რას აპროტესტებს პატარა?

გააზიარე:

იყო დრო, როდესაც მიიჩნეოდა, რომ წყნარი, ჩუმი, დამჯერი ბავშვი იდეალურია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბავშვების უმრავლესობა განსაზღვრულ ასაკში წესებისა და ავტორიტეტების წინააღმდეგ გაილაშქრებს და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

პირველად ეს ორი წლის ასაკში იწყება და პიკს სამი წლისთვის აღწევს, მეორედ კი – თერთმეტი წლიდან, პუბერტატის პერიოდში. ასეთი პროტესტი არა მხოლოდ ბუნებრივი, არამედ საჭიროც არის.

 

რას აპროტესტებს პატარა?

ბავშვი, რომელსაც აქამდე უჭირდა ლაპარაკი, სიარული, აზროვნება, უცბად ხვდება, რომ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ის იწყებს გარემოს აქტიურ კვლევას, ცდის თავის შესაძლებლობებს, ადგენს, რა არის სასიამოვნო და უსიამოვნო, საფრთხის შემცველი და უსაფრთხო, საინტერესო და მოსაწყენი. მას სიამოვნებს გამოწვევებთან დამოუკიდებლად გამკლავება – აქამდე ხომ ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა!

მშობლებს, ნათესავებს, ძიძებს, აღმზრდელებსა და ბავშვთან მომუშავე სხვა სპეციალისტებს ამ დროს ოქროს შუალედის პოვნა უწევთ: საფრთხისგან ისე როგორ დაიცვან პატარა, რომ დამოუკიდებლობის სურვილი და ცნობისმოყვარეობა არ ჩაუკლან? ზედმეტ სიმკაცრეს მოჰყვება ჩაკეტილობა, კონფორმულობა, ინიციატივის გამოჩენის შიში, ეს ყველაფერი კი თანამედროვე სამყაროში ბავშვს ბევრ რამეში შეუშლის ხელს, მაგალითად, სწავლასა და დასაქმებაში. მეორე მხრივ, წესების გარეშე გაზრდილ ბავშვს უჭირს სოციუმში ჩართვა, ჯგუფთან თანამშრომლობა, უთქმელი თუ თქმული შეთანხმებების პატივისცემა.

 

როგორ არ უნდა მოვიქცეთ?

ჩვენში ყველაზე ხშირად ბავშვის “გამოსწორებისა” და “დამორჩილების” მოდელს ვხედავ. “ეს არ გააკეთო, იქ არ აძვრე, არ დაისვარო, როგორც გეტყვი, ისე მოიქეცი”, – ასეთი ფრაზები გაისმის ქუჩაშიც, ბაღშიც და სახლშიც. როდესაც 2-3 წლის პატარა დამოუკიდებლობის მოპოვების სტადიაშია, ყველაფრის აკრძალვით შემდეგ არჩევანს ვუყენებთ: ან უარი თქვი შენს ბუნებრივ იმპულსზე – გამოსცადო საკუთარი შესაძლებლობები და იკვლიო გარემო, ან გამაბრაზებ/მაწყენინებ მე, შენთვის მნიშვნელოვან უფროსს. როგორც არ უნდა გადაწყდეს ეს კონფლიქტი, ბავშვი წაგებული რჩება.

 

როგორ მოვიქცეთ?

კონკრეტულობა

უპირველეს ყოვლისა, შევამციროთ წესებისა და მოთხოვნების რიცხვი, რადგან წინასწარ ვიცით – მოთხოვნებს ნეგატიური პასუხი მოჰყვება. შესაბამისად, გადასახედია ჩვენი პრიორიტეტებიც: იმას, რასაც ვკრძალავთ, ექნება გრძელვადიანი შედეგი? ასეთი შედეგი აქვს, მაგალითად, აივნის რიკულებს შორის გაძრომას – ბავშვი შეიძლება გადავარდეს და დაშავდეს. გუბეში ხტუნვას? – არა, რადგან ჭუჭყიანი ტანსაცმელიც ირეცხება და ფეხებიც ექვემდებარება დაბანას. ასე რომ, რიკულებზე საუბარი ღირს, გუბეებზე – არა.

 

თანმიმდევრულობა

წესები ადვილად გასაგები და თანმიმდევრული უნდა იყოს. რაც მთავარია, მათ უნდა იცავდეს ყველა, რომ ბავშვმა ადვილად გაიგოს, რა შეიძლება და რა – არა. ძალიან ძნელია იმის გაცნობიერება, რომ საჭმელი იატაკზე არ დააგდო, თუ დედიკო გიბრაზდება, მამიკო გთხოვს, ასე აღარ მოიქცე და გკოცნის, ბებია უხმოდ ალაგებს და მშობლებს არიგებს, ბავშვი არ ატიროთო, დაიკო კი სიცილით კვდება – რეაქცია ერთიანი და შეთანხმებული უნდა იყოს.

 

წესების ახსნა

წესების ჩამოყალიბების შემდეგ ბავშვს უნდა ავუხსნათ, რატომ ვთხოვთ მათ შესრულებას. არც დიდი და არც პატარა არ შეასრულებს მითითებას მხოლოდ იმიტომ, რომ აძალებენ. ცნობიერი, ჩამოყალიბებული ადამიანი ხვდება, რომ, მაგალითად, ღვედის გაკეთება მისი სიცოცხლისთვისაა მნიშვნელოვანი და, შესაბამისად, მუდამ გაიკეთებს, უმოწმებენ თუ არა.

 

განმტკიცება`წახალისება

როდესაც პატარა რაღაცისთვის ძალისხმევას ხარჯავს, აუცილებლად უნდა დავაჯილდოოთ. მაგალითად, თუ ავუხსენით, რომ საქანელაზე ქანაობისას ჯაჭვს ხელი უნდა მოჰკიდოს, რომ არ ჩამოვარდეს და მან ეს გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ ხელების ჰაერში ქნევა ერჩივნა – შევაქოთ; თუ ფეხსაცმელი თავად ჩაიცვა, მიუხედავად იმისა, რომ წინდებით სეირნობა უნდოდა – გარეთ მისი საყვარელი თამაში ვეთამაშოთ; თუ თამაშის შემდეგ სათამაშოები ჩაალაგა, შეიძლება ტკბილეული მივცეთ.

ქცევის წასახალისებლად ვიყენებთ სხვადასხვა განმამტკიცებელს: სოციალურს (სიტყვა, ჟესტი, ინტონაცია), მატერიალურს (სასურველი ნივთი), კვებითს (საყვარელი საჭმელი, ტკბილეული), აქტივობითს (საყვარელ საქმიანობაში ჩართვა).

განმამტკიცებლის მიწოდებისას გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი:

* ის ბავშვისთვის სასურველი უნდა იყოს. თუ ბავშვს ზოოპარკი უყვარს, ჩვენ კი თეატრს ვთავაზობთ, ეს სასურველი განმამტკიცებელი ვერ იქნება.

* განმამტკიცებელი უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ქცევის გამოვლენისას. თუ ბავშვს ისედაც მიუწვდება ხელი განმამტკიცებელზე, ის ჯილდოდ ვერ გამოდგება. მაგალითად, თუ ისედაც ხშირად მიირთმევს შოკოლადს, სასურველი ქცევისთვის შოკოლადით დაჯილდოება მიზანს ვერ მიაღწევს.

* განმამტკიცებელი უნდა უდრიდეს გაწეულ შრომას. თუ ბავშვი დიდ ძალისხმევას ხარჯავს, ჯილდოც დიდი უნდა იყოს, პატარა ძალისხმევას კი პატარა ჯილდო მოჰყვება. მაგალითად, თუ ბავშვმა ისწავლა თამაშის შემდეგ სათამაშოების ალაგება, შეიძლება, ჯილდოდ საყვარელი ვიდეო ჩავურთოთ, მაგრამ თუ ტუალეტის ჩვევა აითვისა – სამართლიანი იქნება, სასურველი სათამაშო ვუყიდოთ.

პირველ ხანებში რეკომენდებულია წახალისების მიზნით ბევრი განმამტკიცებლის მიწოდება, დროთა განმავლობაში კი განმამტკიცებლები უნდა გამოიხშიროს, სანამ ქცევა ჩვევაში არ გადავა. მაგალითად, თუ დამოუკიდებლად ჩაცმისთვის თავიდან ვაქებთ და საუზმედ საყვარელ კერძს ვუმზადებთ, მერე და მერე მხოლოდ ქებით შემოვიფარგლებით, საბოლოოდ კი ქცევა განმტკიცდება და ჩვენი მხრივ რეაქცია აღარ იქნება საჭირო.

გავითვალისწინოთ ისიც, რომ კვებითი წამახალისებელი ყველაზე პრიმიტიულია. ვეცადოთ, ის მხოლოდ გამოუვალ სიტუაციებში გამოვიყენოთ. სხვა წამახალისებლები კი ბავშვს სოციალიზაციასა და პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ეხმარება.

 

ბუნებრივი შედეგები

როდესაც შესაძლებელია, მიეცით პატარას საშუალება, დაუშვას შეცდომა და თავად ნახოს, რა მოჰყვება ამას. ბავშვმა უნდა გამოსცადოს სამყარო, მხოლოდ ახსნით ბევრ რამეს ვერ გაიგებს. არ უნდა შეთავაზებული კერძის ჭამა? აცადეთ, მიხვდეს, რომ თუ არ შეჭამს, მოშივდება.

 

პოზიტიური მითითება

როდესაც ბავშვს ვეუბნებით, რა არ უნდა გააკეთოს, ის იბნევა და გამოსავალს ვერ პოულობს. ის ქმედებას იწყებს კონკრეტული განზრახვით, მაგალითად, მოქაჩავს კატას ყურებზე, რადგან აინტერესებს, რა მოჰყვება მის საქციელს. ამ დროს ესმის მნიშვნელოვანი უფროსის მითითება, რომ ეს არ გააკეთოს, მაგრამ ბავშვს ჯერ არ შეუძლია, ერთი აზრიდან მეორეზე გადაერთოს და მყისიერად მოიფიქროს სხვა საქმიანობა; მისი ცნობისმოყვარეობა დაუკმაყოფილებელი რჩება. შედეგად ბავშვი ან ამჯობინებს, მიჰყვეს ბუნებრივ იმპულსს და უფროსს ყურადღება არ მიაქციოს, ან დაიბნევა და საერთოდ აიღებს ხელს კატასთან ურთიერთობაზე (ხოლო თუ მუდამ ასეთი პასუხი მიიღო, აღარ დაინტერესდება გარემოთი, ბუნებით, ცხოველებით და ა.შ.).

ნაცვლად ამისა, უფროსმა ბავშვს კონკრეტული ქმედება უნდა მიუთითოს. მაგალითად, თუ კატა სახლისაა, უთხრას, რომ მას მოფერება უყვარს და აჩვენოს, როგორ მოეფეროს. თუ ქუჩის ფისოა, აუხსნას, რომ ქუჩის კატებს უყვართ, როდესაც უყურებენ და ესაუბრებიან, მაგრამ ეშინიათ, როდესაც ხელს ჰკიდებენ.

ეს ხანდახან საკმაოდ რთული ამოცანაა. მაგალითად, დიდხანს ვფიქრობდი, როგორ ამეხსნა ჩემი ორნახევარი წლის შვილისთვის, რომ ბლინების მომზადებისას ცომში თითი არ ჩაეყო. ადვილია, ბავშვს უთხრა: “დაკეტე კარი” – “არ გააღოს” ნაცვლად, მაგრამ “არ ჩაყო”-ს პოზიტიური ფორმა არ არსებობს, ამიტომ სასწრაფოდ მომიწია ალტერნატიული საქმიანობის შეთავაზება: “მოდი, ერთად დავიჭიროთ მიქსერი”.

გვახსოვდეს, ეს მდგომარეობაც დროებითია; ბავშვი გაიზრდება და უკეთ მოახერხებს საკუთარი ქცევის რეგულაციას.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

 

გააზიარე: