რას მალავდა პერიტონიტი?

გააზიარე:

კლასიკურად მიმდინარე დაავადებების გვერდით ექიმები უჩვეულო შემთხვევებსაც აწყდებიან, რომელთა საიდუმლოს ამოცნობა მათ ცოდნაზე, გამჭრიახობასა და ინტუიციაზეა დამოკიდებული. თსსუ ცენტრალური კლინიკის ამბულატორიის ექიმი გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია ერთ საინტერესო შემთხვევას იხსენებს:

 

– ბუნებრივია, ჩემთან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემების გამო მოდიან. ასეთივე სიმპტომებით შეწუხებულ პაციენტებთან ზოგჯერ კლინიკის სხვა განყოფილებებშიც მიწვევენ კონსულტაციისთვის.

ეს ამბავი 2003 წელს მოხდა. ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილებაში მიმიწვიეს. პაციენტი 27 წლის ახალგაზრდა იყო, აფხაზეთიდან დევნილი. პროფესორებმა ნოდარ ლომიძემ და გურამ გვასალიამ აკადემიკოს თენგიზ ახმეტელთან ერთად კონსილიუმი გამართეს და პერიტონიტის სავარაუდო დიაგნოზი დასვეს, თუმცა მიზეზის თაობაზე ვერ შეთანხმდნენ.

დანახვისთანავე არ მომეწონა ავადმყოფის სიგამხდრე – რომ იტყვიან, ძვალი და ტყავი იყო დარჩენილი. წარმოიდგინეთ 1.80 სმ სიმაღლის მამაკაცი, რომელიც მხოლოდ 46 კილოგრამს იწონის.

 

პირველი შთაბეჭდილება

– აღმოჩნდა, რომ წელიწად-ნახევარი იყო, საცოდავ ბიჭს ცხელება აწუხებდა. ზუგდიდის საავადმყოფოში ფილტვების ანთების დიაგნოზი დაესვათ და სხვადასხვა ანტიბიოტიკი მოესინჯათ, მაგრამ უშედეგოდ. წონის მკვეთრი კლება კი დიარეას გამოეწვია, რომელიც ახალგაზრდას მკურნალობის დაწყებამდეც ჰქონდა. გარდა ამისა, აშკარა იყო კანდიდოზური სტომატიტის ნიშნებიც და ეს დიაგნოზი ზუგდიდიდან გამოგზავნილი ისტორიის ამონაწერშიც ვნახეთ.

 

 

პირველი ვარაუდი

– სტომატიტმა და ესოდენ გახანგრძლივებულმა პნევმონიამ შიდსზე დამაეჭვა. იმ დროს ეს ჩვენში ჯერ კიდევ უცხო ხილი იყო, ამიტომ პაციენტების გამოკითხვისას განსაკუთრებით ვფრთხილობდით. ამ ახლაგაზრდასაც დელიკატურად გამოვკითხეთ, ხომ არ ჰქონდა რამე შეხება ნარკოტიკთან, ვენაში ხომ არ იკეთებდა წამალს... სასტიკად უარყო, მაგრამ ჩვენ მაინც ავუღეთ სისხლი და გამოსაკვლევად შიდსის ცენტრში გავგზავნეთ.

 

ოპერაცია და პირველი დიაგნოზი

– მწვავე მუცელი აუცილებლად უნდა გაიხსნას. ჰიპოკრატეს დროიდანვეა ცნობილი, რომ დაგროვილი ჩირქი გარეთ უნდა გამოვუშვათ. ჩვენს პაციენტსაც იმავე ღამეს გაუკეთდა ოპერაცია. ქირურგებმა გურამ გვასალიამ და დათო ქორიძემ მის მუცელში გახეთქილი მლივი ნაწლავი (წვრილი ნაწლავის დასაწყისი, თორმეტგოჯა ნაწლავის გაგრძელება) ნახეს. რა თქმა უნდა, იყო პერიტონიტის ნიშნებიც.

მლივი ნაწლავის ამოკვეთილი ნაწილი პათოლოგიური ანატომიის განყოფილებაში გაგზავნეს, სადაც ლიმფოსარკომის დიაგნოზი დაისვა.

 

შიდსი დადასტურდა

– ოპერაციიდან მესამე დღეს შიდსის ცენტრიდან დადებითი პასუხი მოვიდა. დიაგნოზს თან მოჰყვა სპეციალისტების ბრიგადა: ექიმები, ლაბორანტები და სხვები, – რომლებმაც ჩვენს კლინიკაში წესების სრული დაცვით ჩაატარეს დეზინფექცია.

რაკი პასუხი ხელთ ჰქონდა, მკურნალმა ექიმმა დათო ქორიძემ უფრო დეტალურად გამოკითხა პაციენტის ახლობლები. მათაც აღიარეს, რომ ავადმყოფს რამდენიმე ხანი უკრაინაში გაეტარებინა და ბოლო წლებში აქტიურად მოიხმარდა ნარკოტიკებს. გააწამა ოჯახი ჯერ დევნილობამ, მერე – შვილის პრობლემებმა...

პაციენტი ორ კვირაში დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გავწერეთ სახლში, მაგრამ შიდსისგან განკურნების გზა მედიცინას, საუბედუროდ, ჯერ არ უპოვია. ასე რომ, როგორი იქნებოდა მისი მომავალი, თავადაც მიხვდებით...

 

გვახსოვდეს

– საქართველოში ბევრს დღემდე ჰგონია, რომ შიდსი მხოლოდ ინფექციონისტების პრობლემაა. სინამდვილეში ასეთი პაციენტი შესაძლოა ნებისმიერი პროფილის ექიმთან მოხვდეს. იმუნოდეფიციტის ფონზე შესაძლოა თავი წამოყოს არაერთმა მძიმე დაავადებამ, ეგრეთ წოდებულმა ოპორტუნისტულმა ინფექციებმა: ტუბერკულოზმა, ქლამიდიოზმა, კანდიდოზმა, ციტომეგალოვირუსულმა დაავადებამ, B და C ჰეპატიტებმა, ტოქსოპლაზმოზმა... ხშირია მძიმე პნევმონია. არცთუ იშვიათად ვითარდება ლიმფომა და ლიმფოსარკომა, რომელიც ჩვენი პაციენტისთვის ნაწლავის პერფორაციის მიზეზად იქცა.

ყველა ექიმმა უნდა იცოდეს, რომ შიდსს შეუძლია, სხვადასხვა ნიღაბს ამოეფაროს, ამიტომ როდესაც ახალგაზრდას აწუხებს გაურკვეველი წარმოშობის ცხელება, დიარეა, აქვს მრავალფეროვანი კლინიკური სურათი, რომელშიც რამდენიმე ორგანოსა თუ სისტემის პრობლემებია შერწყმული, აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით გამოწვეული ინფექცია. მით უმეტეს, ბოლო ხანს ეს დაავადება საქართველოში უფრო და უფრო მეტად ვრცელდება.

მარი აშუღაშვილი

 

გააზიარე: