რატომ წარმოადგენს ორსულობა ქრონიკული ვენური დაავადების რისკფაქტორს?
გააზიარე:
ქვედა კიდურების შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება, გაგანიერებული ვენები – ეს ყველაფერი თითქოს ბუნებრივია ორსულისთვის და არც პრევენციას მოითხოვს, არც მკურნალობას. სინამდვილეში აღნიშნული ჩივილები არა ორსულობის, არამედ ქრონიკული ვენური დაავადების ნიშნებია და აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება. წინააღმდეგ შემთხვევაში ესთეტიკურ პრობლემებსა და დისკომფორტს ძალზე საშიში გართულებები მოჰყვება.
რატომ არის ასე ხშირი ორსულობის დროს ქრონიკული ვენური დაავადება, შესაძლებელია თუ არა მისი თავიდან აცილება ან როგორ მკურნალობენ? ამ და სხვა კითხვებზე თსსუ პროფესორმა, ნ. ბოხუას სახელობის გულ-სისხლძარღვთა კლინიკის დირექტორის მოადგილემ მამუკა ბოკუჩავამ გვიპასუხა.
აქტუალური პრობლემა
– სამედიცინო სამყარო ქრონიკულ ვენურ დაავადებას აქტიურად ებრძვის, ინერგება მისი პრევენციის, დროული დიაგნოსტიკისა თუ მკურნალობის მეტად ეფექტური მეთოდები. მიუხედავად ამისა, დაავადება, სამწუხაროდ, არ კარგავს აქტუალობას. პირიქით, იმატებს მისი გავრცელება და, რაც ყველაზე სავალალოა, ახალგაზრდავდება. საქართველო სამხრეთის ქვეყანაა, ცხელი პერიოდი ჭარბობს ცივს, ეს კი დაავადების განვითარებას უწყობს ხელს.
ბოლო პერიოდში ჩატარებულმა რამდენიმე კვლევამ, რომლებშიც საქართველოც მონაწილეობდა, მეტად საინტერესო რამ გამოავლინა: სხვადასხვა პროფილის ექიმებთან მისული ყოველი ათი პაციენტიდან რვას ქრონიკული ვენური დაავადების ესა თუ ის ფორმა აღმოაჩნდა. საუბარია მათზე, ვინც სრულიად სხვა პრობლემით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას და ვენების პათოლოგიას არც კი ეჭვობს ან პრიორიტეტულად არ მიაჩნია. ასეა არა მარტო ჩვენთან, არამედ განვითარებულ ქვეყნებშიც, ამიტომ სამედიცინო საზოგადოება ერთმნიშვნელოვნად ასკვნის: ვინაიდან პაციენტთა რაოდენობა წარმოუდგენლად დიდია, ქრონიკული ვენური დაავადების მართვაში ანგიოლოგებსა და ანგიოქირურგებთან ერთად ზოგადი პროფილის ექიმებიც უნდა ჩაერთონ.
მეორე საინტერესო ფაქტი ის გახლავთ, რომ ქალებთან ეს დაავადება მამაკაცებზე დაახლოებით სამჯერ ხშირად აღირიცხება. დადგენილია, რომ ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი, რომელიც სუსტ სქესთან ქრონიკული ვენური დაავადების განვითარებას უწყობს ხელს, ორსულობაა. აქედან გამომდინარე, ჩვენი საუბრის თემა მეტად საინტერესო უნდა იყოს არა მარტო ორსულებისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც დაორსულებას გეგმავს.
გამოცდა ვენებისთვის
– რატომ წარმოადგენს ორსულობა ქრონიკული ვენური დაავადების რისკფაქტორს?
– ყველას ჰგონია, მთავარი, რაც ორსულობის დროს ვენურ შეგუბებას განაპირობებს, გაზრდილი საშვილოსნოს ქვედა ღრუ ვენაზე ზეწოლაა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტორიც ყურადსაღებია, მაგრამ საშვილოსნოს ზრდა მხოლოდ ნაწილია იმ პროცესებისა, რომლებიც ორსულის ორგანიზმში მიმდინარეობს და ხელსაყრელ პირობებს ქმნის ქრონიკული ვენური დაავადების განვითარებისთვის. სხვათა შორის, საშვილოსნოს ზეწოლა ყველაზე ბოლოს იჩენს თავს. სამაგიეროდ, ორსულობის დადგომისთანავე ათზე მეტი სხვა რისკფაქტორი აღმოცენდება – ჰორმონული ცვლილებები, წონის მატება, სისხლის შემდედებებელი სისტემის ცვლილებები, სითხის გადანაწილება და ა.შ., – რაც საბოლოოდ ქვედა კიდურების ვენებში სისხლის შეგუბებას უწყობს ხელს.
აღმოჩნდა, რომ ვენური პრობლემების ვიზუალური მანიფესტაცია ათიდან რვა შემთხვევაში სწორედ ორსულობის დროს ხდება, ამიტომ იმ პაციენტებთან, რომლებსაც ვენური პათოლოგიების მიმართ გენეტიკური მიდრეკილება აქვთ, განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. აქ ორსულობის პირველივე ტრიმესტრიდან უნდა დავიწყოთ პრევენცია, რათა ნაყოფის ზრდასთან ერთად დაავადებამ პროგრესირება არ განიცადოს და გართულებები არ განვითარდეს.
– მაშასადამე, დატვირთული გენეტიკა ქრონიკული ვენური დაავადების კიდევ ერთი რისკფაქტორია?
– ასეა. ორსულობათა რაოდენობასაც აქვს მნიშვნელობა – რაც მეტი ორსულობა აქვს გადატანილი ქალს, მით მაღალია ქვედა კიდურებში ვენური პათოლოგიის განვითარების რისკი. დაავადება ადინამიასთანაც პირდაპირ კავშირშია – თუ ორსულს დიდხანს ჯდომა ან დგომა უწევს, ვენურ პრობლემებს უნდა ელოდეს.
დიდი ყურადღება ექცევა კიდევ ერთ ფაქტორს – სხეულის მასის ინდექსს. ბოლო ხანს რისკფაქტორებს შორის აქცენტს სწორედ ჭარბ წონაზე სვამენ. ამიტომ ვურჩევთ ორსულებს, ბევრი არ მოიმატონ.
როცა ქალს ჩამოთვლილი რისკფაქტორები აღენიშნება, ორსულობისას ზედმიწევნით უნდა აკონტროლოს ვენური სისტემის მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ამ ეტაპზე არაფერს უჩიოდეს, მომავალში პათოლოგიის განვითარების ალბათობა მაინც მაღალია. განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს, როცა ქალს დაორსულებამდე უკვე აქვს გადატანილი თრომბოზი, განსაკუთრებით – ღრმა ვენებისა. შემდგომი ორსულობა პროცესის დამძიმებისა და გამეორების ალბათობას საგრძნობლად ზრდის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ დაავადებამ პროგრესი არ განიცადოს და დედასა და ნაყოფს საფრთხე არ დაემუქროს.
რატომ ვუფრთხით?
– კერძოდ, რა საფრთხეს გვიქადის ქრონიკული ვენური დაავადება?
– ამ დაავადების ყველაზე საშიში გართულება ვენური თრომბოემბოლიზმია. ეს ტერმინი მოიცავს ორ პათოლოგიას: ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზს და პულმონურ (ფილტვის არტერიის) თრომბოემბოლიას, – რომლებიც შესაძლოა ერთდროულადაც აღინიშნებოდეს და იზოლირებულადაც. მეორე, როგორც წესი, პირველის შედეგად ვითარდება. მოგეხსენებათ, ქვედა კიდურებში ორი ვენური სისტემაა – კანქვეშა და ღრმა. კანქვეშა ვენების თრომბოზი, პროგნოზული თვალსაზრისით, კეთილსაიმედოა. იმავეს ვერ ვიტყვით ღრმა ვენების თრომბოზზე, რომელიც ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ძირითად მიზეზს წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემებით, პულმონური ემბოლიის მქონე პაციენტთა 97-98%-ს სწორედ ღრმა ვენების თრომბოზს უდგენენ, მაშინ როდესაც კანქვეშა ვენური სისტემიდან იმავე პათოლოგიის განვითარების ალბათობა 2-3%-ს არ აღემატება. ფილტვის არტერიის ემბოლია კი მეტად საშიში მდგომარეობაა და სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. შესაძლოა, დედის სიკვდილის მიზეზადაც კი იქცეს.
– რამდენად ხშირია ეს გართულება?
– სიხარულით აღვნიშნავ, რომ ანგიოლოგებს, ჰემატოლოგებსა და მეანებს შორის კარგმა კომუნიკაციამ შედეგი გამოიღო – პულმონური ემბოლია საგრძნობლად გაიშვიათდა. ჩვენს კლინიკას ყოველდღე აკითხავენ ორსულები, რომლებსაც ჩვენთან გინეკოლოგები გზავნიან. დროულად დაწყებული ღონისძიებები სავალალო შედეგს, ფაქტობრივად, გამორიცხავს. მიხარია, რომ ეს თანამშრომლობა უფრო და უფრო მჭიდრო და ეფექტური ხდება.
როგორ ვლინდება
– დაავადება ექვს სტადიად იყოფა. ნულოვან სტადიაზე ვიზუალური გამოვლინებები არ აღინიშნება, მაგრამ პაციენტს აქვს ქრონიკული ვენური დაავადებისთვის დამახასიათებელი ჩივილები: გაურკვეველი სიმძიმის შეგრძნება ქვედა კიდურებში, კრუნჩხვები (ე.წ. კრამპები), ტკივილი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიის გარეშე. პირველი სტადიიდან იწყება დაავადების ვიზუალური მანიფესტაციაც. კერძოდ, გამოიხატება კაპილართა ობობასებრი ქსელი და რეტიკულური ვენები – ისინი ვარიკოზულს ჰგვანან, მაგრამ მათი დიამეტრი 2 მმ-ს არ აღემატება. უფრო დიდი დიამეტრის ვენების გაჩენა დაავადების მომდევნო სტადიაა. ყველაზე ხშირად ყურადღებას მას სწორედ ამ დროს აქცევენ. მესამე სტადიაზე ვითარდება შეშუპება, მეოთხეზე – კანის პიგმენტაციის ცვლილება, მეხუთეზე – დახურული შეხორცებული ქრონიკული წყლული, მეექვსეზე – ღია ტროფიკული წყლული.
ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ დაავადება აქამდე არ მივიდეს. როგორ შეიძლება ამის მოხერხება? უპირველეს ყოვლისა, დროულად უნდა ვუმკურნალოთ ადრეულ ფორმებს. ნულოვანი სტადია სხვა ჩივილებით ექიმთან მისული პაციენტების 54%-ს დაუდგინდა, ამ ეტაპზე კი დაავადების მართვა ძალიან ადვილია – ის სავსებით ექვემდებარება კონსერვატიულ მკურნალობას. ამის საპირისპიროდ, არაადეკვატური და არასრული მკურნალობის შედეგად ყოველწლიურად პაციენტთა დაახლოებით 4% მსუბუქიდან უფრო მძიმე სტადიაში გადადის. ასე რომ, ფეხებში სიმძიმე, კრუნჩხვები, მით უმეტეს შეშუპება თუ ვენების გამოჩენა ორსულობის ბუნებრივი ნიშნები არ არის – ეს სიმპტომები დაავადებაზე მიუთითებს და უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ.
– როგორია მიდგომა, როცა ქალს დაორსულებამდე აქვს ქრონიკული ვენური დაავადება?
– ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. ჩემს პირად აზრს მოგახსენებთ. როდესაც ქალს ქრონიკული ვენური დაავადება აქვს და დაორსულებას აპირებს, ვურჩევ, თუ პათოლოგია დიდ პრობლემას არ უქმნის, ჯერ გააჩინოს ბავშვი, თუ კიდევ აპირებს შვილის გაჩენას – კიდევ გააჩინოს და ბოლოს, ყველა ორსულობის შემდეგ, ერთიანად იმკურნალოს, მათ შორის – ესთეტიკური პრობლემის აღმოსაფხვრელადაც. ორსულობისას კი ყველა ღონეს მივმართავთ, რომ პათოლოგია არ დამძიმდეს. ზოგჯერ ქალი დაჟინებით მოითხოვს, დაორსულებამდე ჩაუტარდეს ქირურგიული კორექცია. ასეც შეიძლება, მაგრამ არ არის გამორიცხული, ორსულობისას ვარიკოზმა სხვაგან იჩინოს თავი, ამიტომ, ჩემი აზრით, უმჯობესია, დაავადებულ ვენებს ერთხელ და ერთიანად ვუმკურნალოთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ასე ვიქცევით მხოლოდ მაშინ, როდესაც დაავადება არ არის მძიმე ფორმის, თანაც აუცილებლად ვახდენთ პროგრესირების პრევენციას.
რას გვეუბნება კოაგულოგრამა
– როგორ ისმება დიაგნოზი?
– ჩივილების მოსმენასა და დათვალიერებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ლაბორატორიულ მონაცემებსაც. თუ ქალს დატვირთული აქვს ანამნეზი ან გენეტიკა (გადატანილი აქვს თრომბოზი ან დედას/ბებიას ჰქონდა იგივე დაავადება), კოაგულოგრამა თვეში ერთხელ მაინც უნდა გადამოწმდეს (განსაკუთრებით – 30 წლიდან, ვინაიდან ამის შემდეგ თრომბოზის განვითარების ალბათობა უფრო და უფრო იმატებს). თუ ნორმიდან გადახრა გამოვლინდა, ვიწყებთ მედიკამენტურ მკურნალობას.
თრომბოზის ერთ-ერთი ყველაზე ფასეული მარკერი D დიმერია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორსულებთან – და, სხვათა შორის, ონკოლოგიურ პაციენტებთანაც – ის ისედაც მომატებულია. საქმე ის არის, რომ ორსულობა ჰიპერკოაგულაციას იწვევს – იმატებს სისხლის შედედების უნარი, პოპულარული ენით თუ ვიტყვით – სისხლის სიბლანტე. განსაზღვრულ დონემდე ეს მატება ფიზიოლოგიურია და ჩარევას არ მოითხოვს. თუ მაჩვენებლები დასაშვებ ზღვარს გასცდა, ეს უკვე მედიკამენტური მკურნალობის ჩვენებაა. სხვაგვარად შესაძლოა საშიში გართულებები განვითარდეს.
ვმკურნალობთ ვენებს
– როგორ მკურნალობენ ქრონიკულ ვენურ დაავადებას? ზემოთ პროგრესირების პრევენცია ახსენეთ – რა გზით ხდება ეს?
– მეტად მნიშვნელოვანია, ვენების დაავადების პირველი ნიშნების გაჩენისთანავე ორსულმა კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარება დაიწყოს. არსებობს სპეციალური ელასტიკური კოლგოტები, რომლებიც ერთგვარი ბანდაჟის ფუნქციასაც ასრულებს და ქვედა კიდურებთან ერთად მუცლის წინა კედლის კომპრესიასაც ახდენს.
რაც შეეხება მედიკამენტურ მკურნალობას, დღეს ანგიოლოგების არსენალში არის პრეპარატები, რომლებიც ეფექტურობითაც გამოირჩევა და დედისა და ნაყოფისთვისაც უსაფრთხოა. თრომბოზის პრევენციისთვის მოწოდებულია ანტიკოაგულანტები (რეკომენდებულია დაბალმოლეკურული ჰეპარინის ჯგუფის პრეპარატები). ამასთან ერთად, ვიყენებთ ვენოტონიკებს, რომლებიც სისხლძარღვის კედელს ამაგრებს და მიკროცირკულაციას აუმჯობესებს.
– ორსულობის დროს ქირურგიული მკურნალობა თუ შეიძლება?
– ორსულებთან ქირურგიულ ჩარევას მივმართავთ მხოლოდ მაშინ, როდესაც უამისოდ დედის ან ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჩვეულებრივი ვარიკოზული დაავადება ოპერაციის ჩვენებას არ წარმოადგენს, მაგრამ როდესაც ვითარდება მწვავე ანგიოლოგიური პათოლოგია, იძულებული ვართ, პრობლემა ქირურგიული გზით მოვაგვაროთ. გვქონია ასეთი შემთხვევებიც. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ორსულს ოპერაცია გავუკეთეთ და ორ დღეში იმშობიარა კიდეც. თუმცა ეს გამონაკლისია. წესისამებრ, ოპერაციული მკურნალობა ტარდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქალი იმშობიარებს და ლაქტაციის პერიოდიც ჩაივლის.
– რა ხდება ორსულობის შემდეგ?
– პირველი რეკომენდაცია, რომელსაც ქალს ვაძლევთ, ნორმალური წონის დაბრუნება და უკვე არსებული ვენური პათოლოგიის საგულდაგულო მეთვალყურეობაა. თუ ჰიპერკოაგულაცია გრძელდება, ზემოხსენებული მედიკამენტების გამოყენება ლაქტაციის პერიოდშიც ნებადართულია. მკურნალობას ვაგრძელებთ იმ შემთხვევაშიც, თუ პაციენტს ორსულობამდე ან ორსულობის შემდეგ თრომბოზი აქვს გადატანილი.
პრევენცია
– რას ურჩევდით ორსულებს, როგორ შეიძლება ქრონიკული ვენური დაავადების თავიდან აცილება?
– ყველა რისკფაქტორებზე ზემოქმედება, სამწუხაროდ, არ შეგვიძლია, მაგრამ იქ, სადაც რისკის აღკვეთა შესაძლებელია, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ:
* იცხოვრეთ აქტიური ცხოვრებით;
* თუ საოფისე საქმიანობას ეწევით და მთელი დღე ჯდომა გიწევთ, დანაკლისი საღამოს აინაზღაურეთ – ბევრი ისეირნეთ;
* სამსახურში საათში ერთხელ ადექით, გაიარ-გამოიარეთ, წაივარჯიშეთ;
* ჯდომის დროს ფეხები ამოძრავეთ;
* ნუ ჩაიცვამთ დაბალქუსლიან ფეხსაცმელს. ქუსლის ოპტიმალური სიმაღლე 4-5 სმ-ია. თუ უფრო მაღალს ამჯობინებთ, ნება თქვენია, უფრო დაბალი ქუსლი კი არ არის რეკომენდებული და, როგორც წესი, სუბიექტურადაც დისკომფორტს იწვევს.
* ნუ მოიმატებთ 12-13 კილოგრამზე მეტს;
* აუცილებლად ატარეთ კომპრესიული ტრიკოტაჟი;
* აკონტროლეთ კოაგულოგრამა;
* შეასრულეთ ექიმის ყველა რეკომენდაცია.
გვანცა გოგოლაძე