კონსერვატიული და თავისუფალი, ცივი და უზომოდ თბილი სტოკჰოლმი

გააზიარე:


იდეალური ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი თვითმკვლელია

დიდხანს ვფიქრობდი, როგორ დამეწყო წერა სტოკჰოლმზე – ქალაქზე, რომელიც ერთსა და იმავე დროს ძალიან კონსერვატიულიც არის და ძალიან თავისუფალიც, ცივიც და უზომოდ თბილიც, ფერადიც და შავ-თეთრიც, ზღაპრულიც და და სრულიად ჩვეულებრივიც, სიცოცხლით სავსეც და მომნუსხველად მშვიდიც. ალბათ, სწორედ ამ კონტრასტულობაშია სტოკჰოლმის ხიბლი.
სტოკჰოლმში მოგზაურობა არლანდის აეროპორტიდან იწყება, რომელიც დედაქალაქიდან 42 კილომეტრზე მდებარეობს. ქალაქის ცენტრამდე საკმაოდ გრძელი გზაა, ამიტომ შემთხვევით ვისარგებლებ და მოკლედ მოგიყვებით შვედეთის დედაქალაქის ისტორიას.


სტოკჰოლმის ადგილას დასახლებული პუნქტი ჯერ კიდევ XXII საუკუნეში არსებობდა, ქალაქად კი ის XIII მოიხსენიება.
სტოკჰოლმი, შვედეთის სამეფოს უდიდესი ქალაქი, ბალტიის ზღვასა და მალარენის ტბაში მდებარე 14 კუნძულზეა გაშენებული. თუმცა ყოველთვის ამხელა არ ყოფილა – თავდაპირველად მხოლოდ ერთი კუნძული, სტადსჰოლმანი (შვედურად – კუნძული-ქალაქი) ეკავა. აქ ახლა სტოკჰოლმის უძველესი უბანი გამლა სტანია. ქვემოთ მის შესახებ უფრო ვრცლად მოგითხრობთ.
ძველი ქალაქის დასავლეთით რიდდარსჰოლმანია – რაინდთა კუნძული, XIII საუკუნის მონასტრით, რომელიც XIX საუკუნეში მუზეუმად გადაკეთდა. აქვეა შვედი მონარქების საძვალეც.
კუნძულ კუნგსჰოლმანზე დგას ქალაქის რატუშა – სადა, მკაცრი ფორმებით საკმაოდ შთამბეჭდავი აგურის შენობა, რომელსაც ორიოდე წელიწადში საუკუნე შეუსრულდება.
დანარჩენ კუნძულებზე ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობები, მუზეუმები, პარკები, სკვერები, ბიზნესცენტრები, სასტუმროები და საცხოვრებელი შენობებია განლაგებული. ქალაქის განაშენიანება ისეა დაგეგმილი, რომ მისი არც ერთი უბანი, არც ერთი კუნძული არ დაიჩაგროს. სტოკჰოლმში არ არის პრესტიჟული და სათაკილო, მდიდარი და ღარიბი, ეკოლოგიურად უკეთესი და უარესი უბნები – აქ ყველგან თანასწორობის, თანაბარუფლებიანობის განცდა გეუფლება, თითქოს აქაურებს უპოვიათ ის ოქროს შუალედი, რომელსაც მთელი მსოფლიო საუკუნეებია ეძებს.

ლაგომ – შვედების ცხოვრებისეული ფილოსოფია
ქართულ ენაში ამ სიტყვას ერთი ყოვლისმომცველი შესატყვისი არ გააჩნია. ყველაზე უკეთ მის შინაარსს ალბათ “ზომიერება” გამოხატავს. “ლაგომ” ცხოვრებისეული კონცეფციაა, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს შვედურ ხასიათს. ამიტომ არის, რომ შვედეთის სამეფოს ზოგჯერ ხუმრობით ლაგომლენდსაც კი უწოდებენ.
“ლაგომ” გულისხმობს, რომ ადამიანის, გარემოს, საზოგადოების სწორი განვითარებისთვის მთავარი ზომიერების შეგრძნებაა. შვედეთში ვერ ნახავთ ზედმეტად მდიდრულ რესტორნებს, სასტუმროებს, კლუბებს... თუმცა ვერც სიღარიბის შინანწყალს შეხვდებით. შვედეთზე მილიარდერთა ქვეყანა არ ითქმის, თუმცა არც ღატაკთა ქვეყანაა. სოციალურ სტატუსებს შორის ზღვარი თითქმის შეუმჩნეველია. მოსახლეობის ძირითად ნაწილს საშუალო ფენა წარმოადგენს, რომლის წარმომადგენელთა ცხოვრების პირობები ერთნაირად დამაკმაყოფილებელი, კომფორტული და სასიამოვნოა.
ერთი შეხედვით, იდეალური საზოგადოებაა. და რა უცნაურია, რომ შვედეთში სუიციდის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში; ხშირია დეპრესია, ადამიანებს უჭირთ ბედნიერების შეგრძნების მოპოვება. მკვლევართა ნაწილს ამის მიზეზად მზის ნაკლებობა და ცივი კლიმატი მიაჩნია, ნაწილი კი ვარაუდობს, რომ მელანქოლია და დეპრესიული განწყობა არასაკმარისი დამოუკიდებლობის ბრალია, რაც მოქალაქეთა ცხოვრებაში სახელმწიფოსა და სოციალური სამსახურების ზედმეტი ჩარევით აიხსნება.

გამლა სტანი – ხიდებს შორის მოქცეული ქალაქი
პირველი, რაც სტოკჰოლმში თვალში გეცემათ, სიმწვანე, სისუფთავე და იდეალურობამდე აყვანილი წესრიგია. ქალაქში ყველაფერია იმისათვის, რომ ადამიანმა თავი კომფორტულად იგრძნოს. ამ ქალაქში უბრალოდ ვერ დაიკარგები – ყოველ 100 მეტრზეა გზის, ქუჩების, მეტროსადგურების, არქიტერტურული თუ სხვა ღირსშესანიშნაობების, ავტობუსის და ტრამვაის გაჩერებების მაჩვენებლები. ამას დაუმატეთ ხმოვანი შუქნიშნები და სპეციალური ბილიკები უსინათლოებისთვის, პანდუსები ეტლით მოსარგებლეებისთვის, საფეხმავლო და ველოსიპედისტთა ბილიკები, ფართო ქუჩები, უამრავი პარკი და სკვერი, სადაც ციყვები და კურდღლებიც კი დასეირნობენ... თუმცა ქალაქის ამ ნაწილში თვალს სულ სხვანაირი სილამაზე იტაცებს: მოხდენილი სახურავებით დამშვენებული ფერად-ფერადი სახლები, მოკირწყლული ვიწრო ქუჩები, ვიტრინები, კაფეები, მაღაზიები...
36 ჰექტარზე გაშენებულ გამლა სტანში სულ 3000 კაცი ცხოვრობს. მისი ორი მთავარი ღირსშესანიშნაობა შვედეთის მეფის სასახლე და ალფრედ ნობელის მუზეუმია. თუ მის მონახულებას გადაწყვეტთ, აუცილებლად ეწვიეთ მუზეუმის კაფეს და ნაყინი გასინჯეთ – ეს ის ნაყინია, რომელსაც ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიალზე დესერტად მიართმევენ ხოლმე სტუმრებს.
გამლა სტანი ტურისტების საყვარელი ადგილია. სწორედ აქ, სასახლიდან ასიოდე მეტრზე, მდებარეობს ისტორიული ქალაქის უძველესი მოედანი სტურტორიეტი და ორი – წითელი და ნარინჯისფერი – შენობა, რომლებიც სტოკჰოლმისხედიან თითქმის ყოველ მეორე ღია ბარათს ამშვენებს. ამბობენ, რომ წითელი შენობის ფანჯრების გარშემო განლაგებული თეთრი ქვები იმ შვედ არისტოკრატთა მოკვეთილ თავებს განასახიერებს, რომლებიც დანიის მეფემ 1520 წელს სიკვდილით დასაჯა.

იუნიბაკენი – ბავშვების სტოკჰოლმი
ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა შვედების ცხოვრების მიზანია. აქ ყოველგვარი პირობაა მათი ბედნიერებისთვის: საბავშვო ბაღები ნებისმიერი საჭიროების მქონე პატარებისთვის, სპეციალიზებული სკოლები, სპორტული წრეები, ატრაქციონები, გასართობი პარკები და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი ან უფასოა ან ძალიან იაფი. თითოეული მასწავლებელი და აღმზრდელი ვალდებულია, ბავშვების სწავლებასა და აღზრდაზე ზრუნვასთან ერთად რეგულარულად შეამოწმოს მათი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა და თუ ძალადობის ან არასათანადო მოპყრობის ნიშნები შეამჩნია, შესაბამის უწყებებს აცნობოს. ის კი არა, აღმზრდელები იმაზეც რეაგირებენ, თუ ბავშვი არასათანადოდ, უსუფთაოდ ან დაუდევრად ჩაცმული მივიდა საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში, მიზეზს არკვევენ და, საჭიროების შემთხვევაში, ოჯახს ეხმარებიან.
სკვერებსა და პარკებში ბევრგან შეამჩნევთ “უპატრონოდ” მიტოვებულ სკეიტბორდს, ველოსიპედს, გორგოლაჭებს... სინამდვილეში ისინი სულაც არ არის “უპატრონო” – მათი პატრონი სახელმწიფოა, ბავშვებს კი შეუძლიათ, ისარგებლონ ამ სიკეთით, გაერთონ და როდესაც გულს იჯერებენ, თავის ადგილზე დააბრუნონ საყვარელი გასართობი. ეს აქ არც არავის უკვირს და არც სახლში მიარბენინებს ვინმე “უპატრონოდ” მიტოვებულ ნივთებს.


თუმცა ბავშვებს მაინც აქვთ საყვარელი ადგილი სტოკჰოლმში, სადაც თავს განსაკუთრებით კარგად გრძნობენ. ეს კუნძულ იურგორდენზე მდებარე იუნიბაკენის მუზეუმია.
იუნიბაკენი მთლიანად საბავშვო მწერლების პერსონაჟებს ეძღვნება. მუზეუმი ასტრიდ ლინდგრენის უშუალო მონაწილეობით დაარსდა და გაიხსნა 1996 წელს. გახსნას შვედეთი სამეფო ოჯახიც კი ესწრებოდა. მუზეუმი ორსართულიან შენობაში, 6000 კვადრატულ მეტრზეაა განლაგებული. აქ ნახავთ ზღაპრული სიუჟეტების მიხედვით გაფორმებულ სათამაშო ლოკაციებს, ატრაქციონებს, გასართობ მოედნებს პატარებისთვის, პეპის სახლს, მუმი ტროლების ქოხებს... იუნიბაკენში არასკანდინავიელი პერსონაჟებისთვისაც მოიძებნა ადგილი: მაუგლისთვის, ვინი ფუჰისთვის... თუმცა მთავარი ატრაქციონი მატარებელია, რომელიც პატარებს ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურებს. ის ჯერ ონავარი ემილის სახლთან ჩერდება, მერე ვასასტანის ცნობილ სხვენს უახლოვდება, სადაც სახურავის ბინადარი კარლსონი ცხოვრობს. შემდეგი გაჩერება უკვე ცეროდენა ნილს კარლსონის სამყაროა (ამას უმალვე მიხვდებით, რადგან ირგვლივ ყველაფერი გოლიათურად დიდი მოგეჩვენებათ). აი, რით მთავრდება ატრაქციონი, ამას უკვე აღარ მოგიყვებით – ყველაზე საინტერესო საკუთარი თვალით უნდა ნახოთ.

“ვასას” ახალი სიცოცხლე
იუნიბაკენიდან ხუთი წუთის სავალზე ვასას მუზეუმია. ის იმითაა ღირსშესანიშნავი, რომ მისი ერთადერთი ექსპონატი ხომალდი “ვასაა”.
საბრძოლო გემი, რომელიც 1628 წელს ჩაუშვეს წყალში, შვედეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ფლაგმანად უნდა ქცეულიყო, მაგრამ მოხდა დაუჯერებელი რამ: გემმა ნავსადგურიდან გასვლისთანავე დაიწყო ჩაძირვა.
ზღვის ფსკერიდან ხომალდის ამოღება არაერთხელ სცადეს, მაგრამ ეს მხოლოდ 1961 წელს მოხერხდა. “ვასა” აღადგინეს, 1990 წელს კი მის გარშემო მუზეუმი აშენდა.

მთელი შვედეთი ერთ სივრცეში
კიდევ ერთი მუზეუმი, რომელიც მუზეუმების სიმრავლით სახელგანთქმულ სტოკჰოლმში აუცილებლად უნდა მოინახულოთ, სკანსენია. ის 1891 წელს გაიხსნა და ღია ცის ქვეშ მოქმედი პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმის სახელიც დაიმკვიდრა. სკანსენში ნახავთ შვედეთის ყველა კუთხისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ სახლებს, რომლებიც XIX საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება. მუზეუმის თანამშრომლები ორი საუკუნის წინანდელი ტრადიციული სამოსით დაიარებიან, ტრადიციულ შვედურ კერძებს და ტკბილეულს თქვენ თვალწინ ამზადებენ. წყალს სათლიდან ჩამოგისხამენ. ხის სახლის კართანაზე შვედი ბებო შემოგეგებებათ საქსოვით ხელში... მოკლედ, ეწვიეთ სკანსენს და შვედეთის ისტორიაში იმოგზაურეთ.
მუზეუმებში სიარულით თუ ჯერ კიდევ არ დაღლილხართ და კლასიკური ხელოვნებაც გიტაცებთ, გირჩევთ, ეწვიოთ შვედეთის ეროვნულ მუზეუმს და გოგენის, დეგას, მანეს, რემბრანდტის, რუბენსის, კრანახის ნამუშევრებით დატკბეთ.


თუ მხატვრობას რეტრომუსიკა გირჩევნიათ, “აბბას” მუზეუმში მიბრძანდით. აქ მხოლოდ სახელგანთქმული ოთხეულის ცხოვრებისა და შემოქმედების დეტალებს გაგაცნობენ, მერე კი მათ მუსიკაზე საკუთარი ქავერვერსიის ჩაწერასაც შეძლებთ.
სკანდინავიური არქიტექტურის მოყვარულებს კი ვურჩევთ, აუცილებლად მოინახულონ რატუშა, რომელიც შვედეთის ერთ-ერთი სიმბოლოა. მისი მთავარი ღირსება 106-მეტრიანი კოშკია, რომლიდანაც სტოკჰოლმის ულამაზესი ხედი იშლება.

მუზეუმი ზღვისა და მიწის ქვეშ
რაც ზევითაა, სამი იმდენი ქვევითააო, შვედებზე ნამდვილად არ ითქმის; აი, სტოკჰოლმის ყველაზე საინტერესო და სანახაობრივი “მუზეუმი” კი სწორედ მიწის ქვეშაა და მას ყოველდღიურად ყველაზე მეტი მნახველი ჰყავს. ეს სტოკჰოლმის უნიკალური მეტროა, რომელიც კუნძულებს წყალქვეშა და მიწისქვეშა გვირაბებით აკავშირებს ერთმანეთთან. მას მსოფლიოში ყველაზე გრძელ ხელოვნების გალერეასაც კი უწოდებენ.

ქვეყანა, სადაც ავადმყოფობის არ ეშინიათ
სწორედ ასეთია შვედეთი, რადგან შვედეთის ყველა მოქალაქისა და ქვეყანაში ხანგრძლივად მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს.
სახელმწიფო სამედიცინო ხარჯების 97%-ს ფარავს. რიგით შვედს საკუთარი ჯანმრთელობისთვის მკურნალობის საერთო საფასურის მხოლოდ 3%-ის გადახდა უწევს. ისიც მაშინ, თუ სამედიცინო ხარჯებისთვის მოქალაქის მიერ გაღებული თანხა წელიწადში 100 ევროს არ ასცდება.
მედიცინის დონე ძალიან მაღალია: სუპერთანამედროვე მოწყობილობები და სუპერპროფესიონალი ექიმები, ეფექტური მედიკამენტები და ა.შ. მართალია, სტომატოლოგიური მომსახურება შვედეთში ფასიანია, მაგრამ მხოლოდ 20 წლიდან. 20 წლამდე კი მედიცინის ამ სფეროც სუბსიდირებასაც სახელმწიფო ეწევა.
ალბათ, სწორედ კარგი ჯანდაცვის სისტემის დამსახურებაა, რომ შვედეთში მამაკაცთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 79 წელია, ქალებისა კი 83.5, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, სხვა ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, შვედეთი შობადობის მაღალი მაჩვენებლითაც გამოირჩევა.
მიუხედავად სანიმუშო სამედიცინო სისტემისა, შვედები თავიანთი ქვეყნის ჯანდაცვას მაინც ემდურიან და წუწუნებენ, რომ ექიმთან ვიზიტისთვის ლოდინი ზოგჯერ რამდენიმე დღე უწევთ.

აი, ასეთია შვედეთი – ქვეყანა, სადაც ყველაზე მოწესრიგებული და კანონმორჩილი ხალხი ცხოვრობს; ქვეყანა, რომელიც ლიბერალურია სექსუალური უმცირესობების მიმართ და ყოველი წლის აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას თავისუფლების ორდღიან ფესტივალს მართავს; ქვეყანა, სადაც ქერა გოგონები თმას შავად იღებავენ, რომ გამორჩეულები იყვნენ; ქვეყანა, რომელიც უკიდურეს კომფორტთან ასოცირდება; ქვეყანა სადაც მოსახლეობის მხოლოდ 15%-ია მწეველი, თუმცა საკმაოდ ბევრია ალკოჰოლის მომხმარებელი და ბოლოს – ქვეყანა, რომელში ცხოვრება და სტუმრობაც უბრალოდ სასიამოვნოა.

ნინო ბაზერაშვილი

გააზიარე: