რა არის შეკრულობის ხშირი და იშვიათი მიზეზები?

გააზიარე:

შეკრულობა კაცობრიობის მარადიული პრობლემაა. ჩვენი რესპონდენტი, თსსუ ცენტრალური კლინიკის ამბულატორიის ექიმი გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია, მიიჩნევს, რომ მის წარმოშობას უსამართლოდ აბრალებენ ცივილიზაციას.

– ცივილიზაციამ შესაძლოა გაახშირა მისი გამოვლენა, მაგრამ არსებობით ის მუდამ არსებობდა. ამის დასტურად რამდენიმე ისტორიული მაგალითიც საკმარისია: რომის იმპერატორმა ნერონმა, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე და ექსცენტრულმა ადამიანმა, ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, შეკრულობის მკურნალობისთვის მოეკიდა ხელი. ყაბზობით გატანჯულ მდიდარ ბიცოლას ამალით მიადგა, წამლები ასვა, ფაღარათი დამართა და რამდენიმე დღეში სულიც გააცხებინა, რითაც მისი დიდძალი ქონება იგდო ხელთ. საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV დიპლომატიურ მიღებებზეც კი ღამის ქოთანზე იჯდა, ხოლო გამწმენდი ოყნები ცხოვრების ჯანსაღ წესად მიაჩნდა. ნაპოლეონ ბონაპარტეს შეკრულობასთან ერთად ანალური ნაპრალიც ჰქონდა. ამბობენ, ვატერლოოს ბრძოლის ბედი იმანაც გადაწყვიტა, რომ იმ დღეს შეკრულობის გამო საშინელ ხასიათზე იყოო. პროფესორი გივი ბახტაძე წერს, რომ არ შეიძლება, ექიმს შეკრულობა ჰქონდეს, რადგან ფსიქიკას თრგუნავს და შესაძლოა, ადამიანს შეცდომა დააშვებინოსო, მაგალითად კი ნაპოლეონი მოჰყავს – ევროპის ბედი იმაზე ეკიდა, ჰქონდა თუ არა იმ დილით იმპერატორს ნაწლავის მოქმედებაო.

 

ნორმა და დარღვევა

– ნაწლავის მოქმედებასთან დაკავშირებით არსებობს ასეთი ფორმულა: სამი სამზე. ეს გულისხმობს, რომ ნაწლავის მოქმედება ნორმალურია როგორც სამ დღეში ერთხელ, ისე დღეში სამჯერაც. ამ დიპაზონის მიღმა კი შეკრულობაზე ან დიარეაზე ვსაუბრობთ.

ნორმაში ადამიანმა დღეში 150-160 გრამამდე განავალი უნდა გამოყოს. ფეკალური მასა უნდა იყოს გაფორმებული, არც თხელი და არც მკვრივი. ყოველი დეფეკაციის შემდეგ ადამიანს კმაყოფილების, კომფორტის შეგრძნება უნდა ჰქონდეს.

შეკრულობა არის იშვიათი დეფეკაცია გამკვრივებული, მცირე განავლით, რომელსაც ჭინთვები და დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება ახლავს თან. დეფეკაციის გაძნელება სწორ ნაწლავში განავლოვანი მასების ხანგრძლივი დაყოვნების შედეგია. ეს ძალიან შემაწუხებელი მდგომარეობაა. ადამიანი განუწყვეტლივ დეფეკაციაზე ფიქრობს, ნაწლავებში სიმძიმეს გრძნობს, წუხს.

შეკრულობას ხალხში ხშირად კოლიტს ეძახიან. ნამდვილი კოლიტი სხვა დაავადებაა. ის მხოლოდ შეკრულობით კი არა, არამედ შეკრულობისა და დიარეის მონაცვლეობით ვლინდება. ყაბზობა, შეკრულობის უფრო გავრცელებული შესატყვისი, სპარსული წარმოშობისაა და მაგარს ნიშნავს.

 

რას იწვევს

– თუ შეკრულობა დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა, დაყოვნებული მასის ნაწილი გამკვრივდეს და განავლის ქვაც კი ჩამოყალიბდეს. ასეთ ქვებს კოპროლითებს უწოდებენ. ისინი იზრდიან გაუვალობისა და პერფორაციის (ნაწლავის გახვრეტის) რისკს.

შეკრულობა სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსს აღიზიანებს და შესაძლოა გართულდეს ბუასილით, ანალური ნაპრალით, ნახეთქით, რომელიც ძალიან შემაწუხებელია. ტკივილი ვრცელდება კუდუსუნის მიდამოში, დუნდულებზე, ბარძაყების უკანა ზედაპირზე. ადამიანი, რომელსაც შეკრულობა აწუხებს, უხალისოდაა, ადვილად იღლება, უჩივის პირში უსიამოვნო გემოს, გულისრევას და უმადობას. კანიც არაჯანსაღი ფერისა აქვს – მოყვითალო-მოყავისფრო, ზოგჯერ – მიწისფერი. ენა ნადებით დაფარული აქვს, მუცელი – შებერილი. ეს ნიშნები განსაკუთრებით აშკარაა, როცა ადამიანს დიდი ხანია აწუხებს შეკრულობა, მაგრამ საკმარისია, ყაბზობა გამწმენდი ოყნით ან საფაღარათო საშუალებით მოიხსნას, რომ სიმპტომებიც უკვალოდ გაქრება.

 

პირველადი შეკრულობა

– პირველადი ანუ იდიოპათიურია შეკრულობა, რომლის მიზეზიც არ არის ცნობილი. მას განაპირობებს თანამედროვე ადამიანის ცხოვრების თავისებურებები: თეთრი პურით კვება, ხილისა და ბოსტნეულის, უხეში მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი საკვების იშვიათი მიღება, მოძრაობის ნაკლებობა, განსაკუთრებით – ხანში შესულებთან.

პირველადი შეკრულობის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზია დეფეკაციის მოთხოვნის ხელოვნურად ჩახშობა. გარდა დაუდევრობისა, ამას ხელს უწყობს ქალაქში საპირფარეშოების ნაკლებობა, საერთო საცხოვრებლებში, სასწავლო დაწესებულებებში მათი ანტისანიტარიული მდგომარეობა.

დეფეკაციის გადადება რეფლექსს თრგუნავს. განავალი ანტიპერისტალტიკური ტალღით უკან ბრუნდება. მისგან კვლავ შეიწოვება სითხე, მასა შრება, მკვრივდება და ეს უფრო მეტად აძნელებს მის გადაადგილებას. შესაძლოა, დეფეკაციის მოთხოვნის ხანგრძლივმა იგნორირებამ ნაწლავის რეცეპტორების მგრძნობელობა დააქვეითოს, რაც, თავის მხრივ, განავლის ხანგრძლივ დაყოვნებას გამოიწვევს.

იდიოპათიური ანუ პირველადი შეკრულობის დიაგნოზი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაისვას, როცა შეკრულობის სხვა მიზეზები გამოირიცხება.

 

მეორეული შეკრულობა

– შეკრულობას უამრავი მეორეული მიზეზი აქვს. მათ შორის ყველაზე მეტადაა გავრცელებული ჰირშპრუნგის დაავადება. ამ თანდაყოლილი დაავადების დროს მსხვილ და`ან სწორ ნაწლავში ნერვული განგლიოზური უჯრედები არ არის. ამის გამო ნაწლავის შეკუმშვის შესახებ თავის ტვინიდან წამოსული სიგნალი არ მოქმედებს. ფერხდება მოტორიკა, პერისტალტიკა.

ნაწლავის რაც უფრო დიდი ნაწილია დარჩენილი განგლიების გარეშე, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება. შესაძლოა, გამოიწვიოს ზრდაში ჩამორჩენა, განავლოვანი ქვების წარმოქმნა, ნაწლავის კედლის დაწყლულება და გახვრეტა.

ჰირშპრუნგის დაავადებას ხშირად არ აქცევენ სათანადო ყურადღბას. ბევრი პაციენტი ჩემთან უკვე ქორწინების წინ მოუყვანიათ, როცა უხერხულად მიუჩნევიათ, რომ ახალგაზრდა გამწმენდი ოყნის დახმარებით იცლებოდა. ერთ ოცი წლის ყმაწვილს ქორწილამდე ერთი კვირით ადრე მწვავე მუცელი განუვითარდა. ოპერაციის დროს უზარმაზარი, ლამის ბატკნისოდენა მსხვილი ნაწლავი ამოუღეს.

ჰირშპრუნგის დაავადების დიაგნოსტირება არ არის ძნელი. რენტგენზე გრძელი, გაფართოებული ნაწლავი ჩანს. დიაგნოზის დასადასტურებლად ბიოფსიით მიღებულ მასალასაც შეისწავლიან. ოპერაციის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება, ავადმყოფი, ფაქტობრივად, იკურნება.

მოზრდილებში მსხვილი ნაწლავის მოქმედების შენელებისა და შეკრულობის მიზეზად შესაძლოა იქცეს დივერტიკულიტი – ნაწლავის ჯიბისებრი დახშული დანამატის ანთება. დივერტიკულის ჩამოყალიბებას ბოჭკოთი ღარიბ რაციონს – ნაკლები ბოსტნეულის, ხილის, მეტი რაფინირებული, ტკბილი საკვების მიღებას – უკავშირებენ.

მსხვილი ნაწლავის გლუვი კუნთების დაზიანება და, აქედან გამომდინარე, მისი მოტორიკის შესუსტება შესაძლოა გამოიწვიოს ბევრმა მშობიარობამ, სკლეროდერმიამ. მოტორიკის შეფერხების გამო შეკრულობა ვითარდება აგრეთვე სიმსუქნის, ხშირი ორსულობის, ასციტის დროს.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რომ შეკრულობის მიღმა მსხვილი ნაწლავის კიბო არ გამოგვეპაროს. თუ ასაკოვანმა ადამიანმა დაიჩივლა, რომ არც ისე დიდი ხანია, შეკრულობა დაეწყო, სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი გამოკვლევები (რენტგენოგრაფია, ენდოსკოპიური გამოკვლევა), რადგან შესაძლოა, შეკრულობა კიბოს პირველი სიმპტომი აღმოჩნდეს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სიმსივნე გაახალგაზრდავდა, ამიტომ ის შედარებით ახალგაზრდებთანაც უნდა გამოირიცხოს.

ქალებთან შეკრულობის იშვიათი მიზეზია მსხვილი ნაწლავის ენდომეტრიოზი – საშვილოსნოს გამომფენი ენდომეტრიუმის უჯრედების ნაწლავში მოხვედრა. ამ შემთხვევაში შეკრულობა ვლინდება მენსტრუაციის დროს ან მის წინ.

შეკრულობას იწვევს სწორი ნაწლავის გამოვარდნა და ბუასილი. ამ უკანასკნელის დროს დეფეკაციის ხელოვნურად გადადება მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს.

მეორეული შეკრულობის მიზეზი შეიძლება იყოს წყლულოვანი დაავადება, ნაღველკენჭოვანი დაავადება, პროსტატიტი, შარდკენჭოვანი დაავადება, აგრეთვე – მუდმივი წოლა ავადმყოფობის გამო.

შეკრულობა წამლებიც იწვევს, მათ შორის – ზოგიერთი საძილე, ანტიდეპრესიული, შარდმდენი პრეპარატი. შეკრულობის გამომწვევ ბევრ წამალს: ალმაგელს, ფოსფალუგელს, დენოლს, მაალოქსს, ქოლესტერამინს, თეთრ თიხას, ასკანის თიხას) – პაციენტები საკუთარი ინიციატივით იღებენ.

შეკრულობის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, ოპერაციის შემდეგ პაციენტს ყოველდღე ჰქონდეს ნაწლავის მოქმედება.

 

ყველაზე მტკივნეული

– უკანა ტანის, ანალური მიდამოს ნაპრალს და ნახეთქს მკითხველი, სამწუხაროდ, ნაკლებად იცნობს. მის განვითარებას, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ხელს უწყობს შეკრულობა და იშვიათი დეფეკაცია. ის განსაკუთრებით სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს ემართებათ, თუმცა ხნიერებთანაც ხშირია.

როდესაც ადამიანი ამა თუ იმ მიზეზით თავს იკავებს დეფეკაციისგან, განავალი მკვრივდება, წარმოიქმნება საცობისმაგვარი მასა და დეფეკაცია ძნელდება. ჯერ საცობი მოდის, შემდეგ – ჩვეულებრივი კონსისტენციის განავალი, რასაც მცირე სისხლდენა მოჰყვება. დეფეკაციის შემდეგ ვითარდება სპაზმი და ძლიერი ტკივილი. ამბობენ, რომ ის მშობიარობის ტკივილსაც კი აჭარბებს. სპაზმი რამდენიმე საათიდან შესაძლოა ორ დღემდეც კი გაგრძელდეს. ამ დროს დეფეკაცია შეუძლებელია, მისი გადადება კი ხელახალ სპაზმს იწვევს და ასე, უსასრულოდ.

ამ მდგომარეობიდან უებარი გამოსავალია გამწმენდი ოყნა. სამწუხაროა, რომ მისი სწორად გაკეთება დღეს თითქმის აღარავინ იცის. ოყნის დახმარებით თუ საცობი დაიშალა, პრობლემა მოგვარდება. თუ ოყნამ არ იმოქმედა, ტკივილისა და სპაზმის მოსახსნელად ბლოკადას – ნოვოკაინის სპირტიანი ხსნარის ინექციას – მიმართავენ, თუ ამანაც არ უშველა – ოპერაციას. ანალური ნაპრალის დიაგნოსტიკას არ სჭირდება ძვირად ღირებული გამოკვლევები, ის დათვალიერებისა და გასინჯვის დროსაც კარგად ჩანს.

 

როგორ გავუმკლავდეთ

– შეკრულობის პრობლემის მოგვარებას გამოკვლევით ვიწყებთ. პაციენტს ექიმთან მისვლისა და გასინჯვისა არ უნდა შერცხვეს. მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის რენტგენოსკოპია და ენდოსკოპიური მეთოდები (კოლონოსკოპია, რექტოსკოპია...). თუ სიმსივნე გამოირიცხა, ხშირად ძალზე შედეგიანია გამწმენდი ოყნა. არ შეიძლება თვითდიაგნოსტიკა და დისბაქტერიოზის აღმოსაფხვრელი პრეპარატების თვითნებური მიღება. დღეს ადამიანები საჭიროზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ მიკროფლორის აღმდგენ საშუალებებს, მაგრამ ისინი მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული ჩვენებით უნდა გამოვიყენოთ.

უნდა ვიცოდეთ, რომ შეკრულობას არ უხდება ღვინო, განსაკუთრებით – წითელი, ციტრუსები, ღორის ხორცი, ცომეული, ძეხვეული, ნიორი, ლობიო, მსხალი...

კარგია ვაშლი, ატამი, ყველაზე მეტად კი შავი ქლიავი. ცოცხალი ქლიავი დღეში, სულ ცოტა, ნახევარი კილო უნდა მივიღოთ, ჩირი კი – 200 გრამი.

მტკივანი ადგილის ჰიგიენას გაცილებით მეტი ყურადღება სჭირდება. სასურველია დაბანა ნაწლავის ყოველი მოქმედების შემდეგ.

ამრიგად, შეკრულობა რომ არ დაგემართოთ, მიირთვით ბევრი მცენარეული საკვები, იმოძრავეთ, არ გადადოთ დეფეკაცია და ნუ დარჩებით ტუალეტში დიდხანს – კითხვით, ტელეფონით თამაშით თუ მოწევით გართული.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: