შესაძლებელია თუ არა შაკიკის მართვა?
გააზიარე:
თავის ტკივილი ნერვული სისტემის დაზიანების ამსახველი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია. ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ერთხელ მაინც რომ არ გამოეცადოს ეს მტანჯველი შეგრძნება. თავის ტკივილის ქრონიკულად გარდასახვა მნიშვნელოვნად აუარესებს სიცოცხლის ხარისხს და აქვეითებს შრომის უნარს.
ავადმყოფობათა ტვირთის გლობალური კვლევის მონაცემებით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო დაკარგული წლების რაოდენობის მიხედვით თავის ტკივილი მესამე ადგილს იკავებს დამაინვალიდებელ მდგომარეობათა შორის.
თავის ტკივილი სიმპტომია, რომლის უკანაც ნოზოლოგიათა დიდი მრავალფეროვნება იმალება. ამჯერად მის ერთერთ ყველაზე გავრცელებულ და ნაცნობ მიზეზზე – შაკიკზე გესაუბრებით.
შაკიკს ყველა კარგად იცნობს. სახელდახელოდ დიაგნოზს მეზობელი ან მეგობარიც დაგისვამთ, ორიოდე უფასო რჩევასაც მოგცემთ და ალბათ იმასაც დასძენს, შაკიკისგან თავის დახსნა წარმოუდგენელიაო.
კარგად მახსოვს, სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის დროს როგორ იტანჯებოდა ჩემი კურსელი ამ დაავადებით. თვეში რამდენიმეჯერ აცდენდა ლექციებს, ხშირად გამოცდაზე მოსვლასაც კი ვერ ახერხებდა. გართობასა და დროსტარებაზეც არაერთხელ უთქვამს უარი... ავადმყოფობა დაუპატიჟებელი სტუმარივით ეწვეოდა ხოლმე და გეგმებს აურევდა.
დარწმუნებული ვარ, თქვენ გარშემოც იქნებიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ დღის რეჟიმს შაკიკის ჭკუაზე აწყობენ. მათ შემყურეს, ძნელია, ამ ავადმყოფობის შიში არ გაგიჩნდეს. ჩვენი რესპონდენტი კი ამბობს, რომ კარგი მართვით შესაძლებელია, შაკიკს უკანა თათებზე დგომა ვასწავლოთ.
მაშ, რამდენად სწორი წარმოდგენა გვაქვს შაკიკზე და რა არის მისი მართვის გასაღები? სწორედ ამ საკითხებზე ვესაუბრეთ ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორს, ცოტნე ჩხიკვიშვილის სახელობის თავის ტკივილის საზოგადოების პრეზიდენტს გიორგი (გოგიტა) გეგელაშვილს, რომლისგანაც მეტად საინტერესო და დამაფიქრებელი ინფორმაცია მივიღეთ.
– შაკიკი ქრონიკული, პერიოდული შეტევებით მიმდინარე, გენეტიკურად განპირობებული ავადმყოფობაა. ის საკმაოდ გავრცელებულია – დედამიწაზე ყოველ მეათე ადამიანს აღენიშნება. საქართველოში კიდევ უფრო ხშირია – ყოველ მეექვსესთან გვხვდება. შაკიკი ჰქონდა და აქვს მრავალ ცნობილ პიროვნებას: იულიუს კეისარს, პიკასოს, კენედის, ჩაიკოვსკის, აინშტაინს, ჯეფერსონს, სერენა უილიამსს, შერონ სტოუნს... მეტიც: ამ ავადმყოფობით იტანჯებოდა ზევსი. როგორც ხედავთ, შაკიკი ანტიკურ ეპოქაშივე იმდენად აქტუალური იყო, რომ მითოლოგიაშიც კი აისახა.
ჩანაწერები შაკიკისმაგვარ თავის ტკივილზე ჯერ კიდევ ეგვიპტურ ებერსის პაპირუსზე გვხდება (ძვ. წ. 1500). მას მოიხსენიებს ჰიპოკრატეც (ძვ. წ. 450), თუმცა ცალკე დაავადებად არ განიხილავს. შაკიკი როგორც დამოუკიდებელი ქრონიკული ავადმყოფობა პირველად კაბადოკიელმა მკურნალმა არეტეუსმა გამოყო, რომელიც, სავარაუდოდ, პირველ-მეორე საუკუნეებში მოღვაწეობდა.
მიუხედავად შაკიკის ხანდაზმულობისა, დღემდე დაუდგენელია, რა იწვევს მას.
დამაბნეველი მრავალფეროვნება
– შაკიკის კლინიკური გამოხატულება მეტად მრავალფეროვანია. დღეისათვის ცნობილია მისი 6 ტიპი, 13 ქვეტიპი, 6 ქვეფორმა და 4 ქვე-ქვეფორმა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შაკიკი 30-მდე სხვადასხვა დიაგნოზს გულისხმობს, მიმდინარეობის თავისებურებებზე რომ არაფერი ვთქვათ. ყველა მათგანი დამოუკიდებელი ავადმყოფობაა – განსხვავებული კლინიკური მიმდინარეობითა და პროგნოზით. შესაბამისად, კლინიკურ სურათზე საუბარი ძნელია. თუმცა არსებობს საერთო ნიშნებიც. უპირველესად, ეს არის პერიოდული თავის ტკივილი, რომელსაც ახლავს უღონობა, გულისრევა, გულზიდება; შუქის, ხმაურის, მძაფრი სუნის აუტანლობა, ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა.
- – მოარული აზრის თანახმად, შაკიკს ნახევარი თავის ტკივილი ახასიათებს...
– ამის გამო შაკიკს ჰემიკრანიასაც უწოდებენ, ("ჰემი" – ბერძნულად ნახევარს ნიშნავს, "კრანიონ" – თავს). მაგრამ ავადმყოფობა ყოველთვის ნახევარი თავის ტკივილით არ ვლინდება, მეტადრე – ბავშვებთან. მეტსაც გეტყვით: თავის ტკივილიც კი არ არის შაკიკის უცილობელი ნიშანი – შესაძლოა, ის საერთოდ არ აღინიშნებოდეს და ავადმყოფობის ერთადერთი გამოვლინება პერიოდული ღებინება იყოს. ამიტომაც გამოყოფენ ავადმყოფობათა ჯგუფს, რომელსაც ეწოდება "შაკიკი თავის ტკივილის გარეშე".
- – მაშ, რა არის შაკიკის მთავარი ნიშანი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ამ დაავადებაზე მიგვითითებს?
– მთავარი ნიშანია პერიოდული “ცუდად ყოფნა”. ეს საერთო უღონობასთან ერთად კონკრეტულ საწუხარსაც გულისხმობს: თავის ტკივილს, გულზიდებას, ღებინებას, მხედველობის შეცვლას, თავბრუს, დაბუჟებას, მეტყველების გაძნელებას და სხვ. რა თქმა უნდა, ამას თან ახლავს თავის ტკივილიც, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, არა ყოველთვის. ისიც უნდა ითქვას, რომ ერთეულ შემთხვევებში შაკიკს არა პერიოდულობა ახასიათებს.
კლინიკური სურათი, როგორც გითხარით, მეტად მრავალფეროვანია, მაგრამ არ მინდა, მკითხველი დავაბნიო. ალბათ, სწორი არ იქნება გამონაკლისებზე საუბარი, იმ შემთხვევებზე, რომლებიც "ჩარჩოებში" არ ჯდება და რომელთა დიაგნოსტიკა ექიმებს ზოგჯერ ძალიან გვიჭირს. ჯობს, კლასიკურ და ტიპურ მიმდინარეობაზე ვისაუბროთ და დავიმახსოვროთ, განსაკუთრებით კი ექიმებმა, რომ გამონაკლისებიც არსებობს.
- – როგორ მიმდინარეობს კლასიკური შაკიკი?
– კლასიკური შაკიკი ოთხ ფაზას მოიცავს: წინმსწრებ ფაზას (განწყობის გაფუჭება, მთქნარება, მადის შეცვლა და სხვ.), აურას (მხედველობის შეცვლა, ხელ-ფეხის სისუსტე ან დაბუჟება და სხვ.), თავის ტკივილს და ჩაწყნარებას. მაგრამ კლასიკური ფორმა სულაც არ არის ყველაზე გავრცელებული – შემთხვევათა მხოლოდ 20%-ში თუ გვხვდება. უფრო ხშირია ანუ ტიპურია სამფაზიანი შაკიკი, რომელიც აურის გარეშე მიმდინარეობს. ნებაზე მიშვებული შეტევა 4-72 საათი გრძელდება. როდესაც ტკივილი და ტანჯვა მთავრდება, პაციენტისთვის მთავრდება შეტევაც, თუმცა ის ბოლომდე კარგად ვერ გრძნობს თავს. მაგალითად, შესაძლოა მთელი დღე გაჰყვეს მოთენთილობა, დაბეგვილობა. ეს შაკიკის ჩაწყნარების ფაზაა.
შაკიკის აურა
- – აურა ახსენეთ, რა არის ის და როგორ ვლინდება?
– შაკიკის აურა – ეს ერთგვარი ნევროლოგიური დეფიციტის გამოვლინებაა. ყველაზე ხშირად მხედველობითი დარღვევით ვლინდება, თუმცა ასევე ხშირია თავბრუ, ხელ–ფეხის დაბუჟება, მეტყველების გაძნელება, დამბლა, გაორება, კოორდინაციის და/ან წონასწორობის მოშლა... მხედველობითი დეფიციტის დროს მხედველობის არეში ჩნდება ჩამქრალი ლაქები ან ზედმეტად მნათი ბრჭყვიალა წერტილები. იცვლის ფორმას, იქცევა დატეხილ ხაზებად. ეს ნიშნები ტკივილის დაწყებას მოასწავებს. კლასიკურ შემთხვევაში, წარმონაქმნი ტყდება, ნახევარ-ერთ საათში ქრება და იწყება ტკივილი. თუმცა არ არის გამორიცხული, ტკივილი აურასთან ერთად აღმოცენდეს ან დაასწროს კიდეც მას.
შაკიკის მომხმობნი
- – რამ შეიძლება გაუწიოს პროვოცირება შაკიკის შეტევას?
– მრავალმა ფაქტორმა – გაბრაზებამ ანუ ფსიქოემოციურმა დაძაბვამ, მენზესმა, მკვეთრმა სუნმა, უძილობამ, ქარიანმა ამინდმა, ჰორმონებმა, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებმა. ისეთმა უწყინარმა რაღაცებმაც კი, როგორიც არის, მაგალითად, ნაყინი ან, პირიქით, ცხელი პური.
- – ეს ფაქტორები იცვლება თუ პაციენტს ყოველთვის ერთის, კონკრეტულის ზემოქმედების საპასუხოდ ეწყება შეტევა?
– ყველა პაციენტს აქვს ე.წ. შეყვარებული ხელშემწყობი – კონკრეტული ფაქტორი, რომელიც შეტევას ყველაზე ხშირად უწევს პროვოცირებას. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ფაქტორის ზემოქმედება ყოველთვის არ იწვევს შეტევას და არც ის არის გამორიცხული, პაციენტს შეტევა სხვა ფაქტორის ზემოქმედების შედეგად დაიწყოს. უფრო გასაგებად რომ გითხრათ, ნაყინის ყოველი ჭამა ან მენზესის ყოველი დადგომა შეტევას არ გამოიწვევს. თუმცა პაციენტი აშკარად ხედავს კავშირს მაპროვოცირებელ ფაქტორსა და დაავადების გამწვავებას შორის.
საგულისხმოა, რომ შეიძლება შეიცვალოს არა მარტო შეყვარებული ხელშემწყობი, არამედ თავად შაკიკის მიმდინარეობაც. მისი 30-ვე ფორმა შეიძლება გამოსცადოს ადამიანმა. ცნობილ გამოთქმას თუ მოვიშველიებთ, ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს იმდენი ავადმყოფობა, რამდენსაც ისურვებს.
ციმციმა წერტილიდან ძლიერ შეტევამდე
- – ზემოთ ბრძანეთ, რომ შაკიკის მიზეზი უცნობია. მისი განვითრების მექანიზმი, პათოფიზიოლოგია თუა შესწავლილი?
– დიახ, საკმაოდ კარგად. ეს პროცესები მარტივად რომ ავხსნათ, წარმოვიდგინოთ ტელევიზორი, რომელიც თითქოს გამორთულია, მაგრამ წითელი წერტილი ციმციმებს. პულტზე ხელის ერთი დაჭერა საკმარისია, რომ ტელევიზორი ჩაირთოს. ასეთი "მოციმციმე მზაობის წერტილი" არის თავის ტვინის ღეროშიც. ის მუდამ ჩართულია, თუმცა მოქმედებაში არ არის მოყვანილი. ხელშემწყობი ფაქტორები ასრულებენ იმ ადამიანის როლს, ვინც პულტს ხელს აჭერს. ამის შემდეგ ხსენებული წერტილიდან ნერვული ტალღების გადაცემა იწყება. ამას მოჰყვება ქიმიური ფაზა – თავის ტვინში გამოთავისუფლდება ნეიროშუამავლები, რომლებიც სისხლძარღვებს ჭიმავს, აფართოებს, ასქელებს. ამის შედეგად ვითარდება ტკივილი.
შაკიკის მექანიზმის გაშიფვრამ დაამსხვრია მითი, თითქოს თავის ტკივილს თავის ტვინის სისხლძარღვების შევიწროება იწვევდეს. აღმოჩნდა, რომ პირიქით არის – სისხლძარღვთა გაფართოებაა დამახასიათებელი.
მარტივი დიაგნოზის სირთულეები
- – როგორ ისმება შაკიკის დიაგნოზი? ინსტრუმენტული ან ლაბორატორიული კვლევები რაიმე ინფორმაციას იძლევა?
– ამ კვლევებს მაშინ ვატარებთ, თუ შეტევა გარდაისახა, გახშირდა, შეუპოვარი გახდა, ახალი სიმპტომები დაემატა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დამატებითი გამოკვლევები კი არ ადასტურებს შაკიკს, არამედ სხვა ავადმყოფობის გამორიცხვის და შაკიკთან მიახლოების შესაძლებლობას გვაძლევს. არც კომპიუტერული ტომოგრაფია, არც მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა, არც დოპლერი, არც თავის ქალას რენტგენი, არც ეს ავბედითი M-ექოენცეფალოსკოპია და არც ლაბორატორიული კვლევები დიაგნოზის დასადასტურებლად არ გამოდგება.
- – M-ექოენცეფალოსკოპიას ავბედითი რატომ უწოდეთ?
– იმიტომ, რომ დღეს უკვე აღარ ითვლება სამედიცინო სადიაგნოზო საშუალებად; მას მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა აქვს.
- – თქვენი პასუხი უფრო მეტ კითხვას აჩენს... ეგებ აგვიხსნათ, რას გულისხმობთ?
– ეს არის ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც ყიფლიბანდის შეხორცების შემდეგ აღარ იძლევა ღირებულ ინფორმაციას, ჩვენ კი დღემდე ვიყენებთ თავის ტვინის პულსაციის და ვითომდა ქალასშიგა წნევის გასაზომად, რაც არაეთიკურია.
რეალურად, კლასიკური ან ტიპური შაკიკის დიაგნოზის დასმა საკმაოდ მარტივია. ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც ექიმი არ იყოს, შეუძლია ამის გაკეთება. სულ რამდენიმე კითხვა უნდა დავსვათ და თუ მათზე პასუხი დადებითია, ე.ი. საქმე შაკიკთან გვაქვს (გავიმეორებ: არ ვგულისხმობ რთულ შემთხვევებს, როდესაც რამდენიმე ექიმი ღამეებს ვათენებთ დიაგნოზის ძიებაში). მაგრამ რა ხდება რეალურად? ის, რომ შაკიკის დიაგნოსტიკა მაინც დიდ პრობლემად რჩება. რატომ? დასავლელი ექსპერტების შეფასებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში თავის ტკივილს ცუდად იცნობენ. მაგალითად, ზემოთ მოგახსენეთ, რომ შაკიკის დროს ხდება სისხლძარღვის კედლის გასქელება და გაფართოება. დასავლეთში ეს დაადგინეს გასული საუკუნის 30-იან წლებში, ჩვენამდე კი ამ ინფორმაციას ჯერაც არ მოუღწევია და ვებრძვით სპაზმს იქ, სადაც ის არ არის. აქედან მოდის შეცდომები და შაკიკის ფუჭი მკურნალობა “გამოგონილი დიაგნოზებით”.
ცრუ დიაგნოზებში დამალული შაკიკი
- – სახელდობრ, რა შეცდომებს გულისხმობთ?
– ხშირია ცრუ დიაგნოზი – კლინიკურ სურათს სხვა დაავადებას მიაწერენ და, შესაბამისად, არასწორად მკურნალობენ. მაგალითად, ძალიან ხშირად ისმება სისხლძარღვების შევიწროების და თავის ტვინის იშემიის, ქალასშიგა წნევის მომატების, ოსტეოქონდროზის ცრუ დიაგნოზები, ხოლო თავის ტრავმას და წიაღების ანთებას საქართველოში გადაჭარბებული მნიშვნელობა ენიჭება.
- – რისი ბრალია არასწორი დიაგნოზი? ჩამოთვლილ დაავადებებს ერთმანეთის მსგავსი გამოვლინებები აქვს?
– კარგი კითხვაა. საქმე ის არის, რომ შაკიკი ქრონიკული ავადმყოფობაა, მაგრამ პერიოდულად “იღვიძებს” ხელშემწყობი, მაპროვოცირებელი ანუ ტრიგერული ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. შაკიკის ტრიგერად შესაძლოა იქცეს ვირუსული ინფექციაც, ტრავმაც. შეცდომას განაპირობებს საბაბის მიზეზად მიჩნევა ანუ მიზეზშედეგობრიობის არასწორი წარმოდგენა. მაგალითად, ადამიანს დაემართა ვირუსული ინფექცია – ტანში ამტვრევს, ცხვირიდან სდის... ამ ფონზე დაეწყო ტკივილი თვალების არეში. ექიმების უმეტესობა მარტივად გადაჭრის პრობლემას: “წიაღების ანთება” – და მარტივადვე დანიშნავს მკურნალობას: “ანტიბიოტიკოთერაპია”. ცალკე საკითხია, რამდენად მართებულია და ყოველთვის საჭიროა თუ არა ჰაიმორიტისა თუ ფრონტიტის დროს ანტიბიოტიკების გამოყენება, მაგრამ ახლა ამ თემის განხილვა შორს წაგვიყვანს. პრობლემა ის გახლავთ, რომ ექიმს აზრადაც არ მოსდის იფიქროს: ხომ არ მოახდინა ვირუსულმა ინფექციამ შაკიკის პროვოცირება? იმავე სცენარით ვითარდება მოვლენები ტრავმის დროს, რომლის ფონზე აღმოცენებულ თავის ტკივილსაც ტვინის შერყევას მიაწერენ, შაკიკის არსებობა კი აზრადაც არავის მოსდის.
- – ამ ნოზოლოგიათა სადიფერენციოდ რა ნიშნები არსებობს? როგორ მივხვდეთ, თავის ტკივილი, მაგალითად, წიაღების ანთების ბრალია თუ შაკიკის?
– შაკიკს, წიაღების ანთებისგან განსხვავებით, არ ახასიათებს მაღალი ტემპერატურა და პირიდან უსაიმოვნო სუნი (ჰალიტოზი). თუმცა სხვა მხრივ ამ ავადმყოფობებს ბევრი საერთო აქვს – სიმპტომები 80-90%-ით ერთმანეთს ემთხვევა. ამიტომ შაკიკის დადასტურება მასთან პირველი შეხვედრის დროს ნამდვილად ძნელია, მაგრამ ექიმს ის სადიფერენციო დაავადებათა ნუსხაში უნდა ჰქონდეს.
მომდევნო განმასხვავებელი ნიშნები პერიოდულობა და სტერეოტიპულობა უნდა იყოს. შესაძლებელია, წიაღების ანთება ერთი დღე გრძელდებოდეს, წლების მანძილზე თვეში რამდენჯერმე მეორდებოდეს და კომპიუტერულ ტომოგრამაზე წიაღები სუფთა იყოს?! არ გეგონოთ ამ მსჯელობაში რაიმე ორიგინალურობა იდოს; ჰკითხეთ კვალიფიციურ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმებს – იმავეს გეტყვიან.
- შესაძლებელია თუ არა შაკიკის მართვა?
– შაკიკი ხშირად სერიოზულ პრობლემებს აჩენს ყოველდღიურ ცხოვრებაში: შეტევის დროს ვერ მივდივართ სამსახურში, ვერ ვსწავლობთ...
– შაკიკი მეტწილად არ არის “ბოროტი”, კარგი მართვის პირობებში შესაძლებელია, ხატოვნად თუ ვიტყვით, უკანა თათებზე დავაყენოთ და ის ვეღარ გვაიძულებს სწავლაზე, მუშაობასა თუ გართობაზე უარის თქმას, ბოლოს კი მოსწყინდება და თავს დაგვანებებს. ზოგჯერ ის თავისთავადაც, მკურნალობის გარეშე ქრება.
- – კარგი მართვა რას გულისხმობს?
– ხელშემწყობი ფაქტორების გამორიცხვას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას, გახშირებული შეტევების დროს პრევენციულ მკურნალობას და შეტევის დროს ტკივილის მალე მოხსნას.
- – როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი შეტევის დროს?
– დაახლოებით ისე, როგორც ხანძრის დროს ვიქცევით: უსწრაფესად უნდა მიიღოს ექიმთან შეთანხმებული წამალი და არ დაელოდოს ცეცხლის გაღვივებას. თუ ხანძრის დროს წყალია მთავარი ცეცხლმაქრობი, შაკიკის დროს ის დამხმარე, მაგრამ აუცილებელი საშუალებაა წამლისთვის დასაყოლებლად. ხუმრობას ნუ ჩამითვლით – სიჩქარეში ზოგს ავიწყდება წამლისთვის წყლის დაყოლება. ასეთი მედიკამენტებია "უბრალო" ტკივილგამაყუჩებლები, ტრიპტანები და ჭვავის რქის პრეპარატები. თუ პაციენტს გული ერევა, წამლის დალევას აზრი არ აქვს. ამ შემთხვევაში ის უნდა მივიღოთ პირის ღრუში შესაწოვი ან საინჰალაციო ფორმით, ანდა გავიკეთოთ ინექცია კუნთში ან ვენაში.
თუ შვებას მოგგვრით, გაიკარით თავი, დაიდეთ ყინული ან მიიღეთ ცხელი შხაპი. ზოგი ხელოვნურად იწვევს ღებინებას. სხვათა შორის, ამისკენ მოუწოდებდა ჰიპოკრატეც. ღებინება შეტევას მართლაც ხსნის, მაგრამ პაციენტს მისი ხელოვნურად გამოწვევისკენ ვერ მოვუწოდებთ, რადგან ეს ვნებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს.
რჩეული პრეპარატი (ანუ ის, რომელიც ყველაზე ეფექტიანად ხსნის ტკივილს და ყველაზე იაფია) მუდამ თან გქონდეთ, რათა არ მოგიწიოთ მისი ძებნა შეტევის დაწყების შემდეგ.
რომ არ შემოგვიტიოს
- – როგორ ხორციელდება და რა მიზანს ემსახურება პრევენციული მკურნალობა?
– პრევენციული მკურნალობის მიზანი შეტევების აღკვეთა ან გაიშვიათებაა. ამ მიზნით ინიშნება ეპილეფსიის საწინააღმდეგო წამლები, რითმის დამარეგულირებლები, წნევის დამწევი მედიკამენტები და ანტიდეპრესანტები. ერთეული გამონაკლისების გარდა, ფაქტობრივად არ არსებობს პაციენტი, რომელსაც პრევენციული მკურნალობის ფონზე შეტევები არ შეუწყდა ან არ გაუიშვიათდა.
პატარებსაც ემართებათ?
- – შაკიკი ბავშვებთანაც გვხვდება?
– დიახ, ახალშობილსაც კი შეიძლება ეს ავადმყოფობა ჰქონდეს.
- – გამოგიტყდებით, გაგონებითაც კი არ გამიგონია, რომელიმე ბავშვისთვის ეს დიაგნოზი დაესვათ.
– მართალი ბრძანდებით, შაკიკის დიაგნოზი ბავშვებთან კიდევ უფრო იშვიათად ისმება. მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს კვალიფიციური ბავშვთა ნევროლოგები, რომლებიც დიდი ხანია დაუსხლტნენ ხელიდან საბჭოურ მენტალიტეტს და შაკიკის დიაგნოზს ხშირად და სწორად სვამენ.
ვინაიდან ბავშვთა შაკიკს თავისებურებათა მთელი წყება ახასიათებს, მას “მოუმწიფებელ” შაკიკს ვუწოდებთ. ის ნიშნები, რომლებიც “სრულყოფილი” შაკიკისთვის არის დამახასიათებელი, ბავშვებთან ცალ-ცალკე ვლინდება. მაგალითად, მხოლოდ უუნარობა, მხოლოდ გულზიდება, მხოლოდ ღებინება, მხოლოდ თავბრუ, მხოლოდ კისერმრუდობა, მხოლოდ მუცლის ტკივილი... არცთუ იშვიათად გაურკვეველი მუცლის ტკივილის გამო ბავშვს აპენდექტომიას უკეთებენ (?!), მაშინ როცა ტკივილის მიზეზი სწორედ შაკიკია. საგულისხმოა, რომ ბავშვებთან შაკიკის შეტევა ოთხ საათზე ნაკლებ ხანს გრძელდება. ძალზე იშვიათია ნახევარი თავის ტკივილიც.
მადლობა შაკიკს
- – დაბოლოს, რას ურჩევდით მკითხველს?
– როდესაც პაციენტს შაკიკის დიაგნოზს ვუსვამ, სასხვათაშორისოდ ვეუბნები, რომ არსებობს წიგნი “შაკიკის საიდუმლო”, სადაც შეგიძლიათ წაიკითხოთ პაციენტის წერილები, ჩანაწერები, ექიმისა და პაციენტის საუბრები, საუკეთესო გამოცდილება და ა.შ. ერთი სიტყვით, ყველაფერი ამ დაავადების შესახებ. გასაკვირია – ძალიან ცოტა გამოთქვამს სურვილს, ეს წიგნი შეიძინონ და, საერთოდ, მეტი გაიგონ შაკიკის შესახებ, ამიტომ ყველას, ექიმსაც და პაციენტსაც, ვურჩევ, განათლდნენ, რადგან ავადმყოფობის მართვა და დამარცხება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ექიმიცა და პაციენტიც ცოდნით არიან შეიარაღებული.
სულ ცოტა ხანში გამოვა ჩემი წიგნი – “უცნაური თავის ტკივილი”, რომელშიც შაკიკის (და არამხოლოდ მისი) ყველა “უცნაურობა” დეტალურად იქნება განხილული.
დასასრულ, მინდა ვუთხრა პაციენტებს, არ შეეშინდეთ შაკიკის დიაგნოზის. მრავალი ქრონიკული ავადმყოფობა მკაცრად ზღუდავს ადამიანს. შაკიკის დროს შეზღუდვაზე მეტად წახალისება ხდება – პაციენტს ვურჩევთ, მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს, მოიწესრიგოს წონა (წონის მატება შეტევების მოჭარბებას უწყობს ხელს), ხშირად იკვებოს, დროზე დაიძინოს, შეზღუდოს აქტიური და პასიური მწეველობა, უარი თქვას ნარკოტიკებზე, ზომიერად მიიღოს ალკოჰოლი. რა არის ამაში ცუდი? თუ შაკიკი ამ წესების დაცვაში დაგვეხმარება და მას თვეში ერთხელ, ერთი წამლით ვმართავთ, რას ვერჩით შაკიკს?! შაკიკმა შესაძლოა გვასწავლოს სწორად ცხოვრება, ისე, რომ საბოლოოდ მადლობაც კი გადავუხადოთ ავადმყოფობას, რომელიც პერიოდულად გვსტუმრობდა, თავს გვახსენებდა, რათა, ჩვენი მხრივ, ჩვენივე თავისთვის შეგვეხსენებინა ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობა.
გვანცა გოგოლაძე