშრალი თვალის სინდრომი – ცრემლის უკმარისობა თვალების გამოშრობას, დისკომფორტს და მხედველობის დარღვევას იწვევს;
* გლაუკომა – დაავადებათა ჯგუფია, რომლისთვისაც დამახასიათებელია მხედველობის ნერვის პროგრესირებადი დეგენერაცია (მხედველობის ნერვს ვიზუალური ინფორმაცია თვალებიდან ტვინისკენ მიაქვს);
* ყვითელი ხალის (მაკულას) დეგენერაცია – მაკულა ბადურას ცენტრალური ნაწილია. ასაკდამოკიდებული მაკულური დეგენერაცია სიბრმავის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია განვითარებულ ქვეყნებში.

  • როგორ გავუფრთხილდეთ

არსებობს წესები, რომელთა დაცვით შესაძლებელია თვალების ჯანმრთელობის შენარჩუნება:

* იკვებეთ ჯანსაღად და მრავალფეროვნად
თვალების ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნივთიერებების დიდ ნაწილს ადამიანი სწორედ საკვებიდან იღებს. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:
1. A ვიტამინი – სასიცოცხლოდ აუცილებელია თვალში არსებული სინათლის აღმქმელი უჯრედების, ფოტორეცეპტორების, გამართული მუშაობისთვის. მისი ნაკლებობისას ვითარდება ღამის სიბრმავე, თვალების სიმშრალე ან უფრო მძიმე გართულებები, რაც თავად დეფიციტის სიმძიმეზეა დამოკიდებული. A ვიტამინი მხოლოდ ცხოველური წარმოშობის საკვებში მოიპოვება. ამ ნივთიერებით ყველაზე მდიდარია ღვიძლი, კვერცხის გული და რძის ნაწარმი, თუმცა მისი მიღება შესაძლებელია მცენარეული ანტიოქსიდანტებიდანაც – A პროვიტამინის კაროტინოიდების სახით, რომლებიც აკმაყოფილებს A ვიტამინის მოთხოვნილების 30%-ს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ბეტა კაროტინი, რომელიც კომბოსტოში, ისპანახსა და სტაფილოში მოიპოვება.

2. ლუთეინი და ზეაქსანთინი ყვითელი კაროტინოიდული ანტიოქსიდანტებია, რომლებსაც მაკულურ პიგმენტებსაც უწოდებენ. ისინი კონცენტრირებულია ბადურას ცენტრალურ ნაწილში არსებულ ყვითელ ხალში – შრეში, რომელიც სინათლის აღმქმელი უჯრედებისგან შედგება. ლუთეინი და ზეაქსანთინი ასრულებს მზისგან, უმთავრესად – ლურჯი გამოსხივებისგან, ბუნებრივი დამცავის როლს.
ლუთეინი და ზეაქსანთინი, როგორც წესი, ერთადაა ისპანახში, ჭარხლის ფოთლებში, ყვავილოვან კომბოსტოში, ოხრახუშში, ფსტაში, მწვანე ბარდაში. ასევე უხვად მოიპოვება კვერცხის გულში, შავ ყურძენში. კაროტინოიდების შეწოვა უმჯობესდება ცხიმთან, მაგალითად, ზეთთან ან ავოკადოსთან ერთად მიღებისას.

3. თვალების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია გრძელჯაჭვიანი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები – EPA და DHA. DHA ბევრია ბადურაში და ბავშვობაში თვალებისა და ტვინის განვითარებაში მონაწილეობს. მისი დეფიციტი მხედველობის დარღვევას იწვევს, განსაკუთრებით – ბავშვებთან.
კვლევებით დამტკიცდა, რომ ომეგა-3-ის დანამატები კარგია მშრალი თვალის სინდრომის დროს. გარდა ამისა, შეუძლია ისეთი დაავადებების პრევენცია, როგორიცაა, მაგალითად, დიაბეტური რეტინოპათია. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით განსაკუთრებით მდიდარია ცხიმიანი თევზი. ფართოდ ხელმისაწვდომია თევზისა და მიკროწყალმცენარეებისგან მიღებული ომეგა 3-ის დანამატებიც.

4. გამა-ლინოლენის მჟავა ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავაა, რომელიც თანამედროვე ადამიანის საკვებ რაციონში ცოტაა. სხვა ომეგა-6 მჟავებისგან განსხვავებით, მას აქვს ანტიანთებითი თვისებებიც. ამ ნივთიერებით ყველაზე მდიდარია საღამოს ფურისულას და ჭარხალას ზეთი.

5. თვალებს სხვა ორგანოებზე გაცილებით მეტი ანტიოქსიდანტი სჭირდება. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია C ვიტამინი, რომლის როლს თვალების ჯანმრთელობაში მეცნიერები აქტიურად იკვლევენ. თვალის სითხოვან გარემოში C ვიტამინის კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე ორგანიზმის ნებისმიერ სხვა სითხეში. ამ გარემოში C ვიტამინის დონეს პირდაპირპროპორციული კავშირი აქვს საკვებით მის მიღებასთან. კვლევებით დადგენილია, რომ კატარაქტით დაავადებულებს ანტიოქსიდანტური სტატუსი დაბალი აქვთ.C ვიტამინით მდიდარია მრავალი სახეობის ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით – ციტრუსები, ბროკოლი, ტკბილი წიწაკა, გუიავა, ყვავილოვანი კომბოსტო.

6. E ვიტამინი ცხიმში ხსნადი ანტიოქსიდანტია, რომელიც ცხიმოვან მჟავებს მავნე ჟანგვისგან იცავს. ვინაიდან ბადურაში ცხიმოვანი მჟავა ბევრია, E ვიტამინის ადეკვატური მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. მისმა მძიმე დეფიციტმა შესაძლოა ბადურას დეგენერაცია და სიმრმავეც კი გამოიწვიოს.
E ვიტამინის საუკეთესო წყაროა ნუში, მზესუმზირას თესლი, სელის ზეთი.

7. თვალში დიდი რაოდენობითაა თუთიაც – კომპონენტი მრავალი შეუცვლელი ფერმენტისა, რომელთაგან ბევრი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა. თუთია მონაწილეობს ბადურას მხედველობის პიგმენტების ფორმირებაშიც, ამიტომ მისი დეფიციტი ღამის სიბრმავეს იწვევს. მისი ბუნებრივი წყაროა ხორცი, ზღვის კიბორჩხალა, გოგრის თესლი, მიწის თხილი.

* შეინარჩუნეთ ნორმალური წონა
ჭარბი წონისა და სიმსუქნის დროს იმატებს დიაბეტის განვითარების რისკი, რომელიც, თავის მხრივ, დიაბეტური რეტინოპათიისა და გლაუკომის განვითარების ალბათობას ზრდის.

* რეგულარულად ივარჯიშეთ
ვარჯიშით შესაძლებელია დიაბეტის, არტერიული წნევისა და სისხლში ქოლესტეროლის დონის კონტროლი.

* ატარეთ მზის სათვალე
მზის გამოსხივებას შეუძლია დააზიანოს თვალები და გაზარდოს კატარაქტისა და ასაკდამოკიდებული ბადურას დეგენერაციის განვითარების რისკი. მზის სათვალე უნდა ბლოკავდეს როგორც ულტრაიისფერი A, ისე ულტრაიისფერი B სხივების თითქმის 100%-ს.

* გაიკეთეთ თვალის დამცავები
სპორტის ზოგიერთი სახეობა და ზოგიერთი ტიპის პროფესიული საქმიანობა თვალების დაცვას მოითხოვს.

* ნუ მოწევთ
მოწევისას იმატებს ასაკდამოკიდებული თვალის დაავადებების განვითარების რისკი, ისეთებისა, როგორიცაა ბადურას დეგენერაცია და კატარაქტა. შესაძლოა, მხედველობის ნერვიც დაზიანდეს.

* გაეცანით თქვენი ოჯახის სამედიცინო ისტორიას
ზოგიერთი დაავადება მემკვიდრეობით გადაეცემა და ოჯახის სამედიცინო ისტორიის შესწავლით შესაძლებელია იმის გაგება, გემუქრებათ თუ არა თვალის დაავადებათა განვითარების მომატებული რისკი.

* იცოდეთ სხვა რისკფაქტორებიც
მაგალითად, ასაკის მატებასთან ერთად იმატებს ასაკდამოკიდებული თვალის დაავადებების განვითარების ალბათობა.

* დაიცავით ჰიგიენა კონტაქტური ლინზების გამოყენებისას
აუცილებელია ხელების დაბანა კონტაქტური ლინზების ჩასმისა და ამოღების წინ, ასევე – მათი სწორი წმენდა და დროული შეცვლა.

* თვალებსაც სჭირდება დასვენება
კომპიუტერთან მუშაობისას ხშირად გვავიწყდება თვალების დახამხამება, რაც თვალების დაღლას იწვევს. დაძაბულობის შესამცირებლად გვირჩევენ, ყოველ 20 წუთში ერთხელ გავიხედოთ შორს და ასე დავრჩეთ 20 წამი.

  • ვიკვლევთ თვალებს

ყველა ადამიანს სჭირდება მხედველობის შემოწმება. ბავშვებს სკრინინგს, ჩვეულებისამებრ, სკოლაში უტარებენ, მოზრდილებს კი – გეგმური სამედიცინო კვლევისას, თუმცა უმრავლესობისთვის თვალების სრულყოფილი გაფართოებული გამოკვლევაა საჭირო – ზოგიერთი დაავადება გამაფრთხილებელი ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ეს გამოკვლევა კი ერთადერთი გზაა ადრეულ სტადიაზე მათ გამოსავლენად.

აღნიშნული გამოკვლევა რამდენიმე ტესტს მოიცავს:
* პერიფერიული ანუ გვერდითი მხედველობის შემოწმებას – პერიფერიული მხედველობის დაკარგვა შესაძლოა გლაუკომის ნიშანი იყოს;
* მხედველობის სიმახვილის შემოწმებას მხედველობის ცხრილის საშუალებით;
* ტონომეტრიას – თვალშიგა წნევის გაზომვას, რაც გლაუკომის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება;
* დილატაციას – თვალის წვეთების გამოყენებით გუგებს აფართოებენ, რის შედეგადაც თვალში მეტი სინათლე ხვდება და ექიმს საშუალება ეძლევა, სპეციალური გამადიდებელი ლინზით დაათვალიეროს თვალის უკანა ნაწილი – ბადურა, ყვითელი ხალი და მხედველობის ნერვი.

რეფრაქციის (გარდატეხის) პრობლემების დროს, როდესაც საჭიროა სათვალის ან ლინზის შერჩევა, ტარდება რეფრაქციის ტესტი. ამ ტესტს ატარებენ სპეციალური მოწყობილობით, რომელსაც სხვადასხვა სიმძლავრის ლინზები აქვს. ექიმი ადგენს, რომელი მათგანის საშუალებით იღებთ ყველაზე მკაფიო მხედველობას.
კვლევების დაწყების ასაკი და სიხშირე მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის – ასაკსა და ადამიანის საერთო ჯანმრთელობაზე.
დასასრულ, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით არაერთი ქრონიკული დაავადების პრევენციაა შესაძლებელი, მათ შორის – თვალის დაავადებებისაც.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: