გოგი ალექსი–მესხიშვილი

გააზიარე:

კულტურა და შემოქმედება ის სფეროა, სადაც ქართველებს საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი სიტყვაც გვეთქმის და თავის წარმოჩენის პოტენციალიც უდავოდ გვაქვს – საქართველოში მრავლად არიან ნიჭიერი მხატვრები, მუსიკოსები, მოცეკვავეები, მსახიობები... მათი არცთუ მცირე ნაწილი უცხოეთში მოღვაწეობს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში ნაკლები ასპარეზია თვითრეალიზაციისთვის, არამედ იმიტომაც, რომ, უბრალოდ, მსოფლიო მასშტაბის ხელოვანები არიან.

სწორედ ასეთი დიდი ხელოვანია მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი, რომლის შემოქმედებას მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იცნობენ და აფასებენ.

ცნობილი არქიტექტორის ლადო ალექსი-მესხიშვილის ოჯახში დაიბადა და ბავშვობიდან ხელოვნების სიყვარულს სწავლობდა. მამის მეგობრები: მხატვრები, რეჟისორები, მსახიობები, – ხშირად სტუმრობდნენ მათ ოჯახს. სწორედ ამ გარემოცვის დამსახურებით მოხვდა ბატონი გოგი თეატრის საოცარ სამყაროში თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერისა და დეკორაციული მხატვრობის ფაკულტეტის დასრულებისთანავე.

წლების განმავლობაში იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი მხატვარი, კოტე მარჯანიშვილის დრამატული თეატრისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დამდგმელი მხატვარი. თანამშრომლობდა მიხეილ თუმანიშვილთანაც. მის მიერ გაფორმებულ სპექტაკლებს შორისაა “იულიუს კეისარი”, “ბერნარდა ალბას სახლი”, “ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე”, “კონცერტი ორი ვიოლინოსათვის”, “შუშის სამხეცე”, “კავკასიური ცარცის წრე”, “ტარტიუფი”, “ქალი-გველი”...

გოგი ალექსი-მესხიშვილის მონაწილეობით გადაღებულია არაერთი კინოფილმიც. “აშუღ-ყარიბის” მხატვრული გაფორმებისთვის მან ევროპის კინოაკადემიის ჯილდო “ფელიქსიც” დაიმსახურა.

ბატონი გოგი კოსტიუმებსა და დეკორაციებს მსოფლიოს წამყვანი თეატრებისთვისაც ქმნიდა. მათ რიცხვშია მოსკოვის ჩეხოვის სახელობის დიდი სამხატვრო თეატრი, ვენეციის “ლა ფენიჩე”, ბოლონიის “ტეატრო კომუნალე”, მიუნხენის “ბავარიის ოპერა”, თელ-ავივის “გაბიმა”, ბუენოს აირესის “სან-მარტინი”, ჰელსინკის ნაციონალური თეატრი, ნიუ-იორკის “მეტროპოლიტენ ოპერა”...

გოგი ალექსი-მესხიშვილის სცენოგრაფიით შექმნილი სპექტაკლები წარდგენილი იყო მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალებზე. მისი ჯილდოების ჩამონათვალიც ასეთივე შთამბეჭდავია: ვაშინგტონის თეატრ “სინეტიკის” პრიზი, ჰელენ ჰეისის სახელობის პრემია, კრიტიკოსთა პრემია ედინბურგის ფესტივალზე სპექტაკლისათვის “ზაფხულის ღამის სიზმარი”...

1995 წლიდან გოგი ალექსი-მესხიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობდა, სადაც ოცი წლის განმავლობაში ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტის – დარტმუთის კოლეჯის – პროფესორი იყო. აქ მან საუკეთესო პედაგოგის წოდება მიიღო.

– ამერიკაში სტუდენტები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა მიიღონ, რადგან იციან, რომ სწორედ ეს ცოდნაა მათი მომავალი. იქ ნეპოტიზმი არ მუშაობს, საკუთარი შესაძლებლობების ხარჯზე უწევთ გზის გაკვლევა. ჩემი სტუდენტები დღეს წარმატებული და მოთხოვნადი სპეციალისტები არიან კინოსა თუ თეატრში. ვცდილობ, იმავე პრინციპებითა და მეთოდებით ქართველი სპეციალისტებიც გავზარდო, – მითხრა ბატონმა გოგიმ.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ რუსთაველის თეატრთან თანამედროვე თეატრალური მხატვრობის სკოლა დააარსა. სტუდენტები აქ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მოდიან და სამი წლის განმავლობაში ეუფლებიან თანამედროვე ხელოვნებას – სამ განზომილებაში ხატვას, ხაზვას, მოდელთან მუშაობას და სხვა პროფესიულ დისციპლინებს, ქმნიან სასცენო ინსტალაციებს, სპექტაკლის მაკეტებსა და კოსტიუმებს. ბატონი გოგი ახალგაზრდებს საკუთარი სისტემით ასწავლის, რაც, უპირველეს ყოვლისა, შემოქმედის თავისუფალი აზროვნებისა და ნიჭის განვითარებას გულისხმობს.

– ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მოდის. ისინი არიან ქვეყნის მომავალი, რადგან საბჭოთა კავშირის იდეოლოგიით დაშტამპვა არ გაუვლიათ; იციან ენები, თანამედროვედ აზროვნებენ და გეზი დასავლეთისკენ აქვთ აღებული. თუ მათ უმაღლესი დონის განათლების მიღების შესაძლებლობა მივეცით, დარწმუნებული ვარ, თავის გზას ყველა იპოვის – ნადვილი ნიჭი არ იკარგება, მით უმეტეს თეატრში: აქ არც ნაცნობობა ჭრის და არც სხვა მაქინაციები – შიშველი დგახარ სცენაზე და მხოლოდ მაყურებელი გაფასებს.

ჩვენი პრობლემა მხოლოდ მოძველებული განათლების სისტემა არ არის. უარყოფით როლს ასრულებს ტელევიზიაც – კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების ნაცვლად მაყურებელს იაფფასიანი შოუებით აბრუებს და ფსევდოფასეულობებს ამკვიდრებს. ის, რომ ხარისხიან გადაცემებს ნაკლები მაყურებელი ჰყავს და სერიალებსა და არაფრისმთქმელ შოუებზე მოთხოვნა უფრო დიდია, თავის გასამართლებელი არგუმენტი არ არის. ტელევიზიას შეუძლია საზოგადოების განვითარება, ცოდნის დონის ამაღლება, გემოვნების დახვეწა და ამ კუთხით უდიდესი პოტენციალი აქვს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის, სადაც კულტურული ცხოვრება ჩამკვდარია. უმეტესობა, ვინც ჩვენს ქვეყანას სახელი გაუთქვა, – გალაკტიონით დაწყებული, ილია ვეკუათი დამთავრებული, რეგიონებიდან იყო. ასე რომ, პატარა ქალაქებსა და სოფლებში დიდი რესურსია, რომელსაც სათანადო განათლება და ასპარეზი სჭირდება. სამუხაროდ, ამის ნება არ ჩანს, რადგან განათლებული საზოგადოება უფრო ძნელი სამართავია, ვიდრე ბრბო.

  • – არსებობს მოსაზრება, რომ კომპიუტერს მიჯაჭვული თაობა ნაკლებად შემოქმედებითია. ეთანხმებით ამ აზრს?

– როცა კომპიუტერს მხოლოდ გასართობად იყენებ, რა თქმა უნდა, ზიანი მეტი მოაქვს, ვიდრე სარგებელი; გონივრული გამოყენება კი მას ფასდაუდებელ დამხმარედ აქცევს. სხვა თუ არაფერი, ინტერნეტმა ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადა, ეს კი დიდი კომფორტია, თუ გავითვალისწინებთ, რა ძვირია დღეს წიგნი. ხელმისაწვდომი ინფორმაციის გარეშე, მხოლოდ ნიჭის ხარჯზე, ახალგაზრდა პროფესიონალად ვერ ჩამოყალიბდება.

საზოგადოდ, განათლების სისტემას სერიოზული გადახალისება სჭირდება. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას დიდი ჩავარდნის პერიოდი ჰქონდა, რაც, უპირველეს ყოვლისა, განათლებაზე აისახა. თუმცა ამის პრეცედენტები სხვა ქვეყნებშიც ყოფილა და მათ დაბრკოლებების გადალახვა მოახერხეს. მაგალითად, კორეამ დიდი ომი გადაიტანა, მაგრამ დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საგანმანათლებლო სისტემა აქვს და მყარად დგას ფეხზე. უკან ყურება ცუდი თვისებაა – წინსვლაში ხელს გიშლის, ამიტომ წარსულის შეცდომებზე კი არ უნდა ვიფიქროთ, მომავალი უნდა დავგეგმოთ. ამასთან, ათი-ოცი წლით წინ მაინც უნდა გავიხედოთ და სტრატეგია ისე შევიმუშაოთ, თორემ მხოლოდ ხვალინდელ დღესა და დროებით გამარჯვებებზე ფიქრს რა მოაქვს, ჩვენი ქალაქის მაგალითზეც კარგად ჩანს – უვიცობა და უგემოვნება მართავს ყველაფერს და ეს ქალაქის არამხოლოდ ვიზუალურ მხარეზე აისახა... ხალხიც დაძაბული და დათრგუნულია, საბჭოთა კავშირში ყველაფერს სახელმწიფო აფინანსებდა და ბევრი დღემდე ვერ ეგუება აზრს, რომ მთავრობა ყოვლისშემძლე არ არის.

დაუხვეწავი კანონებისა და მიდგომების გამო თეატრსაც უჭირს. მას დიდი რესურსი სჭირდება, რომელსაც სახელმწიფოსგან ვერ იღებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში თეატრს დიდი ტრადიცია აქვს და მაყურებელი არ აკლია, მაინც სჭირდება სტრატეგია, რომელიც სახელმწიფო დონეზე უნდა დაიგეგმოს: საქართველოში სისტემატურად უნდა ჩამოვიდნენ უცხოელი სტუმრები – ადამიანები, რომლებსაც კულტურის სფეროში თავიანთი სიტყვა ეთქმით. მათ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი პოტენციალი თეატრის, მუსიკის, ქორეოგრაფიის დარგში. უნდა დავაინტერესოთ მსოფლიო, თორემ უსახსრობისა და უპერსპექტივობის გამო ბევრი ახალგაზრდა მიდის საზღვარგარეთ და იქ საქმდება. ტვინის ექსპორტი ყველაზე ძვირად ღირებული, თუმცაღა ყველაზე მოგებიანი სტრატეგიაა: ძლიერი ქვეყნები იზიდავენ პროფესიონალებს სხვადასხვა ქვეყნიდან და ასე აძლიერებენ ქვეყნის ეკონომიკას, ჩვენ კი იმის მაგიერ, რომ პროფესიონალებს გავუფრთხილდეთ, საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ქართველების მონაცემთა სრული ბაზაც კი არ გაგვაჩნია.

 

ბატონ გოგის ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი – ნინო და ქეთუთა. შვილებიც და სიძეებიც ხელოვნების სფეროში მოღვაწეობენ. სამი შვილიშვილის ბაბუაა. უხარია, რომ პატარებს მასთან ურთიერთობა მოსწონთ და თავადაც, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, სიამოვნებით უთმობს მათ დროს. უფროსმა შვილიშვილმა ექიმობა მოისურვა – გერმანიაში სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა.

სიმკაცრე ჩვენს ოჯახში მიუღებელიაო, ამბობს ბატონი გოგი. მიაჩნია, რომ ბავშვებისთვის მომავლის დაგეგმვა გაუმართლებელია:

– ბავშვისგან მუდმივად წარმატებას არ უნდა მოვითხოვდეთ, თორემ მერე, დაბრკოლებებთან შეჯახებისას, სტრესი და კომპლექსები დათრგუნავს.

მიმაჩნია, რომ პატარები არც ყოველდღიური კონტროლით უნდა შევაწუხოთ. ბავშვობა ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ არის და ამ ბედნიერი პერიოდით ბოლომდე უნდა დავტკბეთ. ამასთან, თუ ადამიანი ბავშვობაში თავისუფალია, ზრდასრულ ასაკშიც ასეთივე რჩება, შემოქმედი კი, უპირველესად, თავისუფალი უნდა იყოს.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: