“მე მხოლოდ რენტგენოლოგი კი არა, ექიმიც ვარ” - ალექსანდრე კვალიაშვილი
გააზიარე:
სწორი დიაგნოზი ხშირად მკურნალობის ნახევარია. საქართველოში რენტგენოლოგიისა და სამეცნიერო რადიოლოგიის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ალექსანდრე კვალიაშვილს, გულისხმიერ და თავდადებულ ადამიანს, რომელმაც მთელი სიცოცხლე საყვარელ საქმეს შეალია.
ალექსანდრე კვალიაშვილის ბიოგრაფიას, ტრადიციისამებრ, ხუტა პაჭკორია გვიამბობს:
– ალექსანდრე კვალიაშვილი 1895 წლის 25 აპრილს დაიბადა გორის მაზრაში (ახლანდელი ქარელის რაიონი), სოფელ მოხისში, არჩილ კვალიაშვილის ოჯახში. პატარა ალექსანდრე სასწავლებლად ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შეიყვანეს, სადაც სხვადასხვა დროს აკაკი წერეთელი, სილოვან ხუნდაძე, იოსებ ოცხელი, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვა ცნობილი ქართველები სწავლობდნენ. ვინაიდან გიმნაზიაში სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობდა, გიმნაზიადამთავრებული მოსწავლეები რუსეთის იმპერიის უმაღლეს სასწავლებლებში ადვილად ახერხებდნენ ადაპტაციას. ალექსანდრემაც გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა უკრაინაში, ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე გააგრძელა. სხვათა შორის, ქართველები სწავლობდნენ ძირითადად ან ოდესაში, ზღვასთან ახლოს, ან ხარკოვში. პეტერბურგში (თუ სამხედრო აკადემიის სტუდენტებს არ ჩავთვლით) იშვიათად მიდიოდნენ – როგორც ჩანს, სიშორესაც ერიდებოდნენ და პეტერბურგის ყინვების გაძლებაც უჭირდათ.
ალექსანდრემ წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი და 1920 წელს სამშობლოში დაბრუნდა. შილდაში, საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს სოფელში დაიწყო მუშაობა და მოსახლეობის დიდი სიყვარული დაიმსახურა. ორი წლის შემდეგ თბილისში მუშაობის საშუალება მიეცა და ცენტრალურ რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში გადავიდა რენტგენის კაბინეტის ორდინატორად. იმ დროს უკვე ერთი წლის დაარსებული იყო რენტგენოლოგიის კათედრა, რომელსაც გაბრიელ ღამბარაშვილი ხელმძღვანელობდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოში რენტგენს მანამდეც იცნობდნენ. მიხეილ გედევანიშვილმა, თავისი დროის უდიდესმა ექიმმა, 1896 წელს თბილისში, კუკიაზე, საკუთარ ბინაში მოაწყო საქართველოში პირველი რენტგენოლოგიისა და ელექტროთერაპიის კაბინეტი და სტაციონარიც გახსნა.
კვალიფიკაციის ასამაღლებლად ახალგაზრდა ექიმი ლენინგრადის რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის ინსტიტუტში მიავლინეს, რომელიც ამ დარგის ერთ-ერთ მძლავრ ცენტრად მიიჩნეოდა.
გზაგასაყარზე
– 1926 წელს ალექსანდრე კვალიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში რენტგენოლოგიური განყოფილების გამგედ დანიშნეს. იმ დროისთვის მას უკვე საკმაო გამოცდილება ჰქონდა, რომელიც მოგვიანებით უფრო მეტად გაიმდიდრა ბერლინში, ჰამბურგსა და ვენაში, ცნობილ რენტგენოლოგებთან თანამშრომლობის შედეგად. იმ დროს ქართველი ექიმები გერმანიასა და ავსტრიაში ადვილად დაიდოდნენ. იქ მართლაც საუკეთესო სამედიცინო და რენტგენოლოგიური სკოლები იყო.
ალექსანდრე თავადაც გერმანული წესრიგის მოყვარული კაცი ყოფილა, პედანტიც კი, ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით. რენტგენოლოგიის განყოფილების თანამშრომლებს დღემდე მოჰყვებათ მისი დისციპლინა, თუმცა კვალიაშვილის შემდეგ იქ უკვე რამდენიმე თაობა გამოიცვალა.
ევროპიდან დაბრუნებულმა, ახალი ცოდნით აღჭურვილმა და იდეებით აღსავსე ალექსანდრემ ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკაში რენტგენის კაბინეტი გახსნა. პარალელურად აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის ხელმძღვანელობით ქირურგიაშიც მუშაობდა. მალე თბილისიუს საქხელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ასისტენტად აირჩიეს. ამავე პერიოდში შეიმუშავა რენტგენოლოგიის კურსის სპეციალური პროგრამა ქირურგებისთვის.
საბოლოოდ ალექსანდრე კვალიაშვილმა ქირურგიაზე უარი თქვა და მთელი თავისი დრო და ენერგია რენტგენოლოგიის განვითარებას მიუძღვნა.
წარმატების ფორმულა
– გერმანიაში ალექსანდრე მხოლოდ რენტგენოგრამებს კი არ აანალიზებდა, პაციენტებსაც სინჯავდა, ანამნეზს კრებდა, კლინიკურ სურათს ადარებდა. ამავე პრინციპით გააგრძელა მუშაობა საქართველოშიც – ავადმყოფს ჯერ გასინჯავდა, გულდასმით გამოკითხავდა, კლინიკურ მონაცემებს რენტგენოლოგიურ სურათს შეადარებდა და მერეღა დასვამდა დიაგნოზს. ამიტომ იყო, რომ მისი დიაგნოზი უტყუარად მიაჩნდათ. ხშირად თავდაყირაც აყენებდა ცნობილი სპეციალისტების დასკვნებს. მოსკოვიდან, ლენინგრადიდან ჩამოტანილი დიაგნოზები გაუბათილებია. როცა წარმატების მიზეზს ეკითხებოდნენ, ამბობდა, მე მარტო რენტგენოლოგი კი არა, ექიმიც ვარო. მართლაც, ყველა დაავადების კლინიკა იცოდა. რენტგენოგრამას რომ შეაფასებდა და ამ მონაცემებს სიმპტომებთან შეაჯერებდა, შეცდომა ფაქტობრივად გამორიცხული იყო.
საქმის დიდოსტატი
– ალექსანდრე კვალიაშვილი მუდამ იყო მსოფლიო მედიცინის სიახლეთა კურსში. საბჭოთა კავშირში მან პირველმა აღწერა კრონის დაავადების რენტგენოლოგიური სურათი. ეს მოხდა 1937 წელს, ამერიკაში დაავადების პირველი აღწერიდან ხუთი წლის შემდეგ. ალექსანდრემ ზუსტად ისეთივე ცვლილებები იპოვა რენტგენოგრამაზე, როგორიც ბერილ კრონმა. სხვათა შორის, იმავე წელს სხვა ქართველებმაც დასვეს ეს დიაგნოზი: ეფრემ ზაქარაიამ აპენდიციტით მისულ პაციენტს ოპერაციის მსვლელობისას აღმოუჩინა დაავადება, ამოკვეთა დანეკროზებული ნაწლავი და დარჩენილი ბოლოები ერთმანეთს მიაკერა; იგივე დიაგნოზი დასვა და ოპერაცია გააკეთა 26 წლის ქირურგმა ქალმა ტატიანა ნემჩინსკაიამ; პათანატომმა არკადი ჯორბენაძემაც ზედმიწევნით ზუსტად აღწერა კრონის დაავადების პათომორფოლოგიური სურათი...
მომავალი თაობებისთვის
– 1937 წელს, კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მიღების შემდეგ, ალექსანდრე სამედიცინო ინსტიტუტის რენტგენოლოგიური კურსის ხელმძღვანელად დანიშნეს, 1947 წელს კი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინი ინსტიტუტის რენტგენოლოგიისა და სამედიცინო რადიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელად. იმავე წელს პროფესორადაც აირჩიეს.
რაიონებში მომუშავე რენტგენოლოგებისთვის ალექსანდრემ ორწლიანი დაუსწრებელი ორდინატურა დააარსა, რითაც მათ საშუალება მისცა, სამსახურისგან მოუწყვეტლად აემაღლებინათ კვალიფიკაცია.
შესანიშნავი აღმზრდელი იყო. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეადგინა რენტგენოდიაგნოსტიკის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე, რომელიც 1963 წელს გამოიცა, მაგრამ რენტგენოლოგებისთვის ახლაც სამაგიდო წიგნად ითვლება. მისი გამოზრდილი სპეციალისტები დღემდე მისდევენ მის მიერ დამკვიდრებულ ტრადიციას. საქართველოში რენტგენოლოგიამ მისი წყალობით მიაღწია ძალიან მაღალ თამასას, რომელსაც დღემდე ინარჩუნებს.
მინდა, ალექსანდრე კვალიაშვილის სკოლის ღირსეული მოწაფეები გავიხსენო: ვახტანგ გოქსაძე, რომელიც ნეიროქირურგიულ პაციენტებს იკვლევდა, თავის ტვინზე მუშაობდა და როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ჩვეულებრივი რენტგენით სვამდა უტყუარ დიაგნოზებს; ტუბერკულოზის და, საზოგადოდ, ფილტვის დაავადებათა დიაგნოსტიკის დიდოსტატი ნოდარ წულეისკირი... ერთიმეორეზე უკეთესები, მართლაც დარგის კორიფეები იყვნენ კონსტანტინე (კუკური) გიორგაძე, ბაბე მთვარაძე, ალექსანდრე მთვარაძე, მედიკო შავგულიძე, თინა მასხულია, რევი ჩეკურიშვილი, ელენე ჩქარეული, ლია გულისაშვილი.... დღეს ამ სკოლის ტრადიციათა ღირსეული გამგრძელებლები არიან ოთარ ურუშაძე – თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რადიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი და ამავე განყოფილების სხვა თანამშრომლები: ნარგიზა ალიბეგაშვილი, თინა შათირიშვილი, მარიკა ჯაფარიძე, გოგა მამულაშვილი, დავით ჩეკურიშვილი, ცისანა შენგელია, ნარგიზა მამფორია, მაია მამუკელაშვილი.
მეცნიერება
– რენტგენოლოგიისა და სამედიცინო რადიოლოგიის კათადრაზე, რა თქმა უნდა, სამეცნიერო მუშობასაც ბევრ დროს უთმობდნენ. ალექსანდრე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მეცნიერული კვლევის კომპლექსურ მეთოდებს, ამიტომ როგორც მისი, ისე მისი მოწაფეების ნაშრომები საკითხის ორიგინალური დასმით, კვლევის სრულყოფილი მეთოდებით, დიდი მეცნიერული და პრაქტიკული ღირებულებით გამოირჩეოდა. რენტგენოლოგიურსა და რადიოლოგიურთან ერთად ის ხშირად მიმართავდა ფუნქციურ, ბიოქიმიურ და მორფოლოგიურ მეთოდებს, ავლებდა კლინიკურ-ანატომიურ პარალელებს, საზღვრავდა პროგნოზს...
ალექსანდრე კვალიაშვილის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაშრომი გახლდათ “მასალები ფილტვის ექინოკოკოზის დაიგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებისათვის” – კაპიტალური მონოგრაფია, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ამ დაავადების დროულ გამოვლენაში. აქვე გეტყვით, რომ ექინოკოკოზი იმ დროს ძალიან იყო გავრცელებული. ალექსანდრე კვალიაშვილის მეორე ნაშრომმა, რომელიც ძვლის გიგანტურუჯრედოვანი სიმსივნის დიაგნოსტიკას მიეძღვნა, ნათელი მოჰფინა დაავადების კლინიკისა და პათოლოგიური მორფოლოგიის უცნობ საკითხებს.
ამ საკითხებში განსწავლულობით ალექსანდრე კვალიაშვილმა ისე გაითქვა სახელი, რომ მასთან, როგორც უკანასკნელ იმედთან, მოდიოდა რუსეთის უდიდეს ქალაქებში გამოკვლეული და ნამკურნალები, ფაქტობრივად განწირული ხალხი. და მართლაც, არაერთ მათგანს შეუცვალა სასიკვდილო განაჩენი...
რენტგენოლოგიისა და სამედიცინო რადიოლოგიის კათედრაზე მისი ხელმძღვანელობით არაერთი საინტერესო საკითხი შეისწავლეს, მაგალითად, საქართველოს კლიმატურ-გეოგრაფიული ფაქტორების გავლენა ძვლოვან სისტემაზე, ბრონქოპნევმონიის რენტგენოდიაგნოსტიკა და სხვა.
ამ ღვაწლისთვის ალექსანდრე კვალიაშვილს 1961 წელს რესპუბლიკის დამსახურებული ექიმის და მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება მიენიჭა.
ოჯახი
ალექსანდრე კვალიაშვილის პირველი მეუღლე, რომელიც აგრეთვე ექიმი გახლდათ, ადრე გარდაიცვალა. მისგან ალექსანდრეს ერთი ქალიშვილი, მარიკა დარჩა. მეორედ ნორა ქუთათელაძეზე, თავისივე კოლეგაზე იქორწინა. მათი ვაჟი იური კვალიაშვილიც უკვე დიდი გამოცდილების მქონე რენტგენოლოგია:
– ექიმების ოჯახი გვქონდა. ჩემი უფროსი და, მარიკა, ოფთალმოლოგი გახლდათ, დედაჩემი – რენტგენოლოგი, პირველი პროფესორი ქალი რადიოლოგიაში, კარდიოლოგიის ხაზით მუშაობდა. მამაჩემი კი 35 წელი განაგებდა სამედიცინო ინსტიტუტის (ახლანდელი უნივერსიტეტის) რენტგენოლოგია-რადიოლოგიის კათედრას.
მამა მკაცრი არ ყოფილა, თუმცა ნამდვილი ქართლელის ხასიათი ჰქონდა, ჯიუტი და პირდაპირი. მშვიდი, უკონფლიქტო ადამიანი იყო, მაგრამ ძალიან პრინციპული. მასთან საუბარი მიყვარდა. ჰყვებოდა საზღვარგარეთ ცხოვრების ამბებს, შესანიშანვად იცოდა გერმანული. დღემდე ვინახავ გერმანიიდან მის ჩამოტანილ ბრწყინვალედ ილუსტრირებულ წიგნებს.
სხვათა შორის, კითხვა ძალიან უყვარდა. დღე არ გავიდოდა, თავისი დარგის სპეციალური ლიტერატურა არ წაეკითხა. ძალიან ცნობისმოყვარე იყო, ყველაფერი აინტერესებდა, რაც მისი პროფესის გარშემო ხდებოდა. მედიცინით სულდგმულობდა.
მახსოვს, 1959 წელს მიუნხენში რენტგენოლოგთა მსოფლიო კონგრესზე მიიწვიეს. იქ რამდენიმე ქართველ ემიგრანტ ექიმს შეხვდა. უკან დაბრუნებულს, მათთან ურთიერთობის გამო უსიამოვნებაც შეხვდა... არადა პოლიტიკით არასოდეს დაინტერესებულა, პარტიის წევრიც კი არ ყოფილა, საქმეზე კი გადამკვდარი იყო.
რენტგენოლოგიის სახელმძღვანელოს გაგრძელების გამოცემას აპირებდა, მაგრამ აღარ დასცალდა, 1974 წელს გარდაიცვალა მეოთხე ინფარქტით, 78 წლისა.
ჩვენგან, ორივე შვილისგან, ორ-ორი შვილიშვილი დარჩა. ახლა უკვე ჩვენ თვითონ გვყავს შვილიშვილები. წინათ ერთმანეთთან ხშირი მიმოსვლა გვქონდა. მამაჩემსაც ძალიან უყვარდა ნათესავებთან სტუმრობა, დახვედრა, გამასპინძლება... სამწუხაროდ, დღეს ცოცხალი ურთიერთობისთვის თითქმის ვეღარ ვიცლით.
კოლეგები
ალექსანდრე კვალიაშვილს ყოფილი თანამშრომლებიც იხსენებენ.
ნარგიზა ალიბეგაშვილი, რენტგენოლოგი:
_ მასთან სამი-ოთხი წელი მომიწია მუშაობა. 1974 წლის გაზაფხულზე რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო გაიხსნა, შემოდგომაზე კი ბატონი ალექსანდრე წავიდა ჩვენგან...
უაღრესად განათლებული გახლდათ, რაფინირებული ინტელიგენტი და საქმის მცოდნე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან შექმნა საქართველოში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რენტგენოლოგიური სკოლა და ჩვენი დღევანდელი წარმატება მის მემკვიდრეობაზეა აღმოცენებული.
ძალიან გულისხმიერი პიროვნება იყო. ბევრს დასდგომია გვერდით. თბილისში ჩამოსულ თანასოფლელებს თან ჰყვებოდა.
მაშინ არ არსებობდა ასეთი ტექნიკა, დღეს რომ გვაქვს, მაგრამ საოცარ დიაგნოზებს სვამდა. ოპერაციაზე თანამშრომელს გზავნიდა, რომ საკუთარი თავი შეემოწმებინა – იშვიათად, რომ მისი დიაგნოზი არ გამართლებულიყო.
კონფერენციას კვირაში ერთხელ მართავდა. თუ საინტერესო შემთხვევას წააწყდებოდა, დაგვიძახებდა და ერთად ვარჩევდით. ეს ტრადიცია ჩვენს განყოფილებაში მისი გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა.
ცისანა შენგელია, თსსუ პირველი საუნივერსიტეო კლინიკის რადიოლოგიის განყოფილების უფროსი ექთანი-ლაბორანტი:
_ აქ 1959 წელს მოვედი. ათი წელი ვიმუშავე ბატონი ალექსანდრეს გვერდით. მახსოვს ეს საოცარი ცოდნის პატრონი, ბრწყინვალე სპეციალისტი. თანამშრომლებს ხომ არაჩვეულებრივად ეპყრობოდა, ავადმყოფებს – კიდევ უკეთესად. ჩვენგანაც იმავეს მოითხოვდა. მისი შიშით პაციენტს გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ეტყოდი. თუ ავადმყოფი განყოფილებაში შემოვიდოდა, აქედან უდიაგნოზოდ არ გავიდოდა. ბატონი ალექსანდრეს დიაგნოზი კი უტყუარი იყო. ყველა რადიოლოგი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდა: ერთი – თავის ქალაზე, მეორე – ძვალ-სახსართა სისტემაზე, მესამე – ნაღვლის ბუშტზე, მეოთხე – გულმკერდზე, მეხუთე – მუცლის ღრუსა თუ კუჭ-ნაწლავზე... ენით აუწერელი ცოდნის ექიმები გამოზარდა.
საოცარი დისციპლინა ჰქონდა. სამსახურში დაგვიანების საპატიო მიზეზი მისთვის არ არსებობდა.
პირადად მე მისი დამსახურებით მივიღე ამ დარგში დიდი ცოდნა და თავადაც ბევრი მოსწავლე გამოვზარდე.
ასეთი გახლდათ ალექსანდრე კვალიაშვილი, დიდი ექიმი და ბევრი პაციენტის უკანასკნელი იმედი.
მარი აშუღაშვილი