როგორ შევინარჩუნოთ ენერგია მთელი დღის განმავლობაში?

გააზიარე:

დღისით ხშირად ხარ დაღლილი და მოდუნებული? იქნებ მოწყენილიც? დრო გარბის და განიცდი, რომ ვერ მოასწარი იმის გაკეთება, რაც ძალიან გინდოდა? აბა, დაფიქრდი – იქნებ დრო კი არა, ენერგია არ გყოფნის? დროის განაწილება შესაძლებელია, რადგან ზუსტად ვიცით, რამდენი საათია დღე-ღამეში, ენერგიას კი რიცხვებით ვერ გამოვსახავთ და ულუფებად ვერ გავანაწილებთ.

თუ თავს ხშირად გამოიჭერ დროის სიმცირეზე წუწუნში, გახსოვდეს: მეტი ენერგია მეტ დროზე მნიშვნელოვანია, რადგან მეტი დრო ვერავითარ სარგებლობას ვერ მოგიტანს, თუ ის დივანზე გაატარე. უმჯობესია, ენერგიასა და დრაივზე იზრუნო – ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მცირე დროშიც ბევრი რამ მოასწრო.

 

  • რა გვაცლის ენერგიას?

ჩვენი ყოველდღიურობა მოვალეობებითაა სავსე, რომლებიც ფიზიკურად და სულიერად გვფიტავს. პატარ-პატარა მავნე ჩვევებიც გვართმევს ენერგიას, გვადუნებს და კონცენტრაციას გვიფანტავს. შეგვიძლია, ეს  "პარაზიტები" ისეთი რიტუალებით შევცვალოთ, რომლებიც, პირიქით, შეგვმატებს ძალას, ხოლო თუ კვებაშიც შევიტანთ პატარ-პატარა ცვლილებებს, ენერგია მთელი დღე გვეყოფა.

 

მეტი ენერგიით დასამუხტავად გთავაზობთ რამდენიმე რჩევას.

 

  • დილის რუტინა

* ყოველ დილით – უქმე დღეებშიც კი –  ერთსა და იმავე დროს ადექით. ეს ხელს შეუწყობს მეტაბოლური პროცესების მოწესრიგებას. გარდა ამისა, ორგანიზმი ამ რიტმს მიეჩვევა და ყოველ დილით განსაზღვრულ დროს გააქტიურდება. ადგომა რომ არ დაგეზაროთ, შეიმუშავეთ დილის რიტუალები, რომლებსაც სიამოვნებით შეასრულებთ.

* ძალიან კარგი იქნება უზმოზე ერთი ჭიქა ქერის დაფქული ჯეჯილის ჩაი. ის ორგანიზმს აწვდის ქლოროფილს, რომელიც სისხლს ჟანგბადით ამარაგებს და მნიშვნელოვან ფერმენტებს, რომლებიც საკვები ნივთიერების დაშლაში მონაწილეობს.

* დილის მზის აბაზანა ენერგიის შესანიშნავი წყაროა. მზის სხივები აფხიზლებს ტვინს და მთელ ორგანიზმს. მკვეთრი სინათლე ხელს უწყობს ძილის ჰორმონის, მელატონინის, შემცირებას. თუ ყოველ დილით 10 წუთი სუფთა ჰაერზეც გაისეირნებთ, ენერგიით უფრო მეტად დაიმუხტებით.

* აუცილებლად ისაუზმეთ. რაციონში შეიტანეთ ხილი, მწვანე ბოსტნეული, მარცვლეული, კვერცხი, ავოკადო – ეს საკვები მდიდარია ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით, რომლებიც დილიდანვე ენერგიით აგავსებთ.

* თუ მოძრაობა გიყვართ, დილის რუტინაში 5-10-წუთიანი ვარჯიში, იოგა ან მედიტაციაც ჩართეთ. ეს აგიმაღლებთ კონცენტრაციას, უფრო ორგანიზებულს და პროდუქტიულს გაგხდით. არ დაგავიწყდეთ, რომ მოძრაობა და სწორი სუნთქვა ორგანიზმის ბუნებრივი ენერგიის წყაროა.

* უზმოზე 500 მლ წყალი დალიეთ. ის გამოაცოცხლებს შინაგან ორგანოებს, გაააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, გააუმჯობესებს საკვები ნივთიერებების ათვისებას. დღეში დაახლოებით 1,5-2 ლიტრი წყალი სვით.

* სადილამდე მიირთვით ნახევარი ავოკადო. მის შემადგენლობაში შემავალი ცხიმები დაზიანებისგან იცავს მიტოქონდრიებს, რომლებსაც უჯრედის ენერგეტიკულ სადგურებსაც უწოდებენ.

 

  • ჯანსაღი კვება

* საჭირო ენერგიის უდიდეს ნაწილს ადამიანი სადილზე იღებს, ამიტომ სადილი ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი და კარგად დაბალანსებული უნდა იყოს.

* მწვანე კომბოსტო, ქორფა წიწმატი, რუკოლა ღვიძლს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნაში ეხმარება. ეს ის ნივთიერებებია, რომელთა დაგროვება დაღლილობას, მოდუნებას და ხშირად ძილის დარღვევასაც კი იწვევს.

* მიირთვით B ვიტამინის შემცველი სურსათი. B ვიტამინი ხელს უწყობს საკვების დაშლას და, აქედან გამომდინარე, ორგანიზმის ენერგიით მომარაგებას, იცავს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გადაცემას და ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას.

* ნაშუადღევს მიირთვით ხილი, კენკრა, თხილეული, მარცვლეული, მწვანე ბოსტნეულისა და ხილისგან მოამზადეთ ეგრეთ წოდებული მწვანე კოქტეილი. მარცვლეული და ბოსტნეული ორგანიზმს ენერგიას აწვდის, კანსა და თმას სიჯანსაღეს უნარჩუნებს, მწვანე კოქტეილი კი მთელ ორგანიზმს აცოცხლებს. ერიდეთ ზედმეტ მარილსა და შაქარს.

* ეცადეთ, დაწოლამდე 2 სათიით ადრე მსუბუქად ივახშმოთ. ნუ დაწვებით ნურც სავსე, ნურც ცარიელი კუჭით – კარგად ვერ დაგეძინებათ.

* სვით ნაკლები ყავა. მოარული აზრის საპირისპიორდ, ის მაინცდამაინც არ აფხიზლებს; აი, სტრესი, გაღიზიანება, განწყობის დაქვეითება კი შესაძლოა მართლაც გამოიწვიოს. უმჯობესია, მის ნაცვლად მწვანე ჩაი სვათ.

* ისიამოვნეთ ჭამით. ნუ შეჭამთ მხოლოდ იმისთვის, რომ შიმშილის გრძნობა მოიკლათ. ერიდეთ ტელევიზორთან ან ქუჩაში ჭამას. ეცადეთ, შეიგრძნოთ ყოველი ლუკმის გემო და წარმოიდგინოთ, რა სიკეთე მოაქვს ორგანიზმისთვის საკვებს, რომელსაც მიირთმევთ.

 

  • რეგულარული ვარჯიში

* ყოველდღე 10-30 წუთი ისეირნეთ ბუნების წიაღში და ყურადღებით დააკვირდით გარემოს. რას ხედავთ? რა გესმით? რას გრძნობთ? არ იფიქროთ სამსახურზე, კონფლიქტებზე, პრობლემებზე. არც ტელეფონით და არც მუსიკით არ გაერთოთ. მთელი გონებით იყავით იქ, სადაც ხართ.

* რეგულარულად ივარჯიშეთ. ვარჯიშის დროს გონება თავისუფლდება, დაძაბულობა და სტრესი ქრება, ნივთიერებათა ცვლა უმჯობესდება. მთავარია, ვარჯიშის ისეთი სახეობა აირჩიოთ, რომელიც გსიამოვნებთ, რადგან ყველაფერს, რასაც სიამოვნებით აკეთებთ, სიკეთე მოაქვს.

* ძილის წინ გაწელვითი ვარჯიშები შეასრულეთ. გაწელვა ადუნებს კუნთებს, გონებაც ისვენებს და მშვიდი ძილის საშუალებას გაძლევთ, რომ დილით ენერგიით დამუხტულმა გაიღვიძოთ. გაწელვითი ვარჯიშები დღის განმავლობაშიც შეასრულეთ – 1-2-საათიანი მუშაობის შემდეგ 4-5 წუთი ამ ვარჯიშებს დაუთმეთ.

 

  • სრულფასოვანი ძილი

* ძილის წინ ნუ დალევთ. ჭიქა ღვინო, მართალია, ადუნებს, მაგრამ შესაძლოა, არასრულფასოვანი ძილის მიზეზადაც იქცეს.

* მომდევნო დღის გეგმა, თუკი გაქვთ, ფურცელზე ჩამოწერეთ. ძილის წინ ამაზე რომ აღარ იფიქრებთ, მშვიდად დაგეძინებათ.

* ეცადეთ, ნაკლებად უყუროთ ტელევიზორს და იკითხოთ გაზეთები. თუ ძალიან არ გჭირდებათ, ინტერნეტით სარგებლობაც მინიმუმამდე დაიყვანეთ. ნაცვლად ამისა, დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად, ისაუბრეთ, იცინებთ. ინტერნეტი რეალურ ცხოვრებას ვერ შეგიცვლით. პირიქით, მასზე მიჯაჭვა სოციალურ და ემოციურ სიღარიბემდე მიგიყვანთ, რაც უარყოფითად იმოქმედებს თქვენს ფსიქიკაზე. დაძინებამდე ერთი საათის განმავლობაში ერიდეთ ელექტრომოწყობილობებთან (ტელევიზორი, ტელეფონი, კომპიუტერი) კონტაქტს – შესაძლოა, აგაფორიაქოთ და ძილი დაგირღვიოთ.

* ეცადეთ, საძინებელი კარგად ჩააბნელოთ – სიბნელეში მელატონინის გამოიყოფა იმატებს და უფრო ღრმად გვძინავს.

 

  • ჰარმონია – ენერგიის წყარო

* შეადგინეთ პრიორიტეტების სია. რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის – ჯანმრთელობა, სიყვარული, ფინანსური სტაბილურობა, თავისუფლება, წარმატება, აღიარება, ბევრი მეგობარი? გამოყავით ხუთი მთავარი ღირებულება და მისდიეთ მათ. ეს დაგეხმარებათ, ჰარმონიაში იყოთ საკუთარ თავსა და მოთხოვნებთან, რაც კმაყოფილების გრძნობას და ენერგიას შეგმატებთ.

* იკითხეთ გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები – იქიდან შესაძლოა ბევრი რამ ისწავლოთ. მაგალითად, ის, რომ წარმატება ერთ ღამეში არ მოდის; წარმატებულ ადმიანებსაც აქვთ პრობლემები; სიმტკიცე და შეუპოვრობა ძალიან მნიშვნელოვანია მიზნის მისაღწევად. პირველივე ხელის მოცარვის შემდეგ არ უნდა დანებდე. არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია, თუ ჩვენ თვითონ არ შევხედეთ ასე. იმედი სიცოცხლის ელექსირია.

* ავარჯიშე ყურადღება. ყურადღება ენერგიაა. საითაც ის არის მიმართული, ენერგიაც იქით მიედინება. თუ ყურადღება მოადუნე, ენერგიაც სადღაც იკარგება. თუ ყურადღების ცენტრში მოაქცევთ, მაგალითად, სუნთქვას ან იმას, რასაც ახლა აკეთებთ და ეცდებით, მუშაობისას მომავალზე არ იფიქროთ, ენერგიაც თქვენთან დარჩება.

* ეცადეთ, სიკეთე და სითბო თესოთ. ამისთვის საკმარისია გაუღიმოთ, შეაქოთ, მადლობა უთხრათ სხვა ადამიანებს ან უბრალოდ ინტერესი გამოიჩინოთ მათ მიმართ, მათი საქმიანობის მიმართ. როცა სხვებს პატივს ვცემთ და სიყვარულს ვჩუქნით, ორივე აუცილებლად უკანვე  დაგვიბრუნდება.

* იზრუნეთ წესრიგზე. მოიწესრიგეთ სამუშაო მაგიდა, მანქანა, სახლი. ადამიანები როგორც თავიანთ გარემოს აწყობენ, შინაგანადაც ისევე გამოიყურებიან. თუ ქაოსში ცხოვრობთ, თქვენს აზრებსა და გრძნობებშიც ქაოსი იქნება. ადგილმა, სადაც ბევრ დროს ატარებთ, ჰარმონიის განცდა უნდა მოგანიჭოთ.

* გაუფრთხილდით ურთიერთობებს . ემოციური და ფიზიკური კეთილდღეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარგი სოციალური კონტაქტები. ერთი იტალიური ანდაზისა არ იყოს, მეგობრებთან გატარებული ერთი დღე ერთი წლის სიცოცხლეს გვჩუქნის. ერიდეთ ისეთ ადამიანებს, სიტუაციებს, აქტივობებს, რომლებიც თქვენთვის მოსაწყენია და ენერგიას გაცლით.

* მიიღეთ საკუთარი თავი მისი სუსტი და ძლიერი მხარეებით. ფსიქიკური პრობლემების უმრავლესობას დაბალი თვითშეფასება იწვევს. თუ საკუთარ თავს არ ენდობით, ხშირად ხართ უგუნებოდ, ეჭვი გეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში ესე იგი წარუმატებელი და მოსაწყენი ცხოვრებისთვის ბრძანდებით განწირული. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ადამიანები დაბალი თვითშეფასებით არ იბადებიან. თუ მათ მერე ისწავლეს საკუთარ უუნარობასა და წარუმატებლობაზე ფიქრი, ადვილი შესაძლებელია, საკუთარი თავის პატიცისცემა და სიყვარულიც ისწავლონ.

დაბოლოს, იფიქრეთ იმაზე, რისი მადლიერი შეგიძლიათ იყოთ. მადლიერების გრძნობა ენერგიას გვმატებს. მატერიალურთან ერთად ჩვენ გვაქვს არანაკლებ მნიშვნელოვანი არამატერიალური სიმდიდრე – ჯანსაღი სხეული, ოჯახი, მეგობრები, თანამშრომლები, რომელთა გარემოცვაშიც კარგად ვგრძნობთ თავს... როცა უგუნებოდ ხართ, გაიხსენეთ ეს და განწყობაც მაშინვე გამოგიკეთდებათ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: