როდის უვითარდება ბავშვს იუმორის გრძნობა?
გააზიარე:
იუმორი ოჯახურ ცხოვრებას ხალისსა და სილაღეს მატებს. თვეების პატარას მუცელზე თუ დაუფრუტუნებთ, ის აკისკისდება და სახლს სიხარულით აავსებს, სამი წლის ბავშვს თუ სასაცილო შეძახილებით დასაჭერად გაეკიდებით, ის აღტაცებული სიცილით გაგექცევათ, პირველკლასელის გასახალისებლად კი სკამისთვის განზრახ ფეხის წამოკვრა და წაბორძიკებაც საკმარისია.
ასაკთან ერთად იუმორის გრძნობაც ვითარდება – ბავშვს აღარ ეცინება იმაზე, რაც ადრე სასაცილოდ მიაჩნდა და პირიქით.
ერთად სიცილი აძლიერებს კავშირს ოჯახის წევრებს შორის, იუმორის გრძნობის განვითარება კი ხელს უწყობს ბავშვის გონიერ, ჯანსაღად მოაზროვნე პიროვნებად ჩამოყალიბებას და ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავებაში ეხმარება.
ადამიანები იუმორს აღვიქვამთ როგორც გენეტიკურ თავისებურებას, როგორიცაა, მაგალითად, ცისფერი თვალები ან ქერა თმა. სინამდვილეში კი ეს დასწავლილი უნარია, რომელსაც ბავშვობიდან სჭირდება განვითარება. იუმორის გრძნობით ადამიანები არ იბადებიან.
- მაინც რა არის სასაცილო?
იუმორის გრძნობა აქცევს საგანს ან მოვლენას სასაცილოდ. უფრო სწორად, იუმორის გრძნობა – ეს არის ადამიანის შესაძლებლობა, ამოიცნოს და რეაგირება მოახდინოს, როდესაც რამე სასაცილო ხდება. ის, ვისაც განვითარებული აქვს იუმორის გრძნობა, სხვებზე ადვილად ხვდება ხუმრობას და თავადაც ეადვილება სხვების გახალისება.
კარგი იუმორის გრძნობა იარაღია, რომელიც ეხმარება ბავშვს:
* დაინახოს სიტუაცია სხვადასხვა კუთხით;
* იყოს სპონტანური;
* იფიქროს არასტანდარტულად და არ ჩაიციკლოს შაბლონურ იდეებზე;
* არ მიუდგეს სიტუაციას ზედაპირულად, შეძლოს სიღრმეების დანახვა;
* სიამოვნება მიიღოს ცხოვრების სახალისო მომენტებისგან;
* არ მოეკიდოს არც საკუთარ თავს, არც სხვებს და არც სიტუაციას მეტისმეტად სერიოზულად.
ბავშვები, რომლებსაც კარგად აქვთ განვითარებული იუმორის გრძნობა, ოპტიმისტები არიან, არ უჩივიან დაბალ თვითშეფასებას, ლაღად მიუყვებიან ცხოვრებას, არ უჭირთ განსხვავებულ სიტუაციებთან მორგება, განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობა. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ისინი პოპულარობით სარგებლობენ სკოლასა და მეგობრების წრეში, უკეთ უმკლავდებიან დაცინვას და მჩაგვრელისთვის საკადრისი პასუხის გაცემასაც ახერხებენ.
უნდა ითქვას, რომ კარგი იუმორის გრძნობა არამხოლოდ ემოციურ და სოციალურ ასპექტებში ეხმარება ბავშვს: გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ბევრს იცინიან, არ ახასიათებთ დეპრესიისკენ მიდრეკილება და ფიზიკურადაც უფრო ამტანები არიან. ვინაიდან ნაკლებად ისტრესებიან, მწყობრში აქვთ გულის რიტმი, პუსლი და წნევა, კარგად უმუშავებთ საჭმლის მომნელებელი სისტემა. სიცილი ადამიანს ტკივილთან გამკლავებასაც უადვილებს და იმუნურ სისტემასაც აძლიერებს, რაც კვლევებითაა დადასტურებული.
მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ იუმორი ცხოვრებას გვიხალისებს. მართლაც, ცოტა რამ თუ შეედრება მუცლის ტკივილამდე სიცილს, თანაც შვილთან ერთად.
- სხვადასხვა ასაკი – სხვადასხვა იუმორი
იუმორის გრძნობა ადამიანში პატარაობიდანვე ისახება. რა თქმა უნდა, ის, რაზეც სამი წლის ბავშვი მთელი დღე იცინის, დიდი შანსია, თინეიჯერისთვის საერთოდ არ იყოს სასაცილო. იმისთვის, რომ ბავშვებს ამ უნარის განვითარებაში დავეხმაროთ, უნდა ვიცოდეთ, რა ასაკში რა ახალისებთ და რას მიიჩნევენ სასაცილოდ.
- თვეების პატარები
ჩვილ ბავშვს იუმორი არ ესმის, მაგრამ ხვდება, როდის იღიმებით და როდის ხართ კარგ ხასიათზე. როდესაც უცნაურ ხმებს გამოსცემთ ან იმანჭებით, მერე კი იცინით, თქვენი ემოცია მასაც გადაედება. პატარები ადეკვატურად რეაგირებენ ფიზიკურ სტიმულზეც, მაგალითად, იმავე ღუტუნზე ან დაფრუტუნებაზე.
9-15 თვის ბავშვმა უკვე იმდენი იცის ცხოვრებაზე, რომ ხვდება: როდესაც დედა პამპერსს თავზე იხურავს ან ბატივით ყიყინებს, ის რაღაც უჩვეულოს აკეთებს და ეს სასაცილოა.
- 1-დან 3 წლამდე
ამ ასაკის ბავშვები უფრო მეტად ფიზიკურ იუმორზე რეაგირებენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის მოულოდნელობის ელემენტებს შეიცავს, მაგალითად, ხელების თვალებზე აფარებასა და სწრაფად ჩამოღებაზე ან მოულოდნელ მოღუტუნებაზე. ლაპარაკის უნარის განვითარებასთან ერთად ბავშვს სასაცილო რითმები და გაუგებარი სიტყვათა წყობაც ახალისებს და აცინებს. ეს შესაძლოა სკოლის დაწყებით კლასებამდეც გაგრძელდეს.
ბავშვების უმეტესობა სწორედ ამ ასაკში იწყებს მცდელობას, თვითონაც გაახალისოს და გააცინოს მშობლები. შესაძლოა, განგებ მიგითითოთ პირზე, როდესაც ეკითხებით, სად აქვს ცხვირი, ან თქვენი ფეხსაცმელი ჩაიცვას და ასე გამოგეცხადოთ წასასვლელად გამზადებული.
- 4-დან 6 წლამდე
ამ ასაკის ბავშვებს ვიზუალური იუმორი, მაგალითად, ოთხკუთხედბორბლებიანი მანქანა ან სათვალიანი გოჭი უფრო ახალისებთ, ვიდრე სასაცილო ამბები ან სიტყვებით თამაში. ასევე ძალიან ართობთ გამსოახულებისა და ხმის შეუთავსებლობა, მაგალითად, ცხენი, რომელიც ძროხასავით ზმუის.
- დაწყებით კლასებში
სკოლაში შესვლის შემდეგ ბავშვს ყველაზე სასაცილო ეჩვენება სიტყვებით თამაში, გაზვიადება და განზრახ უგერგილო ქცევა. ამ დროს ის აღმოაჩენს პატარა ანეკდოტების მოყოლით მოგვრილ სიამოვნებას და შესაძლოა, ერთი და იგივე ამბავი რამდენჯერმე მოგითხრონ.
ამ ასაკში ბავშვი უკვე იუმორის ცოტა “დიდური” მიმართულებების შეცნობას იწყებს, მაგალითად, ხვდება და იყენებს სარკაზმს და შეუძლია, რთული სიტუაციიდან ხუმრობით თავის დაძვრენა სცადოს.
- იუმორის საწყისები
ბავშვის იუმორის გრძნობის განვითარებაზე ზრუნვა არასოდეს არის გვიანი. პატარა ბუთქუნას სიცილის მოსმენა იმხელა სიამოვნებაა, რომ მშობლები ამას ხშირად გაუაზრებლად ვაკეთებთ, ვუღუტუნებთ ან ვკოცნით ისეთ ადგილას, სადაც მოეღუტუნება, რომ გავაცინოთ. ნურც მერე შეწყვეტთ ბავშვის გამხიარულებას, როცა წამოიზრდება. პირიქით, უფრო მეტად ეცადეთ, წაახალისოთ მისი მხიარული განწყობა. რაც უფრო მეტს იმხიარულებთ და იხალისებთ შვილთან ერთად, ცხოვრებისადმი მით უფრო ოპტიმისტური და დადებითი დამოკიდებულება ექნება მას.
- როგორ წავახალისოთ?
მიეცით მაგალითი. საუკეთესო რამ, რაც შვილისთვის იუმორის გრძნობის განსავითარებლად შეგიძლიათ გააკეთოთ, პირადი მაგალითის მიცემაა. გულიანად იცინეთ, იხუმრეთ, მოყევით სასაცილო ამბებს და იუმორით მიუდექით ისეთ ყოველდღიურ “კატასტროფებს”, როგორიცაა რძის დაღვრა ან თეფშის გატეხვა.
იცინეთ ბავშვის ხუმრობაზე. არ აქვს მნიშვნელობა, განგებ დამახინჯებული სიტყვებით იმღერებს ცნობილ სიმღერას თუ ადამიანს თავის ნაცვლად ფეხს დაუხატავს -გაიცინეთ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი შანსია, ეს სულაც არ იყოს სასაცილო. ბავშვი ცდილობს გაგაცინოთ და თუ მოახერხა, ეს გრძნობა არასოდეს დაავიწყდება.
- უფროსებსაც შეუძლიათ ხუმრობა. ბავშვების თანდასწრებით იხუმრეთ და იცინეთ მეგობრებთან ერთად. აჩვენეთ, რომ არა მარტო თქვენთან, არამედ სხვა უფროსებთან ერთად ხუმრობაც სასიამოვნო და მისაღებია.
- სად გადის ზღვარი
ამ ყველაფერთან ერთად, არ დაგავიწყდეთ, რომ ხუმრობა გარკვეულ საზღვრებში უნდა ჯდებოდეს. დელიკატურად, მაგრამ აუცილებლად აუხსენით ბავშვს, რით განსხვავდება იუმორი დაცინვისგან, ვისთან რაზე შეიძლება ხუმრობა და რაზე – არა. ნუ გაიცინებთ, როდესაც თქვენი თანდასწრებით ვინმეს დასცინიან და ბავშვს აუხსენით, რატომ არ არის ეს სასაცილო.
ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი ხუმრობაა პირით სასაცილო ხმების, მაგალითად, პრუწუნის გამოცემა (ის, რასაც უცხოეთში სააბაზანოს იუმორს ეძახიან). ნუ აუკრძალავთ, უბრალოდ აუხსენით, რომ შინ, ოჯახის წევრებთან, შეიძლება ასე ხუმრობა, მაგრამ უცხოსთან, ეკლესიაში და სკოლაში მიუღებელია.
- ერთად უკეთესია
იუმორი სოციალური ფენომენია. ამიტომ არის, რომ კომედიის ყურებისას კინოში უფრო გულიანად ვიცინით, ვიდრე სახლში, დივანზე მარტო მოკალათებული.
იუმორის გრძნობის განვითარების გასაღები ოჯახური მხიარულებაა, ამიტომ აუცილებლად გამონახეთ დრო ბავშვთან ერთად სალაღობოდ, სახუმაროდ და სასაცილო ფილმების საყურებლად.
ლიკა ქათამაძე