A ჰეპატიტი: როგორ ავარიდოთ ღვიძლს გასაჭირი?
გააზიარე:
ჩვენ გარშემო ჯერ კიდევ ბევრია ისეთი, ვისთვისაც “ბოტკინი” გასაგები, შინაურული სიტყვაა, “A ჰეპატიტი” კი – დამაბნეველი. A ვირუსით გამოწვეულ ღვიძლის დაავადებას დიდხანს ბოტკინის სახელით მოიხსიენებდნენ. ეს იმიტომ, რომ სერგეი ბოტკინმა პირველმა აღმოაჩინა კავშირი ჰეპატიტის განვითარებასა და ინფექციას შორის.
ჰეპატიტი ღვიძლის ანთებას ნიშნავს. მისი გამოწვევა შეუძლია ტოქსინს, წამალს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და, რა თქმა უნდა, ინფექციასაც.
ამჟამად ჰეპატიტის გამომწვევი ხუთი ვირუსია ცნობილი.
ბავშვებთან ყველაზე ხშირად A ვირუსით გამოწვეული ჰეპატიტი გვხვდება, რომელსაც A ჰეპატიტს უწოდებენ და ძალიან გადამდებია – ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს დაბინძურებული საკვებით გამოწვეულ დაავადებათა შორის. საკვებისა თუ სასმლის მასობრივი დაბინძურება შესაძლოა A ჰეპატიტის ეპიდემიის მიზეზად იქცეს.
ბავშვები ხშირად არღვევენ ჰიგიენის წესებს: არ იბანენ ხელებს ჭამის წინ, პირში იდებენ ათასგვარ საგანს, – ამიტომ A ჰეპატიტი განსაკუთრებით მათთანაა აქტუალური.
როგორ ვრცელდება
A ჰეპატიტის ვირუსი ადვილად ვრცელდება დაავადებულის ფეკალიებით დაბინძურებული წყლითა და საკვებით. ავადმყოფობის გამოსაწვევად ვირუსის მცირე რაოდენობაც საკმარისია. ის ვრცელდება დაბინძურებული საგნებიდანაც – შეხებისას ხელზე გადადის, იქიდან კი პირში ხვდება.
A ჰეპატიტი შესაძლოა ავადმყოფთან უშუალო კონტაქტის დროსაც გადმოგვედოს, მაგალითად, მისი მოვლის დროს. ასე რომ, თუ ბავშვს A ჰეპატიტი დაემართა, ოჯახის წევრებსაც სიფრთხილე მართებთ.
A ჰეპატიტის ვირუსით საკვების ინფიცირება მისი წარმოების ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი: მცენარის ზრდისას, მოსავლის აღებისას, ნახევარფაბრიკატებად გადამუშავებისას, ტექნოლოგიური გადამუშავებისას, შეფუთვისას, მომზადებისას თუ ტრანსპორტირებისას. ამასთან, გაყინვისას ვირუსი არ კვდება.
ვის ემუქრება
A ჰეპატიტი “ბავშვების დაავადება” არ არის – ის შეიძლება დაემართოს ყველას, ვისაც არც A ჰეპატიტი გადაუტანია და არც ვაქცინაცია ჩაუტარებია. რისკის ჯგუფებს შეადგენენ:
* ადამიანები, რომლებსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდათ A ჰეპატიტით დაავადებულთან;
* ადამიანები, რომლებმაც ისეთ ქვეყანაში იმოგზაურეს, სადაც A ჰეპატიტია გავრცელებული;
* დაავადებულთან სქესობრივი კონტაქტის მქონე პირები;
* ჰომოსექსუალი მამაკაცები;
* ნარკოტიკების მომხმარებლები.
საინტერესო ცნობები
A ჰეპატიტის ვირუსი საკმაოდ გამძლეა გარემო პირობების მიმართ. სხეულის გარეთ მას თვეობით შეუძლია არსებობა. ყინვა ვერაფერს აკლებს, მაგრამ ვერ უძლებს მაღალ ტემპერატურას – მის გასანადგურებლად საკმარისია დუღილი 85 გრადუსზე ერთი წუთის განმავლობაში.
A ჰეპატიტი ადამიანს მხოლოდ ერთხელ ემართება. ვირუსთან შეხვედრისას ორგანიზმი ანტისხეულებს გამოიმუშავებს, რომლებიც მას მთელი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში იცავს A ჰეპატიტისგან.
საინკუბაციო პერიოდი – დრო ვირუსის შეჭრიდან დაავადების გამოვლენამდე – 2-4 კვირაა. იშვიათად ფარული პერიოდი შვიდ კვირამდე გრძელდება. ადამიანი ორგანიზმში ვირუსის შეჭრიდან ძალიან მალე იქცევა ინფექციის წყაროდ – გადამდები ხდება. ზრდასრული ადამიანი გადამდებია სიმპტომების გამოვლენიდან, სულ მცირე, ორი კვირა, ბავშვები კი – ზოგჯერ ექვსი თვეც.
ნიშნები
საინტერესოა, რომ ექვს წლამდე ასაკის ბავშვების უმეტესობას – ათიდან შვიდს – A ჰეპატიტი ყოველგვარი ჩივილის გარეშე გადააქვს. თუ სიმპტომებმა იჩინა თავი, ისინი, როგორც წესი, მსუბუქია. სიყვითლე ათიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვლინდება.
დაავადება ზოგჯერ უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებთანაც მიმდინარეობს უსიმპტომოდ, მაგრამ უმეტესად რამდენიმე ტიპობრივი სიმპტომით ვლინდება. ყველა პაციენტთან ყველა ნიშანი არ არის გამოხატული და არც გამოხატული სიმპტომებია ერთნაირად ძლიერი.
A ჰეპატიტს ახასიათებს:
* მაღალი ტემპერატურა;
* დაღლილობის შეგრძნება;
* მადის დაქვეითება;
* გულისრევის შეგრძნება;
* ღებინება;
* მუცლის ტკივილი;
* შარდის გამუქება;
* თეთრი თიხისფერი განავალი;
* სახსრების ტკივილი;
* თვალების (სკლერების) და კანის სიყვითლე (70% ში).
სიმპტომები, წესისამებრ, ორ კვირაზე ნაკლებ ხანს გრძელდება, მაგრამ იშვიათად (ასიდან ათ-თხუთმეტ შემთხვევაში) შესაძლოა ექვს თვემდეც გასტანოს. დაავადებას ზოგჯერ რეციდივიც _ შებრუნებაც ახასიათებს, თუმცა მას პაციენტის საბოლოო გამოჯანმრთელება მოჰყვება. ადამიანს ზოგჯერ კვირები და თვეები სჭირდება, რომ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს.
B და C ჰეპატიტებისგან განსხვავებით, A ჰეპატიტი ღვიძლის ქრონიკულ დაზიანებას არ იწვევს, მაგრამ შესაძლოა გამოიწვიოს ელვისებური ჰეპატიტი, რომელსაც ღვიძლის მწვავე უკმარისობამდე მივყავართ და რომელიც ხშირად სასიკვდილოა, ამიტომ აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება, ბავშვის ჰოსპიტალიზაცია ცნობიერების დაბინდვის, მწვავე ტკივილის, სისხლდენის დროს.
ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვს შესაძლოა გადასხმებიც დასჭირდეს ღებინებით და დიარეით გამოწვეული გაუწყლოების გამო.
დიაგნოზი და მკურნალობა
A ჰეპატიტი კლინიკური ნიშნებით სხვა მწვავე ვირუსული ჰეპატიტებისგან არ განსხვავდება, ამიტომ დიაგნოზის დასასმელად საჭიროა გამომწვევი ვირუსის განსაზღვრა. ამისთვის სისხლში ლაბორატორიული მეთოდებით ეძებენ ვირუსსპეციფიკურ ანტისხეულებს ან A ვირუსის რნმ-ს. მდგომარეობის შესაფასებლად ექიმმა შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს სხვა კვლევებიც, მათ შორის _ სისხლის ანალიზი ღვიძლის ფუნქციების განსაზღვრის მიზნით, ღვიძლის ექოსკოპიური გამოკვლევა, შარდის ანალიზი.
A ჰეპატიტის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. დაავადების გადატანის შემდეგ ღვიძლის ფუნქციები თანდათან აღდგება, თუმცა ამას შესაძლოა რამდენიმე კვირა ან თვე დასჭირდეს.
A ჰეპატიტის დროს ჰოსპიტალიზაცია არ არის აუცილებელი, გარდა ღვიძლის მწვავე უკმარისობის შემთხვევებისა. დაავადების მკურნალობა გულისხმობს კომფორტს, დასვენებას, სითხეების მიღებას და ბალანსირებულ, ადეკვატურ კვებას.
ჰეპატიტის დროს ძალიან მნიშვნელოვანია წამლებთან სწორი ურთიერთობა. მედიკამენტების ტოქსიკური ეფექტებისგან სწორედ ღვიძლი გვიცავს, ამიტომ ექიმთან შეუთანხმებლად ერიდეთ თუნდაც ისეთ “უვნებელ” პრეპარატებს, როგორიცაა პარაცეტამოლი: ჯერ ერთი, დაავადებული ღვიძლი სათანადოდ ვერ უმკლავდება ტოქსინებს და შესაძლოა, წამალმა ბავშვს ავნოს, მეორეც, არ არის გამორიცხული, მან თვითონვე დააზიანოს ღვიძლი.
დიეტა
მკურნალობის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიეტაა. ის ბავშვის მკურნალ ექიმთან ინდივიდუალურად უნდა შეათანხმოთ, ზოგადი რეკომენდაციები კი ასეთია:
ბავშვს მიეცით:
* ბევრი ხილი და ბოსტნეული (ოღონდ დააკვირდით, ცოცხალმა ხილმა შებერილობა არ გამოიწვიოს);
* ბურღულის – წიწიბურას, შვრიის, ბრინჯის (სასურველია, ყავისფერის) – ფაფები;
* ადვილად ასათვისებელი ცილები – თევზი, კანგაცლილი წიწილის ან ვარიის ხორცი, კვერცხის ცილა, პარკოსნები;
* რძის ნაკლებცხიმიანი ან უცხიმო პროდუქტები;
* ზეითუნის ზეთი;
* ბევრი სითხე, უმჯობესია წყალი.
შეუზღუდეთ:
* კალორიული საკვები;
* ცხოველური ცხიმი (კარაქი, არაჟანი);
* ტკბილეული;
* ცომეული;
* გაზიანი სასმელები;
* მარილიანი საკვები;
* ალკოჰოლი;
* ქიმიური დანამატების შემცველი მზა პროდუქტები.
პრევენცია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, A ჰეპატიტის პრევენციის ყველაზე ეფექტური საშულებებია სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, საკვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა და იმუნიზაცია.
A ჰეპატიტის აცრა რეკომენდებულია ყველა ბავშვისთვის (ერთი წლიდან), თუმცა ის ჯერჯერობით არ არის შეტანილი საქართველოს პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში. პირველი აცრა სასურველია 12-23 თვის ასაკში ჩატარდეს, მეორე – 6-18 თვის შემდეგ.
ვაქცინაცია რეკომენდებულია უფროსი ასაკის ბავშვებისა და იმ მოზრდილებისთვისაც, რომლებსც პროფესიული კონტაქტი აქვთ დაავადებულებთან ან სხვა მიზეზით უწევთ მათთან შეხება.
მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესების დაცვა, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ხელების ხშირ, გულმოდგინე ბანას საპნითა და თბილი წყლით. ხელების დაბანა აუცილებელია ტუალეტის შემდეგ, ბავშვისთვის საფენის გამოცვლის შემდეგ, საჭმლის მომზადების წინ და მომზადების შემდეგ.
კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული, ერიდეთ უმ და სათანადოდ მოუხარშავ ხორცსა და თევზს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი, განსაკუთრებით – ხელების ბანა, ასწავლეთ პატარებს.
მარი აშუღაშვილი