თუ ლუკმა ყელში არ გადაგდით

გააზიარე:

 გამართული საჭმლის მომნელებელი სისტემა ჯანმრთელობის საწინდარია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ სისტემის ყველა კომპონენტი ნორმალურად ფუნქციონირებდეს.

ნაწლავებთან, კუჭსა და პირის ღრუსთან ერთად საჭმლის მომნელებელი სისტემის შემადგენლობაში შედის საყლაპავიც. ეს არის მილი, რომელიც პირის ღრუს კუჭთან აერთებს. საყლაპავის დაზიანება მრავალი სიმპტომით გამოვლინდება, მაგრამ მათ შორის წამყვანია დისფაგია – ყლაპვის გაძნელება.

საყლაპავის ფუნქციის დარღვევა შესაძლოა გამოიწვიოს მისი ლორწოვანის დაზიანებამ, სიმსივნურმა დაავადებამ, ანატომიურმა ანომალიამ და სხვა.

ლორწოვანის დაზიანება გულისხმობს ანთებით პროცესს, რომელსაც ეზოფაგიტი ეწოდება.

მიზეზის კვალობაზე, განასხვავებენ ეზოფაგიტის რამდენიმე ფორმას: რეფლუქსურს, ეოზინოფილურს, ინფექციურს, წამლისმიერს.

 

რეფლუქსეზოფაგიტი

რეფლუქსეზოფაგიტის მიზეზია კუჭის მჟავე შიგთავსის რეგულარული გადასვლა საყლაპავში. საყლაპავსა და კუჭს შორის არის მომჭერი კუნთი, რომელიც საკვების უკუდენას ეწინააღმდეგება. რეფლუქსეზოფაგიტის დროს სწორედ ეს კუნთი არ ფუნქციონირებს, რის გამოც კუჭის მჟავე შიგთავსი საყლაპავში გადადის. შედეგად თავს იჩენს გულძმარვა, ყელის ტკივილი და ყლაპვის გაძნელება. თუ ამ მდგომარეობას არ ვუმკურნალეთ, შესაძლოა ჩამოყალიბდეს წყლული, საყლაპავის ქსოვილი გადაგვარდეს და მილი შევიწროვდეს. ამ დროს აუცილებელია უარის თქმა ისეთ საკვებზე, რომელიც საყლაპავის მომჭერ კუნთს ადუნებს – შოკოლადზე, ცხიმზე, ყავაზე, ალკოჰოლიან სასმელებზე, ასევე – წონის კონტროლი, ცხოვრების წესის შეცვლა, სიგარეტისთვის თავის დანებება. ამ ყველაფერთან ერთად საჭიროა მედიკამენტური მკურნალობაც.

 

ეოზინოფილური ეზოფაგიტი

ეოზინოფილური ეზოფაგიტი იმუნური სისტემის დაავადებაა. ამ დროს მომატებულია სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი ტიპის, ეოზინოფილების, რაოდენობა. მათ მომატებას უმთავრესად ალერგია იწვევს, ალერგიის გამომწვევი კი შესაძლოა იყოს საკვები, კუჭის მჟავე შიგთავსი, მცენარეული მტვერი და სხვა ალერგენები. ეოზინოფილების მომატებას საყლაპავის ანთებამდე მივყავართ. ანთების შედეგად რთულდება ყლაპვა. შესაძლოა, საკვები საყლაპავში გაიჭედოს. მოსალოდნელია ტკივილი გულმკერდის არესა და მუცლის ზედა ნაწილში, გულძმარვა. მოუნელებელი საკვები შესაძლოა უკან ამოვიდეს.

ეოზინოფილური ეზოფაგიტის რისკფაქტორებია: კლიმატი (ცივი და მშრალი ჰავა), სეზონი (გაზაფხული და შემოდგომა, როდესაც ჰაერში იმატებს ყვავილის მტვრისა და სხვა ალერგენების რაოდენობა), ოჯახური განწყობა (თუ ოჯახის ერთ წევრს აქვს ეოზინოფილური ეზოფაგიტი, არის შანსი, სხვასაც გამოაჩნდეს), ალერგია და ასთმა.

ეოზინოფილური ეზოფაგიტი ქრონიკული დაავადებაა, ამიტომ დროდადრო მძიმდება. მკურნალობა გულისხმობს კვების რეჟიმის დაცვას. ადამიანი უნდა ერიდოს ალერგიულ საკვებს, მაგალითად, რძის ნაწარმს, ხორბლის ნაწარმს. გულძმარვა შეიძლება შევასუსტოთ მაღალ სასთუმალზე წოლით. ამ ყველაფერთან ერთად აუცილებელია მედიკამენტური მკურნალობაც. თუ საყლაპავი მეტისმეტადაა დავიწროებული, მიმართავენ მის დილატაციას – გაფართოებას.

ეს დაავადება პირველად მხოლოდ 20 წლის წინ აღწერეს, ამიტომ დღესდღეობით ინტენსიურად მიმდინარეობს კვლევები მის ირგვლივ.

 

წამლისმიერი ეზოფაგიტი

წამლისმიერი ეზოფაგიტი საკმაოდ ხშირია და უფრო მეტად ქალებშია გავრცელებული. პაციენტის პოზიცია წამლის დალევისას, წამლის ზომა და წყლის რაოდენობა განმსაზღვრელი ფაქტორებია. წამალი შეიძლება იყოს ტკივილგამაყუჩებელი, ანტიბიოტიკი, კალიუმის ქლორიდი (გამოიყენება კალიუმის დონის დაქვეითების დროს), ბისფოსფონატი (ოსტეოპოროზის სამკურნალო საშუალება).

 

ინფექციური ეზოფაგიტი

ინფექციური ეზოფაგიტის განვითარება სუსტი იმუნურიო სისტემის ფონზეა მოსალოდნელი. გამომწვევი შესაძლოა იყოს სოკო (უმთავრესად – კანდიდა), ვირუსი (ჰერპესი, ციტომეგალოვირუსი), ბაქტერია. მკურნალობა გამომწვევ მიკროორგანიზმზეა დამოკიდებული.

 

საყლაპავის სიმსივნე

საყლაპავის სიმსივნე თავდაპირველად თითქმის შეუმჩნეველია. თანდათან თავს იჩენს ყლაპვის გაძნელება და ტკივილი ყლაპვის დროს, წონის კლება, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ხველა, ხმის ტემბრის შეცვლა, გულძმარვა.

გამოყოფენ საყლაპავის სიმსივნეების ორ მთავარ ტიპს: ბრტყელუჯრედოვან კარცინომას და ადენოკარცინომას.

ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა საყლაპავის ამომფენი უჯრედებისგან წარმოიშობა, ასე რომ, მისი განვითარება შესაძლებელია საყლაპავის მთელ სიგრძეზე, ნებისმიერ ადგილას. ადენოკარცინომა აღმოცენდება საყლაპავის ქვედა ნაწილში, კუჭის ახლოს, და ამ ორგანოს მჟავე შიგთავსის საყლაპავში მოხვედრასთანაა დაკავშირებული.

საყლაპავის სიმსივნე ხშრად ემართებათ მწეველებს, ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებლებს, გასტროეზოფაგური რეფლუქსით დაავადებულებს, ამიტომ ეცადეთ, მავნე ჩვევებზე უარი თქვათ და ავადმყოფობის სიმპტომებს დროულად მიაქციოთ ყურადღება.

სიმსივნის დიაგნოსტირებისთვის მიმართავენ რენტგენოლოგიურ კვლევას ბარიუმის ფაფით, ენდოსკოპიას და ბიოფსიას. მას შემდეგ, რაც სიმსივნე დადასტურდება, უნდა დადგინდეს, რამდენად გავრცობილია ის და საყლაპავთან ერთად სხვა მიდამოებშიც თუ გვხვდება, რადგან მკურნალობა დამოკიდებულია სიმსივნის სტადიაზე, ავადმყოფის საერთო მდგომარეობასა და თანმხლებ ფაქტორებზე და მოიცავს ქირურგიულ ჩარევას, სხივურ თერაპიას, ქიმიოთერაპიას.

 

საყლაპავის სტრუქტურული დარღვევები

საყლაპავის სტრუქტურული დარღვევა თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. თანდაყოლილი ანომალიები 3000-5000 ახალშობილიდან ერთთან გვხვდება. ყველაზე ხშირია საყლაპავის ატრეზია და ტრაქეოეზოფაგური ფისტულა.

საყლაპავის ატრეზიის დროს მილის ერთიანობა დარღვეულია, მისი ზედა ნაწილი ბრმად მთავრდება და არ უკავშირდება ქვედას. საკვები კუჭში ვერ გადადის. ეს მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელია, ამიტომ სასწრაფო ქირურგიული ჩარევაა საჭირო.

ტრაქეოეზოფაგური ფისტულის შემთხვევაში ტრაქეასა და საყლაპავს შორის არის პატარა მილი, რის გამოც საკვები საყლაპავიდან სასუნთქ გზებში ხვდება და პნევმონიას იწვევს. ქირურგიული ჩარევა ამ დროსაც აუცილებელია.

ტრაქეოეზოფაგური ფისტულა და საყლაპავის ატრეზია ხშირად ერთადაც გვხვდება.

საყლაპავის შეძენილი სტრუქტურული დარღვევებია შაცკის რგოლი და საყლაპავის თიაქარი. შაცკის რგოლი არის ბეჭდისებური სქელი ქსოვილოვანი წარმონაქმნი, რომელიც შიგნიდან ეკვრის საყლაპავ მილს და ავიწროებს. რაც შეეხება საყლაპავის თიაქარს, ამ დროს დიაფრაგმის ხვრელი, რომელშიც საყლაპავი გაივლის, ფართოვდება და კუჭის ნაწილი დიფრაგმის ზემოთ ადის, რაც რეფლუქსს და გულძმარვას იწვევს.

 

საშიში გართულება

მელორი-ვეისისა და ბურჰავეს სინდრომები სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობებია და დაუყოვნებლივ მოითხოვს ყურადღებას.

მელორი-ვეისის სინდრომის დროს საყლაპავის კედელი ღებინების შედეგად ზიანდება. ასეთი რამ ხშირად ემართებათ ალკოჰოლდამოკიდებულებს და ბულიმიით დაავადებულებს. პირნაღებ მასაში შეინიშნება სისხლი.

ბურჰავეს სინდრომი საყლაპავის უეცარ გახეთქვას გულისხმობს. გახეთქვა შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერმა ღებინებამ, დაძაბვამ (მაგალითად, მშობიარობის დროს), გულყრამ, ხანგრძლივმა და ძლიერმა ხველამ და სიცილმა. კლინიკური მიმდინარეობა დამოკიდებულია პერფორაციის ადგილზე (საყლაპავის კისრის ნაწილია, გულმკერდისა თუ მუცლისა), მუცლის ღრუში ჩაღვრილი შიგთავსის ოდენობასა და პერფორაციიდან გასულ დროზე.

საყლაპავის გულმკერდის ნაწილის პერფორაციის კლასიკური სიმპტომია უეცარი აუტანელი ტკივილი მკერდის ძვლის უკან. შემთხვევათა დაახლოებით ნახევარში მას წინ უძღვის ღებინება. პერფორაციის შედეგად კუჭის შიგთავსი გადადის შუასაყარში, ვითარდება ანთება, ემფიზემა (გულმკერდის კანქვეშ გროვდება ჰაერი), ბაქტერიული ინფექცია, იწყება ქსოვილების კვდომა. უარეს შემთხვევაში შესაძლოა დაზიანდეს პლევრა (ფილტვის მფარავი ქსოვილი) და პერიკარდიუმი (გულის მფარავი ქსოვილი). მკურნალობის გარეშე საქმე სეფსისამდე მიდის. მასთან ასოცირებული სიმპტომებია: ცხელება, ხშირი სუნთქვა და გულისცემა, ციანოზი, დაბალი წნევა.

კისრის ნაწილის პერფორაციის დროს ტკივილი წარმოიშობა კისერში. აღინიშნება ყლაპვისა და საუბრის გაძნელება.

მუცლის ნაწილის დაზიანებისას ტკივილი შეიგრძნობა არა მარტო მუცლის, არამედ ზურგის არეშიც. ადამიანს უჭირს ზურგზე წოლა. მუცელში საყლაპავის შიგთავის ჩაღვრას მალევე მოჰყვება სეფსისის განვითარება.

 

რეკომენდაციები

საყლაპავის დაავადებებთან დაკავშირებული ბევრი სიმპტომი შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ან შევამსუბუქოთ ცხოვრების სტილის შეცვლით:

* აკონტროლეთ წონა;

* მიირთვით ნელა, დაღეჭეთ კარგად;

* ჭამეთ ცოტ-ცოტა და ხშირად;

* დაძინებამდე რამდენიმე საათი ნურაფერს შეჭამთ.

* ერიდეთ ალკოჰოლს და კოფეინს.

 

სოფიო ცირეკიძე

 

გააზიარე: