სპირიდონ ვირსალაძე - კაცი, რომლის სახელსაც ატარებს პარაზიტოლოგიის ინსტიტუტი

გააზიარე:

სპირიდონ ვირსალაძე სამართლიანად მიიჩნევა საქართველოში მეცნიერული თერაპიის და ტროპიკული მედიცინის ფუძემდებლად. სახელგანთქმული ექიმი ცარიზმსაც მოესწრო და საბჭოთა კავშირშიც იცხოვრა. მისი ბიოგრაფია უცნობი და საინტრესო ფაქტებით არის დახუნძლული, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი ჟურნალის ფურცლები კიდევ ერთხელ დაგვეთმო ამ დიდი ექიმისა და მეცნიერისთვის. სპირიდონ ვირსალაძის შესახებ გვესაუბრა ექიმი გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია, რომელმაც წერილობითი თუ ზეპირი წყაროებიდან ბევრი რამ იცის მის შესახებ.

ციმბირისაკენ

– სპირიდონ ვირსალაძე 1868 წლის 17 მარტს დაიბადა ქუთაისის გუბერნიის სოფელ ნახშირღელეში. ეს სოფელი ამჟამად თერჯოლის რაიონს ეკუთვნის. მამამისი, სიმონი, გლეხი იყო, მაგრამ ყველაფერი იღონა, რომ მის შვილს განათლება მიეღო. სპირიდონი ჯერ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ჩაირიცხა, მერე, როგორც ფრიადოსანი მოსწავლე, სასულიერო სემინარიაში გადავიდა. სწორედ მისი მოსწავლეობის პერიოდში, 1886 წელს, მოხდა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი: სასულიერო სემინარიის რექტორი პაველ ჩუდეცკი ერთმა უწყინარმა მოსწავლემ, იოსებ ლაღიაშვილმა მოკლა. ჩუდეცკი ქართველებისადმი დამცინავად იყო განწყობილი, ქართულს ძაღლების ენას ეძახდა და ბევრი მოსწავლეც ჰყავდა გამწარებული. იოსები მან არალეგალური ლიტერატურის კითხვის საბაბით დაითხოვა პანსიონიდან, სტიპენდია შეუმცირა, წინა სასწავლებლის დამთავრების დამადასტურებელ საბუთებს არ უბრუნებდა, ყოფაქცევაში ისეთი ნიშანი დაუწერა, ვეღარსად გააგრძელებდა სწავლას... ლაღიაშვილი თხოვნით რომ ვერაფერს გახდა, ტანსაცმლის ქვეშ დამალული ხანჯლით მიეჭრა ჩუდეცკის და სასიკვდილოდ დაჭრა.

ეგზარქოსი პაველ ლებედევი რექტორის ახლო მეგობარი იყო (და, როგორც ამბობენ, მისი ახალგაზრდა, ლამაზი ცოლის საყვარელიც). ჩუდეცკის დაკრძალვაზე ეგზარქოსმა ამბიონიდან დაწყევლა მკვლელი და მასთან ერთად – მთელი ქართველი ერი. სწორედ ამ ამბავს შეეწირა დიმიტრი ყიფიანი: მან ეგზარქოსს მამხილებელი წერილით მიმართა და საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამ კადნიერების გამო ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც ერთი წლის შემდეგ მოკლეს კიდეც.

ჩუდეცკის მკვლელობის გამო სასულიერო სემინარიიდან სამოცი სტუდენტი გარიცხეს, მათ შორის – სპირიდონ ვირსალაძეც. ღარიბი სტუდენტი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა: სამუშაოზე არავინ იღებდა, სწავლას ვერსად აგრძელებდა... როგორღაც მოახერხა და კიევის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა, თუმცა “სემინარიიდან გამოგდებულის” დამღა ვერ მოიშორა... ასეთებს არ იღებდნენ არც მოსკოვის, არც პეტერბურგის, არც ხარკოვის უნივერსიტეტებში, სპირიდონს კი ექიმობა უნდოდა. ერთადერთი გამოსავალი ტომსკი იყო, სადაც მძიმე ბუნებრივი პირობების, ორმოცდაათგრადუსიანი ყინვების გამო არავინ მიდიოდა. სპირიდონიც წავიდა ტომსკში, სწავლობდა მედიცინას და თავს რეპეტიტორობით ირჩენდა.

