რატომ არის თირკმლის ჭვალი – უფრო მტკივნეული, ვიდრე მშობიარობა?

გააზიარე:

თირკმლის ჭვალი არის უეცარი აუტანელი ტკივილი, რომელსაც თირკმელში ან შარდსაწვეთში არსებული კენჭი იწვევს. ტკივილი წელიდან იწყება და ნელ-ნელა ქვემოთ და წინ, საზარდულისკენ გადაინაცვლებს. ის უფრო მძაფრია, ვიდრე მშობიარობის, ძვლის მოტეხილობის ან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის თანმხლები ტკივილი.

 

გავრცელების არეალი

თირკმლის კენჭი, მედიცინის ენაზე — თირკმელკენჭოვანი დაავადება ან ნეფროლითიაზი, საკმაოდ მძიმე დაავადებაა, რომლითაც წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტი ადამიანი იტანჯება.

ყველაზე ხშირად ეს დაავადება ევროპის განვითარებულ ქვეყნებში აღირიცხება. ახალი შემთხვევები იქ დაახლოებით იმავე ინტენსივობით ვლინდება, როგორითაც აშშ-ში, სადაც ნეფროლითიაზის სიმპტომებით ყოველწლიურად ორ მილიონამდე ადამიანი მიმართავს ექიმს. განვითარებად ქვეყნებში, განვითარებულისგან განსხვავებით, უფრო მეტია ნაღვლის კენჭის შემთხვევა.

ნეფროლითიაზი საქართველოშიც საკმაოდაა გავრცელებული, რასაც, როგორც ჩანს, კვების რეჟიმი განაპირობებს. ზედმეტად ცხიმიანი საკვები, შებოლილი და შემწვარი ხორცის პროდუქტები, მარილიანი და ზედმეტად ტკბილი კერძები – ეს ყველაფერი თირკმლის კენჭის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია. ამიტომაა მნიშვნელოვანი სწორი კვება, რაც გულისხმობს მეტ ხილსა და ბოსტნეულს, ნაკლებ მარილიან და ცხიმიან საკვებს.

 

სიმპტომები

თირკმლის ჭვალი იწყება გაუსაძლისი ტკივილით, რომელსაც ერთვის შემცივნება, გულისრევის შეგრძნება. შესაძლოა, შარდში იყოს სისხლის მინარევი, რაც კენჭის მიერ საშარდე გზების დაზიანებაზე მიუთითებს; შარდვას თან ახლდეს წვის შეგრძნება; შარდი იყოს ამღვრეული და მყრალი. თუ კენჭს დაერთო ინფექციაც, შესაძლოა აიწიოს ტემპერატურამ, შარდვა გახშირდეს და მტკივნეული გახდეს.

 

შეტევის ფაზები

ტკივილი, როგორც ვთქვით, წელის მიდამოში აღმოცენდება და კენჭის მდებარეობასთან ერთად იცვლის ლოკალიზაციას. მთელი პროცესი, ტიპობრივ შემთხვევაში, 3-დან 18 საათამდე გრძელდება.

გამოყოფენ შეტევის სამ ფაზას:

პირველია მწვავე ანუ საწყისი ფაზა. შეტევა იწყება დილით ადრე ან ღამით, ძილის დროს. ტკივილი მუდმივია. მისი ინტენსივობა თანდათან იმატებს. შიგადაშიგ შეინიშნება პაროქსიზმიც. ეს ფაზა 30 წუთიდან 6 საათამდე გრძელდება.

მეორეა კონსტანტური ფაზა. ტკივილი პიკს აღწევს და ამ დონეზე ჩერდება, სანამ მასზე გამაყუჩებლით არ ვიმოქმედებთ. ეს ფაზა, ტიპურ შემთხვევებში, 1-დან 4 საათამდე გრძელდება, თუმცა შესაძლოა, 12 საათამდეც გახანგრძლივდეს.

მესამეა ტკივილის კუპირების ფაზა. ამ დროს ტკივილი მკვეთრად და სწრაფად მცირდება და ავადმყოფი შვებას გრძნობს.

 

ტკივილის ლოკალიზაცია

კენჭის მდებარეობის შესაბამისად, ტკივილის ლოკალიზაცია სხვადასხვანაირია.

თუ კენჭი გაჭედილია ურეთროპელვური კავშირის ადგილას – ტკივილი წელის არეში აღმოცენდება, სუსტი ან ძლიერია და არ გადაეცემა საზარდულში. თანმხლები სიმპტომებია ხშირი და მტკივნეული შარდვა, ბოქვენის ზემო ნაწილში ტკივილის შეგრძნება, შებერილობა.

შარდსაწვეთში არსებულ კენჭს ახასიათებს უეცარი მძაფრი ტკივილი წელის მიდამოში და იმავე მხარეს მუცლის ქვედა სეგმენტში. გადაეცემა შუასაყრისკენ. თან ახლავს გულისრევის შეგრძნება, რომელიც შესაძლოა ღებინებაშიც გადაიზარდოს.

კენჭები, რომლებიც შარდის ბუშტისკენ გადაინაცვლებს, ხშირად უსიმპტომოა, მაგრამ შესაძლოა გამოიწვიოს შარდის შეკავება. დიაგნოზისთვის საჭიროა შარდისა და სისხლის ანალიზი, ექოსკოპია და რენტგენული კვლევა.

 

თირკმლის კენჭები

როდესაც შარდში დიდი რაოდენობით გროვდება მინერალები, ისინი ერთმანეთს ეწებება და კენჭებს წარმოქმნის. ეს წარმონაქმნები სხვადასხვა ზომის, ფორმისა და შემადგენლობისაა. ზომა ქვიშის მარცვლისოდენადან მარგალიტისოდენამდე მერყეობს. პატარა კენჭმა შესაძლოა თავისით გამოიაროს საშარდე გზები და გარეთ გამოვიდეს, რაც ნაკლებად მტკივნეულია. დიდი კენჭი შესაძლოა საშარდე გზებში გაიჭედოს და შეაფერხოს შარდის დინება, რაც ტკივილსა და სისხლდენას გამოიწვევს.

შემადგენლობის მიხედვით განასხვავებენ კალციუმის, ცისტინის, შარდმჟავას და მაგნეზიუმ ამონიუმ ფოსფატის კენჭები.

კალციუმის კენჭები ორი სახისაა: ოქსალატები და ფოსფატები. ყველაზე ხშირად კალციუმის ოქსალატები გვხვდება. ზედმეტი კალციუმი, რომელსაც ორგანიზმი ვეღარ იყენებს, გადადის თირკმელში, რათა შარდთან ერთად გამოიყოს. როდესაც ეს პროცესი დარღვეულია, კალციუმი რჩება თირკმელში, უერთდება სხვა ნარჩენ პროდუქტებს და კენჭების წარმოქმნაში მონაწილეობს.

ოქსალატების წარმოქმნას ხელს უწყობს შარდის პH-ის შემცირება, ჩ ვიტამინის ჭარბი მიღება, სხვადასხვა დაავადების დროს წვრილი ნაწლავიდან ზოგიერთი ნივთიერების შეწოვის დარღვევა (მალაბსორციის სინდრომი).

კალციუმის კენჭები კარგად ჩანს როგორც რენტგენზე, ისე კომპიუტერულ ტომოგრამაზეც.

მკურნალობა ითვალისწინებს შარდმდენების (თიაზიდების) და სხვა პრეაპრატების მიღებას, დიეტას – ნაკლებმარილიან საკვებს, ნაკლებ პროტეინს, კალციუმისა და ჩ-ვიტამინოვანი დანამატების მიღების შეზღუდვას და, რაც მთავარია, ბევრი წყლის სმას.

შარდმჟავას კენჭები (მათ წილად კენჭების დაახლოებით 5% მოდის) ასოცირებულია შარდში შარდმჟავას სიჭარბესთან (ჰიპერურიცემია), პოდაგრასა და ლეიკემიასთან. ამ უკანასკნელის დროს მომატებულია უჯრედთა ცვლა, რის შედეგადაც ორგანიზმში შარდმჟავა მარილები გროვდება.

რისკფაქტორებია:

•             შარდის მოცულობის შემცირება;

•             მშრალი კლიმატი;

•             ამა თუ იმ მიზეზით შარდის მჟავიანობის მატება;

•             კვება (თევზის, მოლუსკების, ხორცის პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება).

რენტგენსა და კომპიუტერულ ტომოგრამაზე შარდმჟავას კენჭები შესაძლოა არ გამოჩნდეს, ამიტომ მათი დიაგნოსტიკა არცთუ მარტივია. ამ ტიპის კენჭების არსებობისას მკურნალობა გულისხმობს შარდის ალკალინიზაციას ანუ მჟავიანობის დაქვეითებას და ალოპურინოლის მიღებას.

 

მაგნეზიუმ ამონიუმ ფოსფატის კენჭების წილი დაახლოებით 15%-ია. მათი წარმოქმნა საშარდე გზების ინფექციასთანაა დაკავშირებული. გამომწვევებად უმეტესად გვევლინებიან პროტეუსი, სტაფილოკოკი, კლებსიელა. ეს მიკრობები შეიცავენ ფერმენტ ურეაზას, რომელიც ორგანიზმში არსებულ შარდოვანას ამონიუმად გარდაქმნის, ეს კი შარდის მჟავიანობის დაქვეითებას იწვევს.

მაგნეზიუმ ამონიუმ ფოსფატის კენჭები ფართოდ, მარჯნისებურად არის გაშლილი თირკმლის მენჯებსა და ფიალებში, ამიტომ მათ სამკურნალოდ უმეტესად ოპერაციას მიმართავენ.

ცისტინის კენჭები ცისტინურიის შედეგია. ეს არის გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც ამინმჟავა ცისტეინი უკანვე, თირკმლის მილაკებში, ვეღარ შეიწოვება და შარდში გადადის. ცისტინი ნაკლებხსნადია, ამიტომ მისგან წარმოიქმნება კენჭები, რომლებსაც აქვს ექვსკუთხედის ფორმა და კარგად ჩანს რენტგენზე. მკურნალობა ითვალისწინებს ნაკლებმარილიანი საკვების მიღებას, შარდის მჟავიანობის დაქვეითებას.

 

როდის გვმართებს სიფრთხილე

არსებობს ფაქტორები, რომლებსაც ნეფროლითიაზთან უშუალო კავშირი აქვს, მათ შორის – საშარდე გზების შევიწროება-დახშობა, ნაწლავების ქრონიკული ან ხანგრძლივი ანთება, ცისტინურია, პოდაგრა, შარდში კალციუმის, ოქსალატების მომატება, ჰიპერპარათიროიდიზმი, სიმსუქნე, საშარდე გზების ინფექცია. ამავე რიგს შეიძლება მივაკუთვნოთ ზოგიერთი მედიკამენტიც: შარდმდენები, ანტაციდები (კუჭის სიმჟავის გასანეიტრალებელი საშუალებები), ადამიანის იმუნოდეფიციტის სამკურნალო ზოგიერთი ანტივირუსული პრეპარატი (ინდინავირი), გულყრის საწინააღმდეგო საშუალებები (ტოპირამატი).

ამ ფაქტორთა არსებობისას ნეფროლითიაზის განვითარება გარდაუვალი არ არის, თუმცაღა რისკი იმატებს.

 

რას ვადარებთ

ნეფროლითიაზის მსგავსი სიმპტომები სხვა პათოლოგიების დროსაც გვხვდება, – მაგალითად, მუცლის აბსცესის, მწვავე გლომერულონეფრიტის, აპენდიციტის, ბილიარული კოლიკის, ქოლეცისტიტის, ცისტიტის, საშარდე გზების ინფექციების დროს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მდგომარეობა დროულად და სწორად შეფასდეს.

 

რისი უნდა გვეშინოდეს

თირკმლის კენჭოვანმა დაავადებამ ტკივილსა და უსიამოვნო შეგრძნებასთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორებიცაა ჰემატურია (სისხლი შარდში), საშარდე გზებისა და თირკმლის ინფექცია, თირკმლის ფუნქციის მოშლა, ჰიდრონეფროზი, პიელონეფრიტი.

 

დიაგნოზი

დიაგნოზი ემყარება კლინიკურ სიმპტომებს, რომლებიც მყარდება ტესტების შედეგებით. დამახასიათებელ ნიშნებთან ერთად შესაძლოა თავი იჩინოს სათესლე ჯირკვლების ტკივილმა ვიზუალური ცვლილების გარეშე, ტაქიკარდიამ, ჰიპერტენზიამ. ხშირად შარდში შეინიშნება მიკროსკოპული ჰემატურია – მცირე რაოდენობის სისხლი.

დიაგნოზის სიზუსტისთვის სასურველია:

•             შარდის ნალექის გამოკვლევა;

•             შრატის კრეატინინის დონის განსაზღვრა;

•             სისხლის საერთო ანალიზი, პლაზმის ელექტროლიტების განსაზღვრა, პლაზმისა და შარდის პH-ის განსაზღვრა, 24 საათის განმავლობაში დაგროვილი შარდის ანალიზი (რითაც შარდში ცილის არსებობას ადგენენ);

•             კომპიუტერული ტომოგრაფია (კონტრასტული ნივთიერების გარეშე);

•             თირკმლის ულტრასონოგრაფია;

•             მუცლის მიმოხილვითი გამომსახველობითი რადიოლოგიური კვლევები;

•             ინტრავენური პიელოგრაფია;

•             თირკმლის ტომოგრაფია;

•             რეტროგრადული პიელოგრაფია.

 

მკურნალობა

დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ტკივილის კუპირება, რისთვისაც იყენებენ ნარკოტიკულ თუ არანარკოტიკულ საშუალებებს, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს.

ორგანიზმში სითხის ბალანსის აღსადგენად საჭიროა ინტრავენური რეჰიდრატაცია (გადასხმა) და ანტიდიურეზული საშუალებების გამოყენება.

გულისრევისა და ღებინების მოსახსნელად მიზანშეწონილია ღებინების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება.

სიმპტომურ მკურნალობასთან ერთად აუცილებელია ტკივილის მიზეზთან ბრძოლაც. ამისათვის ინიშნება, მაგალითად, პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლის შარდმჟავა კენჭების წარმოქმნას, ანტიბიოტიკები, რომელთა დახმარებითაც ებრძვიან ინფექციებს.

გართულებულ და მკურნალობისადმი რეზისტენტულ შემთხვევებში შეიძლება მკურნალობაში კორტიკოსტეროიდების ჩართვა.

თუ კენჭის ზომა 7 მმ-ზე მეტია, მიზანშეწონილად მიიჩნევა ქირურგიული ჩარევა. საჭიროებისამებრ, მიმართავენ ურეთერულ სტენტირებას, კანქვეშა ნეფროსტომიას, ექსტრაკორპორალური შოკური ტალღებით ლითოტრიფსიას და სხვა. ქირურგიული მკურნალობა მიზნად ისახავს კენჭის იმ ზომებამდე დაშლას, რომ ის მარტივად გამოვიდეს ორგანიზმიდან შარდთან ერთად.

 

რეკომენდაცია

თუ წელის ტკივილმა შეგაწუხათ ან შარდში სისხლი შეამჩნიეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა არ გამოგეპაროთ თირკმლის კენჭოვანი დაავადება და მძიმე გართულებებთან არ მოგიხდეთ ბრძოლა.

მანამდე კი სვით რაც შეიძლება მეტი წყალი – ეს ყველაზე ხელმისაწვდომი და, ამასთან, ეფექტური საშუალებაა კენჭების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.

 

სოფიო ცირეკიძე

 

გააზიარე: