რა არის ბოტულიზმი?
გააზიარე:
კარგია, როდესაც საზამთროდ შინ დაკონსერვებული ხილ-ბოსტნეულის მარაგი გვეგულება, მაგრამ გემრიელი ლუკმა შესაძლოა ქილაში შეპარულმა ბაქტერიამ ჩაგვამწაროს.
დაბინძურებული საკვებით გამოწვეულ დაავადებათაგან ბოტულიზმი ერთ-ერთი ყველაზე საშიშია. ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე, როგორ ამოვიცნოთ და ავიცილოთ თავიდან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – როგორ მივირთვათ კონსერვები უსაფრთხოდ და გემრიელად.
- რა არის
ბოტულიზმი მწვავე ნეიროპარალიზური დაავადებაა, რომელსაც ბაქტერია კლოსტრიდიუმ ბოტულინუმის (Clostridium Botulinum) მიერ გამომუშავებული ნეიროტოქსინი იწვევს. ბოტულინოტოქსინი ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი ნივთიერებაა დედამიწაზე. ამ ნივთიერებით მოწამვლის შედეგად ვითარდება სასუნთქი კუნთების დამბლა, რომელიც ხშირად ლეტალური შედეგით სრულდება.
- სახიფათო ტოქსინი
კლოსტრიდიუმ ბოტულინუმი ანაერობული ბაქტერიაა, რომელიც უამრავ ადგილას ბინადრობს: მდინარეებში, ნიადაგში, ძუძუმწოვრებისა და თევზების ნაწლავებში. შესაბამისად, მისი სპორები ადვილად შეიძლება მოხვდეს ჩვენს ორგანიზმში, თუმცა მათი გადაყლაპვის შემთხვევაშიც კი ადამიანი იშვიათად ავადდება, რადგან ორგანიზმში არ არის ბაქტერიის ზრდისა და გამრავლებისთვის შესაბამისი გარემო, უამისოდ კი ვერც ტოქსინი წარმოიქმნება.
ბოტულინოტოქსინის გამომუშავებისთვის აუცილებელია ანაერობული (უჟანგბადო), დაბალი მჟავიანობის, მარილისა და შაქრის დაბალი შემცველობის მქონე გარემო და სათანადო (4 გრადუსზე მაღალი) ტემპერატურა. სწორედ ასეთი პირობები ხვდება ბაქტერიას ჰერმეტულად დახურულ კონსერვებში, ძეხვში, შებოლილ თევზში, ლორში... ვინაიდან ტოქსინის დაგროვება დროს მოითხოვს, ახალმომზადებული პროდუქტები ნაკლებსახიფათოა.
გარემოს მავნე ზემოქმედებისგან ბაცილა თავს სპორების საშუალებით იცავს. ის თერმოსტაბილურია და 100 გრადუსზე 5 საათზე მეტხანს ძლებს, თუმცა 120 გრადუსზე 5 წუთში იღუპება.
ცნობილია ბოტულიზმის გამომწვევის შვიდი ტიპი: A, B, C, D, E, F, G. ადამიანისთვის საშიშია ოთხი: A, B, E, F. დანარჩენი სამი (C, D, E) სხვა ძუძუმწოვრების, ფრინველებისა და თევზების ბოტულიზმს იწვევს.
A ტიპის ბოტულიზმი უმეტესად მცენარეული სურსათის (სოკოს, ბადრიჯნის, მწვანე ლობიოს და სხვა) კონსერვებთან არის ასოცირებული, B ტიპისა – უფრო ხორცის პროდუქტებთან (შებოლილი ძეხვი, ლორი), ხოლო E ტიპისა – თევზეულთან. A და E გაცილებით საშიშია, ვიდრე B. F ტიპის ბოტულიზმი უკიდურესად იშვიათია.
- საინტერესო ფაქტი ისტორიიდან
დაავადებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. საუკუნეების წინანდელ წყაროებში აღწერილია ავადმყოფობა, რომლის ნიშნებიც ძალიან ჰგავს ბოტულიზმს. ჩვენს დროში ის პირველად აღწერეს 1820 წელს, როდესაც სამხრეთ გერმანიაში ასეულობით ადამიანი მოიწამლა სოსისით. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ დაავადებამ ბელგიაშიც იჩინა თავი. ამჯერად მიზეზი ლორით მოწამვლა იყო. 1870 წელს გერმანელმა ფიზიკოსმა ჯონ მიულერმა დაავადებას ბოტულიზმი უწოდა, ლათინური სიტყვიდან “ბოტულუს”, რაც “სოსისს” ნიშნავს.
- ეპიდემიოლოგია
დაავადება მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ამერიკის შეერთებულ შტატებში წელიწადში ბოტულიზმის 150-მდე შემთხვევა აღირიცხება. დაავადებულთა 75% ბავშვია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში ბოტულიზმიანი ათი პაციენტი აღირიცხა. აქედან მხოლოდ ერთი იყო ბავშვი. 2017 წლის წინასწარი მონაცემებით, სულ რვა შემთხვევაა გამოვლენილი, ამათგან სამი– ბავშვებში.
- დაავადების ფორმები
ცნობილია დაავადების სამი კლინიკური ფორმა:
* საკვებისმიერი – ვითარდება ბოტულინოტოქსინის შემცველი საკვების მიღების შედეგად. უმეტესად ასეთია შინ მომზადებული კონსერვები, თუმცა იშვიათად მოწამვლა შესაძლოა ნაყიდმა კონსერვმაც გამოიწვიოს. საქართველოში ძირითადად ბოტულიზმის სწორედ ეს ფორმა გვხვდება. საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრილი ტოქსინი საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ზემოქმედებით არ იშლება – ის კუჭისა და წვრილი ნაწლავის ლორწოვანიდან შეიწოვება და სისხლის მეშვეობით მთელ ორგანიზმში ვრცელდება;
* ჭრილობისა – ბაქტერიის სპორები ხვდება ჭრილობაში, სადაც შესაძლოა გამრავლება განაგრძოს და ტოქსინი გამოიმუშაოს. რისკის ჯგუფს წარმოადგენენ ნარკომანები, რომლებიც წამალს კანქვეშ იკეთებენ, რადგან ნაჩხვლეტი სწრაფად იხურება, კანქვეშ კი სპორების გამრავლებისთვის საუკეთესო პირობებია;
* ჩვილთა – დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელსაც ბავშვის ნაწლავებში საკვებთან ერთად მოხვედრილი სპორები იწვევს. აქ ბაქტერია იკვებება, იზრდება და წარმოქმნის ტოქსინს. ჩვეულებრივ, გვხვდება ორიდან რვა თვემდე ასაკის ბავშვებში. ტოქსინი ორგანიზმში შესაძლოა მოხვდეს ნიადაგიდან, ასევე – მტვრის, თაფლის მეშვეობით.
- როგორ ვლინდება
როგორ მოქმედებს ტოქსინი
ბოტულინოტოქსინის მთავარი სამიზნე ნერვული სისტემაა. ის არღვევს იმპულსის ნერვკუნთოვან გადაცემას, რაც კუნთების დამბლას იწვევს.
ხახის, ხორხის, სასუნთქი კუნთების დამბლას ყლაპვისა და სუნთქვის დარღვევამდე მივყავართ, რაც უკიდურესად სახიფათოა სიცოცხლისთვის.
კლინიკური სურათი ორგანიზმში მოხვედრილი შხამის დოზაზეა დამოკიდებული. საკვებისმიერი ბოტულიზმის შემთხვევაში საინკუბაციო პერიოდი 18-36 საათია, თუმცა ზოგჯერ სიმპტომები 6 საათშიც იჩენს თავს.
ჭრილობისმიერი ფორმის შემთხვევაში სიმპტომები შესაძლოა მეათე დღემდეც არ გამოვლინდეს, ხოლო ჩვილ ბავშვებთან ბოტულიზმის საინკუბაციო პერიოდი ზოგჯერ 30 დღემდეც გრძელდება.
არ აქვს მნიშვნელობა, რა გზით მოხვდა ორგანიზმში ტოქსინი – სიმპტომები სამივე კლინიკური ფორმის შემთხვევაში ერთნაირია. ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია კუნთების სისუსტე, რომელიც იწყება სახიდან (თანაბრად ორივე მხარეს), გადადის კისერზე და შემდეგ – მთელ სხეულზე. სხვა ადრეული სიმპტომებია:
* მხედველობის დაბინდვა ან გაორება;
* ზედა ქუთუთოს დაშვება;
* ყლაპვის გაძნელება;
* მეტყველების გაძნელება;
* სუნთქვის გაძნელება.
აღნიშნულ სიმპტომებს შესაძლოა დაერთოს პირის სიმშრალე, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, მოგვიანებით კი შარდვის გაძნელება და შეკრულობა.
მკურნალობის გარეშე დაავადება პროგრესირებს და უმეტესად ლეტალური შედეგით სრულდება.
ჩვილებში დაავადება ვლინდება ლეთარგიით (ძილიანობა), კუნთების ტონუსის შესუსტებით, რომელიც იწყება სხეულის ზედა ნაწილიდან და თანდათან ვრცელდება ქვემოთ, კვების დარღვევით, ყლაპვის გაძნელებით, ტირილის შესუსტებით, რეფლექსების შენელებით.
- დიაგნოსტიკა
კვლევის მკაფიო მიმართულებას გვაძლევს დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა: კუნთების სისუსტე, ხმის შესუსტება, ზედა ქუთუთოს დაშვება. კვლევის მიმართულების უკეთ გამოსაკვეთად აუცილებელია იმის დაზუსტება, რა ჭამა პაციენტმა.
რაც შეეხება ლაბორატორიულ გამოკვლევებს, სისხლის საერთო ანალიზი ინფორმაციული არ არის, რადგან ბოტულიზმის დროს ლეიკოციტები (სისხლის თეთრი უჯრედები) და ედსი (ერითროციტების დალექვის სიჩქარე) ნორმაშია. პათოლოგიური ცვლილებები არც თავზურგტვინის სითხეში შეინიშნება, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ შემთხვევაში ცილის უმნიშვნელო მატებას. ტოქსინის აღმოჩენა შეიძლება შრატში, განავალში, პირნაღებ ან კუჭიდან ასპირაციით მიღებულ მასაში.
თუ საკვები, რომელმაც, სავარაუდოდ, გამოიწვია მოწამვლა, ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია, ტარდება ტესტი მასში ტოქსინის გამოსავლენად.
- მკურნალობა
ბოტულიზმზე ეჭვის ან დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, დაუყოვნებლივ შეჰყავთ ანტიტოქსინი, რომელიც სისხლში ტოქსინს უერთდება და ბოჭავს. პროცესი ჩერდება, აღარ ღრმავდება. ჭრილობის ბოტულიზმის შემთხვევაში მკურნალობენ ანტიბიოტიკებით. სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში აუცილებელია ჟანგბადის მიწოდება, ხოლო ძალიან მძიმე შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს პაციენტის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. მნიშვნელოვანია შემდგომი თერაპია შესუსტებული ფუნქციების – ყლაპვის, მეტყველების და სხვ. – აღსადგენად და გასაუმჯობესებლად.
- როდის მივმართოთ ექიმს
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ზემოთ ჩამოთვლილი სიპტომების გამოვლენისთანავე – ადრეულ დიაგნოსტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან დაავადება, როგორც ვთქვით, სიცოცხლისთვის სახიფათო გართულებებს იწვევს.
- როგორ ვიკვებოთ უსაფრთხოდ
დაავადების თავიდან ასაცილებლად საკვები სათანადოდ უნდა დავამუშაოთ. თუ შინ გადაწყვეტთ კონსერვის მომზადებას, დაიცავით ჰიგიენის წესები: საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები, დაასუფთავეთ ჭურჭელი და კარგად გარეცხეთ დასაკონსერვებელი ხილი და ბოსტნეული.
ბაქტერიის გასანადგურებლად 120 გრადუსია საჭირო, 80 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე ტოქსინი სწრაფად იშლება, ამიტომ კონსერვის მიღებამდე საკვები აუცილებლად წამოადუღეთ, სულ მცირე, 10 წუთით.
ერიდეთ კონსერვს, თუ:
* ქილა ამოზნექილია;
* გახსნისას ქილაში შეამჩნიეთ ქაფი ან სითხე;
* საკვებს აქვს არასასიამოვნო სუნი.
თუ საინექციო ნარკოტიკებს მოიხმართ (მათ მავნეობაზე ამჯერად არ შევჩერდებით), არ გაიკეთოთ საზიარო ნემსით და არ შეიყვანოთ კანქვეშ – ამგვარად ბოტულიზმის განვითარების რისკი მკვეთრად იზრდება.
არ მისცეთ თაფლი წლამდე ასაკის ბავშვს.
- პროგნოზი
მიშვებულ შემთხვევებში ადამიანის ორგანიზმში შეუქცევადი პროცესები ვითარდება, რომლებიც ხშირად მომაკვდინებელია, თუმცა ადრეული დიაგნოსტიკისა და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა.
მარიამ ჯანიაშვილი