ყველაზე ხშირად რა ტიპის შეცდომები მოსდით ფეხმძიმობისას?
გააზიარე:
ვაგრძელებთ საუბარს ორსულობისას ხშირად დაშვებულ შეცდომებზე. სამწუხაროდ, არ არის გამორიცხული, მცდარი ნაბიჯი ექიმმაც გადადგას. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რა სწრაფად იცვლება მიდგომები, სამედიცინო რეკომენდაციები. ჩვენი სტუმარია მე-5 კლინიკური საავადმყოფოს სამეანო სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი მამუკა ნემსაძე.
– ბატონო მამუკა, ყველაზე ხშირად რა ტიპის შეცდომები მოსდით ექიმებს?
– ექიმების შეცდომათა მთავარი მიზეზიც ნორმისა და პათოლოგიის აღრევაა. ორსულობის ფიზიოლოგიას, რომელიც მართლაც მნიშვნელოვნად განსხვავდება არაორსული ორგანიზმის ფიზიოლოგიისგან, პათოლოგიად მიიჩნევენ და ცდილობენ, “უმკურნალონ”. “პრობლემის მოსაგვარებლად” ყველაზე მარტივ გზას – წამალს ირჩევენ. არადა, ორსულობა სწორედ ის დროა, როდესაც წამლების მოხმარება მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ.
ბევრი წამალი
– რომელი მდგომარეობის არასწორი მართვა ხდება ყველაზე ხშირად?
– აუცილებლად უნდა ვახსენოთ ტოქსიკოზი. ტოქსიკოზის აღსაკვეთად დამატებით წამლების მიღება არ არის რეკომენდებული – უნდა ვეცადოთ, ეს პრობლემა კვების მოწესრიგებით მოვაგვაროთ.ჭამონ ხშირად და მცირე ულუფებით, ერიდონ ცხარე, კუჭის ლორწოვანის გამაღიზიანებელ საკვებს, დიდ ულუფებს. შეიძლება მცენარეული საშუალებების გამოყენებაც.
ვიტამინები და პოლივიტამინები
– საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა ორსულებისთვის პოლივიტამინების კომპლექსის დანიშვნაც. თუმცა, ვიტამინებს ზიანის მოტანაც კი შესძლებია. პოლივიტამინები უნდა დაინიშნოს მაშინ, როცა ქალი არასრულფასოვნად იკვებება. ერთადერთი ვიტამინი, რომელიც ორსულობის დადასტურებისთანავე ყველა ქალმა უნდა მიიღოს ვიტამინი B9 – ფოლიუმის მჟავაა. მეტიც: თუ ქალი დაორსულებას გეგმავს, ფოლიუმის მჟავას მიღება სამი თვით ადრე მაინც უნდა დაიწყოს, ვინაიდან ეს ვიტამინი მეტად ეფექტურად ეწევა ნაყოფის ნერვული მილის განვითარების დეფექტების პრევენციას – 50%-ით ამცირებს შემთხვევათა სიხშირეს.
იოდი ყველა ორსულისთვის
– ასევე არ არის საჭირო განურჩევლად ყველა ორსულისთვის იოდის დანიშვნა, საკმარისია, რაციონში შევიტანოთ იოდით მდიდარი საკვები: თევზი და ზღვის წყალმცენარეები, რძის ნაწარმი, წიწიბურას, ფეტვის ბურღული, თაფლი, ლიმონი, ნიგოზი. ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადების დროს კი იოდის დამატებით მიღება აკრძალულიც კია.
საშოდან გამონადენი
– ეს ფიზიოლოგიური მოვლენაა და მკურნალობას არ მოითხოვს. ინფექცია მხოლოდ მაშინ უნდა ვიეჭვოთ, თუ გამონადენი გახდა ჭარბი, შემაწუხებელი, გაუჩნდა არასასიამოვნო სუნი, დაერთო ქავილი, წვა.
უსარგებლო კვლევები და პროცედურები
– არ არის გამორიცხული, ექიმმა უსარგებლო, ზედმეტი გამოკვლევა ან მანიპულაცია დანიშნოს. მაგალითად, დღეს უსარგებლოდ მიიჩნევა: კერტების დამუშავება; მენჯის ზომების განსაზღვრა; ბაქტერიული ვაგინოზის, ქლამიდიოზის, ციტომეგალოვირუსული ინფექციის, ტოქსოპლაზმოზის რუტინული სკრინინგი.
ხშირი ექოსკოპია
– ბევრი ორსული (ზოგი – ექიმის რეკომენდაციითაც) ლამის თვეში ორჯერ იტარებს ულტრაბგერით გამოკვლევას. ეს სრულიად ზედმეტია. მნიშვნელოვანია ულტრაბგერითი გამოკვლევა ორსულობის მეთვრამეტე-მეოცე კვირას. თუ ამ ვადაზე ყველაფერი წესრიგშია, შემდგომი გამოკვლევა საჭირო აღარ არის.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ულტრაბგერით კვლევას ორსულთა პათოლოგიების მართვისთვის. მისი მეშვეობით ფასდება სისხლის მიმოქცევის დოპლერომეტრიული მაჩვენებლები ჭიპლარში, განსაკუთრებულ შემთხვევებში – რეზუს-სენსიბილიზაციისა და ნაყოფის ზრდის შეფერხებისას – საშვილონოს არტერიებსა და ნაყოფის თავის ტვინშიც. თუ მეთვრამეტე–მეოცე კვირას რუტინული ულტრაბგერითი კვლევის დროს ეჭვი გაჩნდა გულის თანდაყოლილ პათოლოგიაზე, საჭიროა ნაყოფის გულის სონოანატომიის ექსპერტული შეფასება – დამატებითი კვლევა 3D და 4D ტექნოლოგიებით. თუმცა დღეს უკვე არსებობს ნაყოფის გულის მოცულობის შეფასების 5D(!) ტექნოლოგიაც.
– მოარული აზრის თანახმად, ტრანსვაგინალური (საშოსმხრივი) კვლევა შეიძლება ორსულობის სპონტანური შეწყვეტის ან ნაადრევი მშობიარობის მიზეზად იქცეს...
– ეს დიდი შეცდომაა! ექოსკოპიური კვლევის არც ერთი მეთოდი – არც ტრანსაბდომინალური (მუცლის ზედაპირიდან) და არც ტრანსვაგინალური – ორსულისთვის საზიანო არ არის. ვაგინალური გამოკვლევა არათუ პროვოცირებას არ უწევს ნაადრევ მშობიარობას, არამედ, პირიქით, სწორედ იმის დადგენაში გვეხმარება, არსებობს თუ არა ასეთი მშობიარობის რისკი.
დაფიქრდი და იმოქმედე
– მინდა, კიდევ ერთ გავრცელებულ შეცდომასაც შევეხო. ბევრი ორსული ნაჩქარევ გადაწყვეტილებას იღებს სამშობიარო კლინიკის შესახებ. ნაჩქარევად ნუ გააკეთებთ არჩევანს, მოინახულეთ რამდენიმე კლინიკა. თუ თავს არაკომფორტულად გრძნობთ, მოიძიეთ ალტერნატივა. ასევე მინდა მოგიწოდოთ, არ თქვათ უარი ანტენატალურ მეცადინეობებზე. ე.წ. მშობელთა სკოლა ქალს მეტად ღირებულ ინფორმაციას აწვდის. იქ ასწავლიან, როგორ უნდა მოიქცეს ორსულობისა და მშობიარობის დროს, ახალგაზრდა, გამოუცდელმა ქალებმა ბევრი რამ არ იციან. რითია ცუდი, თუ ამ საკითხებში გაერკვევიან? მშობელთა სკოლის გაკვეთილებს ესწრებიან მამებიც, ვინაიდან ისინიც სრულფასოვნად უნდა ჩაერთონ ორსულობისა და მშობიარობის პროცესში. შესაძლოა, მიგაჩნდეთ, რომ იმავე ინფორმაციის მოძიებას თავადაც შეძლებთ.
გვანცა გოგოლაძე