რა უნდა ვიცოდეთ სისხლდენის შესახებ?
გააზიარე:
რა უნდა ვიცოდეთ სისხლდენის შესახებ
სისხლიანი ხველა და სისხლიანი ღებინება
სისხლდენა კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან
სისხლდენით მიმდინარე გენეტიკური დაავადებები
საშიშია თუ არა საშოდან სისხლდენა
რა უნდა ვიცოდეთ სისხლდენის შესახებ
ბავშვობაში ხელი ვის არ გაუჭრია, მუხლი ვის არ გადაუყვლეფია, ცხვირიდან სისხლი ვის არ წასკდომია, მაგრამ არსებობს ისეთი სისხლდენაც, რომელიც საფრთხეს უქადის ადამიანის სიცოცხლეს, ზოგიერთი დაავადების დროს კი უმნიშვნელო ტრავმასაც შეიძლება უმძიმესი შედეგი მოჰყვეს.
მაშ, გავიგოთ მეტი სისხლდენის შესახებ.
კალაპოტს მიღმა
სისხლი სისხლძარღვებში მოძრაობს. სისხლდენის დროს ის კალაპოტს ტოვებს და გარეთ გამოდის. რამ შეიძლება ეს გამოიწვიოს? იმის გათვალისწინებით, რომ სისხლძარღვები ყველა ორგანოსა თუ ქსოვილშია და ნებისმიერი მათგანის დაზიანება სისხლდენას უდრის – არაერთმა ფაქტორმა: მაღალმა წნევამ, სისხლძარღვის მთლიანობის დარღვევამ ან გამავლობის მომატებამ, სისხლის შედედების ფაქტორების დეფიციტმა, ზოგიერთმა მედიკამენტმაც კი.
დავიწყოთ ტერმინოლოგიით.
ლათინურად სისხლდენას ჰემორაგია ეწოდება. თუ სისხლდენის შედეგად სისხლი რომელიმე ქსოვილში დაგროვდა, ვითარდება ჰემატომა. ამ დროს სისხლი ქსოვილში ღრუს წარმოქმნის. როცა ქსოვილი სისხლით იჟღინთება, სისხლჩაქცევაზე საუბრობენ.
არსებობს შინაგანი (ფარული) და გარეგანი სისხლდენა. უკანასკნელ შემთხვევაში სისხლი სხეულიდან გამოდის, ფარული სისხლდენის დროს კი მუცლის, პლევრის, პერიკარდიუმის ან რომელიმე სხვა ღრუში გროვდება. სისხლდენა მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც, მსუბუქიც, საშუალოც და მძიმეც. ერთი სიტყვით, ის ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც მისი მიზეზები. მრავალფეროვანია სისხლდენის მიმდინარეობა და შედეგიც.
მთავარ თემაში სწორედ სისხლდენის ყველაზე გავრცელებულ სახეებზე გესაუბრებით. თითოეული მათგანის დეტალური განხილვა, ბუნებრივია, ვერ მოხერხდება და არც მოგვეთხოვება. მთავარია, ვიცოდეთ, რა შეიძლება იდგას ამა თუ იმ ლოკალიზაციისა და ტიპის სისხლდენის მიღმა, რომელი ნიშნებია საგანგაშო, როდის უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება და რა გავაკეთოთ მის მოსვლამდე.
ლოკაცია პირველი – თავის ტვინი.
თავის ტვინში განვითარებულ სისხლდენას ინტრაცერებრული ჰემორაგია ეწოდება. მისი ყველაზე გავრცელებული მიზეზი მაღალი არტერიული წნევაა. ჰიპერტენზიის შედეგად თავის ტვინში ჰემორაგიული ინსულტი ვითარდება. შეგახსენებთ, რომ არსებობს იშემიური ინსულტიც, რომლიც დროსაც პათოლოგიური პროცესი სისხლძარღვის სანათურის დახშობის შედეგია, ჰემორაგიული ინსულტის დროს კი ირღევა თავის ტვინის სისხლძარღვების მთლიანობა ან მათგან სისხლი ჟონავს. სისხლი აზიანებს ტვინის ქსოვილს, იწვევს მის შეშუპებას, თანმხლებ პრობლემებსა და გართულებებს.
ჰემორაგიული ინსულტი თავის ტვინში სისხლდენის ყველაზე ხშირი მიზეზია. შედარებით იშვიათ მიზეზებს მიეკუთვნება ტრავმა, ინფექცია, სიმსივნე, სისხლის შედედების სისტემის პათოლოგია, სისხლძარღვთა ანომალია (მაგალითად, არტერიოვენური მალფორმაცია).
ვერაგი ჰემორაგია
ინსულტი მთელ მსოფლოში ხანგრძლივი ტრავმის, ინვალიდობისა და სიკვდილის მთავარი მიზეზია. ჰიპერტენზია ხშირად კლინიკურ გამოვლინებათა გარეშე მიმდინარეობს, ამიტომ ზოგჯერ პაციენტებმა არც კი იციან, რომ მაღალი წნევა აქვთ და რომ მკურნალობა სჭირდებათ, სანამ ის სავალალო შედეგებით არ იჩენს თავს. ამიტომ მოგვიწოდებენ ექიმები, რეგულარულად ვიზომოთ წნევა, მაშინაც კი, როდესაც არაფერი გვაწუხებს.
ვის ემუქრება
ჰემორაგიული ინსულტი ინსულტის შემთხვევათა 12%–ს შეადგენს, მაშასადამე, უფრო იშვიათია, ვიდრე იშემიური. თუ იშემიური ინსულტი უმეტესად ზრდასრულებთან გვხვდება, ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა ნებისმიერ ასაკში გვემუქრება და უმეტესად იშემიურზე ახალგაზრდა ასაკში იჩენს თავს. დაავადების განვითარების რისკს ერთიორად ზრდის ყველა ის ფაქტორი, რომელიც ჰიპერტენზიის განვითარებას უწყობს ხელს. სწორედ ამ ფაქტორების მოდიფიცირებაა ინსულტის პრევენციის გასაღები. ესენი გახლავთ:
* მაღალი წნევა;
* ქოლესტეროლის მაღალი დონე;
* თამბაქოს წევა;
* ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
* გულის დაავადებები.
ცხოვრების ჯანსაღი წესი, არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი და პროფილაქტიკური გასინჯვა – ასეთია ინსულტის პრევენციის მთავარი ფორმულა.
როგორ ვლინდება
ინსულტის ნიშნებს მოსახლეობა კარგად იცნობს:
* სახის, ხელის ან ფეხის უეცარი სისუსტე და დაბუჟება;
* მხედველობის უეცარი გაუარესება ან სრული დაკარგვა ცალ თვალში;
* მეტყველების ან აღქმის უნარის დაკარგვა;
* უეცარი და ძლიერი თავის ტკივილი;
* გულისრევა, ღებინება;
* თავბრუ, წონასწორობის დაკარგვა, დაცემა;
* ყლაპვის გაძნელება;
* გაორება, გაბრუება.
რატომ გვეშინია?
თუ ადამიანი ინსულტს გადაურჩა, წინ არანაკლებ მძიმე პერიოდი ელის – ახლა მთავარია, ინსულტის შემდგომ გართულებებებს გაუმკლავდეს. ინსულტის შედეგად გარდაცვალების შემთხვევათა დაახლოებით ნახევარი გართულებების ბრალია.
გავრცელებულ გართულებებს მიეკუთვნება:
* თრომბების წარმოქმნა – თრომბები, წესისამებრ, ინსულტის შემდგომ მეორიდან მეშვიდე დღემდე წარმოიქმნება, უმეტესად – ქვედა კიდურების ღრმა ვენებში. განსაზღვრულ ფაქტორთა ზემოქმედების შედეგად შესაძლოა მოწყდეს და ფილტვისკენ დაიძრას. ვითარდება ძალზე საშიში, პოტენციურად სასიკვდილო გართულება – ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია.
ღრმა ვენების თრომბოზის ალბათობას ზრდის უმოძრაობა, ამიტომ ფილტვისმიერი ემბოლიის რისკი გაცილებით მაღალი აქვთ იმ პაციენტებს, რომლებსაც სიარული და მოძრაობა უჭირთ, ამიტომ რეკომენდებულია, პაციენტი რაც შეიძლება მალე წარმოდგეს და ამოძრავდეს. თრომბების წარმოქმნის აღსაკვეთად მოწოდებულია ჰეპარინი, მაგრამ ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს მეორე საფრთხეც – სისხლდენა. ეს მეტად ფაქიზად სამართავი პროცესია. ჰეპარინის ალტერნატივას წარმოადგენს ელასტიკური ბინტი, რომელსაც პაციენტებს ფეხზე ახვევენ;
* სითხისა და საკვების მიღების გაძნელება – ყლაპვის აქტი ნერვებისა და კუნთების კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს. ინსულტი ხშირად კუნთოვან სისუსტეს იწვევს, რასაც, თავის მხრივ, ყლაპვის გაძნელებამდე მივყავართ. დისფაგიის დროს იმატებს რისკი, საკვები ან ნერწყვი ფილტვებში მოხვდეს და ასპირაციული პნევმონია გამოიწვიოს. გადარჩენის შანსი ნაკლები აქვთ პაციენტებს, რომლებსაც ინსულტთან ერთად პნევმონიაც აღენიშნებათ.
* საშარდე გზების ინფექცია – ინსულტის შემდგომი კუნთოვანი სისუსტის გამო შარდის ბუშტი ბოლომდე არ იცლება, ზოგიერთ პაციენტს კი საწოლიდან წამოდგომაც უჭირს. ამის გამო ხშირად საჭირო ხდება კათეტერიზაცია, რაც ზრდის საშარდე გზების ანთების რისკს. ინსულტიდან 3 თვის განმავლობაში ინფექცია პაციენტების 11%–ს აღენიშნება.
* სისხლდენა კუჭ–ნაწლავიდან _ არსებობს ალბათობა, ინსულტის შემდგომ დაიწყოს სისხლდენა კუჭის წყლულიდან. ამის თავიდან ასაცილებლად დაავადებულს კუჭის წვენის მჟავიანოის დამაქვეითებელ წამლებს უნიშნავენ.
* გულის პრობლემები – არარეგულარული რიტმი, ინფარქტი და სხვა ინსულტგადატანილი პაციენტების 70%–ს აღენიშნება.
როგორ მკურნალობენ
ჰემორაგიული ინსულტის მკურნალობა გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული. უპირველეს ყოვლისა, სწორედ მას უნდა მიაგნონ, რათა დაადგინონ, რა ტიპისაა ინსულტი – იშემიური, ჰემორაგიული თუ სხვა. ამას კვლევის სპეციფიკური მეთოდებით ადგენენ. მკურნალობის აუცილებელი კომპონენტებია არტერიული წნევის კონტროლი, სისხლდენის მაპროვოცირებელი წამლევის მიღების შეწყვეტა. შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული მკურნალობაც.
დაავადების გამოსავალი დაზიანების სიმძიმეზე, მკურნალობის დაწყების ვადასა და არაერთ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.
სისხლით გარემოცული ტვინი
ჰემორაგიული ინსულტის კიდევ ერთი სახე სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევაა. ასე ეწოდება თავის ტვინის გარშემო განვითარებულ სისხლჩაქცევას. ამ დროს სისხლი ტვინსა და ქალას შორის არსებულ ღრუში გროვდება. ის უმეტესად ანევრიზმის გასკდომის შედეგია. ანევრიზმა სისხლძარღვის კედლის პათოლოგიური გამობერილობაა. როცა ის დიდი ზომისაა, კედელი თხელდება და ადვილად სკდება. ანევრიზმის განვითარების მიზეზი უცნობია. ზოგჯერ ის დაბადებიდანვე ან ბავშვობიდანვე მოჰყვება ადამიანს, მაგრამ ძალიან ნელა იზრდება და მხოლოდ ზრდასრულ ასაკში წარმოშობს პრობლემებს. ამის კვალობაზე, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევაც ნებისმიერ ასაკშია მოსალოდნელი. მისი ნიშნებია უეცარი ძლიერი თავის ტკივილი, კისრის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, მეტყველების არევა, ადინამია, ძილიანობა, კუნთოვანი სისუსტე, გადაადგილების გაძნელება, გაფითრება, მგრძნობელობის დაქვეითება.
ანევრიზმის გასკდომისას გადაუდებელ დახმარებაა საჭირო! ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების არსებობისას გამოიძახეთ სასწრაფო.
ვერაგი სენი
ანევრიზმა დიდხანს არავითარ ჩივილს არ იწვევს. ზოგჯერ დაავადების პირველი ნიშანი სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენაა. რა შეიძლება გირჩიოთ? – ჯარმთელობის რეგულარული შემოწმება და, რაც მთავარია, რისკფაქტორების კორექცია: არტერიული წნევის მოწესრიგება, თამბაქოსთვის თავის დანებება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა. ეს ფაქტორები ანევრიზმის განვითარებას ვერ აღკვეთს, მაგრამ საგრძნობლად შეამცირებს მისი გახეთქვის რისკს.
ანევრიზმის მკურნალობაც კომპლექსურია და მოიცავს როგორც მედიკამენტურ თერაპიას, ისე ქირურგიულ ოპერაციას.
სისხლიანი ხველა და სისხლიანი ღებინება
ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული სისხლდენაა სისხლდენა კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან. ის შეიძლება ამ სისტემის ნებისმიერი ორგანოდან დაიწყოს. სისხლის დანაკარგი ზოგჯერ ისეთი მცირეა, მხოლოდ ლაბორატორიული ანალიზით დასტურდება, ზოგჯერ კი, პირიქით, იმდენად დიდი, რომ სიცოცხლესაც კი უქადის საფრთხეს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სისხლდენის დროს სისხლი ან რომელიმე ღრუში გროვდება (შინაგანი სისხლდენა), ან სხეულიდან გარეთ გამოდის (გარეგანი სისხლდენა). რაკი კუჭ–ნაწლავს ორი "კარი" აქვს, სისხლი სხეულს რომელიმე მათგანის ტოვებს. თავდაპირველად სისხლიან ღებინებაზე ვისაუბროთ.
სისხლიანი ღებინება
სისხლიან ღებინებას ჰემატემეზი ეწოდება. ამ დროს პათოლოგიური პროცესი უმეტესად საჭმლის მომნელებელი სისტემის ზედა სეგმენტშია ლოკალიზებული – პირის ღრუში, ხახაში, საყლაპავ მილში, კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში. ამონაღები სისხლი ნებისმიერი ამ ორგანოს პრობლემაზე მიუთითებს.
როგორ ამოვიცნოთ
სისხლიანი ღებინების დროს სისხლი ალისფერი ან მუქია და ყავის ნალექს მოგვაგონებს. ეს ნიშნავს, რომ სისხლი კუჭში რამდენიმე საათის განმავლობაში დაყოვნდა და მას მარილმჟავა შეერია. ზოგჯერ სისხლი საკვებთან არის შერეული. ხდება ისეც, რომ პაციენტი მხოლოდ სისხლს აღებინებს. დაავადებები, რომლებიც სისხლიან ღებინებას და ზოგჯერ სისხლიან განავალსაც იწვევს, ამიტომ ჰემატემეზის დროს აუცილებელია განავლის გამოკვლევა ფარულ სისხლდენაზე.
რა იწვევს?
სისხლიანი ღებინების მიზეზთა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ყველაზე ხშირ მიზეზებს მიეკუთვნება:
* კუჭის წყლული და მძიმე გასტრიტი – თუ ჰემატემეზს მუცლის მღრღნელი ტკივილი ახლავს თან, გასტრიტი ან კუჭის წყლული უნდა ვივარაუდოთ. სისხლდენა ვითარდება მაშინ, როცა წყლული ან ანთებითი პროცესი არტერიას აზიანებს;
* საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება – პათოლოგიური პროცესი საყლაპავის ქვედა სეგმენტის ვენებს მოიცავს. ვარიკოზული ვენებიდან სისხლი დის, მაგრამ ტკივილი., წესისამებრ, არ შეინიშნება. საყლაპავის ვენების ვარიკოზის მიზეზი ღვიძლის ციროზია;
* მძიმე გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება – ამ დროს კუჭის წვენი კუჭიდან საყლაპავში ამოდის. მარილმჟავა საყლაპავის ლორწოვანის გაღიზიანებას, დაზიანებას იწვევს. დაავადების მძიმე ფორმის დროს შესაძლოა განვითარდეს სისხლდენაც.
სისხლიანი ღებინება ასევე შეიძლება გამოიწვიოს:
* საყლაპავის ანთებამ, შეშუპებამ ან გაღიზიანებამ;
* მელორი–ვეისის სინდრომმა – სისხლი დის ძლიერი ღებინების შედეგად ჩამოყალიბებული საყლაპავის ნახეთქიდან (ამ სინდრომს უმეტესად ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება იწვევს);
* საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სისხლძარღვების დეფექტმა;
* საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა სეგმენტის ორგანოების სიმსივნემ;
* პანკრეატიტმა;
* პანკრეასის სიმსივნემ;
* სისხლის გადაყლაპვამ (მაგალითად, ცხვირიდან სისხლდენის დროს);
* ხანგრძლივმა ან ძლიერმა ღებინებამ;
* სისხლის შედედების დარღვევამ;
* რომელიმე საწამლავმა;
* ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა მედიკამენტებმა, განსაკუთრებით – ასპირინმა.
როდის მივმართოთ ექიმს:
მცირედი სისხლის მინარევი ან სისხლის ლაქა შესაძლოა კბილების ან პირის ღრუს პრობლემებით იყოს გამოწვეული და, წესისამებრ, სისხლიან ღებინებად არ მიიჩნევა. სამაგიეროდ, შემდეგი ნიშნების არსებობისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს:
* სუნთქვის გახშირება, სუსტი სუნთქვა;
* თავბრუხვევა, წონასწორობის დარღვევა;
* მხედველობის დაბინდვა;
* გულის წასვლა;
* პულსის გაიშვიათება;
* ცივი, ფერმკთალი კანი;
* შარდვის შემცირება.
მართვის ტაქტიკა
როდესაც სისხლის დანაკარგი დიდია, პაციენტი ჰემოდინამიკურად არასტაბილურია, აქვს შოკის ნიშნები, უპირველეს ყოვლისა, სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენაზე ზრუნავენ, მერე კი ხდება მიზეზის დიაგნოსტიკა და ინიშნება შესაბამისი მკურნალობა. არ არის გამორიცხული, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევაც.
დიაგნოსტიკა მოიცავს სისხლის სრულ ანალიზს, სისხლის ბიოქიმიურ გამოკვლევას, სისხლის შედედების სისტემის გამოკვლევას, ღვიძლის ფუნქციების განსაზღვრას.
რეკომენდებულია ნაზოგასტრალური ზონდის ჩადგმა და ლავაჟი (გამორეცხვა) – ეს ხელს უწყობს კოლტებისა და სისხლის ნარჩენი მასების ამოღებას, რაც აადვილებს ენდოსკოპიას და ამცირებს ასპირაციის (სისხლის ფილტვებში მოხვედრის) რისკს.
პირველი რიგის კვლევაა ენდოსკოპია. ის პირველსავე საათებში უნდა ჩატარდეს. აუცილებელია რექტალური გამოკვლევაც. საჭიროებისამებრ ტარდება რენტგენოგრაფია, ექოსკოპია, განავლის საერთო ანალიზი, კვლევა შარდოვანაზე, კრეატინინზე და სხვა. ენდოსკოპიას დიაგნოსტიკურთან ერთად ზოგჯერ სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
სისხლიანი ხველა
ხველა სასუნთქი სისტემის დაავადებების ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. არ არსებობს ადამიანი, მას ერთხელ მაინც რომ არ შეეწუხებინოს. დამეთანხმებით, ხველას საშიშ სიმპტომებს არ მივაკუთვნებთ, მაგრამ თუ ნახველში სისხლი შევამჩნიეთ, ჩვენი დამოკიდებულება რადიკალურად იცვლება და ბუნებრივიცაა – სისხლიანი ხველა იმ ნიშანთაგანია, რომელთა უყურადღებოდ დატოვებამ შესაძლოა უმძიმესი შედეგი გამოიღოს.
სისხლიან ხველას ჰემოპტოე ეწოდება. ამ დროს სისხლი სასუნთქი სისტემის რომელიმე უბნიდან მოდის. ის მკვეთრი წითელი ან ვარდისფერია, შერეულია ნერწყვთან. ხშირად ქაფიანია (ჟანგბადთან შერევის გამო). არც ის არის გამორიცხული, ნერწყვი მხოლოდ სისხლის ძაფებს შეიცავდეს.
სისხლიანი ხველის მთავარი მიზეზი ქრონიკული ბრონქიტი ან ბრონქოექტაზიაა (ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც ბრონქის კედლები პათოლოგიურად არის გაგანიერებული).
გარდა ამისა, ჰემოპტოე შეიძლება გამოიწვიოს:
* ფილტვების ქრონიკულმა ობსტრუქციულმა დაავადებამ;
* ფილტვების ანთებამ;
* ფილტვების შეშუპებამ;
* ტუბერკულოზმა;
* ცისტოფიბროზმა;
* ნარკოტიკების მოხმარებამ;
* ფილტვებში მოხვედრილმა უცხო სხეულმა ან საკვებმა (ასპირაცია);
* ვეგენერის გრანულომატოზმა;
* ფილტვის აბსცესმა;
* ფილტვის კიბომ;
* ემფიზემამ;
* მიტრალური სარქვლის სტენოზმა;
* პარაზიტულმა ინფექციამ;
* ფილტვის არტერიის ემბოლიამ;
* ტრავმამ;
* ბრონქოსკოპიამ;
* ძლიერმა ხველამ.
ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია და სათითაოდ მათ განხილვას არ დავიწყებთ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ მცირედი სისხლიანი ხველაც კი საგანგაშო ნიშანია და ამ დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, განურჩევლად დაკარგული სისხლის ოდენობისა და პაციენტის საერთო მდომარეობისა. გახსოვდეთ, ჰემოპტოე შესაძლოა მძიმე დაავადების პირველი ნიშანი იყოს.
გადაუდებელი ჩარევის ჩვენებაა:
* ხველის დროს რამდენიმე ჩაის კოვზზე მეტი სისხლის გამოყოფა;
* სისხლი შარდში ან განავალში;
* მკერდის ტკივილი;
* თავბრუ;
* ცხელება;
* სუნთქვის უკმარისობა.
მკურნალობის ტაქტიკა ჰემოპტოეს მიზეზზეა დამოკიდებული. მიზეზის დასადგენად კი შესაძლოა საჭირო გახდეს:
* ბრონქოსკოპია;
* გულმკერდის სკანირება და რენტგენოგრაფია;
* ფილტვების ბიოფსია;
* სისხლის ანალიზი;
* ნახველის შესწავლა.
ხველა თუ ღებინება?
ჰემატემეზისა და ჰემოპტოეს დროს მთავარი სირთულე იმის დადგენაა, ადამიანს სისხლიანი ღებინებაა ეს თუ სისხლიანი ხველა. ზოგჯერ რთული სადიფერენციაციოა ცხვირიდან სისხლდენაც, როცა ადამიანს სისხლი ჯერ ეყლაპება, მერე კი აღებინებს.
როგორ გავარჩიოთ სისხლიანი ხველა სისხლიანი ღებინებისგან? პირველ შემთხვევაში სისხლი ქაფიანია, ამოხველების წინ შეინიშნება ყელში ფხაჭნის შეგრძნება. ღებინებას კი წინ უძღვის გულისრევა, დისკომფორტი მუცლის არეში. სისხლი მუქია, შეიცავს საკვებს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დიფერენცირება ზოგჯერ საკმაოდ ძნელია.
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან
საჭმლის მომნელებელი სისტემა საყლაპავისგან, კუჭისგან, წვრილი ნაწლავისგან, მსხვილი ნაწლავისგან, სწორი ნაწლავისა და ანუსისგან შედგება. სისხლდენა ნებისმიერი ამ ორგანოდანაა მოსალოდნელი. ის, წესისამებრ, სხვა დაავადების სიმპტომია, ხანდახან – საკმაოდ საშიში დაავადებისაც, თუმცა ზოგჯერ თავადაც ქმნის საფრთხეს. მასიური სისხლდენა საშიშია სიცოცხლისთვის, მცირე რაოდენობის სისხლის ქრონიკული კარგვა კი ხშირად სისხლნაკლებობას და წნევის დაქვეითებას იწვევს, ამიტომ სისხლდენის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება – უნდა გაირკვეს, რამ გამოიწვია ის და სათანადო მკურნალობა ჩატარდეს.
როგორია სისხლდენა
სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რომელი ნაწილიდან დის სისხლი და რამდენი. საყლაპავიდან, კუჭიდან და წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილიდან სისხლდენა ვლინდება:
* ალისფერსისხლიანი ღებინებით;
* ყავის ნალექის მსგავსი ქაფის ამოღებით;
* შავი ან კუპრისებრი განავლით;
* განავალთან შერეული მუქი სისხლით.
წვრილი ნაწლავის ქვედა ნაწილიდან, მსხვილი ნაწლავიდან, სწორი ნაწლავიდან და ანუსიდან სისხლდენა ვლინდება:
* შავი ან კუპრისებრი განავლით;
* განავალთან შერეული მუქი სისხლით;
* განავალთან შერეული ან ზემოდან მოსხმული ღია წითლი სისხლით.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა რამდენიმე დაავადების დროს იჩენს თავს. ამ დაავადებებს შორისაა ბუასილი, პეპტიკური წყლული, საყლაპავის დაზიანება ან ანთება, დივერტიკულოზი და დივერტიკულიტი, წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, მსხვილი ნაწლავის პოლიპი, საყლაპავის, კუჭისა და მსხვილი ნაწლავის კიბო.
მწვავე სისხლდენა
უეცრად განვითარებულმა მასიურმა სისხლდენამ შესაძლოა შოკი გამოიწვიოს. ეს გადაუდებელი მდგომარეობაა, ამიტომ მისი ნიშნების არსებობისას აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება ან პაციენტის კლინიკაში გადაყვანა.
შოკის ნიშნებია:
* არტერიული წნევის დაცემა;
* შარდვის შემცირება ან შეწყვეტა;
* გულისცემის გაიშვიათება;
* გონების დაკარგვა.
ქრონიკული სისხლდენა
ქრონიკულმა სისხლდენამ შესაძლოა გამოიწვიოს ანემია – სისხლის წითელი უჯრედების, ერითროციტების, დეფიციტი, რომელიც ორგანიზმში ჟანგბადის დეფიციტს და, ამის კვალობაზე, სხვა ცვლილებებს უდებს სათავეს. ამ დროს ადამიანი თავს სუსტად გრძნობს, უჩივის ქოშინს.
ზოგჯერ ორგანიზმში ქრონიკულად მიმდინარეობს ფარული სისხლდენა. ის შესაძლოა ანთების ან ნაწლავის კიბოს ნიშანი იყოს. ფარული სისხლდენის აღმოჩენა ადვილად შეიძლება განავლის ლაბორატორიული გამოკვლევით.
ბუასილი
ბუასილი, იგივე ჰემოროი, სისხლდენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ჰემოროიდული კვანძები ანალური არხის ბოლოს მდებარეობს და სისხლით უხვად მარაგდება. ჰემოროი ამ კვანძების ვენების ვარიკოზული გაგანიერებაა.
არსებობს ორი ტიპის ჰემოროიდული კვანძი: გარეგანი და შინაგანი. პირველი ანუსის ირგვლივ, კანქვეშ მდებარეობს, მეორე – სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსში. ბუასილი ვლინდება სისხლდენით დეფეკაციის დროს. ადამიანი ალისფერ სისხლს უნიტაზში ან ტუალეტის ქაღალდზე ამჩნევს. გარდა ამისა, შესაძლოა, აწუხებდეს ანალური მიდამოს ქავილი, გაღიზიანება, ტკივილი, დისკომფორტი. ზოგჯერ კვანძები გარეთაც ვარდება.
ბუასილს მკურნალობენ ცხოვრების წესის შეცვლით: ჯანსაღი კვებით, ჰიგიენის დაცვით (ჩაბანა დეფეკაციის შემდეგ), ფიზიკური აქტიურობის გაზრდით, ალკოჰოლის, ცხარე და მარილიანი საკვების შეზღუდვით, ზოგჯერ – მედიკამენტებით და ქირურგიულადაც.
ანალური ნაპრალი
სიხლდენის კიდევ ერთი გავრცელებული მიზეზია ანალური ნაპრალი. ეს ანუსის ლორწოვანი გარსის მცირე ზომის დეფექტია, რომელიც შეკრულობის, ნაწლავთა გაძნელებული მოქმედებისა და მყარი განავლოვანი მასების შედეგად წარმოიშობა. ზოგჯერ მას ხანგრძლივი დიარეა ან ანალური მიდამოს ანთებაც იწვევს, თუმცა უმეტესად მიზეზი მაინც კუჭის მოქმედების მოთხოვნილების უგულებელყოფა და გადავადებაა. ნაპრალს ახასიათებს ძლიერი ტკივილი დეფეკაციის დროს და ანალური სფინქტერის სპაზმი, რომელსაც დეფეკაცია აძლიერებს. მოსალოდნელი ტკივილის გამო ადამიანი იკავებს დეფეკაციას, შედეგად განავლოვანი მასები მკვრივდება და იკვრება მანკიერი წრე.
ანალური ნაპრალი ყველა ასაკში გვხვდება, მაგრამ განსაკუთრებით ხშირია ბავშვებთან. პრობლემა უმეტესად თავისთავად გვარდება. მკურნალობის მთავარი პირობაა კუჭის მოქმედების მოწესრიგება, რაც ყაბზობისა და დიარეის აღმოფხვრას ითვალისწინებს, თუმცა ზოგჯერ სამედიცინო ჩარევაც ხდება საჭირო, რაც ტკივილისა და სფინქტერის სპაზმის მოხსნას გულისხმობს.
პეპტიკური წყლული
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის კედლებზე წყლულის გაჩენას კუჭის წვენის შემადგენლობაში არსებული მარილმჟავაც უწყობს ხელს, მაგრამ ყველაზე ხშირად ეს მაინც ინფექციით, კერძოდ, ბაქტერია Helicobacter pylori-თ, არის განპირობებული. კიდევ ერთი მიზეზია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (ასპირინი, იბუპროფენი) ხანგრძლივი გამოყენება. სტრესი და ცხარე საკვები წყლულს არ აჩენს, მაგრამ ამძიმებს.
წყლულის მთავარი ნიშანი კუჭის არეში ძლიერი ტკივილია. ის შესაძლოა აღმოცენდეს კვებათა შორის პერიოდში ან ღამით და გაგრძელდეს რამდენიმე წუთიც და რამდენიმე საათიც. ტკივილს აყუჩებს საკვების ან ანტაციდის მიღება. გარდა ამისა, ავადმყოფი შესაძლოა უჩიოდეს კუჭის სისავსის შეგრძნებას, ბოყინს, ცხიმიანი საკვების აუტანლობას, გულძმარვას, გულისრევის შეგრძნებას. წყლულის შემთხვევათა სამი მეოთხედი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ზოგ ავადმყოფს კი, პირიქით, მწვავე ნიშნები უვლინდება: ღებინება, სისხლიანი ღებინება, მუქი სისხლი განავალში, შავი კუპრისებრი განავალი, სუნთქვის გაძნელება... ამ სიმპტომების არსებობისას სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.
მკურნალობის გარეშე პეპტიკური წყლული თანდათან მძიმდება. მკურნალობის დაწყებამდე, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ჰელიკობაქტერიის აღმოჩენა სისხლში ან განავალში. დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში გამოწერენ კუჭის სიმჟავის დამაქვეითებელ მედიკამენტებს და ანტიბიოტიკებს. პაციენტს მოეთხოვება თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმაც, რადგან ისინი ზრდიან კუჭის სიმჟავეს და ხელს უწყობენ წყლულების ჩამოყალიბებას, წყლულიდან სისხლდენას. შეუხორცებელ წყლულს ქირურგიულად მკურნალობენ.
დივერტიკულოზი და დივერტიკულიტი
დივერტიკული ნაწლავის ჯიბისებრი დახშული დანამატია, მის არსებობას კი დივერტკულოზი ეწოდება. დივერტიკულოზით დაავადებულთა ადამიანთა ნახევარი 60 წელს არის გადაცილებული. ის ხშირად ემართებათ მათ, ვის მშობლებსაც ასეთივე პრობლემა ჰქონდათ.
დივერტიკულოზის მქონე ადამიანთა უმეტესობას არაფერი აწუხებს და არც კი იცის თავისი ავადმყოფობის შესახებ – პრობლემას შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე კონტრასტული რენტგენოლოგიური გამოკვლევის, კომპიუტერული ტომოგრაფიის ან კოლონოსკოპიის დროს. ზოგჯერ დივერტიკულოზი იწვევს სპაზმს, შებერილობას, შეკრულობას. ამ სიმპტომების მოსახსნელად ხშირად საკმარისია ბოჭკოთი მდიდარი დიეტა და მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი.
დანამატი ჯიბეების ანთებას დივერტიკულიტი ეწოდება. მისი მთავარი ნიშანია მუცლის ტკივილი, განსაკუთრებით – მარცხენა მხარეს, ცხელება, გულისრევა, ღებინება, შემცივნება, შეკრულობა. უფრო რთულ შემთხვევებში დივერტიკული სისხლმდენი ხდება, ზოგჯერ კი გაუვალობასაც იწვევს.
დივერტიკულიტს მკურნალობენ ანტიბიოტიკებით, ტკივილგამაყუჩებლებით და დიეტით, მძიმე შემთხვევებში – ქირურგიული ოპერაციით.
დივერტიკულოზის მქონე ადამიანებისთვის რეკომენდებულია, ერიდონ ძნელად მოსანელებელი კომპონენტების შემცველ პროდუქტებს: ბატიბუტს, თხილეულს, წვრილკურკიან ხილს, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ მათაც, ვინც ერიდებოდა ასეთ საკვებს და მათაც, ვინც არ ერიდებოდა, დივერტიკულიტი ერთნაირი სიხშირით დაემართათ. სამაგიეროდ, დადასტურებულია, რომ გართულების ალბათობას ამცირებს ბოჭკოთი მდიდარი რაციონი (ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული), წითელი ხორცის შეზღუდვა, წონის რეგულირება, რეგულარული ფიზიკური აქტიურობა, თამბაქოზე უარის თქმა, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების შეზღუდვა. გარდა ამისა, დივერტიკულიტის სამკურნალოდ იყენებენ პრობიოტიკებს (ნორმალური ფლორის ბაქტერიებს) და ანტიბიოტიკებს.
წყლულოვანი კოლიტი
ეს პათოლოგია ნაწლავის ანთებით დაავადებებს მიეკუთვნება. წყლულები ჩნდება მსხვილი და სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსზე. წყლულოვანი კოლიტი ნებისმიერ ასაკშია მოსალოდნელი, თუმცა უმეტესად 15-დან 30 წლამდე გვხვდება, მთავარი რისკფაქტორი კი დაავადების ოჯახური ისტორიაა.
წყლულოვანი კოლიტი უმეტესად ვლინდება მუცლის ტკივილით, სისხლიანი ან ჩირქიანი განავლით. სხვა სიმპტომებია ანემია, ძლიერი დაღლილობა, წონის კლება, მადის დაქვეითება, სწორი ნაწლავიდან სისხლდენა, კანზე ჩირქოვანი წყლულების გაჩენა, სახსრების ტკივილი, ზრდაში ჩამორჩენა.
წყლულოვან კოლიტს მედიკამენტებით მკურნალობენ, მძიმე შემთხვევებში მსხვილი ნაწლავის ამოკვეთა უწევთ.
კრონის დაავადება
ნაწლავის ანთებით დაავადებებს მიეკუთვნება კრონის დაავადებაც. დაზიანების არეალი მოიცავს მთელ საჭმლის მომნელებელ ტრაქტს პირის ღრუდან ანუსის ჩათვლით, მაგრამ უმეტესად წვრილი, კერძოდ, თეძოს ნაწლავი ზიანდება. კრონის დაავადების დროს ნაწლავის ლორწოსქვეშა გარსში ჩნდება გრანულომები – კვანძოვანი ჩანართები. დაავადება უმეტესად 13-დან 30 წლამდე ასაკის პირებთან ვლინდება. მთავარი სიმპტომებია მუცლის მოვლითი ტკივილი და დიარეა. ასევე მოსალოდნელია სწორი ნაწლავიდან სისხლდენა, წონის კლება, ცხელება.
კრონის დაავადებამ შესაძლოა გართულდეს გაუვალობით, წყლულებით, ნუტრიენტების შეწოვის დაქვეითებით, სახსრის ტკივილით და კანის პრობლემებით. მოსალოდნელია ზრდაში ჩამორჩენაც.
კრონის დავადება არ იკურნება, თუმცა წამლებით და კვებითი დანამატებით შესაძლებელია სიმპტომების მართვა. ზოგჯერ ქირურგიული ჩარევაც ხდება საჭირო. ზოგ პაციენტს ძალიან ხანგრძლივი რემისია (უსიმპტომო პერიოდი) აქვს. ამ დროს ის პრაქტიკულად ჯანმრთელია.
მსხვილი ნაწლავის პოლიპი
პოლიპი ნაწლავის კედლიდან აღმოცნებული წანაზარდია. პოლიპების უმრავლესობა საშიში არ არის, მაგრამ ზოგიერთი მათგანი შესაძლოა კიბოდ გარდაიქმნას ან თავიდანვე ავთვისებიანი იყოს, ამიტომ უსაფრთხოების მიზნით უმჯობესია მათი ამოკვეთა.
პოლიპები უმეტესად უსიმპტომოა. იშვიათად ვლინდება სისხლით საცვალზე ან ტუალეტის ქაღლდზე კუჭის მოქმედების შემდეგ, სისხლიანი განავლით, შეკრულობით ან დიარეით, რომელიც კვირაზე მეტხანს გრძელდება. ხშირია ფარული სისხლდენაც, რომლის აღმოჩენა განავლის ანალიზით არის შესაძლებელი.
საყლაპავის, კუჭის ან მსხვილი ნაწლავის კიბო
ავთვისებიანი წარმონაქმნების შესაძლო ნიშნებია ტკივილი, ყლაპვის გაძნელება, ღებინება, წონის უმიზეზო კლება, სისხლი განავალში, დიარეა ან შეკრულობა, ნაწლავის არასრული დაცლა, განავლის ფორმის შეცვლა, შებერილობა... სიმსივნის სამკურნალოდ მიმართავენ ოპერაციის, ქიმიოთერაპიისა და რადიოთერაპიის კომბინაციას.
გამოკვლევის მეთოდები
სისხლდენის მიზეზის დასადგენად ექიმი დაწვრილებით გამოიკითხავს პაციენტის ჩივილებს, დაავადების ისტორიას, ოჯახურ ისტორიას, მიღებულ წამლებს... გასინჯავს მას და გამოკვლევებს დანიშნავს.
შესაძლო გამოკვლევათა ნუსხა მოიცავს:
* ლაბორატორიულ ტესტებს – განავლის ანალიზს სისხლის აღმოსაჩენად, სისხლის ანალიზს;
* კუჭის ლავაჟს – ზონდის საშუალებით კუჭის ამორეცხვას. ეს პროცედურა ეხმარება ექიმს სისხლდენის სავარაუდო ადგილის განსაზღვრაში, პაციენტის სხვა გამოკვლევისთვის მომზადებაში, ზოგჯერ – ძლიერი სისხლდენის შეჩერებაშიც;
* ენდოსკოპიას (გასტროდუოდენოსკოპიას, ენტეროსკოპიას, კოლონოსკოპიას, სიგმოიდოსკოპიას) – სპეციალური ინსტრუმენტით საჭმლის მომნელებელი ტრაქტის შიგნიდან დათვალიერებას.
* გამოსახვით მეთოდებს – მუცლის ღრუს კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რენტგენოგრაფიულ გამოკვლევას ბარიუმის კონტრასტით, ანგიოგრაფიას – სისხლძარღვების რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, რადიონუკლეარულ სკანირებას;
* ოპერაციულ გამოკვლევას – თუ ჩამოთვლილი მეთოდებით სისხლდენის მიზეზი ვერ დაადგინეს, შესაძლოა, ჩატარდეს ოპერაცია ღია ან დახურული (ლაპაროსკოპიული) მეთოდით.
მკურნალობა
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის მკურნალობა სისხლდენის მიზეზსა და მის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. მიზეზის აღმოჩენის შემდეგ მკურნალობენ ძირითად დაავადებას, თუმცა შესაძლოა, სისხლდენის შეჩერებაც დასჭირდეთ. ამის გაკეთება შესაძლებელია ენდოსკოპიური ან ოპერაციული მეთოდით დიაგნოსტიკასთან ერთად. სისხლის შესაჩერებლად მიმართავენ სხვადასხვა მეთოდს: სისხლდენის ადგილას წამლის შეყვანას, სისხლმდენი ადგილის ლაზერით დამუშავებას, ელექტროკოაგულაციას, სისხლძარღვებზე მომჭერების დადებას, მათ გადაკვანძვას...
კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის გამომწვევი დაავადებების დროს მნიშვნელოვანია დიეტა, რომელიც მკურნალმა ექიმმა უნდა დანიშნოს.
რა იწვევს და რამდენად სახიფათოა
ტრავმა სისხლდენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ის გულისხმობს უცხო სხეულის მექანიკურ ზემოქმედებას, რომელიც ქსოვილის სტრუქტურას არღვევს. სისხლდენის სიმძიმე უცხო სხეულის ქსოვილში შეღწევის სიღრმესა და ქსოვილის დაზიანების ხარისხზეა დამოკიდებული.
ტრავმამ შესაძლოა გამოიწვიოს როგორც გარეგანი, ისე შინაგანი სისხლდენაც. ეს უკანასკნელი ძალზე სერიოზული მდგომარეობაა, რადგან შესაძლოა, არცთუ მძიმე ტრავმის შედეგადაც განვითარდეს და არა ტრავმისთანავე, არამედ რამდენიმე საათის ან რამდენიმე დღის შემდეგ იჩინოს თავი.
მცირე ჭრილობა საშიში არ არის, რადგან სისხლდენა მალევე ჩერდება, მაგრამ ინფექციის თავიდან ასაცილებლად მისი სათანადო დამუშავება აუცილებელია, ღრმა ჭრილობა კი ექიმის ჩარევას მოითხოვს. სხვაგვარად შესაძლოა, განვითარდეს ძლიერი და უკონტროლო სისხლდენა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს.
როგორ დავეხმაროთ
ქსოვილის მსუბუქი დაზიანება, როგორც უკვე ვთქვით, ძლიერ და ხანგრძლივ სისხლდენას არ იწვევს, ამიტომ თავისთავად სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მაგრამ შესაძლოა, ინფექციით გართულდეს და ლეტალური შედეგით დასრულდეს, ამიტომ აუცილებელია მისი სათანადო დამუშავება.
ინფექციის თავიდან ასაცილებლად ჭრილობის დამუშავებამდე საჭიროა ხელების დაბანა. მომდევნო საფეხური სისხლდენის შეჩერებაა: სუფთა ბინტით ან ქსოვილის ნაჭრით მსუბუქად დააწექით ჭრილობას, სანამ სისხლდენა არ შეჩერდება. თუ სისხლდენა ძლიერი არ არის და მექანიკური ზეწოლით ჩერდება, არ დაადოთ ჭრილობაზე ლახტი. თუ ნაჭერი სისხლით გაიჟღინთა, ჭრილობას კი არ მოაშოროთ, არამედ დაამატეთ ბინტი და ზეწოლა განაგრძეთ. თუ ჭრილობა მხარზე ან ფეხზეა, ასწიეთ კიდური მაღლა, გულის დონემდე – ეს, დიდი ალბათობით, შეანელებს სისხლდენას. დაიბანეთ ხელები პირველადი დახმარების შემდეგაც, სანამ ჭრილობის გასუფთავებასა და გადახვევას დაიწყებდეთ. შემდეგ ჭრილობის გასუფთავება დაიწყეთ. ნაზად მობანეთ არე ჭრილობის გარშემო საპნითა და თბილი წყლით. არ გამოიყენოთ წყალბადის ზეჟანგი და იოდი – შესაძლოა, ქსოვილი დაზიანდეს. წაუსვით ჭრილობაზე ანტიბიოტიკის შემცველი კრემი, რათა ინფექციის რისკი შეამციროთ, მერე კი სუფთა ბინტით გადაახვიეთ. ღრმა ჭრილობის შემთხვევაში აუცილებელია ანტიტეტანური ვაქცინა, თუ ის უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში არ გაკეთებულა.
გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, თუ:
* სისხლდენა ძლიერია;
* ეჭვი გაქვთ შინაგან სისხლდენაზე;
* ჭრილობა მუცლის ან გულმკერდის არეშია;
* სისხლდენა 10 წუთზე მეტია გრძელდება და სისხლი ძლიერი ჭავლით ჩქეფს ჭრილობიდან.
ჰემორაგიული შოკი
ჰემორაგიული შოკი, იგივე ჰიპოვოლემიური შოკი, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, რომელიც მაშინ ვითარდება, როდესაც ადამიანი კარგავს სისხლის ან სხეულის სითხის 20%-ზე მეტს. დიდი რაოდენობის სითხის დაკარგვის გამო გული სხეულში ვეღარ გადატუმბავს საკმარისი რაოდენობის სისხლს, რაც იწვევს ქსოვილთა იშემიას (სისხლმომარაგების შემცირებას) და ორგანოთა უკმარისობას. ეს მდგომარეობა გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. სხვაგვარად შესაძლოა ორგანიზმში შეუქცევადი პროცესები განვითარდეს.
სისხლის ძლიერი დანაკარგის გამოწვევა შეუძლია: ფიზიკურ ტრავმას, შინაგან სისხლდენას, საშვილოსნოსგარე ორსულობას, ძლიერ ვაგინალური სისხლდენას.
სხეულში არსებული სითხის მოცულობის შემცირება ასევე შეიძლება გამოიწვიოს უხვმა და ხანგრძლივმა დიარეამ, ძლიერმა დამწვრობამ, ხანგრძლივმა და ძლიერმა ღებინებამ. სიმპტომების სიმძიმე დაკარგული სითხის ოდენობაზეა დამოკიდებული, თუმცა ყველა სიმპტომი სიცოცხლისთვის საშიშია, ამიტომ გადაუდებელ სამედიცინო დახმარტებას მოითხოვს. შედარებით მსუბუქი სიმპტომებია თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, ჭარბი ოფლიანობა, თავბრუხვევა. მძიმე შოკის ნიშნებია: ცივი და წებოვანი კანი, სიფითრე, სწრაფი და ზერელე სუნთქვა, გულისცემის აჩქარება, შარდის გამოყოფის შემცირება ან შეწყვეტა, სისუსტე, სუსტი პულსი, ტუჩებისა და ფრჩხილების ციანოზი, გონების დაბინდვა ან დაკარგვა. შინაგანი სისხლდენის დროს მოსალოდნელია ტკივილი გულმკერდისა და მუცლის არეში, სისხლის მინარევი ექსკრემენტებში, სისხლიანი ღებინება. ჰიპოვოლემიური შოკი შესაძლოა გართულდეს ორგანოების დაზიანებითა და უკმარისობით, კიდურების ქსოვილთა კვდომით (განგრენა), გულის შეტევით.
როგორ დავეხმაროთ
სასწრაფო სამედიცინო ჩარევის გარეშე ჰიპოვოლემიური შოკი ლეტალური შედეგით სრულდება, ამიტომ შოკის სიმპტომების გამოვლენისას აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. სასწრაფოს მოსვლამდე დააწვინეთ ადამიანი ზურგზე, ფეხები ააწევინეთ მაღლა, ხოლო თავი დაადებინეთ დაბლა. არ ამოძრაოთ, თუ ეჭვობთ თავის, კისრის ან ზურგის დაზიანებას. დაახურეთ თბილი პლედი, რათა თავიდან აიცილოთ ჰიპოთერმია. არ მისცეთ სითხე. თუ უცხო სხეული ღრმად არ არის შეჭრილი ჭრილობაში, ამოიღეთ და დააწექით დაზიანებულ არეს, რათა სისხლის დანაკარგი შეამციროთ. ჭრილობაზე შემოახვიეთ ბინტი და შეკარით.
დიკ-სინდრომი
დისემინირებული (გავრცობილი) სისხლძარღვშიდა შედედების (DIC) სინდრომი მძიმე პათოლოგიაა, რომელიც ვითარდება სისხლის შედედებაში მონაწილე ცილების გადაჭარბებული აქტივობის შედეგად. ქსოვილის დაზიანებისას სისხლის შემდედებელი ცილები – თრომბოციტები და შედედების ფაქტორები – მყისვე მიემართებიან დაზიანებული უბნისკენ, რათა გაზარდონ სისხლის სიბლანტე, წარმოქმნან კოლტი და შეაჩერონ სისხლდენა. ამ ცილების გადაჭარბებული აქტივობა დისემინირებულ სისხლძარღვშიდა შედედებას იწვევს.
DIC-სინდრომის ძირითადი მიზეზებია ანთება, ინფექცია და კიბო. მისი ზოგიერთი შემთხვევისთვის დამახასიათებელია სისხლძარღვში სისხლის მცირე კოლტების წარმოქმნა, რომლებმაც შესაძლოა დაახშოს სისხლძარღვი, შეამციროს ღვიძლში, ტვინში ან თირკმელში სისხლის მიდენა და ამ ორგანოების მძიმე დაზიანება გამოიწვიოს. ზოგჯერ სისხლის შემდედებელი ცილების აქტივობა იმატებს და ხდება მათი ჭარბი უტილიზაცია, რამაც შესაძლოა მცირე დაზიანებისას – და სპონტანურადაც – ძლიერ სისხლდენამდე მიგვიყვანოს. ამ დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელი ერითროციტების დაშლაც კოლტით დახშობილ მცირე სისხლძარღვებში გადაადგილებისას. დაავადება ვლინდება სპონტანური და გახანგრძლივებული სისხლდენით, თრომბის წარმოქმნით, სისხლჩაქცევით, წნევის დაქვეითებით. მკურნალობის სპეციფიკური მეთოდი არ არსებობს. მთავარი მიზანია, განისაზღვროს და აღმოიფხვრას მისი ძირითადი მიზეზი. დამხმარე მკურნალობა ძლიერი სისხლდენის დროს მოიცავს პლაზმის გადასხმას სისხლში შედედების ფაქტორების რაოდენობის შესავსებად, ხოლო მრავალი თრომბის არსებობისას აუცილებელია სისხლის გამათხელებელი პრეპარატების (ჰეპარინის) გამოყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად. პროგნოზი პათოლოგიის მიზეზზეა დამოკიდებული. დაავადება შესაძლოა გართულდეს სისხლდენით, კიდურებისა და სასიცოცხლო ორგანოების სისხლმომარაგების მკვეთრი შემცირებით ან ინსულტით. გახანგრძლივებული და ძლიერი სისხლდენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს და დაუყოვნებლივ დაიწყეთ მკურნალობა, რათა მოსალოდნელი, საკმაოდ მძიმე გართულებები თავიდან აიცილოთ.
სისხლდენით მიმდინარე გენეტიკური დაავადებები
გენეტიკური დაავადებების წინაშე მედიცინა ჯერ კიდევ უძლურია. სწორედ გენეტიკური წარმოშობისაა ჰემოფილია და ვილებრანდის დაავადებაც. მათ სისხლის შედედების მექანიზმების თანდაყოლილი დარღვევა განაპირობებს. ამ დაავადებებისგან ვერ განვიკურნებით, მაგრამ მათი მართვა და გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია.
როგორ
სისხლძარღვის დაზიანებისას სისხლდენა გასაკვირი არ არის, მაგრამ როდესაც ის ხანგრძლივდება და ძლიერდება, მიზეზი შედედების მექანიზმში უნდა ვეძებოთ.
სისხლის შედედებას უზრუნველყოფს თრომბოციტები და სისხლში არსებული ორგანული თუ არაორგანული ნივთიერებები, რომლებსაც სისხლის შედედების ფაქტორებს უწოდებენ. მათი დეფიციტი ან დისფუნქცია შედედების მექანიზმის დარღვევას იწვევს. დარღვევა უმეტესად გენეტიკური მუტაციებით არის განპირობებული.
ყველაზე გავრცელებული დარღვევაა ვილებრანდის ფაქტორის დეფიციტი ან დისფუნქცია, რომელიც ვილებრანდის დაავადების სახელით არის ცნობილი. ის ქალებსა და მამაკაცებთან თანაბრად გვხვდება და, ტიპის კვალობაზე, სხვადასხვა სიმძიმით ვლინდება.
გამოყოფენ დაავადების სამ ტიპს. I ტიპი, რომელსაც ავტოსომურ–დომინანტური დამემკვიდრება ახასიათებს, შედარებით მსუბუქია და უფრო ხშირად გვხვდება (საერთო სტრუქტურის 60-80%), II და III ტიპები, რომლებისთვისაც ავტოსომურ-რეცესიული დამემკვიდრებაა დამახასიათებელი – უფრო იშვიათი (20-50% და 15-30% შესაბამისად) და მძიმეა.
გავრცელების მიხედვით მეორე ადგილს იკავებს შედედების VIII და IX ფაქტორების დეფიციტი, რომლებსაც ჰემოფილიის სახელით ვიცნობთ. VIII ფაქტორის დეფიციტი, იგივე ჰემოფილია A, უფრო მეტად არის გავრცელებული (80%). ეს არის X-ქრომოსომასთან შეჭიდული რეცესიული დაავადება, ამიტომ ავადმყოფების დიდი უმრავლესობა მამაკაცია, ქალები კი უმეტესად მატარებლები არიან.
არსებობს ჰემოფილიისა და ვილებრანდის დაავადების შეძენილი ფორმები, რომლებიც მემკვიდრეობით არ გადაეცემა და შედარებით გვიანდელ ასაკში ვლინდება პლაზმის შედედების ფაქტორების მიმართ ავტოანტისხეულების წარმოქმნის გამო.
სისხლში არსებული შედედების სხვა ფაქტორების (I, II, V, V+VIII, VII, X, XI, XIII) დეფიციტიც სისხლდენით მიმდინარე მემკვიდრეობითი პათოლოგიების ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ ნაკლებად არის ცნობილი, რადგან ძალიან იშვიათად გვხვდება. კიდევ უფრო იშვიათია სისხლის შედედებაში მონაწილე მნიშვნელოვანი ცილების, თრომბოციტების, დეფიციტით ან დისფუნქციით გამოწვეული დაავადება, რომელიც ასევე სისხლის შედედების მოშლით და შესაბამისი სიმპტომებით გამოიხატება.
როგორ ვლინდება
ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს, რომ ვილებრანდის დაავადება აქვს, რადგან ხშირად მსუბუქად მიმდინარეობს, ზოგჯერ კი უსიმპტომოდაც. მისი მთავარი ნიშანი გახანგრძლივებული სისხლდენაა. სიმპტომების გამოხატვის ხარისხი დაავადების ფორმაზეა დამოკიდებული. I და II ტიპები, როგორც უკვე ვთქვით, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის სიმპტომებით ვლინდება: დიდი ზომის სისხლჩაქცევები სხეულზე, გახანგრძლივებული (10 წუთზე ხანგრძლივი) სისხლდენა ცხვირიდან, ძლიერი სისხლდენა ტრავმის, ქირურგიული ოპერაციისა თუ მცირე სამედიცინო მანიპულაციის დროს. ასევე საყურადღებოა მძიმე და გახანგრძლივებული მენსტრუაცია.
დაავადების III ტიპის დროს I და II ტიპების სიმპტომებს ემატება ძლიერი სპონტანური სისხლდენა. ასევე მოსალოდნელია სახსრებისა და რბილი ქსოვილების შეშუპება სისხლდენის გამო და ძლიერი ტკივილი. მსგავსი სიმპტომები ახასიათებს ჰემოფილიასა და სხვა ფაქტორების დეფიციტსაც.
სიმპტომების გამოვლენის ხარისხი ჰემოფილიის შემთხვევაშიც ფორმის სიმძიმეზეა დამოკიდებული, თუმცა მთავარი აქაც სპონტანურად დაწყებული და გახანგრძლივებული სისხლდენაა.
როგორ მკურნალობენ
იყო დრო, როდესაც სისხლდენით მიმდინარე გენეტიკური დაავადებების დროს მცირე ტრავმაც კი ლეტალურად სრულდებოდა. დღეს ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს – მედიცინას შეუძლია სისხლდენის მართვა. ამისთვის მიმართავენ: შედედების ფაქტორების ჩანაცვლებით თერაპიას – დეფიციტური შედედების ფაქტორები ინტრავენურად შეჰყავთ სისხლში; მედიკამენტურ მკურნალობას პრეპარატ დესმოპრესინით, რომელსაც უნარი შესწევს, დროებით გაზარდოს სისხლში შედედების დეფიციტური ფაქტორების კონცენტრაცია; ანტიფიბრინოლიზური საშუალებებით – ამინოკაპრონისა და ტრანექსამიკის მჟავებით თერაპიას. ქალებს უნიშნავენ ესტროგენშემცველ კონტრაცეპტივებს, რათა აკონტროლონ ძლიერი სისხლდენა მენსტრუაციის დროს. ჰორმონი ესტროგენი ზრდის სისხლის პლაზმაში შედედების VIII ფაქტორისა და ვილებრანდის ფაქტორის შემცველობას.
თუ დაავადების მსუბუქი ფორმა გაქვთ, მკურნალობა მხოლოდ ტრავმის ან ქირურგიული ოპერაციის შემთხვევაში დაგჭირდებათ, ხოლო მძიმე ფორმის დროს აუცილებელია რეგულარული მკურნალობა, რათა თავიდან აიცილოთ სისხლდენა და ისეთი გართულებები, როგორებიცაა სახსრების შეშუპება და დეფორმაცია.
გართულებები
სისხლის შედედების ფაქტორების დეფიციტით განპირობებული დაავადებები ხშირად რთულდება სახსრების შეშუპებით, ტკივილითა და დეფორმაციით, რისი მიზეზიც სახსრებში ჩაღვრილი სისხლია. ქალებთან გახანგრძლივებულ მენსტრუაციას რკინადეფიციტურ ანემიამდე მივყავართ. შესაძლოა, გართულებები მკურნალობასაც მოჰყვეს. საქმე ის არის, რომ შედედების ფაქტორების ჩანაცვლებითი თერაპიისა და მედიკამენტური თერაპიის დროს იმუნური სისტემა გამოიმუშავებს ანტისხეულებს – ინჰიბიტორებს, რომლებიც ამცირებს წამლების ეფექტს. იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ძლიერი უკონტროლო სისხლდენა და ორგანიზმში შეუქცევადი ცვლილებები გამოიწვიოს.
როდის მივმართოთ ექიმს
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ:
* ხშირად გიჩნდებათ სხეულზე სისხლჩაქცევები და გიხანგრძლივდებათ სისხლდენა;
* უჩივით სახსრებში მოძრაობის გაძნელებას, სახსრების ტკივილს, გახურებას და შესივებას;
* გაქვთ გენეტიკური განწყობა, ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას.
იშვიათად ვითარდება ინტრაკრანიალური ჰემორაგია (ქალასშიდა სისხლდენა), რომელიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს, ამიტომ უნდა იცოდეთ, როგორ ამოიცნოთ ის. ინტრაკრანიალური ჰემორაგიის სიმპტომებია: თავის ძლიერი ტკივილი, კისრის დაჭიმულობა, ღებინება, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება, მეტყველების გაძნელება, მხედველობის დაბინდვა, კოორდინაციის უნარის დაკარგვა, სახის რამდენიმე ან ყველა კუნთის დამბლა.
როგორ სვამენ დიაგნოზს
დაავადების მსუბუქი ფორმების დროს სპონტანური და ძლიერი სისხლდენა იშვიათია, ამიტომ დიაგნოზი ხშირად ტრავმული დაზიანების ან ქირურგიული ჩარევის შედეგად განვითარებული ძლიერი და გახანგრძლივებული სისხლდენის შემდეგ ისმება, დაავადებების მძიმე ფორმები კი ბავშვობიდანვე ძლიერი სისხლდენით ვლინდება, ამიტომ დიაგნოსტირებაც ადრეულ ასაკში ხდება. ვინაიდან დაავადება უმეტესად გენეტიკურია, დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ოჯახური ისტორიის გათვალისწინებაც. სადიაგნოსტიკო ტესტების საშუალებით განისაზღვრება პლაზმაში შედედების დეფიციტური ფაქტორებისა და თრომბოციტების რაოდენობა და აქტივობა. ვილებრანდის ფაქტორის დონემ შესაძლოა მოიმატოს სტრესის ან ფიზიკური დატვირთვის, ორალური კონტრაცეპტივების გამოყენების, ორსულობის, ჰიპერთირეოიდიზმის (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერების) დროს, ამიტომ ტესტების განმეორება აუცილებელია.
ცხოვრება სისხლმდენი დაავადებებით
ამ დაავადებებით ცხოვრება ძნელია, მაგრამ სწორ მკურნალობას და რისკფაქტორების კონტროლს, როგორც ვთქვით, ცხოვრების ხარისხის აწევა და გართულებების თავიდან აცილება შეუძლია.
უპირველეს ყოვლისა, ეცადეთ, თავიდან აიცილოთ სისხლდენა: ერიდეთ სარისკო საქმიანობას, სიფრთხილე გამოიჩინეთ სისხლის გამათხელებელი მედიკამენტების მიღებისას (ასეთებია ასპირინი, იბუპროფენი და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (NSAIDs). სახსრების დაზიანებისას დაისვენეთ და მტკივან სახსარზე შეშუპებისა და ტკივილის დასაცხრობად დაიდეთ ცივი საფენი, მისი ნორმალური ფუნქციონირების ასღსადგენად კი რეკომენდებულია ფიზიკური თერაპია. სტომატოლოგიური თუ სხვა სამედიცინო პროცედურების ჩატარებამდე გააფრთხილეთ ექიმი, რათა მოახდინოს სისხლდენის პრევენცია. იაქტიურეთ ფიზიკურად, შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა – ეს კუნთებისა და სახსრების დაზიანებისგან დაგიცავთ, მაგრამ ერიდეთ სპორტის უხეშ სახეობებს: ფეხბურთს, ჰოკეის, რაგბის, კრივს, მძლეოსნობას. აუცილებლად გააცანით თქვენი მდგომარეობა ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თანამშრომლებს, რათა სპონტანური სისხლდენის ან ტრავმის შემთხვევაში იცოდნენ, როგორ დაგეხმარონ.
შარდში სისხლის აღმოჩენა ყველას აშინებს. მიზეზი უმეტესად უწყინარია, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, ჰემატურია სერიოზული პრობლემის ნიშანი იყოს.
თუ სისხლი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, ამას მაკროჰემატურია ეწოდება; თუ მისი აღმოჩენა მხოლოდ მიკროსკოპით არის შესაძლებელი, ეს მიკროჰემატურიაა. მიზეზი ორივე შემთხვევაში უნდა გაირკვეს, ვინაიდან მკურნალობის ტაქტიკა სწორედ ამაზეა დამოკიდებული.
შარდში სისხლის არსებობას ხშირად არავითარი სხვა ჩივილი არ ახლავს თან, ამიტომ ნუ დაელოდებით დამატებით სიმპტომებს – შარდში სისხლი საკმარისი მიზეზია, რომ ექიმს მიმართოთ.
რა იწვევს
შარდს ფერი შესაძლოა რომელიმე მედიკამენტმა ან საკვებმა შეუცვალოს, შარდში სისხლის გაჩენას კი, წესისამებრ, თირკმელების ან საშარდე ტრაქტის სხვა ნაწილის პრობლემები იწვევს, მათ შორის:
* საშარდე გზების ინფექცია, რომელიც შარდსადენიდან იწყება და აღმავალი გზით ვრცელდება. ამ დროს ჰემატურიას თან ახლავს ხშირი შარდვა, შარდვის დროს ტკივილი და წვა. ზოგჯერ შარდს დამახასიათებელი, მძაფრი სუნი აქვს. იშვიათად, განსაკუთრებით – ხანში შესულებთან, სისხლიანი შარდი საშარდე გზების ინფექციის ერთადერთი ნიშანია.
* თირკმელების ინფექცია. საშარდე გზებიდან ინფექცია თირკმელებს აღწევს. ზოგჯერ ინფიცირება სისხლში მოცირკულირე ბაქტერიებითაც ხდება. სიმპტომები საშარდე გზების ინფექციისას ჰგავს. მათ გარდა მოსალოდნელია ცხელება და გვერდების ტკივილი.
* შარდის ბუშტის ან თირკმლის კენჭი. თირკმლის კენჭოვანი დაავადება უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ ბევრმა მანამდე არაფერი იცის მის შესახებ, სანამ კენჭი თირკმლიდან არ გამოვა და საშარდე გზებს არ დაბლოკავს. კენჭის გავლის სიმტპომები იმდენად ძლიერი და სპეციფიკურია, შეუძლებელია, რამეში აგვერიოს.
* წინამდებარე ჯირკვლის გადიდება. წინამდებარე ჯირკვალი, პროსტატა, გარს აკრავს მამაკაცის შარდსადენის ნაწილს. მისთვის ასაკთან ერთად გადიდებაა დამახასიათებელი. გადიდებული ჯირკვალი აწვება შარდსადენს და შარდის ბუშტიდან შარდის გამოსვლას აფერხებს. ამის კვალობაზე, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიას ახასიათებს შარდვის გაძნელება, მოშარდვის დაუოკებელი სურვილი, ხშირი შარდვა და ჰემატურია.
* თირკმლის დაავადებები. მიკროჰემატურია დამახასიათებელია გლომერულონეფრიტისთვის – თირკმლის ანთებითი დაავადებისთვის. ის შესაძლოა იყოს სისტემური დაავადების, მაგალითად, დიაბეტის გამოხატულებაც და დამოუკიდებლადაც განვითარდეს. ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია, სისხლძარღვების დაავადება – ვასკულიტი, იმუნური სისტემის ესა თუ ის პრობლემა შესაძლოა გლომერულონეფრიტის მიზეზად იქცეს.
* სიმსივნე. შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევი ჰემატურია შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის, შარდის ბუშტის ან წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნემ. სამწუხაროდ, ამ დაავადებების საწყის ეტაპზე პაციენტის ხშირად არაფერს უჩივის.
საშარდე გზებიდან სისხლდენის შედარებით იშვიათი მიზეზებია ზოგიერთი თანდაყოლილი დაავადება (მაგალითად, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია), თირკმლის ტრავმა, ზოგიერთი მედიკამენტი (მათ შორის – სიმსივნური დაავადებების სამკურნალო საშუალებები), ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა.
როგორ მივაგნოთ დამნაშავეს
ამისთვის ექიმთან მისვლა და რამდენიმე გამოკვლევის ჩატარებაა საჭირო. ზემოთ აღწერილი ჩივილების არსებობისას, უპრიანია, ოჯახის ექიმს ან უროლოგს მიმართოთ. ის, უპირველესად, ანამნეზს შეკრებს და პაციენტს გასინჯავს.
ანალიზისთვის შარდის ჩაბარება მაშინაც მოგიწევთ, როცა სისხლდენა თვალსაჩინოა და ეჭვს არ იწვევს. შარდში სისხლის უჯრედებთან ერთად შესაძლებელია ინფექციისთვის დამახასიათებელი უჯრედებისა და თირკმლის კენჭების გამომწვევი მინერალების აღმოჩენაც.
ხშირად საშარდე სისტემის ვიზუალური შეფასებაც არის საჭირო. პირველი რიგის კვლევა ულტრასონოგრაფიაა – ათვალიერებენ თირკმელებს, შარდის ბუშტს, წინამდებარე ჯირკვალს. თუ ექიმმა საჭიროდ მიიჩნია, შესაძლოა, კომპიუტერული ან მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიაც ჩაგიტარონ. თუ უროლოგმა შარდის ბუშტის პრობლემა იეჭვა, შესაძლოა, ჩაგიტარონ ცისტოსკოპიაც: სპეციალისტი წვრილ მილზე დამაგრებული კამერით შედის შარდის ბუშტში, ათვალიერებს მას და, საჭიროებისამებრ, მორფოლოგიური კვლევისთვის მასალასაც იღებს. შესაძლოა, ცისტოსკოპია დიაგნოსტიკურიდან სამკურნალო პროცედურაში გადაიზარდოს.
მკურნალობა
მკურნალობა სისხლდენის მიზეზზეა დამოკიდებული. შესაძლოა, საჭირო გახდეს ანტიბიოტიკოთერაპია, პროსტატის ჰიპერპლაზიის საწინააღმდეგო პრეპარატები, ლაზერული თერაპია კენჭების დასაშლელად, ოპერაციული ჩარევა.
საშიშია თუ არა საშოდან სისხლდენა
ყველა ვაგინალური სისხლდენა, რომელიც არ არის დაკავშირებული ნორმალურ მენსტრუალურ ციკლთან, პათოლოგიურია. ვაგინალური სისხლდენა შესაძლოა გამოვლინდეს სისხლის წვეთებით მენსტრუაციებს შორის, რომლებსაც ქალი ხშირად მხოლოდ ტუალეტის ქაღალდზე ამჩნევს, ან მასიური სისხლდენით მენსტრუაციის დროს, რომლის გამოც ქალს თითქმის საათში ერთხელ უწევს საფენის ან ტამპონის გამოცვლა.
ნორმალური მენსტრუაცია დგება 21-35 დღეში ერთხელ და ერთ კვირამდე გრძელდება. გამონადენის ოდენობა ინდივიდუალურია – უხვიც და მწირიც ნორმის ვარიანტებად არის მიჩნეული. მენსტრუალური ციკლი უფრო ხანგრძლივი აქვთ თინეიჯერებს და მენოპაუზას მიახლოებულ ქალებს.
რამ შეიძლება გამოიწვიოს პათოლოგიური ვაგინალური სისხლდენა?
მიზეზი შესაძლოა უკავშირდებოდეს ქალის რეპროდუქციულ`გინეკოლოგიურ სტატუსს, რომელიმე სხვა სამედიცინო პრობლემას, განსაზღვრულ მედიკამენტს. თუ ქალმა მენოპაუზის ასაკში შეაბიჯა და უკვე 12 თვეა, მენსტრუაცია აღარ ჰქონია, საშოდან სისხლიანი გამონადენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს გინეკოლოგს.
პათოლოგიური ვაგინალური სისხლენის შესაძლო მიზეზებია:
* სიმსივნური და სიმსივნისწინა მდგომარეობები – საშვილოსნოს ყელის კიბო, ენდომეტრიუმის კიბო, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, საკვერცხის კიბო, საშვილოსნოს სარკომა;
* ენდოკრინული სისტემის მხრივ – ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დეფიციტი ან სიჭარბე, პოლიკისტური საკვერცხეების სინდრომი, კონტრაცეპტივების ან სხვა ჰორმონჩანაცვლებითი საშუალებების შეწყვეტა ან შეცვლა;
* რეპროდუქციული სისტემის მხრივ – ექტოპიური (გარე) ორსულობა, ჰორმონული დისბალანსი, ორსულობასთან ასოცირებული სისხლდენა, სქესობრივი აქტი, პერიმენოპაუზა – გარდამავალი მდგომარეობა რეპროდუქციულ პერიოდსა და მენოპაუზას შორის, ვაგინალური ატროფია – მენოპაუზისთვის დამახასიათებელი ატროფიული ცვლილებები საშოს ლორწოვანში;
* ინფექციები – ცერვიციტი (ცერვიკალური არხის ანთება), ქლამიდია, ტრიქომონა, ენდომეტრიტი (საშვილოსნოს ამომფენი ლორწოვანის ანთება), მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება, ვაგინიტი;
* წამლები და ხელსაწყოები – ჩარჩენილი ტამპონი, საშვილოსნოსშიდა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება (სპირალი), მედიკამენტი ტამოქსიფენი;
* საშვილოსნოს არასიმსივნური დაავადებები – ადენომიოზი (საშვილოსნოს ენდომეტრიოზი), საშვილოსნოს ყელის პოლიპი, ენდომეტრიუმის პოლიპი, საშვილოსნოს ფიბროიდები (კვანძები).
როდის მივმართოთ ექიმს
ორსულობის პერიოდში სისხლიანი ან მოყავისფრო გამონადენის არსებობისას აუცილებელია ექიმის გადაუდებელი კონსულტაცია. სხვა შემთხვევებში სპეციალისტის ჩარევას მოითხოვს ნებისმიერი არამენსტრუალური სისხლიანი გამონადენი და პათოლოგიური მენსტრუაცია. განსაკუთრებული ყურადღებააა საჭირო, თუ საშოდან გამონადენი აქვს მენოპაუზის ფაზაში მყოფ ქალს, რომელიც არ იტარებს ჰორმონჩანაცვლებით თერაპიას. ჰორმონთერაპიის ფონზე ზოგჯერ წარმოიშობა სისხლიანი გამონადენი, მაგრამ პაციენტი ამის თაობაზე მკურნალმა ექიმმა უნდა გააფრთხილოს. ყურადღებაა საჭირო მაშინაც, თუ ვაგინალური სისხლდენა დაეწყო 8 წლამდე ასაკის გოგონას, რომელსაც ჯერ არ ეტყობა სქესობრივი სიმწიფის არავითარი გარეგნული ნიშანი.
ნორმად მიიჩნევა, თუმცა მაინც მოითხოვს პროფესიონალის კონსულტაციას:
* ახალშობილთა სისხლდენა – ახალშობილ გოგონას სიცოცხლის პირველ თვეს შესაძლოა ჰქონდეს ვაგინალური სისხლდენის ეპიზოდი. თუ გამონადენი ჭარბია ან გახანგრძლივდა, საჭიროა გამოკვლევა;
* მენსტრუაციამდელი სისხლდენა თინეიჯერებთან – მოზარდ გოგონებს, რომლებსაც ახლახან დაეწყოთ მენსტრუცია, არარეგულარული ციკლი შესაძლოა რამდენიმე წელი გაუგრძელდეთ; ზოგიერთს მენსტრუაციის დაწყებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში აქვს მცირე გამონადენი წვეთების სახით;
* ქალებს, რომლებმაც დაიწყეს კონტრაცეპტივების მიღება, პირველი თვეების განმავლობაში დროდადრო აქვთ მცირედი სისხლიანი გამონადენი;
* პერიმენოპაუზის ასაკში მყოფ ქალებთან ჰორმონული ძვრების გამო ციკლიც არარეგულარული ხდება.
როგორ მოვიქცეთ
გინეკოლოგთან ვიზიტი როდის არის საჭირო, უკვე გავარკვიეთ. ექიმი დაწვრილებით გამოგკითხავთ პრობლემის შესახებ და საჭირო კვლევებსაც დაგინიშნავთ. პირველი რიგის კვლევაა მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ულტრასონოგრაფია (გოგონებსა და ქალებთან, რომლებსაც სქესობრივი ცხოვრების გამოცდილება არ აქვთ, ის მუცლის კედლიდან ტარდება, სქესობრივად აქტიურებთან კი ტრანსვაგინალურად). ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა ამა თუ იმ დამატებითი კვლევის ჩატარებაც გახდეს საჭირო, მათ შორის – ჰორმონული სტატუსის შეფასება, საშვილოსნოს ყელის დათვალიერება, ნაცხის ანალიზი, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ზოგჯერ – ჰისტეროსკოპია და ლაპაროსკოპიაც კი.
როგორც თავად დარწმუნდით, ვაგინალურ სისხლდენას უამრავი მიზეზი აქვს და თითოეული მათგანი თავისებურ მიდგომას მოითხოვს: ანთებითი დაავადებების დროს ანთების საწინააღმდეგო მკურნალობაა საჭირო, ინფექციის დროს – ანტიბიოტიკოთერაპია, ჰორმონული დისბალანსის დროს – შესაბამისი ჰორმონის დონის მოწესრიგება, ზოგიერთ პრობლემას კი, მათ შორის – პოლიპებს და ფიბროიდებს, ქირურგიული ჩარევა სჭირდება.
ცხვირიდან სისხლდენა
ცხვირიდან სისხლდენა, იგივე ეპისტაქსისი, სისხლდენის მარტივი ფორმაა და ცხვირის ღრუში არსებული სისხლძარღვების მთლიანობის დარღვევის შედეგად ვითარდება. უმეტესად საშიში არ არის, მაგრამ იშვიათად შესაძლოა მძიმე პათოლოგიის წინაპირობაც იყოს. ცხვირიდან სისხლდენა საკმაოდ გავრცელებულია, ვინაიდან ცხვირის ღრუში დიდი რაოდენობითაა სისხლძარღვები, რომლებიც ზედაპირთან ახლოსაა განლაგებული. ისინი სუსტი და ადვილად სისხლმდენია. სისხლდენა უმეტესად სპონტანურად იწყება, განსაკუთრებით – მოზარდებსა და 3-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში. თუ სისხლდენის კვირაში ერთზე მეტი შემთხვევა აღირიცხება, მდგომარეობა ყურადღებას მოითხოვს.
ცხვირიდან სისხლდენის ორი ყველაზე გავრცელებული მიზეზია მშრალი ჰაერი და ცხვირის ღრუს თითით გაღიზიანება, რაც უმთავრესად ბავშვებს სჩვევიათ. სხვა მიზეზთაგან შეიძლება აღინიშნოს ცხვირის ღრუს უცხო სხეულით დახშობა, ქიმიური გამღიზიანებლის (მაგალითად, ამიაკის) ზემოქმედება, ალერგიული რეაქცია, ცხვირის ტრავმა, განმეორებადი ძლიერი ცემინება, ცივი ჰაერი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, სინუსიტი (ცხვირის დანამატი წიაღების ანთება), ანტიკოაგულანტების (სისხლის გამათხიერებლების), მათ შორის – ვარფარინისა და ჰეპარინის, გამოყენება, გამრუდებული ძგიდე, ასპირინის დიდი დოზის მიღება (ის ხელს უშლის თრომბოციტების შეწებებას და, შესაბამისად, სისხლის შედედებას), ალერგიის საწინააღმდეგო ცხვირის წვეთების ხშირი გამოყენება, არაალერგიული რინიტი, ჰემოფილია და სისხლდენისკენ მიდრეკილების გამომწვევი სხვა პათოლოგიები.
ცხვირიდან სისხლდენის ნაკლებად გავრცელებული მიზეზებია: ალკოჰოლის მიღება, თამბაქოს წევა, მემკვიდრეობითი ჰემორაგიული ტელეანგიექტაზია, იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა (სისხლში თრომბოციტების ძალიან მცირე შემცველობის გამო სისხლი ვეღარ დედდება და ადვილად ვითარდება სისხლდენა), ლეიკემია (სისხლის უჯრედების კიბო), ცხვირის ღრუს პოლიპები, ცხვირის ღრუს სიმსივნე, ცხვირის ქირურგიული ოპერაცია, ორსულობის მეორე ტრიმესტრი (ორგანიზმში ჰორმონების დონის მატება იწვევს სისხლწარმოქმნის გაძლიერებას, რამაც შესაძლოა ლორწოვანი გარსის შეშუპებამდე და სპონტანურ სისხლდენამდე მიგვიყვანოს), მაღალი წნევა.
როგორ შევაჩეროთ
ცხვირიდან სისხლდენა სერიოზული პრობლემა არ არის. მისი შეჩერება სახლის პირობებშიც ადვილია. უპირველეს ყოვლისა, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რადგან ემოციურ ფონზე სისხლდენა შესაძლოა დამძიმდეს. არ დაწვეთ – შესაძლოა, სისხლი გადაგეყლაპოთ და კუჭი გაგიღიზიანოთ. დაჯექით და ოდნავ წინ გადაიხარეთ, რათა სისხლი ხორხში არ გადაგივიდეთ. საჩვენებელი და ცერა თითები ცხვირზე მოიჭირეთ, ნესტოები დაიხშეთ და ისუნთქეთ პირით. ასე გაჩერდით 5-10 წუთი, მერე ნესტოებიდან ხელი მოიცილეთ და შეამოწმეთ, შეჩერდა თუ არა სისხლდენა. თუ სისხლი ისევ დის, მანიპულაცია გაიმეორეთ. თუ სისხლდენა პირველივე მცდელობაზე შეწყდა, ერთხანს ნუღარ შეეხებით ცხვირს, რადგან შესაძლოა, სისხლდენა განახლდეს. თუ მაინც განახლდა, ნაზად მოიხოცეთ ცხვირი, რომ სისხლის კოლტები გამოდევნოთ. შეგიძლიათ, ცხვირის ძგიდეზე დაიდოთ ცივი საფენები და ისხუროთ ცხვირის ღრუს შეგუბებისა და შეშუპების საწინააღმდეგო სპრეი (მაგალითად, ოქსიმეტაზოლინი). მერე ისევ დაიხშეთ ნესტოები 5-10 წუთით და დაუკავშირდით ექიმს. გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, თუ სისხლდენა მოჰყვა ტრავმას, უხვია, გრძნობთ სისუსტეს, გიჭირთ სუნთქვა, გებინდებათ მხედველობა ან ცნობიერება, გაქვთ სიცხე ან გტკივათ თავი, სისხლდენა, მიუხედავად კომპრესიისა, 30 წუთზე მეტია გრძელდება. აუცილებლად მიმართეთ პედიატრს, თუ სისხლდენა განუვითარდა ორ წლამდე ასაკის ბავშვს. თუ ბევრი სისხლი დაკარგეთ, ერიდეთ მოძრაობას.
ყურიდან სისხლდენა
ყურიდან სისხლდენას არაერთი მიზეზი აქვს. კერძოდ, ის შესაძლოა გამოიწვიოს დაფის აპკის მთლიანობის დარღვევამ, შუა ყურში მიმდინარე ინფექციურმა პროცესმა, ბაროტრავმამ (რომელსაც დაფის აპკის მთლიანობის დარღვევამდე მივყავართ), ატმოსფერული წნევის მკვეთრმა ცვლილებამ, ყურში უცხო სხეულის მოხვედრამ, გარეთა სასმენი მილის კიბომ და თავის ტრავმამ. მიზეზთა კვალობაზე, სხვადასხვანაირია სპეციფიკური თანმხლები სიმპტომებიც.
ყურიდან სისხლდენა, რა მიზეზითაც უნდა იყოს გამოწვეული, ყოველთვის საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ მიმართოთ ექიმს, განსაკუთრებით – თუ ბოლო ხანს თავის ტრავმა გადაიტანეთ. სხვა მიზეზები ნაკლებსაშიშია, თუმცა მკურნალობის გარეშე აუცილებლად განვითარდება გართულება, რაც გულისხმობს ინფექციური პროცესის გაღრმავებას, სმენის დაქვეითებას, ყურების მუდმივ შუილს, კოგნიტიური (შემეცნებითი) ფუნქციის დარღვევას, კოორდინაციის მოშლას, ხშირ თავბრუხვევას და თავის ტკივილს.
მკურნალობა მოიცავს ანტიბიოტიკოთერაპიას, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღებას, თბილ კომპრესებს მტკივანი ადგილის გარშემო და ყურის დაცობას წყლისა და უცხო ნივთიერებების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად.
ღრძილებიდან სისხლდენა
ღრძილებიდან სისხლდენა შესაძლოა ღრძილების დაავადების ნიშანი იყოს. ამის მიზეზი ყველაზე ხშირად კბილების ნადებია, რომელიც პირის ღრუში მცხოვრები ბაქტერიების ცხოველქმედების შედეგად წარმოიქმნება. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კბილების წმენდა ყოველი ჭამის შემდეგ და ძილის წინ, ძაფით გასუფთავება დღეში ერთხელ.
არ შეშინდეთ, თუ წმენდისას ღრძილებზე ცოტაოდენი სისხლი შეამჩნიეთ – ეს შესაძლოა უხეში ჯაგრისის ბრალი იყოს.
მწეველებს ღრძილებიდან სისხლდენის ორჯერ მეტი რისკი ემუქრებათ სიგარეტის შემადგენლობაში შემავალი ქიმიური ნივთიერებების გამო, რომლებიც ასუსტებს ბაქტერიების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს და ხელს უწყობს ინფექციის განვითარებას. ასე ხდება დიაბეტის დროსაც.
ღრძილებიდან სისხლდენას იწვევს ზოგიერთი მედიკამენტიც, მათ შორის – სისხლის გამათხელებლები (ჰეპარინი), ანტიკონვულსანტები (კრუნჩხვის საწინააღმდეგო), იმუნური სისტემის დამთრგუნველი საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინური და ანტიჰიპერტენზიული საშუალებები. სისხლდენის რისკი იმატებს ორსულობის, ჰორმონული ბალანსის დარღვევის, სისხლის შედედების პათოლოგიის ან ლეიკემიის დროს. ცუდად დამაგრებული კბილის პროთეზი ღრძილებს აღიზიანებს და ასევე შეუძლია სისხლდენის გამოწვევა. კიდევ ერთი გამომწვევია სტრესი, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის არა მარტო ფსიქიკურ, არამედ ფიზიკურ მდგომარეობაზეც. ღრძილებიდან სისხლდენა შესაძლოა განვითარდეს ციროზის დროსაც ღვიძლის დეტოქსიკაციური ფუნქციის დარღვევის გამო. მიზეზი ასევე შესაძლოა იყოს გენეტიკური განწყობა, C და K ვიტამინების დეფიციტი.
აუცილებლად მიმართეთ სტომატოლოგს, თუ სისხლდენა ძლიერი და ხანგრძლივია, მკურნალობის შემდეგაც გრძელდება ან სხვა სიმპტომებიც ახლავს თან.
K ვიტამინის დეფიციტით განპირობებული სისხლდენა
K ვიტამინი ორგანიზმისთვის მეტად საჭირო ნივთიერებაა, რომელსაც ადამიანი უმთავრესად საკვების მეშვეობით იღებს, თუმცა ის წვრილ ნაწლავში არსებული ბაქტერიული ფლორისგანაც წარმოიქმნება. მას მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია სისხლის შედედებაში, რადგან მონაწილეობს სისხლის შედედების მეორე ფაქტორის, პროთრომბინის, VII და IX ფაქტორების სინთეზში. ამის კვალობაზე, მისი დეფიციტი სისხლდენას იწვევს. ზრდასრულებთან K ვიტამინის დეფიციტი უმთავრესად გვხვდება წვრილი ნაწლავის პათოლოგიების – ცელიაკიის, კრონის დაავადების, ასევე – სანაღვლე გზების დახშობის დროს. სისხლის გამათხელებლები თრგუნავს ამ ნივთიერების მეტაბოლიზმს. K ვიტამინის დეფიციტი განსაკუთრებით ყურადსაღებია ახალშობილებთან, რადგან შესაძლოა, ძლიერი სისხლდენა გამოიწვიოს. სისხლდენის პრევენციისთვის აუცილებელია, ორგანიზმში მისი მარაგი დაბადებისთანავე შეივსოს გადასხმის გზით.
მარი აშუღაშვილი
გვანცა გოგოლაძე
მარიამ ჯანიაშვილი
თამარ არქანია