გულყრა ბავშვთა ასაკში: საშიშია თუ არა?
გააზიარე:
თავის ტვინი დიდ კომპიუტერს ჰგავს, რომელიც სხეულში მიმდინარე პროცესებს აკონტროლებს, ნერვული სისტემა კი ქსელია, რომლის საშუალებითაც ელექტრულ იმპულსებად დაშიფრული ინფორმაცია სხეულის ყოველ წერტილს გადაეცემა.
ზოგჯერ ეს მძლავრი სისტემაც გამოდის მწყობრიდან. არანორმალური ელექტრული აქტივობის შედეგია გულყრა _ მდგომარეობა, რომლისაც ასე ეშინია ყველა მშობელს.
აქვს თუ არა შიშს საფუძველი? რა შეიძლება იდგეს გულყრის უკან? რა შეცდომას უშვებენ მშობლები და როგორ მოვიქცეთ გულყრის დროს? ამ და სხვა კითხვებით მ. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ნეირომეცნიერების დეპარტამენტის უფროსს, პროფესორ ნანა ტატიშვილს მივმართეთ:
- _ რამდენად ხშირია გულყრა ბავშვთა ასაკში და რა იწვევს მას?
_ სტატისტიკური მონაცემებით, ბავშვების 5%-ს სიცოცხლეში ერთხელ მაინც ემართება პაროქსიზმი. ზოგჯერ ეს სერიოზული დაავადების ნიშანია, უმეტესად კი საშიში არ არის და არც განსაკუთრებულ ჩარევას მოითხოვს. ამიტომაა მნიშვნელოვანი, დროულად დაისვას დიაგნოზი, რათა გულყრა თავიდანვე შესაბამისად იმართოს.
კლასიფიკაციით, რომელიც ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგამ 2017 წელს მიიღო, განასხვავებენ ორი ტიპის გულყრას:
1. ფოკალურს, რომელიც იწყება სხეულის ერთი ნაწილიდან _ სახიდან, ხელიდან, ფეხიდან _ და შემდეგ გადადის ან არ გადადის დანარჩენ სხეულზე;
2. გენერალიზებულს, როდესაც გულყრაში თავიდანვე მთელი სხეულია ჩართული.
შესაძლოა, ეს ორი ტიპი თანაარსებობდეს, ანუ გულყრა დაიწყოს როგორც ფოკალური და შემდეგ გახდეს ორმხრივი, თუმცა, როგორც გითხარით, არც ის არის გამორიცხული, თავიდანვე გენერალიზებული შეტევა განვითარდეს.
ფოკალური გულყრის დროს დაზიანებულია თავის ტვინის განსაზღვრული უბანი, გენერალიზებულის დროს კი პათოლოგიურ პროცესში ნეირონების მთელი ქსელია ჩართული.
გავრცელებული შეცდომები
_ დღესაც ბევრს მიაჩნია, რომ გულყრა უცილობლად ეპილეფსიის ნიშანია. საბედნიეროდ, ასე არ არის. ბავშვთა ასაკში გულყრა ხშირად კეთილთვისებიანია, თავისთავად გაივლის და საფრთხეს არ უქადის ჯანმრთელობას.
გულყრა, გარდა ეპილეფსიისა, შესაძლოა განვითარდეს მაღალი სიცხის, გულამოსკვნილი ტირილის, ტკივილის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ფონზე და სხვ.
რაც შეეხება ეპილეფსიას, ის მულტიფაქტორულია, განსაზღვრულ შემთხვევებში _ გენეტიკური მიზეზებით განპირობებული. ასევე შესაძლოა იყოს ანთებითი დაავადების: ენცეფალიტის, მენინგიტის, _ ქალა-ტვინის მძიმე ტრავმის, ნივთიერებათა ცვლის თანდაყოლილი ან შეძენილი დარღვევის შედეგი. თუმცა, გავიმეორებ: ბავშვთა ასაკში ჭეშმარიტად ეპილეფსიური გულყრა უფრო იშვიათია, ვიდრე არაეპილეფსიური პაროქსიზმი.
_ ბევრი გულყრას და კრუნჩხვას სინონიმებად მიიჩნევს...
_ არც ეს არის სწორი. კრუნჩხვა შეტევაა, რომლის დროსაც ბავშვი გონებას კარგავს, მთელი სხეული ეჭიმება და კიდურები უკანკალებს, გულყრა კი ფართო ცნებაა და ყოველგვარ შეტევას მოიცავს. მაშასადამე, გულყრა შესაძლოა გამოვლინდეს კრუნჩხვით ან სხვაგვარად, ზოგჯერ _ მინიმალური ცვლილებებითაც, მაგალითად, წამიერი გარინდებით, პირის კუთხის კანკალით. დიახ, მკითხველს გაუკვირდება, მაგრამ ესეც გულყრაა და ყურადღებას მოითხოვს.
"უცნაური" გულყრა
_ თავად ეპილეფსიური გულყრაც სხვადასხვანაირად ვლინდება. გავრცელებულია ბავშვთა აბსანს-ეპილეფსია. აბსანსის დროს ხდება მზერის წამიერი გაშეშება. ზოგჯერ მას თან ახლავს იოლი ტუჩების მოძრაობა, იოლი თავის ჩაქინდვრა, მაგრამ უმეტესად აბსანსი მხოლოდ მზერის ფიქსაციით გამოიხატება. ამ დროს ბავშვი გარეგან სიგნალებზე არ რეაგირებს. გულყრა გრძელდება 10-15 წამი, შემდეგ ბავშვი უბრუნდება საწყის მდგომარეობას და აგრძელებს საქმიანობას. ასეთი შეტევა ზოგს დღეში 10-15-ჯერ აქვს, ზოგს _ ასჯერაც კი. ზოგჯერ მშობელი ვერც კი ატყობს შვილს ცვლილებებს, მასწავლებლები უფრო ამჩნევენ, რომ ბავშვი წამიერად "ითიშება".
ბავშვთა ასაკის ყველაზე კეთილთვისებიანი ეპილეფსიაა ე.წ. როლანდური ეპილეფსია. ამ დროს გულყრა პირის კუთხის კანკალით შემოიფარგლება. ოდნავაა მოჭარბებული ნერწყვდენა და რამდენიმე წამის ან წუთის განმავლობაში ბავშვი ვერ ახერხებს მეტყველებას, თუმცა ყველაფერი ესმის. შესაძლოა, მოხდეს გულყრის გავრცობაც _ ის ხელზე, ფეხზე, სხეულის მეორე მხარეზე გადავიდეს, ბავშვმა დაკარგოს გონება, მთელი სხეულით დაიჭიმოს და აკანკალდეს, მაშასადამე, განვითარდეს კრუნჩხვითი გულყრა.
არაეპილეფსიური გულყრა
_ არაეპილეფსიური და რეფლექსური გულყრები ბავშვებში, როგორც მოგახსენეთ, ძალიან ხშირია. ერთი მათგანია სიცხისმიერი ანუ ფებრილური გულყრა. ბავშვს (უმეტესად _ სკოლამდელ ასაკში) მაღალ სიცხეზე ემართება კრუნჩხვითი გულყრა ან გული მისდის. ეს კეთილთვისებიან მდგომარეობად მიიჩნევა და თუ გულყრის გამომწვევი სხვა დაავადება გამოირიცხა, სკოლის ასაკისთვის თავისთავად გაივლის.
ძალიან ხშირია ჩაბჟირებაც. ისიც სკოლამდელ ასაკშია გავრცელებული. ბავშვს ტკივილის, სიცილის ან ძლიერი ტირილის დროს ეკვრის სუნთქვა _ ჩასუნთქვის შემდეგ ვეღარ ამოისუნთქავს და გახანგრძლივებული ჩასუნთქვის შედეგად კარგავს გონებას. თუ ეს მდგომარეობა გახანგრძლივდა, შესაძლოა, სხეულის დაჭიმვა და ერთეული ბიძგებიც მოჰყვეს. გარეგნულად ეპილეფსიას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში რეფლექსური გულყრაა. ბავშვი ამ შემთხვევაშიც თავად გამოდის მდგომარეობიდან. ამ ტიპის გულყრა ეპილეფსიაში არ გადაიზრდება და ბავშვს არავითარ საფრთხეს არ უქადის.
საშიშია
- _ ამრიგად, გულყრა შესაძლოა სულაც არ იყოს ავის მომასწავებელი ნიშანი?
_ გულყრა, თუნდაც კრუნჩხვითი, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე სანახავია, სიცოცხლისთვის საშიში არ გახლავთ. ბუნებრივია, მშობლებს, ოჯახის წევრებს ძალიან ეშინიათ, განსაკუთრებით _ პირველი ეპიზოდის დროს. ჰგონიათ, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ასე არ არის. ფაქტობრივად, არ არსებობს ალბათობა, ერთეულმა გულყრამ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.
ეპილეფსიის ფარგლებში სიცოცხლისთვის საშიში ერთადერთი მდგომარეობაა ე.წ. ეპილეფსიური სტატუსი. მასზე ვსაუბრობთ, როდესაც გულყრა 5 წუთზე მეტხანს გრძელდება. 10-15-წუთიანი შეტევა მართლაც უქმნის საფრთხეს ბავშვის ჯანმრთელობას: ვითარდება მეორეული ცვლილებები გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქ, ნივთიერებათა ცვლის სისტემებში, ამიტომ ეპილეფსიური სტატუსი რეანიმაციულ ან კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვას მოითხოვს.
ყველა სხვა შემთხვევა ანუ გულყრების 99%-ზე მეტი სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის.
არ შეცდეთ!
- _ რა გართულება შეიძლება მოჰყვეს გულყრას?
_ გულყრის ყველაზე ხშირი გართულებაა ასპირაცია, რაც მისი არასწორი მართვის შედეგია. გულყრის დროს ბავშვმა შესაძლოა აღებინოს და თუ გვერდზე არ გადმოვაბრუნეთ, ამონაღები მასა სასუნთქ სისტემაში გადასცდეს, ეს კი სუნთქვის გაჩერებას და საშიშ გართულებებს გამოიწვევს, ამიტომ პირველი რეკომენდაცია, რომელსაც მშობლებს ვაძლევთ, ასეთია: შეტევის მომენტში ბავშვი აუცილებლად გვერდზე დააწვინონ.
ასევე აუცილებელია საკინძის შეხსნა, რომ ბავშვს სუნთქვა გაუადვილდეს, სათვალის მოხსნა, რომ მინა არ ჩაიმტვრეს და ბავშვი არ დაჭრას.
არ უნდა ვეცადოთ ხელების და ფეხების გაკავებას _ ამ დროს საკმაოდ ხშირია მოტეხილობა.
ბავშვს კრიჭა ეკვრება _ არ არის საჭირო, პირი ძალით გავაღებინოთ. ამის გამო ხშირია პირის ღრუს დაზიანება, კბილების ჩამტვრევა, ყბის მოტეხილობა. არანაკლებ ზარალდება მშობელიც, რომელიც ბავშვისთვის პირის გაღებინებას ცდილობს. გულყრა გაივლის და დაჭიმულობაც თავისთავად მოიხსნება, ხსენებული ღონისძიება კი კატეგორიულად აკრძალულია. არამცთუ არასასურველი, არამედ აკრძალული!
შავი ნაჭერი
_ ეპილეფსიის შემთხვევათა ნაწილი ფოტოსენსიტიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ გულყრას პროვოცირებას უწევს მოციმციმე სინათლე, თუმცა ასეთი ფორმა ძალზე იშვიათია, ამიტომ არ არსებობს საჭიროება, ბავშვს სახეზე შავი ნაჭერი გადავაფაროთ. საკმარისია, გვერდზე დავაწვინოთ და დავაკვირდეთ. მესმის, რომ მშობელს უჭირს, ამ მდგომარეობაში მყოფ შვილს მშვიდად უყუროს, მაგრამ რეალური დახმარება სწორედ ეს იქნება: დავინიშნოთ დრო, დავაკვირდეთ გულყრას და თუ შეტევამ 5 წუთში თავისთავად არ გაიარა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოვიძახოთ _ გულყრის გახანგრძლივება ეპილეფსიურ სტატუსზე მიუთითებს და მის შესაწყვეტად აუცილებელია ექიმის ჩარევა.
ასიდან 90-ზე მეტ შემთხვევაში შეტევა სამ წუთში თავისთავად მთავრდება.
გულყრის შემდეგ ბავშვი იძინებს ან, პირიქით, უჩვეულოდაა აღგზნებული, ზოგჯერ კი პირდაპირ ჩვეულ საქმიანობას უბრუნდება _ არც ერთი ვარიანტი არ არის საშიში.
კიდევ ერთი შეცდომა
_ აუცილებელია, ეპილეფსიის დიაგნოსტიკა მაღალპროფესიონალურ დონეზე ჩატარდეს. როგორც აღვნიშნე, გულყრების დიდი ნაწილი არაეპილეფსიურია. არცთუ იშვიათად მათ ეპილეფსიად აფასებენ და ბავშვს წლების განმავლობაში ჭყეპენ პოტენციურად ტოქსიკური წამლებით. მშობლებს ვურჩევ, პროფილირებულ დაწესებულებას მიაკითხონ. ამჟამად მოქმედებს ეპილეფსიის სახელმწიფო პროგრამა. ბავშვებისთვის მას ახორციელებენ იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო და ქუთაისის ცხაკაიას ინტერვენციული ცენტრი, მოზრდილთათვის _ რამდენიმე რეგიონული ცენტრი და თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი. ამ პროგრამის ფარგლებში ტარდება ნევროლოგისა და ეპილეფსიის დიაგნოსტიკაში დახელოვნებული სპეციალისტების კონსულტაცია, ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევა (რომელიც ეპილეფსიის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს), ნეიროფსიქოლოგიური კვლევა. სწორედ ამ კვლევების მიხედვით ვსვამთ ეპილეფსიის დიაგნოზს. დიდ დახმარებას გვიწევს პაციენტის ისტორია, სწორად შეკრებილი ანამნეზი. სწორედ ანამნეზის დეტალური გამოკითხვის შემდეგ ინიშნება ელექტროენცეფალოგრაფია. თუ ის ფოკალურ დაზიანებაზე მიუთითებს, საჭიროა მაგნიტურ-რეზონანსული კვლევაც, ხოლო თუ გულყრა გენერალიზებულია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება საჭირო არ არის.
ეპილეფსია რომ ვიეჭვოთ, გულყრა უნდა იყოს ერთნაირი და განმეორებითი (სტერეოტიპული გულყრები და განმეორებადობა სწორედ ეპილეფსიას ახასიათებს). თუ გულყრა სხვადასხვანაირია, ეპილეფსია ნაკლებსავარაუდოა.
ეპილეფსია რომც გამოირიცხოს, პედიატრის და შემდგომ ნევროლოგის კონსულტაცია, რა თქმა უნდა, მაინც აუცილებელია _ შესაძლოა, გულყრები ემოციური აშლილობის ნიშანი იყოს. სწორი მართვა მასაც სჭირდება. სხვაგვარად ბავშვს მომავალში ფსიქოემოციური დარღვევები განუვითარდება.
ამრიგად, უნდა გამოვრიცხოთ ეპილეფსია, დავადგინოთ გულყრის მიზეზი და თუ საჭიროა, ბავშვი შესაბამის სპეციალისტთან გავგზავნოთ.
მკურნალობის მთავარი პრინციპი
_ ეპილეფსიას ძირითადად მედიკამენტურად მკურნალობენ. მკურნალობა დიდხანს _ სულ ცოტა, ორი წელი გრძელდება. მედიკამენტების რეგულარული მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კარგი პროგნოზის შემთხვევაშიც კი წამლების არარეგულარულმა მიღებამ შესაძლოა შეცვალოს დაავადების მიმდინარეობა, გამოსავალი და დაავადება მკურნალობის მიმართ რეზისტენტული გახდეს. ამის თავიდან ასაცილებლად ექიმმა მშობელს დაწვრილებით უნდა აუხსნას, რატომ არის საჭირო ხანგრძლივი და უწყვეტი მკურნალობა.
- _ რამდენად ეფექტიანია მედიკამენტური მკურნალობა?
_ თუ დიაგნოზი სწორად დაისვა და წამალი სწორად იქნა შერჩეული, ეპილეფსიის შემთხვევათა 60-70% პირველივე ანტიეპილეფსიურ მედიკამენტს ემორჩილება. შემთხვევათა მესამედში გვჭირდება წამლების გამოცვლა, ოპტიმალური ვარიანტის მორგება. სამწუხაროდ, 15-20%-ს შეადგენს ეპილეფსიის ჭეშმარიტად რეზისტენტული ფორმები, როდესაც, მედიკამენტის არაერთგზის შეცვლის მიუხედავად, მკურნალობა უეფექტოა. ასეთი ფორმის მართვა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული და სამომავლოდაც ბევრ პრობლემას ქმნის.
არსებობს ეპილეფსიის მკურნალობის სხვა მეთოდებიც, მაგალითად, ქირურგიული. თუ მიზეზი თავის ტვინის სტრუქტურული დაზიანებაა, ქირურგიული ჩარევით ხშირად ხერხდება გულყრების შეწყვეტა და, საზოგადოდ, ძალიან კარგი შედეგის მიღება, მაგრამ ოპერაციაზე ფიქრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სრულყოფილი კვლევა ჩატარდება და დავრწმუნდებით, რომ პირველი რიგის პრეპარატები უეფექტოა. თუ გადაწყდა, რომ პაციენტისთვის ქირურგიული მკურნალობა ჯობს, ტარდება უფრო ნატიფი კვლევა ეპილეფსიის კერის დასადგენად. მხოლოდ ამის შემდეგ იგეგმება ოპერაცია.
მკურნალობის კიდევ ერთი მეთოდია კეტოგენური დიეტა. ის გულისხმობს რაციონში ცხიმების მომატებას და ნახშირწყლების მნიშვნელოვან შემცირებას. კეტოგენური დიეტა საკმაოდ ეფექტიანია ეპილეფსიის ზოგიერთი რთული ფორმის დროს _ გულყრები წყდება ან საგრძნობლად იშვიათდება.
- _ რას გვეტყვით ფებრილურ გულყრაზე? როგორია პროგნოზი?
_ შემთხვევათა ორ მესამედში ფებრილური გულყრა მხოლოდ ერთხელ ვითარდება, ერთ მესამედში კი მეორდება. შორეული პროგნოზისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვი ერთ ასეთ გულყრას გადაიტანს თუ სამს _ თუ ეს ნამდვილად ფებრილური გულყრაა, მომავალში მას პრობლემები არ ემუქრება.
- _ ხომ არ შეიძლება გულყრის პრევენცია რაიმე წამლით?
_ პირველივე გულყრის დროს წამლის მიცემას აზრი არ აქვს, ვინაიდან გულყრა უფრო სწრაფად მთავრდება, ვიდრე წამალი იწყებს მოქმედებას. თუ ეპილეფსია დადასტურებულია და ბავშვს დღეში 2-3 კრუნჩხვითი გულყრა ემართება, სასურველია, სახლში გვქონდეს დიაზეპამი და ბავშვს პირველი გულყრის შემდეგ გავუკეთოთ განმეორების თავიდან ასაცილებლად. იგივე შეიძლება ითქვას ფებრილურ გულყრაზე _ ერთეული შეტევის დროს მედიკამენტი არ არის საჭირო. პრევენციას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა გულყრა განმეორებითია.
- _ დასასრულ, რას ურჩევდით მშობლებს?
_ გულყრის დროს მთავარია დამშვიდდეთ და შეტევას დააკვირდეთ. საუკეთესო ვარიანტია, გადაუღოთ ბავშვს ვიდეო (დღეს კამერით აღჭურვილი ტელეფონი ყველას აქვს) და აჩვენოთ ექიმს _ სპეციალისტს ასე უფრო გაუადვილდება ვითარების შეფასება.
გახსოვდეთ ისიც, რომ ბავშვთა ასაკში გულყრა უმეტესად არაეპილეფსიურია, მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, პანიკის საფუძველი არ არსებობს _ ბავშვს სასიკვდილო გართულება არ ემუქრება.
გვანცა გოგოლაძე