რაზე მიუთითებს განავლის ფერი?

გააზიარე:

საშიში პალიტრა

ისეთი ჩვეულებრივი რამ, როგორიცაა ნაწლავების მოქმედება, ექიმს ხშირად მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის. ინფორმაციულია ნაწლავთა მოქმედების სიხშირე, განავლის კონსისტენცია, მისი სუნი და ფერი... ამ უკანასკნელის ცვლილებას დიდ ყურადღებას აქცევენ და არცთუ უსაფუძვლოდ: მართალია, განავლის უჩვეულო ფერი უმეტესად კვების თავისებურებებს უკავშირდება, მაგრამ ზოგჯერ ისეთი საშიში დაავადების ნიშანიცაა, რომელიც გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

მოდი, გავარკვიოთ, რაზე შეიძლება მიუთითებდეს განავლის ფერი.

 

რა არის ნორმა

განავლის ნორმალურ ფერს სტერკობილინი – ჰემოგლობინის დაშლის პროდუქტი განაპირობებს. ის ნაღვლის წვენში არსებული ბილირუბინისგან წარმოიქმნება. თავდაპირველად ნაღველი მოყვითალო-მომწვანოა, მოგვიანებით კი, ნაწლავში მიმდინარე ქიმიური რეაქციების შედეგად, მუქდება.

განავლის ნორმალური ფერი ბაცი ყვითლიდან მუქ ყავისფრამდე მერყეობს. ყველა დანარჩენი ფერის: შავის, წითლის, თიხისფერის, – მიზეზი კი აუცილებლად უნდა დავადგინოთ.

განავლის შეფერილობას ცვლის:

* ჰემოროი, იგივე ბუასილი – სისხლმდენი ვარიკოზული კვანძები უკანა ტანში;

* ფაღარათი;

* კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა;

* ზოგიერთი ბოსტნეული;

* საკვები საღებავები (განსაკუთრებით – წითელი, მწვანე, იისფერი);

* რკინის და ბისმუტის შემცველი პრეპარატები;

* წონის დასაკლები მედიკამენტები, რომლებიც ცხიმის შეწოვას აფერხებს;

* ზედმეტად ცხიმიანი საკვები;

* სანაღვლე გზების ან პანკრეასის სადინარის დახშობა;

* ზოგიერთი დაავადება (ცისტოზური ფიბროზი, ქრონიკული პანკრეატიტი, ცელიაკია).

ამრიგად, განავლის ფერის ცვლილება ზოგჯერ სამედიცინო მდგომარეობაზე მიანიშნებს, ზოგჯერ კი განსაზღვრული საკვების ან წამლის მიღებას უკავშირდება. მოდი, გავიგოთ, რა განაპირობებს განავლის კონკრეტულ ფერს.

 

შავი

თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი განავალი შავია, პანიკას ნუ მიეცემით. თუ გამონაყოფი ნორმალური კონსისტენციისა და უსუნოა, სიშავის მიზეზი შესაძლოა რკინის ან ბისმუტის შემცველი მედიკამენტის მიღება იყოს. შესაძლოა, ასეთი ფერი შავმა ძირტკბილამაც გამოიწვიოს.

კუპრისებრი განავალი კი საგანგაშო ნიშანია და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენაზე მიუთითებს. განავალს აშავებს და წებოვნებას სძენს უშუალოდ კუჭიდან ან ნაწლავების ზედა ნაწილიდან ჩამონადენი სისხლი. ასეთ განავალს სუნიც ცუდი აქვს. ამის მიზეზი საჭმლის მომნელებლი ფერმენტების მიერ გადამუშავებული სისხლია. ასეთი სისხლდენის მიზეზი შეიძლება იყოს წყლული.

 

ბორდოსფერი ან წითელი

 

როდესაც სისხლი ნაწლავების ქვედა ნაწილიდან მოდის, ის ვერ ასწრებს საჭმლის მომნელებელ ფერმენტებთან ხანგრძლივ კონტაქტს, ამიტომ შეიძლება იყოს შავიც, მუქი წითელიც, შინდისფერიც. ამრიგად, რაც უფრო მუქია სისხლი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მით უფრო ზედა ნაწილიდან მოდის ის, ბაცი კი ქვედა ნაწილიდან სისხლდენაზე მიუთითებს. ნაწლავების ქვედა ნაწილიდან სისხლდენის მიზეზი შესაძლოა იყოს ბუასილი, ანალური ნაპრალი, დივერტიკული (ჯიბისმაგვარი წარმონაქმნი ნაწლავზე), მსხვილი ნაწლავის პოლიპი ან კიბო... ისიც შესაძლოა, არც ერთი ეს პათოლოგია არ გჭირდეთ და განავალი გააწითლოს პომიდვრის წვენმა, ჭარხალმა ან სხვა წითელმა ბოსტნეულმა, წითელმა მოცვმა, წითელმა ჟელატინმა, წითელმა საკონდიტრო საღებავმა...

 

ნაცრისფერი, თიხისფერი

როდესაც განავალი არ შეიცავს ან ძალიან ცოტას შეიცავს ნაღვლის პიგმენტებს, ის მონაცრისფრო-მოთეთრო შეფერილობას იღებს. სანაღვლე გზების დახშობის შემთხვევაში, როდესაც ნაღვლის წვენი ნაწლავში ვეღარ გადადის, განავალმა შესაძლოა საერთოდ დაკარგოს ფერი. ნაღვლის ოდენობის შემცირება შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის ანთებამ (ჰეპატიტმა), ხოლო ნაღვლის სადინარების დახშობა – კენჭმა ან სიმსივნურმა წარმონაქმნმა.

გამონაკლისი აქაც არსებობს – ზოგჯერ იმავე ეფექტს იძლევა ბისმუტის სუბსალიცილატი და სხვა ანტიდიარეული საშუალებებიც.

 

ყვითელი

განავლის გაყვითლება ხშირად გადაუმუშავებელი ცხიმის არსებობაზე მიუთითებს. ამის მიზეზად უმეტესად პანკრეასის ფუნქციის დაქვეითება მოიაზრება, ვინაიდან სწორედ ის გამოიმუშავებს ცხიმის გადამამუშვებელ ფერმენტ ლიპაზას.

პანკრეასის ფერმენტები აუცილებელია ცხიმისა და საკვების სხვა კომპონენტების (ცილების, ნახშირწყლების) მოსანელებლად. მოუნელებელ საკვებს ნაწლავები ვერ შეიწოვს. განავალი, რომელიც მოუნელებელ ცხიმს შეიცავს, შესაძლოა იყოს მოყვითალო და ასევე ჰქონდეს უსიმოვნო სუნი.

თავად პანკრეასის უკმარისობა კი შესაძლოა გამოიწვიოს:

* კისტოზურმა ფიბროზმა, იმავე მუკოვისციდოზმა – გენეტიკურმა დაავადებამ;

* ქრონიკულმა პანკრეატიტმა, რომელიც პანკრეასის დესტრუქციას განაპირობებს და უმეტესად ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შედეგია;

* პანაკრეასის სადინარის ობსტრუქციამ – მისი უხშირესი მიზეზია პანკრეასის კიბო, რომელიც ნაწლავებში ფერმენტების გადასვლას აფერხებს.

ყვითელი განავალი ასევე შეიძლება გამოიწვიოს მალაბსორბციის სინდრომმა, რომლის ერთ-ერთი მაგალითია ცელიაკია.

ყვითელი, თხელი და მყრალი განავლის მიზეზად შესაძლოა იქცეს ზედმტად ცხიმიანი საკვების მიღებაც.

უხვი ყვითელი, ცხიმიანი განავალი ასევე შეიძლება გამოიწვიოს წონის დასაკლებმა მედიკამენტებმა (ორლისტატი – ქსენიკალი).

 

მწვანე

მწვანე განავალი უმეტესად არ არის საშიში. ის ხშირად თან ახლავს დიარეას. როდესაც დიარეის გამო გადასამუშავებელი საკვების მასა მსხვილ ნაწლავში სწრაფად მოძრაობს, ბილირუბინს დასაშლელად დრო არ ჰყოფნის და შესაძლოა, თავისი ბუნებრივი ფერი – მწვანე შეინარჩუნოს.

გარდა ბანალური ვირუსული დიარეისა, მწვანე განავალი შესაძლოა გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ზოგიერთმა დაავადებამაც, მაგალითად, კრონის დაავადებამ, ცელიაკიამ, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომმა, წყლულოვანმა კოლიტმა.

მწვანე განავლის მიზეზად შეიძლება იქცეს ანტიბიოტიკებიც, რომლებიც ნაწლავის ნორმალური ფლორას ანადგურებს და ამით საკვების გადამუშავების პროცესს არღვევს.

განავალი ასევე შესაძლოა გაამწვანოს ინდომეტაცინმა, რკინის დანამატებმა, მედროქსიპროგესტერონის (ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება) შემცველმა პრეპარატებმა.

თუმცა ყველაზე ხშირად განავლის სიმწვანეს მცენარეული საკვები იწვევს. ასეთებია კომბოსტო კალე (ხუჭუჭა კომბოსტო), ისპანახი, ბროკოლი, მოცვი...

განავალს ამწვანებს საკვები საღებრებიც. საინტერესოა, რომ ზოგჯერ იისფერი, ცისფერი, შავი საღებავებიც მწვანე ეფექტს იძლევა.

 

სხვა სიმპტომები

განავლის ფერის ცვლილება ზოგჯერ იზოლირებული სიმპტომია, ზოგჯერ კი სხვა სიმპტომებიც ერთვის.

ნაწლავებიდან სისხლდენას, რომელიც განავლის სიწითლისა და სიშავის მიზეზია, შესაძლოა თან ახლდეს:

* მუცლის ტკივილი;

* გულისრევა, ღებინება, დიარეა;

* სისუსტე, თავბრუხვევა, გონების დაბინდვა (სისხლის დაკარგვის შედეგად).

ნაღვლის კენჭებით გამოწვეულ სიმპტომთა ჩამონათვალში, თიხისფერ განავალთან ერთად, შედის ტკივილიც მარჯვენა ფერდქვეშა არეში. ნაღვლის სადინარის, ისევე როგორც პანკრეასის თავის კიბო, ვიდრე ძალიან დიდ ზომებს არ მიაღწევს, ტკივილს არ იწვევს.

სანაღვლე სადინარის დახშობა თვალისა და კანის სიყვითლეს განაპირობებს.

როცა განავალი ცხიმის სიჭარბის გამოა გაყვითლებული, ადამიანი არაფერს უჩივის. თან დართული მუცლის ტკივილი ქრონიკულ პანკრეატიტზე, პანკრეასის სადინარის დახშობაზე ან პანკრეასის სიმსივნეზე მიუთითებს.

მოუნელებელი ცხიმი შესაძლოა მეტეორიზმის, აირების დაგროვებისა და უსიამოვნო სუნის მიზეზადაც იქცეს.

 

რას იკვლევენ

თუ განავლმა ფერი მხოლოდ ერთხელ იცვალა, როგორც წესი, საშიში არაფერია, მაგრამ თუ ფერის ცვლილებამ მუდმივი ხასიათი მიიღო, ექიმს მიმართოთ.

ექიმი, უპირველეს ყოვლისა, საჭირო ცნობებს შეკრებს, გაითვალისწინებს პაციენტის ცხოვრების წესს, ჩვევებს, ალკოჰოლსა და თამბაქოსთან ურთიერთობას, სიმსივნეების ოჯახურ ისტორიას, მიღებულ საკვებსა და წამლებს, ნაწლავების მოქმედებას, სიხშირეს, განავლის ფორმებს, სხვა სიმპტომებს...

საერთო სურათის გათვალისწინებით, შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს სისხლის საერთო ანალიზი, მასში ფერმენტების შემცველობის დადგენა, სისხლის შედედების მაჩვენებლების დაზუსტება. ამით ის გაარკვევს, აქვს თუ არა პაციენტს ანემია, ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაავადება.

საჭიროებისას ტარდება სპეციფიკური გამოკვლევები. შესაძლოა, საჭირო გახდეს ენდოსკოპია. ამ დროს პატარა კამერისთავიანი ზონდით ათვალიერებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ადგილიდან გამოსაკვლევად იღებენ ქსოვილის უმცირეს ნაწილს.

ასევე მიმართავენ ულტრაბგერით გამოკვლევას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას და სხვა.

 

რა ვიღონოთ

ზოგიერთი ფერის განავალი, მაგალითად, მწვანე, ნაკლებად საშიშია. ზოგჯერ ფერი საკვების შეცვლისთანავე ან “დამნაშავე” პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე უბრუნდება ნორმას, თუმცა ასეთ შემთხვევებში განავლის ფერის გამო რაციონისა თუ თერაპიის შეცვლა არ ღირს.

რადგან ზოგიერთი ფერი (წითელი, შავი) შესაძლოა ნაწლავიდან სისხლდენით იყოს განპირობებული, ასეთი შეფერილობის შემთხვევაში დროული ჩარევაა საჭირო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც განავლის ფერის ცვლილებას სხვა სიმპტომებიც – მუცლის ტკივილი, თავბრუხვევა – ახლავს თან. ამ შემთხვევაში პაციენტს გასტროენტეროლოგის ან სხვა სპეციალობის ექიმის დახმარება დასჭირდება.

პრობლემა შესაძლოა ძალიან მარტივად მოგვარდეს, მაგალითად, სისხლდენის შესაჩერებლად საკმარისი აღმოჩნდეს ასპირინის მიღების შეწყვეტა, მაგრამ ისიც შესაძლოა, პაციენტს უფრო სერიოზული მკურნალობა დასჭირდეს, მათ შორის – ქირურგიულიც.

მარი აშუღაშვილი

 

გააზიარე: