რა საფრთხეს გვიქადის ამინდი ასთმის დროს?

გააზიარე:

თუ ასთმური შეტევა ერთხელ მაინც გქონიათ, ალბათ ყველაფერს დათმობდით, რომ ის აღარ გამეორებულიყო, თუმცა შეტევის თავიდან აცილება არც ისე ადვილია, რადგან ქრონიკულ პროცესს, რომელიც შესამჩნევად აისახება ცხოვრების ხარისხზე, უამრავი ფაქტორი ამწვავებს.
ზოგიერთ გამომწვევთან კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია, მაგრამ იქ, სადაც საქმე დედაბუნებას ეხება, ვერაფერს გავხდებით, ამინდის ცვალებადობას ხელს ვერ შევუშლით. ერთადერთი რამ შეგვიძლია – ვიცოდეთ, როგორი ამინდი უწევს პროვოცირებას ასთმურ შეტევას და რას ავარიდოთ თავი.

  • რა არის ასთმა

ასთმა სასუნთქი გზების ანთებით მიმდინარე ქრონიკული დაავადებაა, რომელიც იწვევს ლორწოს გაძლიერებულ წარმოქმნას, სასუნთქი გზების ჰიპერრეაქტიულობას, შევიწროებას და დახშობას. ამ ყველაფერს თან ახლავს ხველა, მსტვენი სუნთქვა, ქოშინი, გულმკერდის არეში მოჭერის შეგრძნება.
ასთმა შესაძლოა მიმდინარეობდეს როგორც მსუბუქი, ისე მძიმე ფორმით და სიცოცხლისთვის სახიფათო ასთმური შეტევებით ვლინდებოდეს.

  • ეპიდემიოლოგია

ჯანმოს მონაცემებით, ასთმა მე-4 ადგილს იკავებს ავადობის გლობალურ სტრუქტურაში. ამჟამად ის 100 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს და მატების ტენდენციაც შეინიშნება. ამასთან, დაავადებულთა მხოლოდ 10%-ია გადაცილებული 40 წელს, უმეტესობა კი დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონეა.
14 წლამდე ბრონქული ასთმით დაავადების ალბათობა ვაჟებს უფრო დიდი აქვთ, ხოლო სქესობრივი მომწიფების პერიოდიდან – გოგონებს. 40 წელს გადაცილებულ პაციენტებს შორის ქალი 2-ჯერ მეტია.

  • მაპროვოცირებელი ფაქტორები

ასთმით დაავადებულის სასუნთქი გზები მეტად მგრძნობიარეა და მძაფრად რეაგირებს გარეგან ფაქტორებზე. ზოგიერთ მათგანთან კონტაქტი ასთმური სიმპტომების გამოვლენას და დამძიმებას იწვევს.
მაპროვოცირებელი ფაქტორებია:
* თამბაქოს კვამლი;
* ალერგენები – მცენარეები, სოკოს სპორები, მტვერი, ცხოველების კანი და ბეწვი;
* დაბინძურებული ჰაერი;
* მწვავე რესპირატორული ინფექციები – სინუსიტი, გაციება, გრიპი;
* სუნამოს ან საწმენდი საშუალებების მძაფრი სუნი;
* ფიზიკური დატვირთვა;
* ზოგიერთი საკვები;
* ამინდი;
* ძლიერი ემოცია – აღელვება, ტირილი, სიცილი, სტრესი;
* მედიკამენტები, მათ შორის – ასპირინი.

  • რა საფრთხეს გვიქადის ამინდი

თუ ასთმა გაქვთ, აქამდეც შეამჩნევდით, რომ სიმპტომები ამინდზეა დამოკიდებული; თუ არა – გეტყვით, რომ ნამდვილად ასეა. ასთმური შეტევის პროვოცირება შეუძლია:
* სიცხეს;
* სიცივეს;
* მაღალ ტენიანობას;
* ამინდის უეცარ ცვლილებას;
* წვიმას;
* ქარს;
* ჭექა-ქუხილს.

  • სიცივე

ზამთარი ასთმით დაავადებულებისთვისაა ყველაზე მკაცრი – ცივი და ნესტიანი ჰაერი სასუნთქი გზების შევიწროებას და ასთმურ შეტევას იწვევს. გარდა ამისა, ზამთარში გაცილებით ძნელია სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორების: მწვავე რესპირატორული ინფექციების, გრიპის, გაციების – თავიდან აცილება.

  • სიცხე

ასთმის გამწვავება მოსალოდნელია ცხელ დღეებშიც. ეს ოზონის ბრალია. ოზონი აირია, რომელიც ბუნებრივად გროვდება ატმოსფეროს ერთ–ერთ შრეში, სტრატოსფეროში, და ულტრაიისფერ სხივებს შთანთქავს, რითაც მზის მავნე ზემოქმედებისგან გვიცავს. ადამიანებისა და მცენარეებისთვის კი ეს აირი მომწამვლელია, ამიტომ დედამიწის ზედაპირზე მისი დაგროვება საშიშია. მავნე აირი წარმოიქმნება ავტომობილების, ქარხნების გამონაბოლქვის და სხვა ქიმური ნივთიერებების მზის სხივებთან ურთიერთქმედების შედეგად. მაღალი კონცენტრაციის ოზონით დიდხანს სუნთქვა ვნებს სასუნთქ სისტემას, არღვევს ფილტვების ფუნქციას და იწვევს სასუნთქი გზების ანთებას. ასთმის გამწვავება ამ დროს გარდაუვალია.

  • ჭექა-ქუხილი, წვიმა და ქარი

ჭექა-ქუხილის დროს ჰაერის ტენიანობა იმატებს, რაც ხელსაყრელ პირობას ქმნის სოკოების ზრდისა და გამრავლებისთვის, ქარი კი გარშემო ფანტავს სოკოს სპორებს და სხვა მცენარეულ ალერგენებს, რომლებიც ჯანმრთელ ადამიანს ვერაფერს აკლებს, ასთმით დაავადებულებთან კი ზრდის სასუნთქი გზების აქტიურობას და შეტევას იწვევს. გარდა ამისა, ჭექა–ქუხილის დროს ატმოსფეროს ქვედა შრეებში იმატებს ოზონის კონცენტრაცია, რაც, როგორც ვთქვით, ასთმური შეტევის მაპროვოცირებელი ერთ-ერთი ფაქტორია.

  • პირველი დახმარება

თუ ასთმური შეტევა თავიდან ვერ ავიცილეთ, უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ ამ დროს, როგორ დავეხმაროთ სხვას თუ საკუთარ თავს.
უპირველეს ყოვლისა, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
მწვავე ასთმური შეტევის დროს შესამჩნევია მეტყველებისა და მოძრაობის გაძნელება, ტუჩებისა და ფრჩილების მიდამოში კანის გალურჯება.
თავდაპირველად ჰკითხეთ ავადმყოფს, ხომ არ უსწავლებია ექიმს, როგორ მოიქცეს ასეთ დროს, ხომ არ გამოუწერია წამალი ასეთი შემთხვევებისთვის. თუ დადებითი პასუხი მიიღეთ, მიეცით ეს მედიკამენტი და დაელოდეთ სასწრაფო დახმარებას; თუ უარყოფითი – დაიწყეთ პირველი დახმარება:
* დასვით კომფორტულ პოზაში და შეუხსენით მოჭერილი ტანსაცმელი.
* თუ ინჰალატორი აქვს, ჩაუტარეთ ინჰალაცია:
. გამოყენებამდე ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ.
. ავადმყოფმა უნდა ამოისუნთქოს, მერე პირი მაგრად მოუჭიროს ინჰალატორს ჰერმეტული გარემოს შესაქმნელად, შეისუნთქოს 4-ჯერ თითოწუთიანი შუალედებით და შესუნთქვიდან 10 წამის განმავლობაში არ ამოისუნთქოს.
. თუ 4 შესუნთქვიდან ერთი წუთის შემდეგ სუნთქვა არ გაუმჯობესდა, ინჰალაცია გააგრძელეთ.
– თუ მდგომარეობა მომდევნო 4 შესუნთქვის შემდეგაც უცვლელი დარჩა, გააგრძელეთ ინჰალაცია სასწრაფო დახმარების მოსვლამდე ყოველ 20 წუთში 4-8 შესუნთქვით.
* პარალელურად თვალი ადევნეთ ავადმყოფის საერთო მდგომარეობას – თუ ძილი მოეკიდა, ეს მდგომარეობის დამძიმების ნიშანია.
* თუ დიდი ხანია აღარ გაგიგონიათ მსტვენი სუნთქვა, ნუ იფიქრებთ, რომ საფრთხემ ჩაიარა – პირველი დახმარება და მდგომარეობის კონტროლი სასწრაფოს მოსვლამდე გააგრძელეთ.

  • ამინდის კვალდაკვალ

ზამთარი და ზაფხული, ქარი და წვიმა, სიცხე და სიცივე ჩვენს დაუკითხავად ენაცვლება ერთმანეთს. ეს ბუნებრივი პროცესია, რომლის მართვაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. ჯანმრთელი ადამიანი ადვილად ეგუება ატმოსფერულ ცვლილებებს, ასთმით დაავადებულებისთვის კი ამინდისა და კლიმატის ცვლილება ასთმური შეტევის ძლიერი რისკფაქტორია, ამიტომ ფეხი უნდა ავუწყოთ ბუნების რიტმს და ვიცოდეთ, რისგან და როგორ დავიცვათ თავი.
* უპირველეს ყოვლისა, მუდამ თან გქონდეთ ინჰალატორი, რომელიც შეტევის დროს აუცილებლად დაგჭირდებათ. მოარიდეთ მზის სხივებს და სითბოს – მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება მის ეფექტურობას ამცირებს.
* თვალი ადევნეთ ამინდის პროგნოზს.
* თუ შეგიმჩნევიათ, რომ ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება პროვოცირებას უწევს ასთმურ შეტევას, თბილი შენობიდან ცივ ქუჩაში გასვლისას ცხვირ-პირზე შარფი შემოიხვიეთ. ეცადეთ, პირით არ ისუნთქოთ – ცხვირით სუნთქვისას ჰაერი უკეთ თბება და იფილტრება.
* ქარიან ამინდში სასურველია სახლში დარჩეთ და ფანჯრები დახუროთ.
* მცენარეებთან კონტაქტის შემდეგ გამოიცვალეთ ტანსაცმელი და მიიღეთ შხაპი.
* როცა ძალიან ცხელა, ერიდეთ გარეთ გასვლას და აქტიურ მოძრაობას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში – 11–დან 15 საათამდე. ვარჯიში, სირბილი, ველოსიპედით სეირნობა დილისთვის დაგეგმეთ.
* სვით ბევრი სითხე, რათა თავიდან აიცილოთ დეჰიდრატაცია (გაუწყლოება). დახურეთ კარ-ფანჯარა და ჩართეთ კონდიციონერი, რომელიც ჰაერს აგრილებს და წმენდს.

მარიამ ჯანიაშვილი

გააზიარე: