რომანტიკული ურთიერთობები: ერთად თუ ცალ-ცალკე?

გააზიარე:

თებერვალში ქუჩები ყოჩივარდებით მოსიარულე გოგოებით ივსება. წყვილები ვალენტინობას აღნიშნავენ. ჰაერში უკვე გაზაფხულის სურნელიც იგრძნობა, გაზაფხული კი ახალი სასიცოცხლო ციკლის დასაწყისია, რომელსაც ზოგიერთი წყვილი ერთად გაუყვება, ზოგიერთი კი – ცალ-ცალკე.

რატომ რჩებიან წყვილები ერთად? რას ველით რომანტიკული ურთიერთობისგან? რა ხდება წყვილის ურთიერთობაში დაოჯახების შემდეგ?

სოციალური ფსიქოლოგია გვეუბნება, რომ წყვილის ურთიერთობა სამ ფაქტორს ეყრდნობა: ვნებას, მეგობრობას და სიახლოვეს. ეს სამკუთხედი მუდამ ტოლფერდა არ არის: ურთიერთობის განსაზღვრულ ეტაპზე ვნება წამოიწევს წინ, სხვა შემთხვევაში – პარტნიორობა, კიდევ სხვა დროს კი – განცდა, რომ ამაზე მახლობელი ადამიანი ამქვეყნად არ გვყავს, მერე – ისევ ვნება და ა. შ.

ოჯახურ ფსიქოლოგიაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ოჯახური წყვილის ურთიერთობა განსაზღვრულ პატერნს მისდევს და სხვადასხვა ეტაპზე კრიზისი გარდაუვალია. საინტერესოა, რომ პირველი და ყველაზე დიდი კრიზისი ქორწინების პირველ წელიწადს დგება – მაშინ, როდესაც ვნებას რუტინა ცვლის და ორი ადამიანი აღმოაჩენს, რომ ერთად ცხოვრება არც ისე კომფორტულია. თუ მეგობრობა და სიახლოვე საკმარისი არ აღმოჩნდა შესუსტებული ვნების ამოსავსებად, წყვილი შორდება.

გარდა ამისა, პოპკულტურა თუ ოჯახური ფოლკლორი ხშირად მცდარ, არარეალისტურ მოლოდინს აყალიბებს: ბავშვობიდან გვესმის, რომ კონკია გათხოვდა და ბედნიერად ცხოვრობდა; არავინ გვიყვება, რომ პირველი ორი კვირა გამუდმებით იმაზე იყო დავა, უფლისწული დაწვებოდა კედლის მხარეს თუ კონკია, არც იმაზე, როგორ აბრაზებდა კონკიას უფლისწულის ჩვევა, ჯირითიდან დაბრუნებულს, ჭუჭყიანი ჩექმები შუა მისაღებში დაეყარა, უფლისწული კი ვერაფრით ხვდებოდა, რატომ იყო კონკიასთვის ასეთი მნიშვნელოვანი უნაკლო სისუფთავე, რატომ ვერ იტანდა იატაკზე დარჩენილ თუნდაც ერთ ლაქას და, რაც მთავარია, რატომ არ ჰქონდა უფლება, საკუთარ სასახლეში ჩექმები იქ დაეყარა, სადაც მოესურვებოდა.

სინამდვილეში ორი ადამიანის ერთად ცხოვრება საინტერესო, მაგრამ, ამავე დროს, სარისკო წამოწყებაა: ბოლომდე მაინც არ ვიცით, შევეგუებით თუ არა სხვის რუტინას. თუმცა, დროთა განმავლობაში წყვილი დათმობას სწავლობს და საბოლოოდ ახალ, ორივესთვის მისაღებ ყოველდღიურობას ქმნის. ამისთვის კი აუცილებელია მეგობრული, გამგები, მსგავს ღირებულებებზე ორიენტირებული ადამიანების ურთიერთობა. სწორედ ეს ეხმარება წყვილს, დარჩეს ერთად მაშინ, როდესაც მათი მოლოდინი არ მართლდება.

უცხოური ლიტერატურის თანახმად, მომდევნო დიდ კრიზისს ერთად ყოფნის მეშვიდე წლის მიწურულს ველით: ოჯახში ჩნდება ბავშვი, რასაც მოჰყვება გაზრდილი პასუხისმგებლობა, ფინანსური წნეხი. წყვილის ფიზიკური და ემოციური რესურსი მის მოვლაზე იხარჯება. გადის დრო, ბავშვი იზრდება, შედარებით დამოუკიდებელი ხდება, მიდის ბაღში, მშობლებს აღარ უწევთ თავიანთი საქმიანობის მხოლოდ მასზე მორგება – ხელახლა ეძლევათ ღამით უწყვეტი ძილისა და სიწყნარეში ჩაის დალევის საშუალება. და სწორედ ამ დროს იწყება კრიზისი – მშობლებისა და პარტნიორების როლში გადასულ წყვილს (ეს – საუკეთესო შემთხვევაში; უარესში ხდება როლების რიგიდული დაყოფა, მთელი პასუხისმგებლობის ერთი პარტნიორისთვის გადაბარება და ამ პარტნიორის იზოლაცია) უჭირს რომანტიკული ურთიერთობის აღდგენა. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, წყვილმა აღიაროს კრიზისი, თვალი გაუსწოროს მას და ურთიერთობის გაუმჯობესებაზე იმუშაოს, გაიხსენოს, რა საერთო ინეტრესები ჰქონდათ შვილის გაჩენამდე, ერთად რისი კეთება უყვარდათ, რამ მიიზიდა ისინი ერთმანეთში. რეკომენდებულია როგორც საერთო, ოჯახური, ისე ბავშვის გარეშე აქტივობების დაგეგმვა, სადმე წასვლა, მეგობარ წყვილებთან ერთად დროის გატარება და, რაც მთავარია, პრობლემებზე გულახდილად საუბარი.

საქართველოს მონაცემებით, პირველსავე წელს განქორწინების შემდეგ ყველაზე გავრცელებულია განქორწინება ერთად ცხოვრების მეოთხე წელს. მგონი, საქართველოში მეშვიდე წლის კრიზისის ეტაპი უფრო ადრე დგება – წესისამებრ, ქორწილს მალევე მოჰყვება ბავშვის დაბადება, ამიტომ მისი განცალკევების დროც ერთად ცხოვრების მეოთხე წელს ემთხვევა.

ასეთი ციკლური კრიზისები ყოველი წყვილის ცხოვრებაშია მოსალოდნელი, თუმცა ისინი ოჯახური სისტემის გაძლიერებას და სირთულეების ერთად გადალახვას უწყობენ ხელს. ყოველი კრიზისის შემდეგ წყვილიც და ოჯახიც გაცილებით მყარია, ვიდრე კრიზისამდე. ასეთი კრიზისი ბარიერი კი არა, კიბეა – თუ საფეხური დაძლიე, უფრო მაღლა ახვალ.

რა უწყობს ხელს ამ გამოწვევების წარმატებით დაძლევას?

 

1. ეფექტური კომუნიკაცია

ძლიერი ემოციის განცდისას სხვა ადამიანის დანახვა გვიჭირს. ბევრი სახელმღვანელო გვასწავლის, უკეთ როგორ მივიტანოთ სათქმელი მსმენელამდე, თუმცა კომუნიკაციისთვის თქმაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსმენა. სწორედ მოსმენაა ყველაზე რთული, როდესაც კამათი მოგვდის. თანაც მხოლოდ სიტყვებს არ უნდა მოვუსმინოთ – ადამიანები ვსაუბრობთ ინტონაციით, ჟესტებით, სხეულის ენით, რომელიც ხშირად სიტყვებზე უფრო მნიშვნელოვანია.

წყვილები, რომლებიც მრავალი წელია ცხოვრობენ ერთად, ურთიერთობის შემანარჩუნებელ მთავარ ფაქტორად როგორც სიტყვიერ, ისე უსიტყვო კომუნიკაციას ასახელებენ.

კომუნიკაციის მიზანია როგორც საკუთარი აზრის გამოხატვა, საკუთარ კომფორტსა თუ დისკომფორტზე საუბარი, ისე პარტნიორის მოსმენა და გამოსავლის ერთობლივი ძიება. წყვილი ყოველთვის ორი ადამიანისგან შედგება და თუ ურთიერთობის შენარჩუნებას ვცდილობთ, ორივე მათგანის აზრი თანაბრად მნიშვნელოვნად უნდა ვაღიაროთ.

 

2. გამოცნობანა იკრძალება

განსაზღვრული პერიოდის ერთად გატარების შემდეგ წყვილები იჯერებენ, რომ ერთმანეთის აზრების, მოტივების, ქცევების წინასწარმეტყველება შეუძლიათ. ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ ჰკითხონ ერთმანეთს, რაც აინტერესებთ, ან თავიანთი აზრები, სურვილები თუ შთაბეჭდილებები გაუზიარონ, ცდილობენ, წინასწარ გამოიცნონ პარტნიორის რეაქცია ან უარესი – ელოდებიან, როდის მიუხვდება პარტნიორი საფიქრალს. ეს გამოცნობანა ეფექტური კომუნიკაციის პირველი ბარიერია.

ახლობელ ადამიანებთან გულახდილი საუბარი რთულია, მაგრამ სწორედ ეს არის ურთიერთობის შენარჩუნებისა და გაძლიერების საწინდარი. წყვილთან მომუშავე ფსიქოლოგები გვირჩევენ, წესად შემოვიღოთ: არავითარი გამოცნობანა! ყოველ ადამიანს აკისრია პასუხისმგებლობა, თავად იზრუნოს საკუთარ კეთილდღეობაზე და თუ რამე აწუხებს, პირდაპირ მიიტანოს პარტნიორამდე, ხოლო პარტნიორს, თუ ის მართლა ემპათიური მეგობარია – მოუსმინოს თავის მეწყვილეს და შემდეგ დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს, მაგრამ სიტუაციის გარკვევამდე დასკვნების გამოტანა ეკრძალება.

ეს ეფექტური წესი ძალიან რთული დასანერგია, რადგან წყვილის ურთიერთობის დასაწყისი ხშირად გამოცნობანაზე, თამაშზე, უთქმელ ემოციებზეა დამყარებული. ის კი არა, სტაბილურ ურთიერთობაში შესულებს, ხშირად გვენატრება ის დრო, როდესაც ერთ მესიჯს ჯერ მთელი ღამე ველოდებოდით, მერე კი მთელი დღე ვშიფრავდით. ის, რაც ადრე რომანტიულობას კვებავდა, ახლა აქრობს მას. მაგრამ სტაბილურ ურთიერთობაში სპონტანურობის, ინტერესის, აზარტის შემოტანა სხვა გზითაც შეიძლება (იხ. რჩევა “გაატარეთ დრო ერთად ბავშვის გარეშე”).

ამიტომაც არის ურთიერთობა სამხრივი: მაგალითად, სიახლოვისთვის – გულახდილი საუბარი, ვნებისთვის – დაუგეგმავი სეირნობა, მეგობრობისთვის – შაბათ-კვირის ერთად დაგეგმვა ან რაიმე სხვა. მზა რეცეპტები არ არსებობს. ყველა წყვილს სიყვარულის გამოხატვის სხვადასხვა გზა აქვს. და სწორედ ეს განსხვავებები გვაგრძნობინებს საკუთარ თავს და ჩვენს პარტნიორს – ჩვენ ჩვენ ვართ. არავის ვგავართ. თებერვლის სიცივეში ერთად დავდივართ ქუჩაში და გაზაფხულსაც ერთად ველით.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: