რისი ბრალია ტერფის ტკივილი?

გააზიარე:

რა გვატკივებს ტერფს? ფეხზე დიდხანს დგომა, დიდხანს სიარული, მოუხერხებელი მოძრაობა, მოუხერხებელი ფეხსაცმელი, გადატვირთვა ვარჯიშის დროს... ჩამოთვლილი მიზეზებით გამოწვეული ტკივილი დასვენების შემდეგ გაივლის.

აი, ბრტყელტერფიანობით ან ართრიტით გამოწვეულ ტკივილს კი ასე იოლად ვერ დავაღწევთ თავს. აქ სპეციალური მკურნალობა დაგვჭირდება.

ტკივილის იმ მიზეზთა ჩამონათვალში, რომლებიც სამედიცინო ჩარევას მოითხოვს, შედის ქუსლის დეზი და პლანტარული ფასციიტიც. ეს ორი პათოლოგიური მდგომარეობა ხშირად ერწყმის და მიზეზშედეგობრივად გადაეჯაჭვება ერთმანეთს.

ქუსლის დეზი

ქუსლის დეზი ქუსლის ქვედა ნაწილზე არსებული წვეტიანი წანაზარდია, რომელიც ფორმით დეზს ჰგავს. მისი სიგრძე ზოგჯერ სანტიმეტრსაც აღემატება.

შეუიარაღებელი თვალით დეზს ვერ დავინახავთ, მაგრამ რენტგენოგრაფიული კვლევისას ის კარგად ჩანს. ზოგჯერ უმტკივნეულოა, ზოგჯერ კი ძლიერ, შემაწუხებელ ტკივილს იწვევს. მისი პირველადი მკურნალობა გულისხმობს ინდივიდუალური ორთოპედიული სუპინატორების გამოყენებას,  სპეციალური ვარჯიშების შესრულებას და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღებას. ამ მეთოდების უეფექტობის შემთხვევაში ქირურგიული ჩარევის საკითხს სვამენ.

რა აჩენს

ქუსლის დეზი გროვაა კალციუმის მარილებისა, რომლებიც თვეობით, წლობით ლაგდება ქუსლის ძვლის ქვედა ზედაპირზე. ტერფის კუნთებისა და იოგების ხშირ დაძაბვას პლანტარული ფასციის (ტერფის ქვედა ზედაპირზე არსებული მკვრივი ქსოვილი, რომელიც ქუსლსა და თითებს ერთმანეთთან აკავშირებს) დაჭიმვამდე, მის ანთებამდე და ქუსლის ძვლის მემბრანის მუდმივ გაღიზიანებამდე მივყავართ. შედეგად მემბრანა იფცქვნება და ცვდება, ხოლო ქუსლის ძვლის დაზიანებულ არეში კალციუმის მარილები იწყებს ჩალაგებას.

ქუსლის დეზი ხშირად აქვთ იმ სპორტსმენებს, რომელთა პროფესიული საქმიანობა ბევრ სირბილს და ხტუნვას მოითხოვს.

ქუსლის დეზის განვითარების რისკფაქტორებს მიეკუთვნება:

* არასწორი სიარული და დგომის დარღვევა, რაც ქუსლის ძვლის, იოგების და ნერვების ზედმეტ დატვირთვას იწვევს;

* სირბილი და ძუნძული, განსაკუთრებით – მაგარ ზედაპირზე;

* არასწორად შერჩეული და ცუდად მორგებული (ტერფისთვის შეუსაბამო ფორმის კალაპოტიანი) – მაგალითად, ბრტყელი ან თაღთან ამოუბურცავი – ფეხსაცმელი;

* ჭარბი წონა და სიმსუქნე.

სიმპტომები

ქუსლის დეზი, როგორც ვთქვით, ყოველთვის არ არის მტკივნეული, მაგრამ ხდება ისეც, რომ ტერფის გაბმულ, ქრონიკულ ტკივილს იწვევს. ტკივილის მიზეზი დეზის წვერის ანთება და მის ირგვლივ მდებარე რბილი ქსოვილების მუდმივი ტრავმირებაა.

დილით, ახალგაღვიძებულზე, ქუსლის დეზით გამოწვეულ ტკივილს ადამიანთა უმრავლესობა დანის, ნემსის, წვეტიანი საგნის შერჭობას ადარებს. მოგვიანებით შეგრძნება უფრო ყრუ, ნაკლებინტენსიური ხდება, თუმცა გამჭოლი ტკივილი დღის განმავლობაში შესაძლოა გამეორდეს, როდესაც დიდხანს ჯდომის შემდეგ ფეხზე ავდგებით.

არაქირურგიული მკურნალობა

ქუსლის დეზით გამოწვეული ტკივილის შესამსუბუქებლად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა:

* გაჭიმვითი ვარჯიშები;

* სწორად შერჩეული ფეხსაცმელი;

* სპეციალური ბანდაჟით ან სახვევით დაფიქსირება, რაც კუნთებისა და იოგების დაჭიმულობას შეამცირებს;

* სპეციალური ორთოპედიული სუპინატორების გამოყენება;

• ფიზიოთერაპია.

ექიმები ასევე გვირჩევენ მსუბუქი ტკივილგამაყუჩებლის – პარაცეტამოლის, იბუბროფენის ან ნაპროქსენის მიღებას. ანთებითი პროცესის ჩასაქრობად ზოგჯერ კეთდება სტეროიდების ინექციაც.

ქირურგიული მკურნალობა

ათიდან ცხრა შემთხვევაში არაქირურგიული მეთოდები საგრძნობლად აუმჯობესებს მდგომარეობას. როდესაც კონსერვატიულ მკურნალობას შედეგი არ მოაქვს, ქირურგიული ჩარევის საკითხი დაისმის. ქირურგი ათავისუფლებს პლანტარულ ფასციას და ქუსლის ძვალს დეზს აშორებს.

ოპერაციის შემდგომი მოვლა გულისხმობს ტერფის მოსვენებას და რამდენიმე დღე ყინულის დადებას. იმობილიზაციის შემდეგ ერთხანს ბანდაჟისა და ფიქსატორის ხმარებაა საჭირო.

ქუსლის დეზის ოპერაცია შესაძლოა გართულდეს ნერვის ტკივილით, ქუსლის განმეორებითი ტკივილით, ინფექციით. მოსალოდნელია ნაოპერაციებ არეში მგრძნობელობის დაკარგვა,  ნაწიბურების გაჩენა.

პრევენცია

ქუსლის დეზის განვითარება შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ, თუ ვატარებთ განსაზღვრული ფიზიკური აქტიურობისთვის განკუთვნილ სწორად შერჩეულ, კარგად მორგებულ ფეხსაცმელს. კარგი იქნება, თუ სირბილის, ძუნძულის, ხტუნვის  წინ შევასრულებთ ტერფის დაჭიმვით ვარჯიშებს. თუ ჭარბი წონა გვაქვს, ქუსლის დეზის თავიდან აცილებაში წონის დაკლებაც დაგვეხმარება.

პლანტარული ფასციიტი

პლანტარული ფასციიტი ანუ ტერფის ფასციიტი ტერფის ფასციის – ტერფის ქვედა ზედაპირზე არსებული მკვრივი ქსოვილის – ანთებაა. ტერფის ფასცია ქუსლსა და ფეხის თითებს ერთმანეთთან აკავშირებს და ტერფის კუნთებსა და თაღს მნიშვნელოვან საყრდენს უქმნის.

თავდაპირველად პლანტარული ფასციიტის მიზეზად ქუსლის დეზი მიაჩნდათ. დღესდღეობით მიიჩნევენ, რომ ქუსლის დეზი პლანტარული ფასციიტით გამოწვეული  დაზიანებების შედეგია და არა მიზეზი. პლანტარული ფასციიტის სიმპტომები და ტკივილის ხასიათი ზედმიწევნით ქუსლის დეზისას ჰგავს.

რა იწვევს

პლანტარული ფასციიტი ქალებთან უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებთან. ამავე დროს, ასაკთან ერთად მისი განვითარების ალბათობა იმატებს, რადგან ფასცია ნელ-ნელა კარგავს ელასტიკურობას. ჭარბი წონა და დიდხანს დგომა ფასციიტის რისკს ზრდის. რისკფაქტორებს ასევე მიეკუთვნება:

•              თხელძირიანი და უფორმო ფეხსაცმელი;

•              მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ხშირი ტარება;

•              ბრტყელი ტერფი ან ტერფის მეტისმეტად მაღალი თაღი;

•              არასწორი სიარული და ტერფის არასწორად დაბიჯება;

•              ფიზიკური დატვირთვის ისეთი სახეობა, რომლის დროსაც განსაკუთრებული დატვირთვა ადგება ქუსლსა და მის მიმდებარე ქსოვილებს – გრძელ დისტანციაზე სირბილი, ბალეტი და სხვა.

დიაგნოზი

პლანტარული ფასციიტის დიაგნოზი უმთავრესად სამედიცინო ანამნეზს და გასინჯვას ემყარება. გასინჯვის დროს ექიმი შეამოწმებს ტერფის და მის ირგვლივ არსებული მიდამოს დაჭიმულობას, ტკივილის ლოკალიზაციას. ინსტრუმენტული კვლევები თითქმის არ ტარდება, თუმცა ზოგჯერ ექიმი საჭიროდ მიიჩნევს რენტგენოგრაფიულ გამოკვლევას თანმხლები პრობლემების, მაგალითად, ქუსლის დეზის ან ძვლების მოტეხილობის გამოსარიცხად.

მკურნალობა

ტერფის მოსვენება, ყინულის დადება, მტკივანი არის დაჭიმვა, ორთოპედიული სუპინატორის გამოყენება უმეტესად რამდენიმე თვეში აუმჯობესებს მდგომარეობას. ისევე როგორც ქუსლის დეზის დროს, რეკომენდებულია მსუბუქი ტკივილგამაყუჩებლების გამოყენება. თუ ტკივილი მეტისმეტად ძლიერია და არასტეროიდულ ტკივილგამაყუჩებლებს არ ემორჩილება, შესაძლოა, სტეროიდების ინექციაც გახდეს საჭირო.

მედიკამენტური თერაპიისა და მოსვენების უეფექტობის შემთხვევაში შესაძლოა ექიმმა ფიზიოთერაპიული პროცედურები დაგინიშოთ. ეს პროცედურები მოიცავს პლანტარული ფასციის, აქილევსის მყესის (ქუსლის უკანა ნაწილზე არსებული მყესი, რომელიც ქუსლს წვივთან აკავშირებს), წვივის კუნთების დაჭიმვას, მასაჟს და სხვა.

თუ ფიზიოპროცედურებმაც ვერ გამოიღო შედეგი, ჩატარდება:

* შოკურ-ტალღოვანი თერაპია.  ამ დროს პლანტარული ფასციის ქსოვილებზე ბგერითი ტალღებით ზემოქმედებენ. ეს აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს ანთებითი პროცესის ჩაცხრობას. შოკურ-ტალღოვანი თერაპია უმთავრესად პლანტარული ფასციიტის ქრონიკული და შორს წასული ფორმების სამკურნალოდ გამოიყენება. პროცედურამ შესაძლოა გამოიწვიოს დროებითი სილურჯე, შეშუპება, ტკივილი და დაბუჟება.

* ოპერაცია. ოპერაციის დროს პლანტარულ ფასციას ქუსლის ძვლისგან გამოთიშავენ. ეს პლანტარული ფასციიტის მკურნალობის უკიდურესი გზაა და მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც  ტკივილი მეტისმეტად ძლიერია, ხოლო ყველა სხვა მეთოდი – უეფექტო. მან  შესაძლოა  ტერფის თაღის დასუსტება გამოიწვიოს. ოპერაციის შემდეგ ერთხანს აუცილებელია სპეციალური ჩექმის ტარება და ფეხზე სიმძიმის ძალის დაწოლისთვის თავის არიდება.

ელენე ზურაბიშვილი

 

გააზიარე: