ნაბახუსევის შესახებ

გააზიარე:

ნუთუ ერთხელ მაინც არ ყოფილხართ ნაბახუსევზე? თქვენ თუ არა, თქვენი ოჯახის წევრი მაინც? რა თქმა უნდა! ნაბახუსევს ყველა იცნობს. ეს იმ უსიამოვნო სიმპტომების ერთობლიობაა, ალკოჰოლურ თრობას რომ მოსდევს. რაც უფრო მეტს დავლევთ, მით უფრო მაღალია მეორე დღეს ნაბახუსევზე ყოფნის ალბათობა, თუმცა ზუსტად არავინ იცის, რამდენმა ალკოჰოლმა შეიძლება გამოიწვიოს ეს მდგომარეობა. ნაბახუსევი დაახლოებით 24 საათს გრძელდება და უმეტესად თავისთავად გაივლის.

 

სიმპტომები

ნაბახუსევის ნიშნები, ჩვეულებრივ, მაშინ იჩენს თავს, როდესაც სისხლში ალკოჰოლის დონე მკვეთრად ეცემა. პიკი უმეტესად თრობის მეორე დილითაა. წინა ღამით მიღებული ალკოჰოლის რაოდენობის კვალობაზე, მოსალოდნელია:

* სისუსტე, გადაღლილობის შეგრძნება;

* პირის სიმშრალე და ძლიერი წყურვილი;

* თავისა და კუნთების ტკივილი;

* გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი;

* ცუდი ძილი;

* ხმაურსა და სინათლეზე მგრძნობელობის მომატება;

* თავბრუ და ოთახის ტრიალის შეგრძნება;

* კანკალი;

* გულისცემის გახშირება;

* კონცენტრირების უნარის დაქვეითება;

* დეპრესიული განწყობა, შფოთვა, გაღიზიანებადობა.

 

რა იწვევს

ნაბახუსევის მიზეზი ჭარბი ალკოჰოლია, თუმცა “ჭარბი” პირობითი ცნებაა, რადგან ზოგისთვის ეს შეიძლება ერთი ჭიქა იყოს, ზოგისთვის კი – რამდენიმე ლიტრი. შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ ნაბახუსევი საერთოდ არ განვითარდეს.

ნაბახუსევის განვითარების მექანიზმი რამდენიმე ფაქტორს ეფუძნება:

* ალკოჰოლი ასტიმულირებს შარდის წარმოქმნას, ჭარბი შარდვა კი იწვევს ორგანიზმის დეჰიდრატაციას (გაუწყლოებას), რაც გამოიხატება ძლიერი წყურვილით, თავბრუსხვევით, გაბრუებით.

* ალკოჰოლი აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, ხელს უწყობს კუჭის მჟავების დიდი რაოდენობით გამოყოფას და აფერხებს კუჭის დაცლას. ამ ფაქტორებიდან ნებისმიერს შეუძლია გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება.

* ალკოჰოლს შეუძლია, გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის დონის სწრაფი ვარდნა, რაც გამოვლინდება დაღლილობის შეგრძნებით, სისუსტით, კანკალით, უგუნებობით და გონების დაკარგვითაც კი.

* ალკოჰოლი აფართოებს სისხლძარღვებს, რაც თავის ტკივილს იწვევს.

* ალკოჰოლი ძილს ჰგვრის, თუმცა ხელს უშლის ძილის ღრმა ფაზაში გადასვლას. ადამიანი სათანადოდ ვერ ისვენებს და ახალგაღვიძებულსაც კი დაქანცულობის და სისუსტის შეგრძნება აქვს.

 

კონგენერები

კონგენერები ქიმიური ნაერთებია (პოლიქლორირებული დიბენზოპარადიოქსინები, დიბენზოფურანები, ბიფენილები და სხვა), რომლებიც ალკოჰოლურ სასმელებს სპეციფიკურ არომატს აძლევს. შედარებით მეტია მუქი ფერის სასმელებში, მაგალითად, ბრენდიში, ბურბონში. უფერულ სასმელებში, ისეთებში, როგორიცაა არაყი ან ჯინი, ის შედარებით ნაკლებია.

მიიჩნევა, რომ რაც უფრო მეტია კონგენერი ალკოჰოლურ სასმელში, მით უფრო მძიმეა ნაბახუსევი და დიდია მისი განვითარების ალბათობა.

 

რისკები

ნაბახუსევმა ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შეაწუხოს, მაგრამ ზოგისთვის რისკი უფრო მაღალია. როდესაც ადამიანს ალკოჰოლის გადამამუშავებელი ფერმენტების მოქმედების გენეტიკური დარღვევა აქვს, ძალიან ცოტა ალკოჰოლმაც კი შეიძლება წამოხურება, ძლიერი ოფლიანობა და უქეიფობა გამოიწვიოს.

არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომელთა არსებობისას ნაბახუსევის ალბათობა უფრო დიდია, ხოლო სიმპტომები – უფრო მძიმე:

* ცარიელ კუჭზე ალკოჰოლის მიღება, რაც ამ უკანასკნელის შეწოვას აჩქარებს;

* სმის დროს მოწევა (ალკოჰოლისა და ნიკოტინის კომბინაცია);

* დალევის შემდეგ გამოუძინებლობა;

* ალკოჰოლიზმის ოჯახური ისტორია.

 

გართულებები

ნაბახუსევზე გაუარესებულია მეხსიერება, კონცენტრაციისა და სწრაფი რეაგირების უნარი. ეს პრობლემები დროებითია და ნაბახუსევიდან გამოსვლასთან ერთად გაივლის, მაგრამ მანამდე შეუძლია, ხელი შეგვიშალოს მუშაობაში, გვიბიძგოს კოლეგებსა თუ ოჯახის წევრებთან კონფლიქტისკენ, ძილი მოგვგვაროს მუშაობისა თუ სწავლის დროს სხვა. გარდა ამისა, ნაბახუსევზე საჭესთან ჯდომისას ავარიის რისკი ერთიორად იმატებს.

ნაბახუსევს შესაძლოა უფრო მძიმე გართულებებიც მოჰყვეს. ამ შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება ან პაციენტის დაუყოვნებლივ ჰოსპიტალში გადაყვანა. ასეთი გართულებებია:

* გონების დაბინდვა;

* ღებინება;

* კრუნჩხვა;

* სუნთქვის შენელება (როდესაც მისი სიხშირე წუთში 8-ზე ნაკლებია);

* არარეგულარული სუნთქვა (როდესაც ჩასუნთქვიდან ჩასუნთქვამდე ინტერვალი 10 წამზე ხანგრძლივია);

* კანის გალურჯება ან გაფითრება;

* ჰიპოთერმია (სხეულის დაბალი ტემპერატურა);

* ცნობიერების მოშლა;

* ცნობიერების დაკარგვა და გონზე მოყვანის შეუძლებლობა.

თუ თქვენს ნასვამ მეგობარს, ოჯახის წევრს თუ ახლოს მყოფ სხვა ადამიანს ამ ჩამონათვალიდან ერთი ნიშანი მაინც შეატყვეთ, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება – შესაძლოა, ეს სიმპტომები ალკოჰოლით ინტოქსიკაციაზე მიუთითებდეს.

 

პრევენცია

არსებობს მედიკამენტური საშუალებები, რომლებსაც ნაბახუსევის თავიდან აცილების უნარს მიაწერენ. ასეთებია ასპირინი, იბუპროფენი. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, მათ მართლად შეუძლიათ, უსიამოვნო სიმპტომების პრევენცია. მაგრამ ერთადერთი 100 პროცენტით საიმედო გზა ამ მდგომარების თავიდან ასაცილებლად, ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავებაა. თუ მაინც მიიღებთ, მიიღეთ ზომიერად.

ზომიერება ნიშნავს, რომ 65 წლამდე ასაკის ჯანმრთელ მამაკაცს შეუძლია მიიღოს დღეში არა უმეტეს 2 ჭიქა ალკოჰოლისა, ხოლო ნებისმიერი ასაკის ქალს და 65 წელს გადაცილებულ მამაკაცს – არა უმეტეს ერთისა. თუმცა სხვადასხვა სახის ალკოჰოლიანი სასმლისთვის განკუთვნილი სტანდარტული ჭიქების მოცულობა სხვადასხვანაირია. მაგალითად, ღვინის სტანდარტული ჭიქის მოცულობა 150 მლ-ია, ლუდის ჭიქისა – 350 მლ, ხოლო დისტილირებული (გამოხდილი) სპირტიანი სასმელების (ჯინი, არაყი, ტეკილა, რომი, ვისკი) ჭიქისა – 45 მლ.

რაც უფრო ნაკლებ ალკოჰოლს მიიღებთ, მით უფრო მცირე იქნება ნაბახუსევის განვითარების ალბათობაც. მის თავიდან აცილებაში კი ასევე შეიძლება დაგვეხმაროს:

* ჭამეთ დალევამდე და სმის დროს – როგორც უკვე აღვნიშეთ, ალკოჰოლი უფრო ადვილად და სწრაფად შეიწოვება ცარიელ კუჭზე.

* ფრთხილად შეარჩიეთ სასმელი – რაც უფრო ნაკლებია მასში კონგენერების შემცველობა, ნაბახუსევის ალბათობაც მით უფრო მცირეა, მაგრამ მაინც გახსოვდეთ, რომ მისი გამოწვევა ნებისმიერი სახის ალკოჰოლურ სასმელს შეუძლია.

* შუალედებში სვით წყალი. კარგი იქნება, თუ ყოველ ჭიქა ალკოჰოლურ სასმელს თითო ჭიქა წყალს დააყოლებთ – ეს ორგანიზმის დეჰიდრატაციასაც აგაცილებთ თავიდან და მიღებული ალკოჰოლის რაოდენობასაც შეამცირებს.

* დაადგინეთ ალკოჰოლის თქვენეული ზღვარი. კარგი იქნება, თუ წინასწარ გადაწყვეტთ, რამდენი ჭიქა სასმლის დალევას აპირებთ და ეცდებით, ამ რაოდენობას არ გადააჭარბოთ.

* სვით ნელა. რაც უფრო ნელ-ნელა მოწრუპავთ სასმელს, მით უკეთესი. კარგი იქნება, თუ საათში ერთ ჭიქაზე მეტს არ მიიღებთ. როდესაც ლიმიტს ამოწურავთ, სმა შეწყვიტეთ.

 

მკურნალობა

ნაბახუსევის საუკეთესო მკურნალი დროა. 24 საათში მისი სიმპტომები თავისთავად გაივლის, თუმცა არსებობს საშუალებები, რომლებიც მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ, თავს უკეთ გაგრძნობინებთ. მაგალითად, სვით რაც შეიძლება მეტი წყალი ან წვენი. ნაბახუსევიდან გამოსასვლელად არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ალკოჰოლიანი სასმელი, მით უმეტეს, განსხვავებული სახეობისა – ეს უფრო მეტად დაგამძიმებთ. მიირთვით ხემსი – კრეკერი, მარილიანი ჩხირები, ორცხობილა. ის სისხლში გლუკოზის დაცემულ დონეს აღადგენს. სასარგებლოა სუპი და ბულიონი, რომელთა საშუალებითაც ნატრიუმისა და კალიუმის დანაკარგს შეივსებთ. მსგავს ეფექტს მოახდენს მინერალური წყალიც. შეგიძლიათ, მიიღოთ მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელიც, რომელიც თავის ტკივილს მოგიხსნით, თუმცა ასპირინის შემცველმა მედიკამენტებმა შესაძლოა კუჭ-ნაწლავი უფრო მეტად გაგიღიზიანოთ. ეცადეთ კარგად გამოიძინოთ – კარგი ძილის შემდეგ ნაბახუსევის სიმპტომები შესაძლოა თავისთავად გაქრეს.

ელენე ზურაბიშვილი

გააზიარე: