მთვარის შუქზე მოსეირნე - როცა პატარა მთვარეულია

გააზიარე:

ღამით, წყლის დასალევად წამომდგარი, თუ ოთახიდან ოთახში უაზროდ მოსეირნე შვილს გადაეყარეთ, არ შეგეშინდეთ და მძაფრი რეაქციით ბავშვიც არ შეაშინოთ. საშიში მართლაც არაფერია, უბრალოდ, თქვენს პატარას სომნამბულიზმი სჭირს, სხვანაირად რომ ვთქვათ, მთვარეულია.

მთვარეულობა ბავშვებში საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით – 6-დან 12 წლამდე, თუმცა ყოველღამე არ ვლინდება და უმეტესად თინეიჯერობის პერიოდშივე გაივლის.

 

როდის და როგორ

ძილის დროს ადამიანის ტვინი ხუთ ეტაპს გადის. ძილის ნელი (non-REM) ფაზა მოიცავს პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე ეტაპებს, სწრაფი (REM) კი მეხუთეს. ამ ეტაპების ერთობლიობა ქმნის ძილის ციკლს. ძილის ერთი სრული ციკლი 90-დან 100 წუთამდე გრძელდება. ასე რომ, ადამიანი ღამის განმავლობაში ძილის საშუალოდ ოთხ ან ხუთ ციკლს გადის.

სომნამბულიზმის ეპიზოდი ჩაძინებიდან ერთ ან ორ საათში იწყება. ის, წესისამებრ, ნონ-REM ფაზის მესამე და მეოთხე სტადიებს ემთხვევა. ამ სტადიებზე ადამიანის გაღვიძება ძნელია; თუ მაინც გავაღვიძეთ, დაიბნევა და შეშფოთდება. სომნამბულიზმის ეპიზოდი შესაძლოა რამდენიმე წამიც გაგრძელდეს და ნახევარი საათიც.

თუ სომნამბულიზმის მსგავსი ქცევა ადამიანმა გვიან ღამით, ჩაძინებიდან ორ საათზე მეტი ხნის შემდეგ ანუ REM ფაზაში გამოამჟღავნა, ეს სომნამბულიზმის გამოხატულებად არ ჩაითვლება – ამას მიიჩნევენ ძილის სწრაფი ფაზის ქცევის დარღვევად (RBD – REM sleep behavior disorder), რაც შესაძლოა, მაგალითად, პარკინსონის დაავადების ან ლევის სხეულაკებთან ასოცირებული დემენციის პირველი ნიშანი იყოს.

 

სომნამბულიზმის მიზეზები

მეცნიერებს დიდხანს მიაჩნდათ, რომ სომნამბულიზმის ეპიზოდის დროს ადამიანის მოქმედება მისივე სიზმრებიდან გამომდინარეობდა, ანუ ადამიანი იმას აკეთებდა, რასაც სიზმარში ხედავდა, მაგრამ კვლევის შედეგმა ეს ჰიპოთეზა უარყო. მეცნიერებმა ელექტროენცეფალოგრაფიით აღრიცხეს ეპიზოდების დრო და დარწმუნდნენ, რომ ძილის იმ ფაზაში, როდესაც სომნამბულიზმი იჩენს თავს, კუნთების ტონუსი შენარჩუნებულია, ადამიანი ხშირად იცვლის გვერდს, მაგრამ სიზმარს ვერ ხედავს.

გაითვალისწინეთ: სომნამბულიზმს მემკვიდრეობითი განწყობა ახასიათებს. თუ თქვენ ან თქვენს მეუღლეს ბავშვობაში გქონიათ მისი ეპიზოდები, დიდი შანსია, ის თქვენს შვილსაც გამოაჩნდეს.

სხვა მიზეზებია:

* გადაღლილობა ან უძილობა;

* მოუწესრიგებელი ძილის რუტინა (გვიან დაძინება და ადრე გაღვიძება, დაძინება სხვადასხვა დროს);

* სიცხე;

* ზოგიერთი ტიპის წამლები (ანტიჰისტამინები, ანტიდეპრესანტები);

* სტრესი (გამოწვეული ემოციური ან ფსიქოლოგიური პრობლემებით);

* პიროვნული აშლილობა, პანიკური შეტევები, არითმია, ასთმის შეტევა ღამით.

 

ქცევა სომნამბულიზმის დროს

სომნამბულიზმის ინგლისური სახელწოდებაა Sleepwalking – ძილში სიარული, თუმცა მას მხოლოდ სიარული არ ახასიათებს. ზოგჯერ მთვარეულის მოქმედება შემოიფარგლება საწოლში წამოჯდომით, რაც მას, ბუნებრივია, არავითარ ხიფათს არ უქადის, ზოგი ბავშვი კი მიუღებლადაც იქცევა. მაგალითად, შესაძლოა, კარადის კარი გამოაღოს და შიგ მოშარდოს.

არ აქვს მნიშვნელობა, რას სჩადის ბავშვი სომნამბულიზმის ეპიზოდების დროს – გაღვიძებულს თითქმის არაფერი ან სრულიად არაფერი ემახსოვრება.

 

ამრიგად, სომნამბულიზმის სიმპტომებია:

* ძილში ლაპარაკი;

* გაღვიძების გაძნელება;

* დრო-სივრცეში გაურკვევლობა გაღვიძების შემდეგ;

* საწოლში წამოჯდომა და სხვადასხვა ემოციის გამოხატვა;

* ძილის დროს თვალების სრესა ან პიჟამის წვალება.

მართალია, მთვარეულს თვალები გახელილი აქვს, მაგრამ რეალობას ვერ აღიქვამს. ვერ გაიაზრებს, სად არის და თავი სულ სხვა ადგილას ჰგონია.

სომნამბულიზმის ეპიზოდს შესაძლოა თან სხვა სიმპტომებიც ახლდეს:

* ძილის აპნოე (ძილის დარღვევა, როდესაც ადამიანი ძილის დროს სუნთქვას წყვეტს. აპნოედ მიიჩნევა სუნთქვის შეწყვეტის ისეთი ეპიზოდი, რომელიც 10 წამს ან მეტხანს გრძელდება;

* ჩასველება;

* ღამის კოშმარები.

 

საშიშია თუ არა?

სომნამბულიზმი ყოველთვის ემოციურ ან ფსიქოლოგიურ დარღვევაზე არ მიუთითებს და არც ბავშვს აყენებს ფსიქოლოგიურ ტრავმას – მას, როგორც ვთქვით, არაფერი ან თითქმის არაფერი ემახსოვრება თავისი ღამის სეირნობის შესახებ.

 

შეუქმენით უსაფრთხო გარემო

სომნამბულიზმი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, მაგრამ ვინაიდან მისი ეპიზოდების დროს ბავშვი ვერ აცნობიერებს თავის მოქმედებას, შესაძლოა, თავად შეუქმნას საფრთხე საკუთარ თავს, მაგალითად, გადაწყვიტოს კიბეზე ჩასვლა, ფანჯრიდან გადასვლა. თინეიჯერმა შესაძლოა მანქანით გასეირნებაც კი მოისურვოს. ამიტომ აუცილებელია უსაფრთხოების ზომების მიღება:

 

* სომნამბულიზმის ეპიზოდის დროს ბავშვი არ გააღვიძოთ – შეეშინდება; უბრალოდ, მშვიდად გაუძეხით საწოლისკენ.

* ჩაკეტეთ კარები და ფანჯრები არა მხოლოდ ბავშვის საწოლ ოთახში, არამედ მთელ სახლში. გასაღები ისეთ ადგილას შეინახეთ, სადაც ვერ იპოვის. დამალეთ მანქანის გასაღებიც, თუ თქვენი შვილი იმხელაა, რომ მანქანის მართვას შეძლებს.

* ნუ დააწვენთ ბავშვს ორსართულიანი საწოლის ზედა სართულზე, რომ არ გადმოვარდეს.

* მოაცილეთ ბავშვის საწოლს მტვრევადი და ბასრი ნივთები.

* ჩაკეტეთ ნებისმიერი ისეთი ნივთი, რომელსაც შეუძლია, ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.

*  ეცადეთ, ნივთები იატაკზე არ იყოს მიყრილ-მოყრილი, – არა მხოლოდ ბავშვის საწოლ ოთახში, არამედ მთელ სახლში, – რომ ბავშვმა ფეხი არ წამოჰკრას და არ დაეცეს.

* თუ სახლში კიბე გაქვთ, მის ჩასასვლელთან დააყენეთ დამცავი ბარიერი.

* შეგიძლიათ, ბავშვის ოთახში დადგათ რადიოძიძა, რომელიც გამცნობთ, რომ ბავშვი ადგა და ამოძრავდა.

 

სხვა ხერხები

თუ სომნამბულიზმის ეპიზოდები იშვიათია, დღის განმავლობაში ბავშვი სისუსტეს და დაღლილობას არ უჩივის და ეპიზოდების დროს არ ახასიათებს ჯანმრთელობისთვის საშიში ქცევა, დამატებითი ზომები საჭირო არ არის, მაგრამ თუ მთვარეულობა ბავშვს პრობლემებს უქმნის, ხელს უშლის კონცენტრაციაში ან გარდატეხის ასაკშიც არ გაუარა, სასურველია ექიმთან მისვლა. ექიმს მაშინაც უნდა მიმართოთ, როცა ეჭვობთ, რომ ამ ეპიზოდების მიღმა ფსიქოლოგიური პრობლემა იმალება, ბავშვს სუნთქვა მეტისმეტად აქვს გახშირებული ან ხედავთ, რომ ეპიზოდების დროს დისკომფორტს განიცდის.

ზოგ შემთხვევაში ექიმები ნიშნავენ დაგეგმილი გაღვიძების კურსს. ეს მეთოდი ისე აფერხებს ძილის ციკლს, რომ ბავშვი ღრმა ძილის ფაზაში არ გადავიდეს და ამგვარად გვაცილებს თავიდან სომნამბულიზმის ეპიზოდებს. იშვიათად მედიკამენტური მკურნალობაც ინიშნება.

სომნამბულიზმის ეპიზოდების გასაიშვიათებლად:

* ძილის წინ მოასმენინეთ ბავშვს მშვიდი მუსიკა ან განტვირთვისთვის განკუთვნილი სპეციალური ჩანაწერები, დაალევინეთ მცენარეული დამამშვიდებელი, მაგალითად, პიტნის ჩაი.

* დაუწესეთ ერთსა და იმავე დროს დაძინებისა და გაღვიძების რუტინა და არ გადაუხვიოთ მას.

* დასაძინებლად ადრე დააწვინეთ.

* საღამოობით არ დაალევინოთ ბევრი სითხე. თვალი ადევნეთ, რომ ძილის წინ აუცილებლად მოშარდოს (სავსე შარდის ბუშტით დაწოლა სომნამბულიზმის გამოვლენას უწევს პროვოცირებას).

* არ მისცეთ ნება, ძილის წინ მიიღოს კოფეინის შემცველი საშუალება.

* ეცადეთ, ბავშვის ოთახი იყოს კომფორტული და წყნარი.

* შეზღუდეთ ყოველგვარი ხმაური, რომელმაც შეიძლება ბავშვს ძილი დაუფრთხოს.

 

საინტერესო ფაქტები

 

მთვარეულებს თვალები გახელილი აქვთ

მართალია, მთვარეული თვალგახელილი მოძრაობს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, სად, რა სიტუაციაში იმყოფება. მიუხედავად ამისა, ის მაინც აგნებს კარის სახელურს, მანქანის გასაღებს და მის საჭირო ადგილას მოთავსებასაც ახერხებს.

 

მთვარეულობა შესაძლოა ბრალის შემამსუბუქებელ გარემოებად იქნეს მიჩნეული

1987 წელს კენეტ პარკსმა სიდედრი მოკლა. მისმა ადვოკატმა დაამტკიცა, რომ მკვლელობის დროს მას სომნამბულიზმის ეპიზოდი ჰქონდა და კანადის სასამართლომ იგი უდანაშაულოდ ცნო.

ლიკა ქათამაძე

 

გააზიარე: