როგორი ფორმის საშვილოსნო გაქვს?
გააზიარე:
რამდენიმე წლის წინ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულ მანიპულაციებთან იყო დაკავშირებული. დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ნებისმიერ ქალს შეუძლია გაიგოს, როგორი ფორმის საშვილოსნო აქვს.
“რა საჭიროა ამის ცოდნა?” – იკითხავთ ალბათ. საქმე ის არის, რომ საშვილოსნოთა უმრავლესობა მედიცინაში ნორმად მიჩნეულ საზღვრებში თავსდება, მაგრამ არცთუ ისე მცირე ნაწილი აცდენილია მიღებულ სტანდარტს.
საშვილოსნოს თანდაყოლილი ანომალიების შესახებ ექიმი რადიოლოგი თამარ არქანია გვესაუბრება:
– მოგეხსენებათ, საშვილოსნოს ძირითადი ფუნქცია შვილოსნობაა. სწორედ აქ უნდა გაიზარდოს და განვითარდეს ნაყოფი, რისთვისაც მას საკმარისი სივრცე უნდა ჰქონდეს. განვითარების ზოგიერთი ანომალიის დროს საშვილოსნოს ღრუს მოცულობა შემცირებულია, ნაყოფს სივრცე არ ჰყოფნის და გართულებები იჩენს თავს. ამ დროს მოსალოდნელი პრობლემების შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ, ახლა კი მცირე ანატომიური ექსკურსი მოვაწყოთ და გავარკვიოთ, სად იღებს სათავეს საშვილოსნოს ანომალია.
- რისი ბრალია
ქალის სასქესო ორგანოები, მათ შორის – საშვილოსნოც, მუცლად ყოფნის პერიოდში ყალიბდება ნაყოფის თავდაპირველი სტრუქტურების – ე.წ. მიულერის მილების – შეერთების შედეგად. თუ რამე ფაქტორმა აღნიშნული პროცესი შეაფერხა, ვითარდება ანომალია, რომელსაც მიულერის ანომალიას უწოდებენ. ანომალია სხვადასხვანაირია და იმაზეა დამოკიდებული, რა ეტაპზე დაირღვევა პროცესი.
რამ შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს განვითარების შეფერხება? გენეტიკურმა მუტაციამ, დედის მიერ ზოგიერთი პრეპარატის ან მავნე ნივთიერების მიღებამ და სხვა, მიულერის ანომალიასთან ხშირად ასოცირებულია საშარდე სისტემის თანდაყოლილი ანომალიები.
- რა ფორმები არსებობს
– დარგის ექსპერტები სხვადასხვა დროს საშვილოსნოს ანომალიების სხვადასხვა კლასიფიკაციას იყენებდნენ. დიდხანს წამყვანი გახლდათ ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოების კრიტერიუმები. ამჟამად უფრო პოპულარულია და უფრო პრაქტიკულადაც მიიჩნევა ევროპის ადამიანის რეპროდუქციისა და ენდოკრინოლოგიური საზოგადოების მიერ შემოთავაზებული კლასიფიკაცია. ამ კლასიფიკაციის მიხედვით, განირჩევა საშვილოსნოს ანომალიების რამდენიმე ჯგუფი:
* პირველი ჯგუფი, დისმორფული საშვილოსნო, მოიცავს T-ს ფორმის საშვილოსნოს და ინფანტილურ საშვილოსნოს. ორივე მათგანისთვის დამახასიათებელია მცირე ზომის ღრუ, ერთი განსხვავებით: T-ს ფორმის საშვილოსნოს დროს ამის მიზეზი საშვილოსნოს სქელი გვერდითა კედლებია, ინფანტილურის დროს კი თავად საშვილოსნოა მცირე ზომის.
* მეორე, ყველაზე დიდი ჯგუფია ტიხრიანი ანუ ძგიდიანი საშვილოსნო. ამ დროს საშვილოსნოს ფუძესთან კედელი ისეა გასქელებული, რომ ტიხარს ქმნის და საშვილოსნოს ღრუში იზნიქება. შედეგად ღრუს მოცულობა მკვეთრად მცირდება. ტიხარი ზოგჯერ მცირე ზომისაა, ნაწილობრივი, ზოგჯერ კი სრულია და საშვილოსნოს ყელს აღწევს. რაც უფრო დიდია ტიხარი, მით მეტად აზარალებს ქალს.
* მომდევნო, ასევე საკმაოდ ცნობილი ჯგუფია ორრქიანი საშვილოსნო. ამ დროს ორგანო შიგნიდანაც და გარედანაც გაყოფილია ორ დამოუკიდებელ ღრუდ, თუმცა ორივე არასრულფასოვანია, ვინაიდან უფრო მცირეა მოცულობით, ვიდრე ნორმალური. არსებობს კომბინირებული ანომალიებიც, მაგალითად ორრქიანი საშვილოსნო ტიხრით.
* კიდევ ერთი ჯგუფია ერთრქიანი საშვილოსნო. ამ დროს ღრუ ერთია, მაგრამ, ნორმალური ღრუსგან განსხვავებით, აქვს არა სამკუთხა, არამედ მოგრძო მილის ფორმა.
რითია საშიში
- – რას უქადის ქალს არასტანდარტული საშვილოსნო?
– საინტერესო ის არის, რომ საშვილოსნოს თანდაყოლილი ანომალიის დროს პრობლემა ყოველთვის არ იჩენს თავს, არც ყველა ქალია განწირული უშვილობისთვის – ბევრი აჩენს დროულ და ჯანმრთელ ბავშვს, თუმცა კვლევები მოწმობს, რომ ანომალიური საშვილოსნოს მქონე ქალებში შედარებით მაღალია ორსულობის განმეორებითი შეწყვეტისა და უშვილობის მაჩვენებელი; ის ზოგადი პოპულაციის 0,3-1%-ს და უნაყოფო ქალების 13,3%-ს უდრის.
საშვილოსნოს თანდაყოლილ ანომალიებს ყველაზე ხშირად ვაწყდებით ქალებთან, რომლებიც ორსულობის ჩვეული შეწყვეტის გამო მოგვმართავენ: პირველ ტრიმესტრში შეწყვეტისას – 5-10%-თან, მეორე ტრიმესტრში – 25%-თან. ამ მონაცემების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ საშვილოსნოს განვითარების ანომალიას შესწევს უნარი, გამოიწვიოს ორსულობის შეწყვეტა, ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხება, ორსულობის დროს ყელის უკმარისობა და უშვილობა.
როგორ აღმოვაჩინოთ
- – როგორ გავიგოთ, რა ფორმის საშვილოსნო გვაქვს?
– საშვილოსნოს თანდაყოლილი ანომალიის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი ლაპაროსკოპიისა და ჰისტეროსკოპიის კომბინაციაა. ამ გზით საშვილოსნოს გარედანაც ვათვალიერებთ და შიგნიდანაც. წლების განმავლობაში სწორედ ასე სვამდნენ საშვილოსნოს ანომალიის დიაგნოზს. მაგრამ, მოგეხსენებათ, ლაპაროსკოპიაც და ჰისტეროსკოპიაც ინვაზიური და საკმაოდ ძვირად ღირებული მეთოდებია, ამიტომ ბევრი ქალი დიაგნოზის გარეშე რჩებოდა.
კვლევის საკმაოდ ინფორმაციული მეთოდია ჰისტეროსალპინგოგრაფია, ამ დროს კონტრასტული ნივთიერების გამოყენებით რენტგენის აპარატით ფასდება საშვილოსნოს ფორმა. თუმცა ამ მეთოდს განსაზღვრული შეზღუდვებიც აქვს – მოგეხსენებათ, რენტგენის აპარატს გამოსხივება ახასიათებს.
დიაგნოსტიკური ღირებულების გათვალისწინებით, კვლევის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, თუმცა სიძვირის გამო მან ფართო გამოყენება ვერ პოვა.
დაბოლოს, გამოკვლევის ყველაზე გავრცელებული, ხელმისაწვდომი და სარწმუნო მეთოდი სამგანზომილებიანი ულტრასონოგრაფიაა. 3D/4D ულტრაბგერით ფაქტობრივად იმავე სურათის მიღებაა შესაძლებელი, რასაც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით ვიღებთ, თანაც გაცილებით იაფად. ულტრაბგერის მეშვეობით იოლად დავადგენთ, მიულერის ანომალიის რომელ ფორმასთან გვაქვს საქმე, ტიხრის შემთხვევაში კი შესაძლებელია მისი სისქის გაზომვა, რაც ქირურგს საშუალებას აძლევს, სწორად დაგეგმოს მკურნალობის ტაქტიკა.
- როდის მივმართოთ ექიმს
– სასურველია, პროფილაქტიკისთვის ყველა ქალმა გამოიკვლიოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოები, მათ შორის – საშვილოსნოც. ულტრასონოგრაფია ამის საუკეთესო და, იმავდროულად, ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა. საბედნიეროდ, თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატები საშუალებას გვაძლევს, სამგანზომილებიან რეჟიმში შევაფასოთ საშვილოსნოს ფორმა.
- – ვისთვის არის ეს კვლევა აუცილებელი?
– თუ ქალი უშვილობას უჩივის ან ერთხელ მაინც აქვს გადატანილი შეწყვეტილი ორსულობა – საშვილოსნოს ფორმა აუცილებლად უნდა გამოიკვლიოს, მეტადრე მაშინ, თუ ორსულობის შეწყვეტის ერთზე მეტი შემთხვევა ჰქონდა.
- – რაც მოგვცემს საშვილოსნოს ფორმის ცოდნა?
– საშვილოსნოს ფორმაზე დამოკიდებულია მკურნალობის ტაქტიკა. ხშირად ექიმებს შეუძლიათ, გამოასწორონ ბუნების შეცდომა.
ერთრქიანი და ინფანტილური საშვილოსნოს შემთხვევაში ბედს უნდა დავემორჩილოთ, ვინაიდან აქ მედიცინა ვერაფერს გახდება – ქირურგიული გზით საშვილოსნოს ღრუს გადიდების რესურსი არ არსებობს, ერთადერთი გამოსავალია სუროგაცია. მკურნალობას ყველაზე უკეთესად ტიხრიანი საშვილოსნო ემორჩილება. ამ დროს ქირურგი პაციენტს სთავაზობს ოპერაციას – ჰისტეროსკოპიულ მეტროპლასტიკას. სპეციალური ხელსაწყო, ჰისტეროსკოპი, რომელსაც თავზე პატარა კამერა აქვს დამონტაჟებული, ქირურგს საშოს გავლით საშვილოსნოს ღრუში შეაქვს და თვალნათლივ ხედავს საშვილოსნოს ღრუში ფუძიდან ჩამოზრდილ ტიხარს, ელექტროდანის საშუალებით მოკვეთს მას და ღრუს აფართოებს. აღნიშნული ოპერაციას სეპტექტომიასაც უწოდებენ. ზოგჯერ, საშვილოსნოს დაზიანების რისკის შესამცირებლად, ჰისტეროსკოპთან ერთად ლაპაროსკოპსაც იყენებენ და ოპერაციას მისი კონტროლით ატარებენ. დაახლოებით ასეთივე პროცედურა ტარდება T-ს ფორმის საშვილოსნოს დროს. განსხვავება ის გახლავთ, რომ ამ დროს ფუძის ნაცვლად გასქელებულ გვერდით კედლებს ჩაჭრიან და საშვილოსნოს ღრუს მოცულობას მატებენ. შედარებით რთული ოპერაციაა მოწოდებული ორრქიანი საშვილოსნოს შემთხვევაში. ამ დროს საშვილოსნოს ორ ღრუს აერთიანებენ, რაც საკმაოდ ინვაზიური ჩარევაა და ოპერაციის შემდეგ უფრო ხანგრძლივ რეაბილიტაციას მოითხოვს, ამიტომ აღნიშნულ ოპერაციას იშვიათად მიმართავენ.
- ოპერაცია ყოველთვის საჭიროა?
– ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. თანამედროვე გაიდლაინები საშვილოსნოს თანდაყოლილი ანომალიის აღმოჩენის შემთხვევაში ოპერაციის უპირობოდ ჩატარებას არ გვავალებს. ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია და მკურნალმა ექიმმა ტაქტიკა პაციენტის ისტორიის გათვალისწინებით უნდა დაგეგმოს. თუ პაციენტს ანამნეზში აქვს ორსულობის შეწყვეტის ფაქტი ან ულტრასონოგრაფიულმა კვლევამ დიდი ზომის ტიხარი გამოავლინა, ექიმმა უნდა გასცეს რეკომენდაცია საშვილოსნოს პლასტიკის შესახებ, რათა მომავალში თავიდან აიცილოს კიდევ ერთი შეწყვეტილი ორსულობა.
მარი აშუღაშვილი