რა ემუქრება ბავშვის სმენას?

გააზიარე:

პატარებს ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში ესმით გარე სამყაროს ყველა ბგერა. დაბადების შემდეგ ირგვლივ მყოფი ადამიანების მიბაძვით სწავლობენ მეტყველებასაც. თუმცა ათასიდან 2-3 ბავშვი ყრუ ან სმენადაქვეითებული იბადება. მომდევნო წლებში სმენის დარღვევა კიდევ უფრო ხშირია. პლანეტის მოსახლეობის 5%, მათ შორის – 32 მლნ ბავშვი, დღეს ამ პრობლემას ებრძვის, სმენის დაქვეითება ან დაკარგვა კი ბავშვის კომუნიკაციური, ენობრივი და სოციალური უნარების ჩამოყალიბებას უშლის ხელს.

საბედნიეროდ, ყველა ამ სირთულის გადალახვა შესაძლებელია, თუ სმენის დარღვევას ადრევე აღმოაჩენთ, იდეალურ შემთხვევაში – 3 თვემდე. ამიტომაა მნიშვნელოვანი, ბავშვის სმენა მცირე ასაკშივე შეუმოწმოთ და, საჭიროებისამებრ, კვლევა პერიოდულად გაიმეოროთ.

მოდი, გავიგოთ, რა აქვეითებს სმენას და როგორ შეიძლება ან საერთოდ შეიძლება თუ არა ამის თავიდან აცილება ან გამოსწორება.

 

სმენა რიცხვებით

მინიმალური ძალა ბგერისა, რომელიც ადამიანს ესმის, საშუალოდ 0-25 დეციბელია. ცნობისათვის: ჩურჩულს – 30, ჩვეულებრივ საუბარს კი 60 დეციბელი შეესაბამება. სმენადაქვეითებულ ადამიანს ზოგჯერ მხოლოდ 90 დეციბელი სიმძლავრის ბგერის აღქმა შეუძლია. ეს სმენის დაქვეითების ყველაზე მძიმე – მეოთხე სტადიაა. სმენის დაქვეითების პირველ სტადიად მიიჩნევა მდგომარეობა, როდესაც ბგერის აღქმის ზღურბლი 26-40 დეციბელია; 41-55 – მეორე, 56-70 კი მესამე ხარისხს შეესაბამება.

 მიზეზები და რისკის ფაქტორები

სმენა შესაძლოა ნებისმიერ ასაკში გაუარესდეს. ბავშვებთან სმენის დარღვევის რისკს ზრდის შემდეგი ფაქტორები:

* დატვირთული გენეტიკა – ორიდან ერთ შემთხვევაში ახალშობილებთან სმენის დაქვეითება გენეტიკური მიზეზებით არის გამოწვეული. ზოგჯერ სმენადაქვეითებული ბავშვების ოჯახის წევრებსაც იგივე პრობლემა აქვთ. სმენის მემკვიდრეობითი დარღვევის მქონე სამიდან ერთ ბავშვს რომელიმე გენეტიკური სინდრომი აღენიშნება – დაუნისა, აშერისა და სხვა.

* სმენის დაქვეითებისა და სიყრუის შემთხვევათა მეოთხედი ორსულობისას დედის მიერ გადატანილი ინფექციის, მშობიარობის გართულებისა და თავის ტრავმის წილად მოდის.

* ძალზე ყურადსაღებია ყურის ქრონიკული ინფექციები. ჯანმო-ს შეფასებებით, შუა ყურის ქრონიკული ოტიტი მთელ მსოფლიოში 330 მლნ-ზე მეტ ადამიანს აღენიშნება. ნებაზე მიშვებული ინფექცია სმენის დაქვეითებას გვიქადის და არც ის არის გამორიცხული, სიცოცხლისათვის საშიში გართულება გამოიწვიოს. საბედნიეროდ, ქრონიკული ოტიტის თავიდან აცილება შესაძლებელია. ამის შესახებ – ოდნავ მოგვიანებით.

* ზოგჯერ კი სმენის დაქვეითების მიზეზს დეტალური გამოკვლევითაც ვერ ადგენენ.

 

რას მივაქციოთ ყურადღება

* აქვთ თუ არა სმენის დაქვეითება ოჯახის სხვა წევრებს;

* ჰქონდა თუ არა დედას ჯანმრთელობის პრობლემა ორსულობის დროს;

* ახლდა თუ არა მშობიარობას სერიოზული გართულება ან ტრავმა;

* დროულია თუ არა ბავშვი;

* რამდენს იწონიდა დაბადებისას;

* ხშირად ხომ არ ისრესს ყურს;

* ჰქონდა თუ არა როდესმე ქუნთრუშა, მენინგიტი, წითელა;

* რამდენჯერ გადაიტანა ყურის ინფექცია გასულ წელს;

* რამდენად ხშირად ავადმყოფობს, აქვს ალერგიის სიმპტომები ან ყურის ინფექცია.

 

როგორ ქვეითდება სმენა

სმენის დაქვეითება ან სიყრუე მაშინ ვითარდება, როდესაც სმენის ფუნქციის განმხორციელებელი რომელიმე ელემენტი დანიშნულებისამებრ ვერ მუშაობს. ასეთი რამ შესაძლოა მოხდეს სმენის ორგანოს ნებისმიერი ნაწილის – გარეთა ყურის, შიგნითა ყურის, შუა ყურის, სმენის ნერვის, სმენის ცენტრის დაზიანების შედეგად.

რეალურად “ესმის” არა ყურს, არამედ ტვინს – ნერვულ იმპულსებს თავის ტვინი აღიქვამს, მაგრამ ეს რომ მოხდეს, საჭიროა, ინფორმაცია ტვინამდე მივიდეს. ბგერის გზა კი ყურებზე გადის. იმისთვის, რომ ჩვენ გარშემო არსებული ხმები გავიგონოთ, ბგერამ ყურის გავლით სმენის ნერვამდე უნდა მიაღწიოს, ნერვულ იმპულსად გარდაიქმნას, მერე კი ეს იმპულსები თავის ტვინმა აღიქვას.

ყური სამი ნაწილისგან შედგება. ბგერის გატარება გარეთა და შუა ყურის საქმეა, ხმოვანი სიგნალის ნერვულ იმპულსად ტრანსფორმირება კი შიგნითა ყურში ლოკოკინას მეშვეობით ხდება. აქედან იმპულსები თავის ტვინში იგზავნება, სადაც სმენის ცენტრი მდებარეობს. ამ ჯაჭვის ნებისმიერ რგოლში წარმოშობილი პრობლემა საბოლოოდ სმენის ფუნქციაზე აისახება. თუმცა, გამომწვევი მიზეზის კვალობაზე, სხვადასხვაა სმენის დაქვეითების ხასიათი, სიმწვავე და პროგნოზი. მაგალითად, გამტარებლობითი ტიპის სმენის დაქვეითება ბგერის გატარების ბლოკირების შედეგია – მაშასადამე, პრობლემა გარეთა ან შუა ყურშია. ბავშვებთან ამ ტიპის სმენის დაქვეითებას უმეტესად ყურის ინფექციები იწვევს. ასეთი დაქვეითება, წესისამებრ, ზომიერი და დროებითია და ქირურგიულ ან მედიკამენტურ მკურნალობას ექვემდებარება.

შეუქცევადი ხასიათისაა სმენის სენსორული ტიპის (კოხლეარული) დაქვეითება. რომლის დროსაც შიგნითა ყური ზაინდება. იშვიათად ის თავის ტვინის სმენაზე პასუხისმგებელი უბნის დაზიანების შედეგიცაა. სმენის სენსორული ტიპის დაქვეითება შესაძლოა იყოს მსუბუქი (პაციენტს არ ესმის განსაზღვრული ხმები), ზომიერი (არ ესმის მრავალი ხმა), სერიოზული (არ ესმის ხმების უმეტესობა), ღრმა (საერთოდ არ ესმის ხმა), ცალმხრივი ან ორმხრივიც. ეს დარღვევა თანდათან პროგრესირებს. ნეიროსენსორული დაზიანების მკურნალობის მიზანია, პროცესმა პროგრესირება არ განიცადოს.

შესაძლოა, ადამიანს ერთდროულად ჰქონდეს როგორც გამტარებლობითი, ისე სენსორული ტიპის სმენის დაქვეითება (შერეული ტიპი).

 

სმენის შეფასება

სმენის არსებობა–არარსებობას სმენის სკრინინგით – რამდენიმეწუთიანი მარტივი და უმტკივნეულო პროცედურით ადგენენ. ის ბავშვებში სმენის დაქვეითების გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა და სიცოცხლის პირველსავე თვეს უნდა ჩატარდეს. წესისამებრ, სკრინინგი სამშობიარო სახლშივე ტარდება. თუ იქ, მიზეზთა გამო, ახალშობილს სმენა ვერ შეუმოწმეს ან ბავშვი სამშობიაროში არ დაბადებულა, მალევე უნდა ჩაუტაროთ სმენის სკრინინგი, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კი დამატებითი გამოკვლევაც. სკრინინგის დადებითი პასუხი ჯერ კიდევ არ ნიშნავს დაავადებას – ზოგჯერ ტესტზე გავლენას ახდენს უცხო სხეული ან სითხე, ამიტომ, სანამ ბავშვს სამი თვე შეუსრულდება, დიაგნოზის დასადასტურებლად დამატებითი გამოკვლევაა მოწოდებული.

ხდება ისეც, რომ სმენა მოგვიანებით, ინფექციის, ტრავმის, ხმაურის ზემოქმედების შედეგად ქვეითდება. მოზარდობის ასაკისთვის სმენადაქვეითებულ ბავშვთა რაოდენობა ორმაგდება, ამიტომ აუცილებელია, მომდევნო წლებშიც რეგულარულად შეუმოწმოთ ბავშვს სმენა.

თუ სკრინინგით პრობლემა არ გამოვლინდა, რეკომენდებულია სმენის შემოწმება 4, 5, 6, 8, 10 წლის ასაკში, ასევე – ნებისმიერ პერიოდში, თუ ბავშვი რამეს უჩივის.

სმენის შესამოწმებლად, ასაკის, განვითარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, რამდენიმე მეთოდს იყენებენ. შუა ყურს ტიმპანომეტრიით იკვლევენ, შიგნითა ყურის ფუნქციას კი აუდიომეტრიით განსაზღვრავენ. შესაძლოა, დაგჭირდეთ სხვა კვლევებიც.

სმენის ფუნქციის რეგულარულ შემოწმებასთან ერთად ბავშვის ქცევასაც უნდა დააკვირდეთ:

* ახალშობილების უმეტესობა უეცარ ძლიერ ხმაზე კრთება;

* 3 თვისთვის ცნობს მშობლების ხმას;

* 6 თვისთვის ხმის წყაროსკენ იხედება;

* 12 თვისთვის ბაძავს ზოგიერთ ხმას და ამბობს ცალკეულ სიტყვებს.

ექიმს მიმართეთ, თუ ჩვილი:

* არ კრთის ძლიერ ხმაზე;

* ექვსი თვისთვის ყურადღებას არ აქცევს სმენის წყაროს, ვერ აღიქვამს მას;

* ერთი წლის ასაკისთვის არ ამბობს არც ერთ სიტყვას;

* თქვენი დანახვისას თავს თქვენკენ აბრუნებს, მაგრამ ასე არ იქცევა, როცა ვერ გხედავთ და მხოლოდ ეძახით;

* თითქოს ზოგიერთი ხმა ესმის, ზოგი კი არა.

მომდევნო წლებში:

* არ ლაპარაკობს ან ლაპარაკობს გაუგებრად;

* არ ასრულებს მითითებებს;

* ხშირად ამბობს: „ა?“

* ტელევიზორს ძალიან მაღალ ხმაზე უსმენს.

სმენის დაქვეითებაზე შესაძლოა მიუთითებდეს თამაშის, სწავლის, ურთიერთობისა და ქცევის ესა თუ ის დარღვევაც.

სიყრუე სხვადასხვანაირად ვლინდება. ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ პატარა მათ მითითებებს სიჯიუტის ან დაუდევრობის გამო არ ასრულებს, სინამდვილეში კი ბავშვს უბრალოდ არ ესმის. ამიტომ როგორც კი პატარას ზემოთ ჩამოთვლილ ნიშნებს შეამჩნევთ, აუცილებლად მიიყვანეთ ექიმთან. დაბადებისას სმენა შემოწმებულიც რომ ჰქონდეს, ეს სიმპტომები ნებისმიერ შემთხვევაში მოითხოვს ყურადღებას.

 

სიჩუმე ხმაურის შემდეგ

რა გავლენას ახდენს ხმაური ბავშვის სმენაზე? საკმაოდ მნიშვნელოვანს. ძლიერმა ხმაურმა მას შესაძლოა დროებით ან სამუდამოდ დააკარგვინოს სმენა. მაგალითად, თუ ბავშვს ისეთ გარემოში უწევს ყოფნა, სადაც თანამოსაუბრისთვის ნათქვამის გასაგონებლად ყვირილი ან ხმამაღალი ლაპარაკი სჭირდება, სმენის ორგანოს მუშაობა ადვილად დაირღვევა და უსიამოვნო შედეგიც არ დააყოვნებს, ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოარიდოთ პატარა ხმაურიან გარემოს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ მოზარდებთან დგას. ჯანმოს შეფასებით, გარემოს ხმაურის, კონცერტების, სპორტული შეჯიბრებების, ყურსასმენების გამოყენების შედეგად 1.1 მლრდ ადამიანი 12-35 წლის ასაკში სმენის დაქვეითების მაღალი რისკის ქვეშ ექცევა.

 

მოზარდების განსაცდელი

თინეიჯერების მშობლები ხშირად ჩივიან, რომ შვილები არ უსმენენ. იქნებ იმიტომ, რომ არ ესმით? სტატისტიკის მიხედვით, ყოველი ექვსი მოზარდიდან ერთს მაღალი ხარისხის სმენის დაქვეითება აქვს. მიზეზი უმეტესად ყურსასმენებია – სმენის ნამდვილი მტრები. იქნებ შეგიმჩნევიათ – ზოგი მუსიკოსი სასმენ აპარატს ხმარობს. სმენის დაქვეითება ბევრ ცნობილ მომღერალს განუვითარდა, ვინაიდან ხმამაღალი მუსიკა ისევე საშიშია სმენისთვის, როგორც ნებისმიერი სხვა ძლიერი ხმაური. მოზარდებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ეს და არ უსმინონ ხმამაღალ მუსიკას, განსაკუთრებით – ყურსასმენებით, აუდიოფლეერები არ მომართონ 60%–ზე მაღალ ხმაზე, მუსიკის მოსმენისას შეისვენონ საათში ერთხელ.

თავდაპირველად მოზარდი ვერც კი ხვდება, რომ სმენის პრობლემა აქვს ან მხოლოდ დაგუბების შეგრძნებას და ყურების შუილს უჩივის, სინამდვილეში კი პროცესი უკვე დაწყებულია. ამ დროს გარშემო მყოფების საუბარი მას ჩვეულებრივ ესმის, რაც დაავადების გამოვლენას უშლის ხელს. ხშირად ექიმთანაც სხვა მიზეზით მიდიან და შემთხვევით აღმოაჩენენ სმენის დაქვეითებას. ასე რომ, სიმპტომების არარსებობა სიმშვიდის საფუძველი არ არის. თუ რისკის ფაქტორს არ აღმოფხვრით, სმენის ფუნქციას მალე სერიოზული საფრთხე დაემუქრება.

სმენის სკრინინგი რეკომენდებულია:

* 11-დან 14 წლამდე;

* 15-დან 17 წლამდე;

* 18-დან 21 წლამდე.

 

გამოსავალი

როგორც ითქვა, გამტარებლობითი ტიპის სმენის დაქვეითებას მედიკამენტებით ან ქირურგიულად მკურნალობენ. სენსორული დარღვევის მკურნალობის ძირითადი საშუალება სასმენი აპარატი ან კოხლეარული იმპლანტია.

სასმენი აპარატი ხმას აძლიერებს, რაც ბგერის აღქმის შესაძლებლობას ზრდის. ის სამი ნაწილისგან შედგება: მიკროფონისგან, გამაძლიერებლისა და მიმღებისგან. ზოგი სხეულზე მაგრდება, ზოგი – ყურში. სასმენი აპარატის ტიპს, ბავშვის საჭიროების შესაბამისად, ექიმი შეგირჩევთ. ორმხრივი დაქვეითების დროს ბავშვების უმეტესობას ორი აპარატის ტარება უწევს.

კოხლეარული იმპლანტი მოწყობილობაა, რომელიც შიგნითა ყურში თავსდება. მისი საშუალებით იმპულსი ლოკოკინას გვერდის ავლით პირდაპირ სმენის ნერვთან მიდის. რაც უფრო ადრე გამოვლინდება სმენის დარღვევა და დაიწყება მკურნალობა, მით უკეთესი იქნება შედეგი. ეს პირველივე თვეებში უნდა მოხდეს, რომ ბავშვის განვითარებას ხელი არ შეეშალოს. იმპლანტაციის შემდეგ რეაბილიტაციის კურსი უნდა გაიაროთ, რომ ბავშვს ხელახლა ასწავლოთ სმენა. სათანადო რეაბილიტაციის გარეშე პატარას სოციუმში ადაპტაცია გაუჭირდება. ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი დაავადება, სწორი მკურნალობა და სრულყოფილი რეაბილიტაცია კარგი შედეგის წინაპირობაა.

არანაკლები როლი აკისრიათ საზოგადოებას და ჯანდაცვის პოლიტიკას. ჯანმოს მონაცემებით, ბავშვებში სმენის დაქვეითების შემთხვევათა 60%-ის თავიდან აცილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებებითაა შესაძლებელი. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სერვისების გაფართოებას. სმენადაქვეითებულ ბავშვთა უმეტესობა საშუალო და დაბალგანვითრებულ ქვეყნებში ცხოვრობს, სადაც საჭირო სერვისებზე ხშირად ხელი არ მიუწვდებათ, თუმცა საქართველოში სმენადაქვეითებულთა სასმენი აპარატებითა და კოხლეარული იმპლანტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს.

 

როგორ დავიცვათ პატარა

* დროულად ჩაუტარეთ ბავშვს ვაქცინაცია. სიყრუეს ვაქცინით მართვადი არაერთი დაავადება იწვევს. იმუნიზაცია ამ პრობლემისგან დაგიცავთ.

* ორსულობის პერიოდში ზედმიწევნით აკონტროლეთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა – პირადი ჰიგიენის დაცვა თავიდან აგაცილებთ ციტომეგალოვირუსს, ხოლო მუდმივი მონიტორინგი ადრეულ ეტაპზე გამოავლენს სიფილისსა და სხვა საშიშ ინფექციებს, რომლებიც სიყურეს იწვევს.

* ჩაუტარეთ ბავშვს სმენის სკრინინგი.

* მედიკამენტები მიეცით მხოლოდ კვალიფიციური ექიმის რეკომენდაციით.

* ყურადღებით იყავით თუ ბავშვს ყური ასტკივდა, სმენა გაუუარესდა, აქვს გამონადენი.

* მოარიდეთ ძლიერ ხმაურს. გამოუვალ ვითარებაში გამოიყენეთ ყურის სახშობი.

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: