ვინ არიან წარმოსახვითი მეგობრები?

გააზიარე:

როგორ მოიქცევით, თუ ერთ მშვენიერ დღეს შვილმა ახალი მეგობრის გაცნობა შემოგთავაზათ, ყველაფერს მოგიყვათ მის შესახებ, აგიწერათ კიდეც ის, მაგრამ მოვიდა გაცნობის დრო და აღმოაჩინეთ, რომ მეგობარი... არ არსებობს?

ბავშვის ფანტაზიას საზღვარი არ გააჩნია. ის გამუდმებით იცვლება, ღვივდება და ფართოვდება – ყოველი ახალი თამაშის გამოგონებისას, ყოველ ახალ სიტუაციაში აღმოჩენისას, და თანდათან საკუთარ, ინდივიდუალურ მიმართულებას იღებს.

მაგრამ ზოგიერთი ბავშვის წარმოსახვა მეტისმეტად შორს მიდის. ასეთ დროს პატარამ შესაძლოა მთელი სამყარო გამოიგონოს და იქ გადასახლდეს ან წარმოსახვითი მეგობარი გაიჩინოს.

 

  • ვის ჰყავს?

ორეგონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგ მარჯორი ტეილორის კვლევის მიხედვით, 3-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვების 37%-ს გამოგონილი მეგობარი ჰყავს. გამოგონილი მეგობრების თემის შესწავლა ტეილორმა 1980 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგ პოლ ჰარისის ლექციას დაესწრო. ლექციაზე პროფესორმა ბავშვებს ცარიელი ყუთი უჩვენა და სთხოვა წარმოედგინათ, რომ შიგ დრაკონი იჯდა. რამდენიმე ბავშვმა, თუმცაღა საკუთარი თვალით დაინახეს, რომ ყუთი ცარიელი იყო, მასთან მიახლოება აღარ მოისურვა. ამ ფაქტმა ტეილორი დააფიქრა: ნუთუ მართლა სჯეროდათ ბავშვებს თავიანთივე გამოგონილი არსებების?

და აი, რა აჩვენა კვლევამ: ბავშვების ძირითადი ნაწილი აცნობიერებს, რომ მისი მეგობარი რეალურად არ არსებობს.

კითხვაზე, ჰყავდათ თუ არა გამოგონილი მეგობარი, 86 ბავშვიდან 77%-მა დადებითი პასუხი გასცა, მაგრამ კვლევის მომდევნო საფეხურზე, როდესაც ფსიქოლოგი ბავშვებს ძალიან სერიოზულად ესაუბრებოდა გამოგონილი მეგობრის შესახებ, მათი 40% ლაპარაკს აწყვეტინებდა და ღიმილით შეახსენებდა, რომ მისი მეგობარი ნამდვილი არ იყო.

ბოლო დრომდე ბევრ მკვლევარსა და მშობელს მიაჩნდა, რომ გამოგონილი მეგობარი ზიანს აყენებდა ბავშვის ფსიქიკას და მას მენტალური აშლილობის ფორმად მიიჩნევდნენ. ტეილორს ახსოვს შემთხვევა, როდესაც დედას ეგონა, რომ მისი შვილი შიზოფრენიით იყო ავად. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ბავშვს გამოგონილი მეგობარი ჰყავდა.

 

  • როგორები არიან?

განასხვავებენ წარმოსახვითი მეგობრის სამ ტიპს: ერთი – როდესაც ბავშვი ასულიერებს, აპიროვნებს სათამაშოს ან საყვარელ ნივთს, მეორე – როდესაც გამოგონილი მეგობარი მთლიანად ფანტაზიის ნაყოფია და მესამე, როდესაც ბავშვი თავად “იქცევა სხვად” და მხოლოდ გამოგონილი პერსონაჟის სახელზე რეაგირებს. მესამე ტიპი იშვიათია და უმეტესად ფსიქოლოგიურ ჩარევას მოითხოვს. ყოფილა შემთხვევა, ფსიქიატრის დახმარებაც კი გამხდარა საჭირო.

რაც შეეხება პირველ ორს, მათ მიმართ ბავშვს სხვადასხვანაირი დამოკიდებულება აქვს: გაპიროვნებულ სათამაშოს უმეტესად ისე ექცევა, როგორც მშობელი ან მბრძანებელი, გამოგონილ მეგობარს კი, წესისამებრ, თანასწორად ან დამცველად მიიჩნევს.

 

  • რატომ ჩნდებიან?

წარმოსახვითმა მეგობარმა შესაძლოა ბევრი რამ გითხრათ ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

თუ გამოგონილი მეგობარი სუსტი და უსუსურია, ბავშვი მას უხეშად ექცევა და ჩაგრავს, ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ბავშვის ჩაკეტილობა და დათრგუნულობაა. შესაძლოა, მისი რომელიმე მეგობარი ან თავად ის ჩაგვრას განიცდიდნენ ოჯახის ან თანატოლების მხრიდან.

თუ მეგობარი დიდი და ძლიერია, ზრუნავს ბავშვზე და საფრთხისგან იცავს, ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ბავშვი ასეთი ურთიერთობის დეფიციტს განიცდის, აკლია დაცულობის შეგრძნება და მას გამოგონილ მეგობარში პოულობს.

ყველაზე ხშირად კი წარმოსახვითი მეგობარი დაახლოებით ბავშვის ასაკის არსებაა – ადამიანი, ზღაპრის გმირი ან სულაც ცხოველი. ასეთ მეგობრებს ბავშვები უმთავრესად მარტოობის შეგრძნების საკომპენსაციოდ ან თავიანთი ფარული სურვილების ასასრულებლად იგონებენ; აკეთებენ იმას, რისთვისაც იციან, რომ დაისჯებიან, მერე კი ამ საქციელს გამოგონილ მეგობარს მიაწერენ.

ფსიქოლოგების აზრით, წარმოსახვითი მეგობარი, გარდა იმისა, რომ წარმოსახვის უნარს უვითარებს ბავშვს, ზოგჯერ პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარებაშიც ეხმარება. პრობლემასთან შეჯახებისას ზრდასრული ადამიანები ვმსჯელობთ, რასაც, სხვა სიტყვებით, საკუთარ თავთან საუბარიც შეიძლება დავარქვათ. იმავეს აკეთებს პატარაც გამოგონილ მეგობართან საუბრისას და ამის წყალობით უფრო თამამად იღებს გადაწყვეტილებას.

 

  • როგორ მოვიქცეთ?

წარმოსახვით მეგობრებს ბავშვები იშვიათად უმალავენ მშობლებს. თუ ხვდებით, რომ შვილი გამოგონილ მეგობარს გიმალავთ, ესე იგი არ გენდობათ. მოგიწევთ, რამე იღონოთ მისი ნდობის მოსაპოვებლად. სთხოვეთ შვილს, გაგაცნოთ თავისი ახალი მეგობარი, უთხარით, რომ ძალიან გინდათ მისი გაცნობა და როდესაც ბავშვი დაგთანხმდებათ, თავი ისე მოაჩვენეთ, თითქოს ამით ძალიან ბედნიერი ხართ. გამოგონილ მეგობართან მხოლოდ ბავშვის შუამავლობით დაამყარეთ ურთიერთობა, პირადად ნუ დაუწყებთ საუბარს და ნუ მიაწერთ მას ბავშვისთვის უცნობ თვისებებს. დაიმახსოვრეთ, წარმოსახვითი მეგობრის გაცნობით ბავშვი თავისი სამყაროს კარს გიღებთ. მეგობარი მისი ფანტაზიის ნაყოფია და ასეც უნდა დარჩეს.

შვილის “მეგობართან” ინტერაქციის დროს ფრთხილად იყავით. მარჯორი ტეილორს პრაქტიკაში ჰქონდა შემთხვევა, როდესაც 5 წლის გოგონას დედამ, როდესაც სუფრა გაშალა, შვილის წარმოსახვით მეგობარსაც დაუდო კერძით სავსე თეფში, ხოლო როდესაც გოგონა სხვა მხარეს იყურებოდა, იხუმრა და მისი “მეგობრის” თეფშიდან საჭმელი აიღო, ბავშვს კი უთხრა, რომ საჭმელი მისმა მეგობარმა შეჭამა. ერთი შეხედვით, უწყინარი ხუმრობაა და ბავშვმაც გულიანად იცინა, მაგრამ იმ დღის შემდეგ კოშმარული სიზმრები დასჩემდა. ამბობდა, რომ მისი მეგობარი გაბოროტდა და სიზმრებში მის შესაჭმელად მოდიოდა. ტეილორის ჩარევით გოგონას თითქმის წელიწადი დასჭირდა სრული რეაბილიტაციისთვის.

თუ ბავშვმა არ ისურვა თავისი განსაკუთრებული მეგობრის თქვენთვის გაცნობა, დააკვირდით, რას თამაშობს მასთან, როგორ იქცევა და ამის მიხედვით გადაწყვიტეთ, საჭიროა თუ არა თქვენი ჩარევა.

 

  • როდის ჩავერიოთ?

თუ ბავშვი უარს ამბობს თანატოლებთან თამაშზე და მთელ დროს გამოგონილ მეგობართან ერთად ატარებს, სოციალიზაციაში უნდა დაეხმაროთ, რადგან თანატოლებთან ურთიერთობა აუცილებელია ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარებისთვის. მიმართეთ ფსიქოლოგს, ჰკითხეთ, როგორ დაეხმაროთ ბავშვს ისე, რომ ზიანი არ მიაყენოთ მის ფსიქიკას.

მშობლის ინტერაქცია აუცილებელია, როცა გამოგონილი მეგობარი ბავშვს ცუდი საქციელისკენ უბიძგებს, როცა ბავშვი რამეს აშავებს და დანაშაულს გამოგონილ მეგობარს აბრალებს ან სულაც ამბობს, რომ ამის გაკეთება მეგობარმა სთხოვა. ამ შემთხვევაშიც გაესაუბრეთ ფსიქოლოგს, რადგან ბავშვის ფანტაზიაში ჩარევა დიდ სიფაქიზეს მოითხოვს.

 

  • როდის და როგორ დავემშვიდობოთ?

უცნობია, რა ასაკში ემშვიდობება ბავშვი თავის წარმოსახვით მეგობარს. არც ბავშვებს და არც მშობლებს არ ახსოვთ, როდის და როგორ მოხდა განშორება – მეგობარი უბრალოდ გაქრა ბავშვის წარმოსახვიდან.

მცირეწლოვან ბავშვებთან განშორება უმეტესად ბაღში მისვლისთანავე ხდება. ამ დროს პატარა რეალურ თანატოლებს უმეგობრდება და წარმოსახვითი მეგობარი აქტუალობას კარგავს.

როდესაც ბავშვს გამოგონილი მეგობარი სკოლის ასაკში უჩნდება, ეს უმეტესად გამოწვეულია სტრესით, რომელსაც ახალი გარემო და ახალი ურთიერთობები იწვევს, მაგრამ 8 წლისთვის ბავშვების 90%-ს წარმოსახვითი მეგობარი აღარ ჰყავს.

ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, არ გაამახვილონ ყურადღება ბავშვის ამ გასართობზე. მშვიდად და შეუმჩნევლად განაგრძონ დაკვირვება და თუ საგანგაშოს ვერაფერს აღმოაჩენენ, აცადონ ბავშვს, თავისით გადაუაროს, თვითონ დაემშვიდობოს თავის მეგობარს.

ასე რომ, გაერთეთ შვილთან ერთად, ნუ შეუზღუდავთ ფანტაზიას და, იმავდროულად, ნუ დაივიწყებთ საჭიროების შემთხვევაში დროულ რეაგირებას.

ლიკა ქათამაძე

 

 

 

გააზიარე: