რა საფრთხე გველის შინაური ცხოველებისგან?
გააზიარე:
ძაღლებსა და კატებთან – ამ მოსიყვარულე და ერთგულ არსებებთან – თამაში განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ მათთან ურთიერთობამ შესაძლოა უსიამოვნებასაც შეგვამთხვიოს. საბედნიეროდ, ამ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად საკმარისია სიფრთხილე და ჰიგიენის ნორმების დაცვა.
ცოფი
ყველაზე საშიში რამ, რაც შეიძლება ცხოველთან კონტაქტს მოჰყვეს, ცოფია. ცოფის გამომწვევი მომაკვდინებელი ვირუსია, რომელიც ადამიანს ინფიცირებული ცხოველის ნერწყვით გადაეცემა დაკბენის, დაკაწვრის, დადორბვლის დროს. ვირუსის გადამტანები არიან ცხენიც, ღამურაც, მელიაც, ენოტიც, სკუნსიც, მაგრამ ადამიანს ყველაზე მჭიდრო კავშირი ძაღლსა და კატასთან აქვს, ამიტომ ყველაზე მეტი სიფრთხილეც მათთან მართებს. თუ ადამიანს ცოფის სიმპტომები გამოაჩნდა, ის უკვე სასიკვდილოდაა განწირული, ამიტომ, თუ დარწმუნებული არ ვართ, რომ ცხოველი ჯანმრთელი და აცრილია, მასთან არასასურველი კონტაქტისთანავე ვაქცინაცია უნდა დავიწყოთ.
ცოფის პირველი ნიშნები გაციებას წააგავს. შემდეგ ნელ-ნელა იჩენს თავს გულისრევა, აღგზნება, გონების დაბინდვა, ყლაპვის გაძნელება, ნერწყვის ჭარბი გამოყოფა, წყლის შიში, ჰალუცინაციები, უძილობა.
თუ ძაღლმა ან სხვა ცხოველმა გიკბინათ, დაგკაწრათ ან დაგდორბლათ, ან უბრალოდ კონტაქტი გქონდათ ცხოველთან, რომელიც შესაძლოა ცოფით იყოს ავად, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რომელიც მდგომარეობას გააანალიზებს და გადაწყვეტს, გჭირდებათ თუ არა მკურნალობა. მკურნალობა კი, როგორც აღვნიშნეთ, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას გულისხმობს.
კატის ნაკაწრის დაავადება
კატის ნაკაწრის დაავადება ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ბაქტერია Bartonella henselae. როგორც სახელწოდებაც მიგვანიშნებს, ინფექცია ადამიანს კატასთან კონტაქტის: კბენის, დაკაწვრის, კატის მიერ ღია ჭრილობის ალოკვის, – შედეგად გადაედება. კატების 40% სიცოცხლის ამა თუ იმ ეტაპზე ბაქტერიის მატარებელია, მაგრამ სიმპტომებს არ ამჟღავნებს. კონტაქტიდან საშუალოდ 14 დღის შემდეგ ნაკბენისა თუ ნაკაწრის ადგილი წითლდება, შუპდება, შესაძლოა, დაჩირქდეს კიდეც, გახურებული და მტკივნეულია. თანდათან ვითარდება ზოგადი სიმპტომებიც: ცხელება, თავის ტკივილი, უმადობა, აგზნება. მოგვიანებით დაზიანებულ არესთან ახლოს მდებარე ლიმფური კვანძები დიდდება და მტკივნეული ხდება.
ზრდასრულ კატაზე საშიშია კნუტი, რომელსაც უფრო მეტი ბაქტერია ჰყავს ორგანიზმში, უფრო მეტად უყვარს თამაში და მეტადაც იკაწრება.
დაავადების თავიდან ასაცილებლად კატის ნაკბენი/ნაკაწრი/ნანერწყვი კარგად ჩამოიბანეთ საპნითა და გამდინარე წყლით და მიმართეთ ექიმს.
პასტერელოზი
ბაქტერია Pasteurella multocida კიდევ ერთი მიკროორგანიზმია, რომელიც ადამიანს ძაღლისგან ან კატისგან გადაედება. ნაკბენ/ნაკაწრ ადგილას ვითარდება სწრაფად პროგრესირებადი ანთება, რომელიც შესაძლოა საკმაოდ ღრმად გავრცელდეს, გამოიწვიოს ლიმფადენოპათია, ხოლო შორს წასულ შემთხვევებში – ოსტეომიელიტი, ენდოკარდიტი და მენინგიტიც კი. დიაგნოზი ემყარება კლინიკურ მონაცემებს, სისხლისა თუ დაზიანებული ქსოვილის კულტივირებას და სეროლოგიურ ტესტებს. მკურნალობენ ბეტალაქტამური ანტიბიოტიკებით.
ლეპტოსპიროზი
ლეპტოსპიროზის გამომწვევი, ბაქტერია Leptospira interrogans, ინფიცირებული ცხოველის სხეულიდან შარდთან ერთად გამოიყოფა და ნიადაგში ან წყალში ხვდება, სადაც თვეობით ძლებს. ამრიგად, წყალთან ან ნიადაგთან ნებისმიერი სახის კონტაქტმა შეიძლება დასნებოვნება გამოიწვიოს. ბაქტერიის მატარებლები არიან კატა, ძაღლი, ღორი, ცხენი, მღრღნელები.
ლეპტოსპიროზის სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, შემცივნება, კუნთების ტკივილი, ღებინება, სიყვითლე, მუცლის ტკივილი, დიარეა, გამონაყარი. ასეთივე სიმპტომოკომპლექსი ბევრ სხვა დაავადებასაც ახასიათებს, რაც ხელს უშლის დიაგნოზის დასმას. მეორე მხრივ, ხდება ისეც, რომ ადამიანი ინფიცირდება, მაგრამ სიმპტომები არ გამოუვლინდება.
ლეპტოსპიროზი შესაძლოა ორგვარად წარიმართოს. პირველი ტიპი ზემოთ ჩამოთვილი სიმპტომებით მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში პაციენტი მოკლე ხანში გამოჯანმრთელდება. თუ დაავადების მეორე ტიპი განვითარდა, ჩამოყალიბდება თირკმლისა და ღვიძლის მძიმე დისფუნქცია ან მენინგიტი. მკურნალობის საჭიროა ანტიბიოტიკები. რისკის შემცირება შესაძლებელია ჰიგიენის ნორმების დაცვით, რაც, პირად და საცხოვრებელი ადგილის სისუფთავესთან ერთად, გულისხმობს შემდეგს:
* სვით მხოლოდ სუფთა წყალი. თუ ონკანის ან ახლომდებარე წყალსატევის წყლის სისუფთავეში დარწმუნებული არ ხართ, შეიძინეთ ბოთლებში ჩამოსხმული.
* თავი არიდეთ ისეთ ადგილებში ცურვას, სადაც შესაძლოა წყალი ცხოველის შარდით იყოს დაბინძურებული;
* ერიდეთ ცხოველს, თუ ეჭვობთ, რომ ავად არის.
სალმონელოზი
Salmonella-ს გვარის ბაქტერიები ამფიბიების, ქათმების, ძაღლების, კატების, ცხენების ნაწლავებში ბინადრობენ. ინფექცია უმეტესად დაბინძურებული საკვების მეშვეობით ვრცელდება, თუმცა პირდაპირ ცხოველისგანაც შეიძლება გადაედოს ადამიანს. ინფიცირებული ცხოველი განავალთან ერთად გამოყოფს ბაქტერიას, რომელიც შეიძლება თავად ცხოველის სხეულზე მოხვდეს, იქიდან კი – ადამიანისაზე. ამიტომაა აუცილებელი ცხოველთან თამაშის, მოფერებისა თუ სხვა სახის კონტაქტის შემდეგ ხელების საგულდაგულოდ დაბანა.
სალმონელოზისთვს დამახასიათებელია დიარეა, მუცლის სპაზმები, უსიამოვნო შეგრძნებები. ინფექცია 5-7 დღეში თავისთავად გაივლის და მკურნალობას არ მოითხოვს, გარდა ბევრი სითხის მიღებისა.
დერმატომიკოზი
დერმატომიკოზი კანის სოკოვანი დაავადებაა. სოკო ადამიანს გადაედება ინფიცირებულ ადამიანთან, ცხოველთან (ძაღლთან, კატასთან, ძროხასთან, ღორთან) და იმ საგნებთან კონტაქტის შედეგად, რომლებსაც დაავადებული პირი იყენებდა. ინფიცირებიდან დაახლოებით ორ კვირაში კანზე ჩნდება მრგვალი, რგოლებისმაგვარი გამონაყარი, იწყება ქავილი, კანი იქერცლება და წითლდება. თუ დერმატომიკოზი თავის კანზე განვითარდა, დაზიანებულ ადგილებზე თმა აღარ ამოდის და ალაგ-ალაგ მელოტი უბნები ჩნდება.
დიაგნოსტიკისთვის იკვლევენ კანის ანაფხეკს.
მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის აუცილებელია კანის სისუფთავე და სიმშრალე, სოკოს საწინააღმდეგო კრემების გამოყენება.
ტოქსოპლაზმოზი
Toxoplazma gondii ერთუჯრედიანი პარაზიტია, რომელიც ბევრ ცხოველსა და ფრინველს აინფიცირებს. ის განავალთან ერთად გამოიყოფა გარემოში და ადამიანს ასნებოვნებს. ინფექცია, გარდა ინფიცირებულ ცხოველსა თუ ფრინველთან უშუალო კონტაქტისა, ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს, მაგალითად, დაბინძურებული პროდუქტის (ხორცის, ხილის, ბოსტნეულის), დაბინძურებული ნივთების (კატის ჭურჭლის, მისი სათამაშოების) მეშვეობით ან გადაეცეს დედისგან ბავშვს.
თუ ადამიანი პრაქტიკულად ჯანმრთელია, პარაზიტი ორგანიზმში არააქტიურ ფორმაში დარჩება, მაგრამ თუ იმუნური სისტემა რაიმე მიზეზით დასუსტდა, ინფექცია რეაქტივირდება და სერიოზულ გართულებებს გამოიწვევს.
ტოქსოპლაზმოზი ზოგჯერ სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ზოგჯერ კი გრიპისმაგვარი ნიშნებით: ცხელებით, სისუსტით, თავის ტკივილით, ლიმფური კვანძების შეშუპებით, – გამოვლინდება. სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებთან შესაძლოა გამოიწვიოს გონების დაბინდვა, კოორდინაციის დარღვევა, გულყრა, ფილტვის ტუბერკულოზისმაგვარი დაზიანება, ბადურას ანთება და მხედველობის გაუარესება.
თუ ადამიანი ჯანმრთელია და არ არის ორსულად, ტოქსოპლაზმოზის გამოვლენისას პრაქტიკულად არ სჭირდება მკურნალობა, მაგრამ ორსულებისა და სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებისთვის მედიკამენტური ჩარევა აუცილებელია. სხვაგვარად დიდია გართულების ალბათობა.
ექინოკოკოზი
ექინოკოკოზი პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც ბრტყელი ჭია იწვევს. განსხვავებენ ექინოკოკოზის ორ ფორმას: ცისტურს და ალვეოლურს. ცისტური ექინოკოკოზის გამომწვევია Echinococcus granulosus – 2-7-მილიმეტრიანი ჭია, რომელიც ძაღლის, ცხვრის, ღორის ორგანიზმში ბინადრობს. ექინოკოკის კვერცხები – დაბალი ტემპერატურისადმი საკმაოდ გამძლე – ჯერ განავალში ხვდება, მერე კი ადამიანის პირის ღრუში. ცისტა შესაძლოა წარმოიქმნას ღვიძლში, ფილტვში, სხვა ორგანოებში. დაავადება კარგა ხანს უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ ცისტა ნელ-ნელა იზრდება და ადრე თუ გვიან ისეთ ზომას აღწევს, რომ ორგანოს ფუნქციონირებას ხელს უშლის. წესისამებრ, მას სწორედ ამ დროს აღმოაჩენენ. მკურნალობა შესაძლოა დაექვემდებაროს მედიკამენტებს, თუმცა შესაძლებელია ქირურგიული ჩარევაც, რაც ცისტის ასპირაციას გულისხმობს.
ალვეოლური ექინოკოკოზის გამომწვევი, Echinococcus miltilocularis, 1-4 მმ სიგრძის ბრტყელი ჭია, ძაღლის, მელიის და სხვა ცხოველების სხეულში ბინადრობს. ალვეოლური ფორმა უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ის იწვევს პარაზიტულ სიმსივნეს ღვიძლში, ტვინსა და სხვა ორგანოებში. თუ არ ვუმკურნალეთ, შედეგი ფატალური იქნება.
ტოქსოკარიაზი
ტოქსოკარიაზი მრგვალი ჭიებით გამოწვეული პარაზიტული დაავადებაა. მათ ერთ-ერთ ნაირსახეობას, Toxocara canis-ს, ძაღლი ავრცელებს, ხოლო მეორეს, Toxocara cati-ს – კატა. ჭიის კვერცხები გარემოში ინფიცირებული ცხოველის განავალთან ერთად გამოიყოფა და დაახლოებით 2-4 კვირის შემდეგ ინფექციურად საშიში ხდება. ადამიანი ინფიცირდება დაბინძურებული საკვების (უმი ხორცის, გაურეცხავი ხილ-ბოსტნეულის) მეშვეობით და ჰიგიენის ნორმების დაუცველობის შედეგად.
ტოქსოკარას კვერცხიდან ადამიანის ორგანიზმში იჩეკება ლარვა, ღვიძლში, გულში, ფილტვებში, ტვინში იჭრება და აზიანებს. შესაძლოა, ლარვა თვალშიც აღმოჩნდეს, ბადურას ანთება და მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა გამოიწვიოს. მკურნალობა ანტიპარაზიტული წამლებით ტარდება.
ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია:
* ცხოველებთან ფრთხილად ვიყოთ;
* კბენისა თუ დაკაწვრის შემთხვევაში კარგად ჩამოვიბანოთ ჭრილობა და მივმართოთ ექიმს;
* დავიცვათ პირადი თუ საცხოვრებელი გარემოს ჰიგიენა, ხშირად ვიბანოთ ხელები;
* მივიღოთ სუფთა, სანდო საკვები და სასმელი;
* არ ვიბანაოთ დაბინძურებულ წყალში;
* მოვუაროთ ცხოველებს და დროულად ჩავუტაროთ შესაბამისი ვაქცინაცია.
სოფიო ცირეკიძე