აღიარება

– ტომსკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი სპირიდონ ვირსალაძემ 1896 წელს დაამთავრა. იქიდან პირდაპირ დაღესტანში გაამწესეს – კიურგინსკის საოლქო ექიმად დანიშნეს. მოწოდებით მეცნიერმა, ადგილობრივი მასალა ხელიდან არ გაუშვა და დაწერა ძალიან საინტერესო გამოკვლევა დაღესტნის მთიულეთში თავის ქალას ტრეპანაციის შესახებ. 1898 წელს სპირიდონმა ნაშრომი რუსეთის ანთროპოლოგიურ საზოგადოებას წარუდგინა და თეორიული ცოდნის გაღრმავებას შეუდგა. ახალგაზრდა მკვლევარს მედიცინის კორიფეები: ივან პავლოვი, ალექსანდრ ნეჩაევი, ვლადიმერ ბეხტერეევი – ხელმძღვანელობდნენ. სპირიდონ ვირსალაძეს დამსახურებულად მიანიჭეს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

1903 წელს სპირიდონი თბილისის წმინდა მიქაელის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილედ და თერაპიული განყოფილების გამგედ დანიშნეს, მაშინდელი მთავარი ექიმის, ალექსანდრ გურკოს გარდაცვალების შემდეგ კი, 1925 წლამდე, ამავე სავაადმყოფოს მთავარი ექიმის თანამდებობა ეკავა.

სპირიდონმა თანდათან მოიხვეჭა სახელი. მას უხმობდნენ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. თავს ადგა სხვიტორში ავადმყოფ აკაკი წერეთელს; მონაწილეობდა უნივერსიტეტის საავადმყოფოში მწოლიარე ვაჟა–ფშაველას მკურნალობაში; ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერ ლიტერატორს გრიშა აბაშიძეს, რომელსაც ფსიქიკური დაავადების ნიშნები ჰქონდა, პეტერბურგში დახვდა, ბეხტერევის კლინიკაში მიიყვანა და ბოლომდე უპატრონა; აქტიურად იყო ჩართული ძალიან ცნობილი ექიმის, ქუთაისში პირველი საავადმყოფოს დამაარსებლის სამსონ თოფურიას მკურნალობაში.

ერთხელ თბილისში რომელიღაც დიდი ბოლშევიკის გასასინჯად ჩამოიყვანეს ცნობილი თერაპევტი დიმიტრი პლეტნიოვი (ეს ის პლეტნიოვია, რომელიც 1941 წელს ოლია ოკუჯავასა და სხვებთან ერთად დახვრიტეს ორიოლის ციხეში). მას პაციენტი გაუსინჯავს და თან უთქვამს: მე აქ რა მინდა, როცა სპირიდონ ვირსალაძე გყავთო.

კოწია (კონსტანტინე) ერისთავი თავის მემუარებში ასეთ შემთხვევას იხსენებს: საკონსულტაციოდ სპირიდონი მიუწვევია. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, პაციენტს ამებური აბსცესი ჰქონდა. სპირიდონს გაუსინჯავს და პერკუსიით (თითების დაკაკუნებით) დაუდგენია, საიდან უნდა ამოეღოთ ჩირქი. კოწია ამას საოცრებად მიიჩნევდა...

ოჯახი

– თბილისში დამკვიდრებული სპირიდონი დაოჯახდა. შეირთო ანასტასია აბდუშელიშვილი, ქუთაისელი ნოტარიუსის, ძალიან შეძლებული კაცის – დავით აბდუშელიშვილის ქალიშვილი. დავითის ოთხივე ქალიშვილმა განათლება პეტერბურგში მიიღო და წარმატებით გათხოვდა. ერთ–ერთი დის მეუღლე გახლდათ ცნობილი ლიტერატორი იპოლიტე ვართაგავა.

ანასტასია ნიჭიერი მუსიკოსი და ბრწყინვალე პედაგოგი იყო. პეტერბურგის კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ასწავლიდა. 130-მდე პიანისტი აღზარდა, შექმნა ფაქიზი სტილით, დახვეწილი გემოვნებით, ბგერის მაღალი კულტურით გამორჩეული საშემსრულებლო სკოლა, რომელსაც ბეთჰოვენის სკოლის მემკვიდრედ მოიაზრებდნენ. აქვეყნებდა მეთოდოლოგიური ხასიათის წერილებს. მოვლენებს გავუსწრებ და გეტყვით, რომ ანასტასია იყო თავისი შვილიშვილის, ცნობილი პიანისტის ელისო ვირსალაძის პირველი მასწავლებელიც.

სპირიდონს და ანასტასიას ორი ვაჟი შეეძინათ – დავითი და კონსტანტინე. რა თქმა უნდა, ორივეს შესანიშნავი განათლება მისცეს. დავითი – ფილოლოგი, გერმანისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი – რეპრესიებს შეეწირა: 1937 წელს დახვრიტეს ჯაშუშობის ბრალდებით. სპირიდონი ამას ვერ მოესწრო, 1930 წელს გარდაიცვალა, მაგრამ როდესაც დავითს სასწავლებლად გერმანიაში აცილებდა, თითქოს გული უგრძნობდა, რომ უკანასკნელად ხედავდა. მატარებელს გაუსწრო, შვილს და მის მეგობრებს ვლადიკავკასში დახვდა და კიდევ ერთხელ გამოეთხოვა.

მეორე ვაჟი, კონსტანტინე (კოტე) ვირსალაძე, ცნობილი ექიმი გახლდათ, თერაპევტი, გასტროენტეროლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი. საქართველოში მან პირველმა გამოიყენა კვლევის ენდოსკოპიური მეთოდი გასტროენტეროლოგიაში. ელისო კოტეს ქალიშვილია.

სიკვდილს გადარჩენილი

– სპირიდონი ბოლშევიკებს თანაუგრძნობდა, თუმცა რევოლუციურ საქმიანობაში აქტიურად არ ყოფილა ჩაბმული. სასულიერო სემინარია რევოლუციონერების ბუდე გახლდათ. სავარაუდოდ, სპირიდონიც იქიდან იცნობდა ფილიპე მახარაძეს და სერგო ორჯონიკიძეს, რომლებსაც რევოლუციამდე წმ. მიქაელის საავადმყოფოს ეზოში, მისთვის საცხოვრებლად გამოყოფილ შენობაში მალავდა (სერგო ორჯონიკიძეს ამ საავადმყოფოსთან არსებული საფერშლო სკოლაც კი დაამთავრებინა). ცნობილი და ავტორიტეტული ექიმის ბინის გაჩხრეკას იოლად ვერავინ გაბედავდა... ურთიერთობა არც შემდგომ გაუწყვეტიათ. კოტეს აქვს ნათქვამი: ფილიპე მახარაძესთან ნარდიც მითამაშია და სერგო ორჯონიკიძის მუხლებზეც ვმჯდარვარო.

სპირიდონ ვირსალაძე პირდაპირი კაცი ყოფილა, ცოტა არ იყოს, ენამწარეც, და ამის გამო ბევრი უსიამოვნებაც შეხვედრია. ეს ამბავი მისი ნამოწაფრისგან, დიდი თერაპევტისგან გოგი მხეიძისგან მომისმენია:

ერთხელ, უკვე საბჭოთა წლებში, სპირიდონისთვის სერგო ორჯონიკიძეს დაურეკავს, რომელიც მაშინ ძალიან დიდი თანამდებობის პირი – ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი იყო: ჩვენი კაცია ავად და მიგვიხედეო. ეს კაცი აღმოჩნდა ცნობილი ჩეკისტი, 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ერთ-ერთი ჩამხშობი, საგანგებო სამეულის წევრი ივანოვ-კავკაზსკი, რომლის სინდისზეც იყო უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე. ბუნებრივია, სპირიდონში ის დიდ სიმპათიას არ იწვევდა. ივანოვ-კავკაზსკის სახლი საავადმყოფოს პირდაპირ იდგა. სპირიდონს ხალათიც არ გაუხდია, ისე გავიდა გარეთ, გადაჭრა ქუჩა და პაციენტის ბინის კარი შეაღო. ოთახში თურმე ენით აუწერელი სიღარიბე დახვდა. ნუთუ ძარცვის კვირეულში არაფერი შეგხვდათ, სახლში სკამიც რომ არ გიდგათო? – გესლიანად უკითხავს სპირიდონს. გადარეულა ივანოვი, წამოვარდნილა, დაურეკავს, სადაც ჯერ არს... სპირიდონი მთელი ქუჩის თვალწინ წაუყვანიათ. ხალხი ენაჩავარდნილი უყურებდა, როგორ უწეწავდა ქარი წვერს და უფრიალებდა ხალათის კალთებს.

საავადმყოფოდან ეს ამბავი სასწრაფოდ აცნობეს სპირიდონის ცოლს, მან კი უმალვე ორჯონიკიძეს შეატყობინა. ასე გადაურჩა სპირიდონი პატიმრობას და, შესაძლოა, სიკვდილსაც.

მემკვიდრეობა

– სპირიდონს მთელი სიცოცხლე არ ასვენებდა მეცნიერული იდეები. მისი სადოქტორო ნაშრომი – “პერიფერიული არტერიების ნაადრევი გამკვრივებისა და ე.წ. აორტულ ჰიპოპლაზიასთან მისი დამოკიდებულების საკითხისათვის” – ათეროსკლეროზის ქოლესტერინული თეორიის ერთ-ერთი წინამორბედი გახლდათ. ეს ნაშრომი საფუძვლიანი პათოლოგანატომიური გამოკვლევის შედეგებს ეფუძნებოდა და დღესაც იმსახურებს ყურადღებას. რა თქმა უნდა, სპირიდონმა დისერტაცია ბრწყინვალედ დაიცვა.

სპირიდონს უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ქართული მედიცინის წინაშე. იყო აქტიური წევრი კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისა, რომელიც სპირიდონის ინიციატივით ქართული მედიცინის საზოგადოებად გადაკეთდა, როცა ცარიზმს უკვე წყალი ჰქონდა შემდგარი; შალვა მიქელაძესთან ერთად გამოსცა პირველი ქართული სამედიცინო ჟურნალი “ექიმი”; მას მოჰყვა “ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტის ბიულეტენი”; მისი დამსახურებითვე გამოიცა “ტროპიკული მედიცინის მოამბე”... გრიგოლ მუხაძესა და ივანე თიკანაძესთან ერთად დააარსა თსუ-ს სამკურნალო ფაკულტეტი, რომელზეც კერძო პათოლოგიისა და შინაგანი მედიცინის კათედრას ხელმძღვანელობდა. დიდ ყურადღებას უთმობდა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვას, პედაგოგიურ პროცესს და მეცნიერული კადრების მომზადებას. თავადაც დაუღალავად შრომობდა. ქართულ, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე 70-მდე მეცნიერული ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული. ორგანიზებას უწევდა საქართველოს და ამიერკავკასიის ექიმების ყრილობებს.

სპირიდონისა და მის თანამოაზრეთა მონდომებით დაიწყო საქართველოში მალარიის საწინააღმდეგო ღონისძიებები. 1912 წლის შემოდგომაზე ის ერთი წლით მიავლინეს საზღვარგარეთ თერაპიასა და ტროპიკულ მედიცინაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად. სპირიდონმა შემოირა დასავლეთ ევროპის ქვეყნების ყველა მთავარი ტროპიკულ სნეულებათა ისტიტუტი და სკოლა. განსაკუთრებით ბევრი დრო დაყო ჰამბურგში – იქ ინსტიტუტის დირექტორი გახლდათ ბერნარდ ნოხტი, ცნობილი მალარიოლოგი, რომელთანაც სპირიდონი სიკვდილამდე მეგობრობდა. ეს იყო მალარიის აღზევების პერიოდი. მალევე აღმოაჩინეს კოღო ანოფელესის როლი დაავადების განვითარებაში. ეს იმ დონის აღმოჩენა იყო, ახლა სიმსივნის მიზეზი და წამალი რომ აღმოაჩინოს ვინმემ...

სპირიდონის თაოსნობით დაარსდა თბილისის ცენტრალური სამალარიო სადგური, რომელიც შემდეგ, სპირიდონისავე დიდი ბრძოლის შედეგად, ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტად გადაკეთდა. დღეს მას პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ჰქვია და სპირიდონ ვირსალაძის სახელს ატარებს.

თავის ნაშრომებში სპირიდონი მედიცინის არაერთ აქტუალურ პრობლემას ეხებოდა, მალარიასთან ერთად იკვლევდა ამებიაზს, ლამბლიოზს და სხვა პარაზიტულ დაავადებებს, განიხილავდა კუჭის წყლულოვანი დაავადების კლინიკას, ტუბერკულოზის კლასიფიკაციის აუცილებლობას, ბალნეოლოგიურ საკითხებს...

1930 წელს 62 წლის სპირიდონ ვირსალაძეს დიდი საბჭოთა სამეცნიერო ენციკლოპედიისთვის მალარიის კლინიკის შესახებ სტატიის მომზადება სთხოვეს. ეს დიდი პატივი იყო, რადგან ქართველებს ასეთ ამბებში არ სწყალობდნენ. სპირიდონმა სტატიის მომზადება ვერ მოასწრო – 30 მარტს უეცრად გარდაიცვალა ინფარქტით. ეს ამბავი ელვის სისწრაფით მოედო ქვეყანას. მისი დაკრძალვის ორგანიზება მთავრობამ სპეციალურ კომისიას დაავალა. სპიროდონ ვირსალაძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, მისი საქმიანობა კი მისმა გამოზრდილმა ექიმებმა გააგრძელეს.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: