დიდი ექიმი, ნოვატორი, კოლეგა

გააზიარე:

დიდი ექიმი, ნოვატორი, შესანიშნავი კოლეგა, საუკეთესო მამა, მოსიყვარულე მეუღლე, – ასე ახასიათებენ თანამედროვეები გივი ოდიშარიას – ექიმს, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ მედიცინაში. 2017 წელს გივი ოდიშარიას ასი წელი შეუსრულდებოდა. ზუსტად ერთი საუკუნის წინ დაიწყო ქართველი დასტაქრის ცხოვრების დიდი და საინტერესო გზა.

გივი ოდიშარია 1917 წლის 10 მარტს დაიბადა მარტვილის რაიონში, სოფელ ბანძაში. იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა, რომელიც მისივე ბაბუის, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ანტონ კეკელიას მიერ იყო აშენებული (ეპისკოპოსმა ანტონმა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე დასავლეთ საქართველოში 15 სკოლა ააშენა, სადაც სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა), 1935 წელს კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

“ბაბუაჩემს ბავშვობიდან ჰყვარებია მათემატიკა და მათემატიკოსობა ჰქონია განზრახული, – იხსენებს გივი ოდიშარიას შვილიშვილი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ანგიოლოგიის, რეკონსტრუქციული ქირურგიის, სისხლძარღვთა ქირურგიისა და პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ფერაძე, – ექიმობა მის ძმას უნდოდა, მაგრამ ბედმა სხვაგვარად განსაჯა: ბაბუამ მათემატიკის ფაკულტეტზეც ჩააბარა მისაღები გამოცდები და სამედიცინო ინსტიტუტშიც ძმის მაგივრად (იმხანად, საბუთების მოუწესრიგებლობის გამო, ასეთი რამ შესაძლებელი იყო), მერე კი ბაბუას საბუთები სამედიცინოზე მოხვდა, ხოლო მისი ძმისა – მათემატიკურზე. ასე შემთხვევით გახდა გივი ოდიშარია სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი, მაგრამ თუ მის ბიოგრაფიას გადაავლებთ თვალს, ვერაფრით იფიქრებთ, რომ მედიცინა მის ცხოვრებაში შემთხვევით შემოვიდა – მთელი ცხოვრება, მთელი ძალა და ენერგია მან სწორედ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას შეალია".

ინსტიტუტის დამთავრებიდან მცირე ხნის შემდეგ გივი ოდიშარია ომში გაიწვიეს. სრულიად ახალგაზრდა ექიმი ფრონტის წინა ხაზზე ურთულეს ოპერაციებს ატარებდა.

ირაკლი ფერაძე ჰყვება:

– ომში პრაქტიკულად მოხალისედ წავიდა. 1941 წელს როგორც ექიმი ფრონტისთვის მეტისმეტად ახალგაზრდა იყო, მაგრამ თავიდანვე ჩაება წინა ხაზზე საბრძოლო მოქმედებებში. მომდევნო წლებში გახდა საავიაციო ჰოსპიტლის მთავარი ქირურგი. მარტო ომის დროს აქვს გაკეთებული, სულ ცოტა, 10-12 ათასი დიდი ოპერაცია, თანაც აკეთებდა ყველაფერს, მათ შორის – დიდი დეფექტების პლასტიკურ აღდგენასაც, რაც იმ დროისთვის დიდი სიახლე იყო.

– ძალიან მძიმე პირობებში უწევდა მუშაობა, – იხსენებს მიხეილ ოდიშარია, ექიმის ვაჟი, – უმეტესად – მიწურებში. ლაზარეთი ტყეში იყო გაშლილი, ზოგჯერ – ჭაობიან ადგილასაც. ელექტროენერგია არ ჰქონდათ. განათებისთვის გენერატორს იყენებდნენ, რომელსაც ჯარისკაცი ხელით ატრიალებდა. ყოფილა დღეები, როცა ასეთ პირობებში ოცი საათი გადაბმულად უმუშავია.

ომმა გივი ოდიშარიას მხოლოდ პროფესიული გამოცდილება როდი შესძინა – სწორედ ფრონტზე გაიცნო ახალგაზრდა ექიმმა მომავალი მეუღლე, უკრაინელი პოლინა კვარტინი.

– პირველად 1942 წელს შეხვდნენ ერთმანეთს, – მოგვითხრობს ბატონი გივის ქალიშვილი, იზაბელა ოდიშარია, – დედაჩვენი მაშინ ლაზარეთის აფთიაქის გამგე იყო. მამას დანახავისთანავე მოსწონებია ქერა, ცისფერთვალა ქალიშვილი, დედა კი იხსენებდა: რომ შევხედე, შემეშინდა, ისეთი გამხდარი და შავი იყოო. მამა თურმე კარგა ხანს არაფერს ეუბნებოდა, მაგრამ ყოველდღე მიდიოდა აფთიაქში, იჯდა და უყურებდა. დედას ეს კიდევ უფრო აშინებდა. მერე შემთხვევით ამ “შავ კავკასიელთან” ერთად მოხვედრილა სუფრასთან. მამა არაჩვეულებრივად მღეროდა და დედასთვის “მხოლოდ შენ ერთს” უმღერია. ეს იყო და ეს – დედა ისე მოხიბლულა, შიში სულ მთლად დავიწყებია. იმ დღიდან დაიწყო მათი სიყვარულის საოცარი ისტორია...

მიხეილ ოდიშარია:

– დედა და მამა ერთად ძალიან მძიმე სამუშაოს ასრულებდნენ. დოლბანდი, ბამბა, სხვა მასალები ხშირად არ ჰქონდათ, რეცხავდნენ, აშრობდნენ და ხელახლა იყენებდნენ. ზოგჯერ დნეპრზე უწევდათ გადასვლა და დაღლილებს, სველებს, ოპერაციის გაკეთება. ასეთ პირობებში უამრავი ჯარისკაცი ჰყავთ გადარჩენილი.

ერთხელ ყირიმში, ფრონტზე, წარმოდგენის გასამართავად ჩასულან აკაკი ვასაძე და აკაკი ხორავა. სპექტაკლის დროს დაბომბვა დაწყებულა. მსახიობები თურმე სცენიდან ფეხს არ იცვლიდნენ – წარმოდგენა უნდა დავამთავროთო. მამას აკაკი ხორავა ძალით ჩაუგდია მიწურში. შეტევა რომ დამთავრებულა, მსახიობს უთქვამს: შენ რომ არა, ჩემს თბილისს ვეღარასოდეს ვნახავდიო.

 

ომის დამთავრებამდე გივი ოდიშარია მონაწილეობდა სტალინგრადის დაცვასა და გათავისუფლებაში, აგრეთვე _ პოლონეთის, უნგრეთის, ავსტრიის გათავისუფლებისთვის, ბერლინის აღებისთვის ბრძოლებში.

 

ირაკლი ფერაძე:

– როდესაც ომი, პრაქტიკულად, დასრულდა, გივი ოდიშარიამ ავსტრიაში, ფინსტერელის კლინიკაში დაიწყო მუშაობა. იმ დროს ფინსტერელის კლინიკაში მუშაობა ქირურგისთვის დაახლოებით იმავეს ნიშნავდა, რასაც მხატვრისთვის _ მიქელანჯელოს სახელოსნოში მუშაობა. მაშინდელი მოწინავე ქირურგია, თანამედროვე ქირურგიის პრინციპები სწორედ იქ ჩაისახა. ბაბუაჩემი 1947 წლამდე მუშაობდა ამ კლინიკაში. მეტი ვეღარ გაძლო, უცხოეთში უზრუნველ ცხოვრებას სამშობლოში მძიმე პირობებში მუშაობა არჩია.

 

ვოვა შენგელიძე, ენდოსკოპიის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი:

– ფინსტერელის კლინიკა ახლაც უძლიერესი კლინიკაა, ერთ-ერთი წამყვანი ევროპაში. იქიდან დაბრუნებული გივი ოდიშარია გვიყვებოდა, რას აკეთებდა, ვისთან ერთად მუშაობდა და იმ ხალხის გვარებს ჩამოთვლიდა, ვისი ნაშრომებითაც ჩვენ ქირურგიას ვსაწვლობდით... მახსოვს, ვკითხეთ, რატომ არ დარჩა იქ. ომი დამთავრდა და უცხოეთში რაღა გამაჩერებდა, როცა შემეძლო, ამხელა ცოდნა და გამოცდილება ჩემი ხალხისთვის მომეხმარაო, – გვიპასუხა. აი ასეთი დიდი პატრიოტი იყო ბატონი გივი.

ირაკლი ფერაძე:

– საქართველოში დაბრუნებულს ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ ნიშნავდნენ, მაგრამ ეს თანამდებობა ქირურგიულ საქმიანობას გამორიცხავდა, ბაბუასთვის კი წარმოუდგენელი იყო აქტიური ქირურგიის გარეშე ცხოვრება, ამიტომ წინადადებაზე უარი თქვა. ამის შემდეგ რუსთავში გაანაწილეს.

 

რუსთავში დაიწყო გივი ოდიშარიას ცხოვრების ახალი ეტაპი, რომელმაც სიცოცხლის ბოლომდე გასტანა. მეტალურგიულ ქალაქთან ერთად შენდებოდა მისი სამედიცინო სამსახურიც. ამ ყველაფრის ორგანიზატორი სწორედ გივი ოდიშარია გახლდათ. მისი უშუალო მონაწილეობით აშენდა ჯერ ქალაქის მთავარი პოლიკლინიკა, მერე კი ქალაქის პირველი საავადმყოფოც.

 

ირაკლი ფერაძე:

– 1948 წელს რუსთავი როგორც ქალაქი არ არსებობდა. ბარაკებში ცხოვრობდა ხალხი, რომელსაც მეტალურგიული ქარხანა უნდა აეშენებინა. აი, ამ ბარაკებში გაკეთდა პირველი ოპერაციები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსთავში მედიცინა გივი ოდიშარიამ დაიწყო. მალევე, 1948-1949 წლებში, მან ჩაატარა კუჭის პირველი წარმატებული რეზექციები. იმხანად ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იყო. მუცლის ღრუს, განსაკუთრებით კი  კუჭის ოპერაციებზე გართულებების პროცენტული მაჩვენებელი მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ათჯერ ნაკლები ჰქონდა. ორჯერ და სამჯერ კი არა, ათჯერ!

ვოვა შენგელიძე:

– ბატონი გივი, გაუზვიადებლად შეიძლება ითქვას, უმაღლესი დონის ქირურგი იყო. მასთან მოხვედრამდე ერთი წელი გავატარე კლინიკაში, სადაც მუშაობდა ბატონი ეგნატე ფიფია – მეოცე საუკუნის ალბათ ყველაზე გამოჩენილი ქართველი ქირურგი, ნანახი მქონდა მისი ოპერაციები და ვიცნობდი ტექნიკას, რომელიც შემდეგ ბატონ გივისთან ვნახე. გაოცებული ვიყავი ამ ოპერაციების მაღალი დონით. მიკვირდა კიდეც, რატომ მუშაობდა რუსთავში და არა თბილისში, მაგრამ ისე უყვარდა ეს ქალაქი, მისი მიტოვება აზრადაც არ მოსვლია.

 

მიხეილ ოდიშარია:

– გამუდმებით სამედიცინო ლიტერატურას კითხულობდა. სიძეს, ტრისტან ფერაძეს, ხშირად ეუბნებოდა: დღევანდელი დღე თუ გააცდინე, ხვალ ორი დღით უკან იქნებიო. სხვათა შორის, სწორედ ტრისტან ფერაძემ ჩაატარა საბჭოთა კავშირში პირველი მიკროქირურგიული ოპერაცია – ხუთი წლის ბავშვს ხელი მიაკერა.

 

ირაკლი ფერაძე:

– აპენდიქსის რეზექციის ორლიგატურული მეთოდი დღეს მიღებულია და რუტინულადაც კი მიიჩნევა, მაგრამ იმხანად ეს მედიცინაში ახალი სიტყვა იყო. როდესაც ბაბუაჩემმა სტატია გაგზავნა “ქირურგიაში”, რუსეთის ცენტრალურ ქირურგიულ ჟურნალში, იქ დაიბნენ – ვერ მიხვდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე და პუბლიკაციის გამოქვეყნებაზე უარი თქვეს. შემდეგ შედგა სტატისტიკა და გამოჩნდა, რომ ახალი მეთოდი ძველზე გაცილებით უსაფრთხო და ეფექტური იყო. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი ლაპაროსკოპიული ოპერაციები სწორედ ამ მეთოდის სარკისებრი ანარეკლია. და ამ მეთოდით ატარებდა ოპერაციებს გივი ოდიშარია 50-60-იან წლებში. მისი წყალობით რუსთავის კლინიკამ მალევე გაითქვა სახელი. შემდეგ გავიგეთ, რომ იქ ქირურგის დახელოვნებაზე სერიოზული კონკურსი ყოფილა. ძალიან მაღალ ეშელონებში წყდებოდა ეს საკითხი. მისი განყოფილებიდან გამოვიდა უამრავი სპეციალისტი, რომლებმაც დაამშვენეს არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი საბჭოთა კავშირის და უცხოეთის კლინიკები. გივი ოდიშარიას მუშაობის წლებში რუსთავის კლინიკა ქირურგიული კადრების ნამდვილი სამჭედლო იყო.

 

ბატონი ვოვა გივი ოდიშარიას გაცნობის დღესაც იხსენებს:

– სტუდენტები ვიყავით, ბატონ გივის პირადად არ ვიცნობდით, მაგრამ გაგონილი გვქონდა, რომ რუსთავში,  მეტალურგიული ქარხნის საავადმყოფოში, მუშაობდა უძლიერესი ქირურგი. მაშინ ასეთი წესი იყო: ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ერთწლიანი ინტერნატურა უნდა გაგევლო. ვინაიდან ბატონ გივიზე ბევრი რამ გაგვეგონა, მე და რამდენიმე სხვა კურსდამთავრებულმა რუსთავში განაწილება მოვითხოვეთ. ასე აღმოვჩნდით ბატონ გივისთან. გაცნობის პირველივე დღიდან მოვინუსხეთ ამ ადამიანით.

ირაკლი ფერაძე:

– გივი ოდიშარია ნამდვილად ყველას უყვარდა. სამწუხაროდ, დღეს ქირურგია აღარ ასოცირდება პიროვნებასთან – ქირურგი შეიძლება იყოს კარგი სპეციალისტი, მაგრამ არც ისე კარგი ადამიანი. იმ დროს კი პიროვნება და საქმიანობა ერთმანეთთან იყო შერწყმული. ბაბუას ქალაქში მზეკაცს ეძახდნენ. მახსოვს, როცა მასთან ერთად მივდიოდი სადმე, ასიოდე მეტრის გავლას საათზე მეტს ვანდომებდით – ყოველ ნაბიჯზე აჩერებდნენ, ესალმებოდნენ, მოიკითხავდნენ, მადლობას გადაუხდიდნენ. 1951-დან 1985 წლამდე 20 000-ზე მეტი ოპერაცია გააკეთა. ესე იგი დღეში სამს მაინც აკეთებდა, შაბათ-კვირას თუ არ ჩავთვლით, ამიტომ გასაგებია მისდამი რუსთაველების განსაკუთრებული დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს თბილისში ბევრი წარმატებული ექიმი მოღვაწეობდა, ხალხი საგანგებოდ ჩამოდიოდა რუსთავში გივი ოდიშარიასთან საოპერაციოდ. ახლა ამ ქალაქში მისი სახელობის ქუჩაა. ამასთან, გივი ოდიშარია იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, ვისაც რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

ვოვა შენგელიძე:

– ჩვენ მასთან შედარებით ბავშვები ვიყავით, მაგრამ თანატოლებივით გვემეგობრებოდა. მორიგეობის შემდეგ დაღლილებს თავისთან წაგვიყვანდა, დაგვაპურებდა და ისე გაგვიშვებდა დასასვენებლად. პოლინა, მისი მეუღლე, საოცრად კეთილი ქალბატონი, ყოველთვის თბილად გვიღებდა, მათ შვილებსაც კარგად ვიცნობდით და თანდათან სამსახურებრივი ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაიზარდა. ყოველივე ამასთან ერთად, არაჩვეულებრივი მასწავლებელი იყო. თამამად შემიძლია ვთქვა – ერთ-ერთი გამორჩეული მასწავლებელი, რომელმაც შემაყვარა ქირურგია და ძალიან დამეხმარა პროფესიულ წინსვლაში.

 

გივი ოდიშარიას კოლეგები იხსენებენ, რომ მომთხოვნი იყო და დაუდევრობას არავის აპატიებდა, მაგრამ ხელქვეითებს არასდროს მისცემდა შენიშვნას ავადმყოფის დასანახად და ყოველგვარ გართულებას საკუთარ თავზე იღებდა.

 

ირაკლი ფერაძე:

– ხმას არასოდეს აუწევდა. გაბრაზებული როგორი იყო, არც კი მახსოვს. კლინიკას სიტკბოთი და სიყვარულით მართავდა. ექიმით დაწყებული, სანიტრით დამთავრებული, ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, გეტყვით, მე გამორჩევით ვუყვარდიო.

მახსოვს, შემოვლის დროს ისეთი აურა შეჰქონდა პალატაში, ავადმყოფებს ესეც კი ჰყოფნიდათ. მეტსაც გეტყვით – ზოგჯერ მასთან გასაუბრების შემდეგ ანალიზებიც კი უმჯობესდებოდა. ჩემი აზრით, ეს არის ჭეშმარიტი ექიმობა. ასეთი ადამიანების ისტორია, გამოცდილება არ უნდა დაიკარგოს. სწორედ ამ მაგალითებზე უნდა გაიზარდოს მომავალი თაობა.

 

მართალია, არც ბატონი გივი და არც მისი მეუღლე ამქვეყნად აღარ არიან, მაგრამ მათ შვილებსა და შვილიშვილებს დღემდე ახსოვთ იმ საოცარი სიყვარულის ისტორია, რომელიც ომში დაიწყო და სიკვდილამდე გაგრძელდა.

მიხეილ ოდიშარია:

– დედა და მამა მთელის ორი ნახევარი იყვნენ. დედა რომ გარდაიცვალა, მამა ნახევარ კაცად იქცა. იყო დღეები, როცა შინ არც კი მოდიოდა. დავრეკავდით საავადმყოფოში, გვეტყოდნენ, ბატონი გივი დიდი ხანია წამოვიდაო. ერთხელ, საღამოს 9-10 საათზე, თბილისიდან რუსთავში მივდივარ მანქანით. რატომღაც გაჩიანში გავიარე, სადაც რუსთავის სასაფლაოა. ვხედავ, დედას საფლავთან ზის... თურმე ასე იჯდა საათობით და ამიტომ აგვიანებდა სახლში მოსვლას.

გივი ოდიშარიამ საავადმყოფო საყვარელი მეუღლის ცისფერ თვალებს მიუძღვნა. მედპერსონალისთვის ცისფერი ფორმები შეუკვეთავს, კაფელიც ცისფერი შეურჩევია... შენობაში, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებდა, ყველაფერი მის საყვარელ პოლინას უკავშირდებოდა.

მშობლების სიყვარულს და გივი ოდიშარიას სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ქალბატონი ბელა უცრემლოდ ვერ იხსენებს:

– დედა მართლაც წარმოუდგენლად უყვარდა. სიცოცხლის ბოლო დღეებში საწოლის წინ ეკიდა მისი დიდი სურათი, იწვა და უყურებდა. ალბათ ისევე, როგორც წლების წინ ჰოსპიტლის აფთიაქში შესცქეროდა ახალგაზრდა ცისფერთვალება პროვიზორს. ისე მძიმედ იყო, ვეღარც კი ლაპარაკობდა, და აი, ასეთმა ავადმყოფმა, ძლივძლივობით, ძალიან ჩუმად, სურათთან იმღერა "მხოლოდ შენ ერთს...“

 

მკითხველი ალბათ დაგვეთანხმება – შეუძლებელია, განსაკუთრებული არ იყოს ადამიანი, რომელსაც გულით ამხელა სიყვარულის ტარება შეუძლია. სწორედ ასეთი გახლდათ გივი ოდიშარია – დიდი ექიმი და დიდი პიროვნება, რომლის სახელი საუკუნოდ დარჩება მისი ოჯახის წევრების, კოლეგების და იმ პაციენტთა გულებში, ვისაც მზეკაცმა ჯანმრთელობა დაუბრუნა და ახალი სიცოცხლე აჩუქა.

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: