ყველაფერი, რაც ორსულმა უნდა იცოდეს

გააზიარე:

მას შემდეგ, რაც აღმოაჩენთ რომ თქვენს სხეულში ახალი სიცოცხლე ჩაისახა, ყველაზე მეტად სწორედ მასთან შეხვედრას ელით. მანამდე ბევრი დროა – მთელი ცხრა თვე. ამ ხნის განმავლობაში თქვენ დედობა უნდა ისწავლოთ. პატარასაც არანაკლები საქმე აქვს – ერთი უჯრედისგან სრულყოფილ ადამიანად უნდა ჩამოყალიბდეს.
ალბათ, ყველა დედას აინტერესებს, როგორ გამოიყურება მის წიაღში მზარდი პატარა ადამიანი, რას გრძნობს, როგორ მოძრაობს, რას აკეთებს... გადავწყვიტეთ მოგიყვეთ, როგორ ვითარდება ნაყოფი მუცლად ყოფნის ცხრა თვის განმავლობაში და რა მოგეთხოვებათ თქვენ. გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა “ახალი სიცოცხლის” ანტენატალური მეთვალყურეობის მიმართულების ხელმძღვანელი, ექიმი მეან-გინეკოლოგი თათია ცხომელიძე.

  • – რამდენ ხანს გრძელდება ორსულობა და როგორ გამოითვლება მისი ვადა?

– ნორმალური ორსულობის ხანგრძლივობა დაახლოებით 9 თვეა, 280 დღე, 40 კვირა. ათვლა ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან იწყება. ამგვარად გამოთვლილ ნაყოფის ასაკს მედიცინაში გესტაციური ასაკი ეწოდება. მუცლად ყოფნის ამა თუ იმ პერიოდში ნაყოფი განვითარებით შესაძლოა ჩამორჩეს ან გაუსწროს გესტაციურ ასაკს, ამიტომ ამ უკანასკნელის ცოდნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს – ეს ნაყოფის მდგომარეობის სწორად შეფასების საშუალებას გვაძლევს.

  • – რა ხდება ორსულობის პირველ კვირებში?

– განაყოფიერებული კვერცხუჯრედი თავდაპირველად საშვილოსნოს (ფალოპის) მილისკენ მიემართება. იქ ის ჯერ ორ, შემდეგ – ოთხ, რვა და უფრო მეტ უჯრედად იყოფა. ასე წარმოიქმნება ბლასტოცისტი (ასზე მეტი უჯრედის შემცველი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი). განაყოფიერებიდან მეხუთე-მეშვიდე დღეს ბლასტოცისტი საშვილოსნოს კედელს მიემაგრება, რასაც იმპლანტაციას ვუწოდებთ, და იწყება ემბრიონის ზრდა-განვითარება. იმპლანტაციის შემდეგ ჩამოყალიბებას იწყებს პლაცენტა და ჭიპლარი, რომელიც ჩანასახს საკვებითა და ჟანგბადით უზრუნველყოფს. თავად ემბრიონი სითხით სავსე ამნიონის გარსშია მოთავსებული. ეს გარსი მას მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან იცავს.

პირველი თვე
– ორსულობის პირველ თვეს იწყება ჩანასახის ზურგის ტვინისა და ნერვების ჩამოყალიბება, ამიტომ ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია ფოლიუმის მჟავას მიღება. ეს ვიტამინი თავიდან გვაცილებს ნერვული მილის განვითარების პათოლოგიებს. სასურველია, ფოლიუმის მჟავას მიღება ქალმა დაორსულებამდე დაიწყოს, უკიდურეს შემთხვევაში – ორსულობის დადგენისთანავე, და მეცამეტე კვირამდე მაინც გააგრძელოს. საჭირო ოდენობა დღეში 400 მკგ-ია.
მეხუთე კვირისთვის ჩანასახი სამი შრისგან შედგება. გარეთა შრისგან წარმოიქმნება ტვინი, ნერვები და კანი, შუისგან – ძვლები, კუნთოვანი ქსოვილი, სისხლძარღვები, გული და სასქესო ორგანოები, შიგნითასგან კი კუჭი, ღვიძლი, ნაწლავები, ფილტვები და საშარდე სისტემა.

მეორე თვე
– მეორე თვეში ემბრიონი ძალიან სწრაფად იზრდება. მე-5 კვირიდან მისი გული ფეთქვას იწყებს. მე-6 კვირის ბოლოს ემბრიონს აქვს თავი და ტანი. მე-7 კვირას მისი ზომა 13 მმ-ს აღწევს. მეორე თვის დასასრულს იწყება სხეულის ძირითადი ორგანოებისა და სისტემების განვითარება.
პირველი ორი თვე ჩანასახისთვის კრიტიკულია. ამ პერიოდში გარეგანი ფაქტორების, მედიკამენტებისა და ვირუსების ზემოქმედებამ შესაძლოა თანდაყოლილი დეფექტები გამოიწვიოს, ამიტომ რისკების გამოსავლენად და სამართავად ქალმა დროულად უნდა მიმართოს ექიმს. სასურველია, პირველი კონსულტაცია ორსულობის დადგენისთანავე ჩატარდეს, მერე კი ექიმი, მდგომარეობიდან გამომდინარე, თავად დაგინიშნავთ მორიგ ვიზიტს.
ორსულობა უმეტესად ამ ვადებზე წყდება. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. მიზეზთა უმეტესობა ექოსკოპიური კვლევის ან ლაბორატორიული ანალიზის საშუალებით გამოვლინდება, ამიტომ პირველ ტრიმესტრში ექიმის მეთვალყურეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

მესამე თვე
* ნაყოფის სიგრძე 63-76 მმ-ია, წონა – 28 გრამი.
* პირის ღრუში წარმოიქმნება კბილის ჩანასახები.
* ბავშვის კანზე ამოსვლას იწყებს თხელი თმა.
* ხელისა და ფეხის თითებზე ჩნდება ფრჩხილების ადგილის ჩანასახები.
* ნაყოფის მტევნები უფრო განვითარებულია, ვიდრე ტერფები.
* ნაყოფის გული შედგება ოთხი საკნისგან.
* ნაყოფის გულისცემაა 120-160 დარტყმა წუთში.

  • – რას გრძნობს ორსული ამ ეტაპზე?

– ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში ქალი შესაძლოა უჩიოდეს ტოქსიკოზს, საერთო სისუსტეს, ძილიანობას, სუსტ თავის ტკივილს. ეს სიმპტომები პათოლოგიაზე არ მიუთითებს, თუმცა შემაწუხებელია. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია მათი მართვა ან შემსუბუქება. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა: სწორი, ჯანსაღი კვება (აქცენტი უნდა დაისვას ცოცხალ ხილსა და ბოსტნეულზე, თუმცა ორსულის რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს რძის ნაწარმი, თევზი და ხორციც), ზომიერი აქტიურობა. არ მოიკლოთ ძილი, არ გადაიღალოთ, ერიდეთ სტრესულ სიტუაციებს.

  • – როდის და რამდენჯერ არის რეკომენდებული ექოსკოპიური კვლევის ჩატარება და რა მიზანს ემსახურება ის?

– პირველი ექოსკოპიური კვლევა ტარდება ექიმთან პირველი ვიზიტის დროს. მისი მიზანი ორსულობის დადასტურებაა. ექოსკოპიური კვლევა საჭიროა ნაყოფის ზუსტი გესტაციური ასაკის დასადგენადაც. გესტაციური ასაკი სანაყოფე პარკის საშუალო დიამეტრის საფუძველზე სპეციალური ფორმულით გამოითვლება. სანაყოფე პარკის ვიზუალიზაცია კი ტრანსვაგინალური ულტრასონოგრაფიული კვლევით 4.5-5 კვირის ვადაზე უკვე შესაძლებელია.
ადრეული ულტრასონოგრაფიული კვლევა ასევე საჭიროა სანაყოფე პარკის ლოკალიზაციის დასადგენად (რათა საშვილოსნოსგარე ორსულობა გამოირიცხოს), ემბრიონის გულისცემის დასადასტურებლად, ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად, მრავალნაყოფიანი ორსულობის დროული იდენტიფიცირებისთვის, ნაყოფის თანდაყოლილი მანკების გამოსავლენად.
მეორე მნიშვნელოვანი ულტრასონოგრაფიული კვლევა ორსულობის მე-11-13 კვირას ტარდება. მისი მიზანი ნაყოფის კისრის ნაოჭის სისქისა და ცხვირის ძვლის სიგრძის შეფასებაა. ეს ზოგიერთი ქრომოსომული დაავადების, მათ შორის – დაუნის სინდრომის, გამორიცხვის საშუალებას გვაძლევს.

აუცილებელი ვიზიტები
– საქართველოში მოქმედებს ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო აფინანსებს რვა ვიზიტს შესაბამისი კვლევებით. ვიზიტები და კვლევები ყველა ორსულისთვის მკაცრადაა რეკომენდებული. ისინი ახალ ანტენატალურ პროტოკოლს ეფუძნება. ამ პროგრამის მიხედვით, პირველი ვიზიტი მე-13 კვირის ბოლომდე უნდა განხორციელდეს.
პირველი ვიზიტის დროს ტარდება სისხლის საერთო ანალიზი, განისაზღვრება სისხლის ჯგუფი და რეზუსი, უარყოფითი რეზუსის შემთხვევაში – რეზუს-ანტისხეულებიც. ასევე ტარდება შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა ასიმპტომური ბაქტერიურიის (შარდში ბაქტერიების ფარული არსებობის) გამორიცხვის მიზნით და სკრინინგული ტესტები B ჰეპატიტის ვირუსის, ჩ ჰეპატიტის ვირუსის, აივ ინფექცია/შიდსის და სიფილისის გამოსავლენად. პირველი ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება ულტრაბგერითი გამოკვლევაც, რომლის მიზანი, როგორც მოგახსენეთ, ნაყოფის გესტაციური ასაკის, მრავალნაყოფიანი ორსულობის, კისრის ნაოჭის სისქის დადგენაა (ამ მიზნით კვლევა რეკომენდებულია ორსულობის მე-10-დან მე-13 კვირამდე).

მეოთხე თვე (მე-14-17 კვირა)
– ამ პერიოდში პატარა უკვე მოძრაობს, შეუძლია ყლაპვა, ცერა თითის პირში ჩადება (რაც ხშირად ექოსკოპიური კვლევის დროსაც ჩანს), აქვს წოვის რეფლექსი, იცვლის მიმიკას. კანი მოვარდისფრო-მოწითალო, თხელი და გამჭირვალეა. ნაყოფის სიგრძე 10-17 სმ-ს აღწევს.

  • – რას გრძნობს ამ დროს ორსული?

– ორსულობის შეგრძნება, ფაქტობრივად, სწორედ მეოთხე თვიდან იწყება. უპირველეს ყოვლისა, ეს გამოიხატება ნაყოფის მოძრაობით – მუცლის ქვედა არეში თრთოლის მსგავსი შეგრძნება მიუთითებს, რომ თქვენი პატარა უკვე მოძრაობს. პირველი ორსულობისას ნაყოფის მოძრაობა შესაძლოა ოდნავ მოგვიანებით შეიგრძნოთ. ამავე პერიოდში მცირდება გულისრევა, ღებინება, მკერდის დაჭიმულობა და პირველი ტრიმესტრისთვის დამახასიათებელი სხვა უსიამოვნო სიმპტომები. შესაძლოა, შეიცვალოს კანის პიგმენტაცია, მოიმატოს მადამ. ამ დროისთვის ორსულის წონის ნამატი შესაძლოა 5-7 კილოგრამიც კი იყოს. მუცელიც უკვე შესამჩნევია – დროა, მომავალმა დედამ გარდერობი განაახლოს.
აქვე გეტყვით, რომ ყველა ორსულობა სხვადასხვანაირია, ზოგს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი აქვს, ზოგს – არცერთი.

მეხუთე თვე (მე-18-21 კვირა):
* ნაყოფის სიგრძე 25 სმ-ია, წონა – 226-450 გრამი.
* უფრო აქტიურია.
* იღვიძებს და იძინებს რეგულარული ინტერვალებით.
* ძალიან სწრაფად იზრდება.
* ხელ-ფეხი უკვე სხეულის პროპორციულია.
* ხდება შინაგანი ორგანოების სრულყოფა.

– ორსული ამ პერიოდში შესაძლოა შეაწუხოს საშოდან მოთეთრო გამონადენმა, ღრძილებიდან სისხლდენამ, მუცლის ქვედა ნაწილში დისკომფორტმა. ყაბზობამ, გულძმარვამ, შებერილობამ, ფეხის გაკავებამ, გულისცემის გახშირებამ. ზოგიერთს ამ პერიოდშივე უჩნდება გამონაჟონი სარძევე ჯირკვლიდან (ხსენი), რაც ნორმალურია.

მეორე ვიზიტი
– მე-18-20 კვირა მეორე ვიზიტის დროა. ამ ვიზიტის ფარგლებში ტარდება მორიგი ულტრასონოგრაფიული კვლევა ნაყოფის განვითარების მანკების აღმოჩენისა და შეფასების მიზნით. საჭიროების შემთხვევაში ექიმი სხვა კვლევებსაც დაგინიშნავთ.

მეექვსე თვე (22-26-ე კვირა)
* ბავშვის სიგრძე 31-35 სმ-ია, წონა – 900 გრამი.
* ნაყოფი თითქმის მთლიანად ჩამოყალიბებულია.
* კანი დანაოჭებულია, მაგრამ იწყება კანქვეშა ცხიმის განვითარება.
* ნაყოფი უფრო და უფრო უკეთესად არჩევს ხმებს.

მესამე ვიზიტი
– მესამე ვიზიტი 26-ე კვირისთვისაა გათვალისწინებული. ამ დროს ადგენენ შარდში ცილის არსებობა-არარსებობას, არსებობის შემთხვევაში – მის ოდენობას. ტარდება განმეორებითი სკრინინგი ანემიისა და რეზუსანტისხეულების (თუ დედას რეზუსუარყოფითი სისხლი აქვს) გამოსავლენად, სკრინინგი გესტაციურ დიაბეტზე.

მეშვიდე თვე (27-30-ე კვირა):
* ბავშვის სიგრძე 38-40 სმ-ია, წონა – 1100-1300 გრამი.
* ამ დროისთვის ქუთუთოები განცალკევდება და პატარას შეუძლია თვალების გახელა.
* ნაყოფი რეაგირებს სინათლესა და ხმაზე. ინტენსიურად ვითარდება თავის ტვინი და ნერვული სისტემა.

მეოთხე ვიზიტი
– 30-ე კვირას იზომება არტერიული წნევა, ფასდება დედის სასიცოცხლო ფუნქციები, პროტეინურიის (შარდში ცილის) ხარისხი.

მერვე თვე (31-35-ე კვირა)
* ბავშვის სიგრძე 45-48 სმ-ია, წონა – 1800-2200 გრამი.
* გრძელდება ტვინის ქსოვილის სწრაფი ზრდა.
* ნაყოფი უკვე საკმაოდ დიდია და ნაკლებს მოძრაობს.
* ორსულმა მუცელზე შეიძლება იგრძნოს ნაყოფის იდაყვი ან მუხლი.
* ნაყოფის თავის ქალას ძვლები რბილი და მობილურია, რაც სამშობიარო გზებში მის გამოსვლას აადვილებს.
* შესაძლოა, ფილტვები ბოლომდე ჯერ კიდევ არ იყოს ჩამოყალიბებული.

არ გამოტოვოთ!
– ექსპერტთა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე რეკომენდებულია განმეორებითი კვლევის ჩატარება ორსულობის 32-ე კვირას. მდგომარეობის მიხედვით, შესაძლოა ქალს უფრო მეტჯერაც მოუწიოს ექოსკოპიური კვლევის ჩატარება.

მეხუთე ვიზიტი
– 34-ე კვირა მეხუთე ვიზიტის დროა. ამ დროს იზომება არტერიული წნევა და სასიცოცხლო ფუნქციები, მოწმდება პროტეინურიის ხარისხი.

მეცხრე თვე (36-ე-მე-40 კვირა)
* ნაყოფის სიგრძე 48-53 სმ-ია.
* ფილტვები მომწიფებულია.
* ნაყოფის თავი უმეტესად ქვევითაა მიმართული.
37-ე-მე-40 კვირას დაბადებული ბავშვი დროულ ახალშობილად ითვლება.

  • – რა ცვლილებებს გრძნობს ორსული ბოლო თვეებში?

– მუცელი კვლავ იზრდება, ჭიპი ამოიბურცება. ძვალსახსროვან სისტემაში მიმდინარე ცვლილებების გამო შესაძლოა ქალს გაუჭირდეს მოძრაობა. ინტენსიურად მზარდი ნაყოფი აწვება შარდის ბუშტს, რაც ხშირ შარდვას იწვევს. მოსალოდნელია შარდის უნებლიე გამოყოფაც სიცილის, ხველებისა და ცემინების დროს. ჩვეული მოვლენაა ძილის დარღვევა, რისი მიზეზიც ნაყოფის დიდი მასაა. კომფორტული პოზის მიღებაში ქალს ორსულის ბალიში დაეხმარება. ხშირია ყაბზობითა და ჰაერის უკმარისობით გამოწვეული დისკომფორტი, გულძმარვა. ესეც ნაყოფის ზრდით აიხსნება. ამ სიმპტომების შესამსუბუქებლად სასურველია კვება ხშირ-ხშირად და მცირე ულუფებით. ერიდეთ საკვებს, რომელიც შეკრულობას ან კუჭის გაღიზიანებას იწვევს.

  • – ორსულობის ბოლო თვეებში ხშირია ცრუ განგაში. როგორ უნდა მიხვდეს ორსული, რომ მშობიარობა ნამდვილად დაეწყო?

– თუ ქალმა სანაყოფე წყლები დაღვარა, ექიმს უნდა მიმართოს, განურჩევლად დაღვრილი წყლების ოდენობისა და ტკივილის არსებობა-არარსებობისა.
სამშობიარო მოქმედებას ახასიათებს რეგულარული მოვლითი ტკვილი, რომელიც განსაზღვრული ინტერვალით მეორდება. ასეთი ტკივილის შემთხვევაშიც სამშობიაროს უნდა მიაშუროთ.
დაიხსომეთ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები და თუ ორსულობისას, ნებისმიერ ვადაზე, რომელიმე მათგანმა იჩინა თავი, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ სამშობიაროს:
* სისხლდენა საშოდან (თუნდაც მცირედი სისხლიანი გამონადენი);
* ძლიერი მოვლითი ტკივილი ან კუჭის ქვემოთ ზეწოლის შეგრძნება, რომელიც არ წყდება;
* წყლების დაღვრა;
* თავბრუსხვევა;
* სახის, მტევნებისა და ტერფების უეცარი შეშუპება;
* ძლიერი თავის ტკივილი;
* ფეხების სიწითლე და მტკივნეულობა;
* შემცივნება ან მაღალი ტემპერატურა;
* მხედველობის გაორება ან რგოლები მხედველობის არეში;
* ტკივილი და წვა შარდვისას;
* გულისრევა და ღებინება;
* გამონაყარი;
* ბავშვის მოძრაობის შესუსტება ან შეწყვეტა;
* საშოდან სისხლიანი, მომწვანო ან ყვითელი გამონადენი, რომელსაც უსიამოვნო სუნი აქვს ან თან ახლავს ქავილი და წვა;
* ხშირი შარდვა;
* ფეხების ტკივილი, განსაკუთრებით – ღამით.

მეექვსე ვიზიტი
– 36-ე კვირას იზომება არტერიული წნევა და ფასდება ორსულის სასიცოცხლო ფუნქციები, განისაზღვრება სისხლში ჰემოგლობინის ოდენობა (თუ მაჩვენებელი 110 გ/ლ–ზე ნაკლებია, საჭიროდ მიიჩნევა ფერიტინის განსაზღვრაც), პროტეინურიის ხარისხი.

მეშვიდე ვიზიტი
– მორიგი ვიზიტი 38-ე კვირასაა მოწოდებული არტერიული წნევის განსაზღვრის, სასიცოცხლო ფუნქციების შეფასების, პროტეინურიის ხარისხის დადგენის მიზნით.

მერვე ვიზიტი
– მე-40 კვირა ბოლო ვიზიტის დროა. ამჯერადაც იზომება არტერიული წნევა, ფასდება სასიცოცხლო ფუნქციები, განისაზღვრება პროტეინურიის ხარისხი.

ყოველ ვიზიტზე სახელმწიფო აფინანსებს მეან-გინეკოლოგის კონსულტაციასაც. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენს კლინიკაში ყველა ორსულს შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული პროგრამით. გარდა ამისა, მათ დახვდებათ კომფორტული, მყუდრო გარემო იდეალური პირობებით და პროფესიონალთა გუნდით.

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: