შავი ზღვის მარგალიტი

გააზიარე:

 

თუ ჯერ არ შეგირჩევიათ მომავალი ლაშქრობის მიმართულება, აჭარაში მიგიწვევთ – იქ, სადაც ზღვაც არის და მაღალი მთებიც, ბუნებრივი ნაკრძალებიც და ადამიანის ხელით გაშენებული ბაღებიც, ისტორიული ძეგლებიც და მითების კვალიც.

ასე რომ, მოემზადეთ (საცურაო კოსტიუმი არ დაგავიწყდეთ) და გავწიოთ. გზად ცოტა რამეს გიამბობთ აჭარის ისტორიიდან.

აჭარა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კუთხეა. მისი ტერიტორია ზემო ქართლის შემადგენლობაში შედიოდა და ფარნავაზის დროს (ძვ. წ. 300-237 წ.წ.) სამცხესთან ერთად სამეფოს მეექვსე საერისთავოს ნაწილი იყო. ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში სწორედ აჭარიდან დაიწყო – გადმოცემით, აქ პირველ საუკუნეში უქადაგიათ ქრისტეს მოძღვრება მოციქულებს ანდრია პირველწოდებულსა და სვიმონ კანანელს. ზოგიერთი წყაროს ცნობით, კიდევ ერთი მოციქული მატათა აჭარაშივე, გონიოს ტერიტორიაზეა დაკრძალული.

რაკი გონიო ვახსენეთ, დავძენთ, რომ სიმბოლურად სწორედ გონიოს ციხის ტერიტორია მიიჩნევა იმ ადგილად, სადაც ნაპირზე გადმოსულმა არგონავტებმა პირველად დადგეს ფეხი. თავის დროზე ციხეში რომისა და ოსმალეთის იმპერიების ჯარები იყო გამაგრებული, სულ ბოლოს კი – წითელი არმია.

VIII საუკუნემდე აჭარა ქართლის პროვინცია იყო, მერვე საუკუნიდან ბაგრატიონთა სამფლობელოს – “ქართველთა სამეფოს” ნაწილს წარმოადგენდა, 941 წელს კი აჭარის ნაწილი, კერძოდ, ქვემო აჭარა, აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) სამეფოს საზღვრებში მოექცა.

XI საუკუნიდან აჭარა საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა. ამ დროს ის სამხრეთ საქართველოს განათლებისა და კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. მას აბუსერისძეთა ფეოდალური საგვარეულო მართავდა.

XI საუკუნის 80-იან წლებში აჭარა სელჩუკებმა ააოხრეს. XIII საუკუნეში ის სამცხე-საათაბაგოს ერთ-ერთი საერისთავო გახდა. XV საუკუნეში კი, გიორგი მერვისა და ათაბაგ ყვარყვარე მეორის დაპირისპირების დროს, ათაბაგმა გააუქმა აჭარის საერისთავო და ეს მხარე ჯილდოდ გადასცა გურიის მთავარს, რომელიც ბრძოლაში ეხმარებოდა.

XVI საუკუნის 70-იანი წლებიდან ამ ტერიტორიის მისაკუთრებას განუწყვეტლივ ცდილობდნენ ოსმალები. 1605 წელს აჭარა გურიელმა გაათავისუფლა და გურიის სამთავროს შეუერთა, თუმცა 1614 წელს ის ისევ ოსმალთა ხელში აღმოჩნდა, ამჯერად – დიდი ხნით, თუმცა აჭარლები ბედს არ ნებდებოდნენ და აჯანყებას აჯანყებაზე აწყობდნენ. ყველაზე ცნობილი აჯანყებები 1668, 1685, 1697 წლებით თარიღდება. მათ სელიმ ხიმშიაშვილი, ილია ხელაძე, ახმედ კიკნაძე და სხვები ხელმძღვანელობდნენ. საქართველოს განუყოფელ ნაწილად აჭარის შენარჩუნებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით საზოგადო მოღვაწეებს: მემედ და ჰაიდარ აბაშიძეებს.

1878 წელს, რუსეთ-თურქეთის ომში რუსთის გამარჯვების შედეგად, აჭარა რუსეთის იმპერიაში შემავალ საქართველოს დაუბრუნდა, უფრო სწორად, იმპერიის ნაწილად იქცა “ბათუმის ოკრუგის” სტატუსით. 1883 წელს ბათუმისა და ართვინის ოკრუგები გაერთიანდა და შეიქმნა ბათუმის ოლქი, რომელიც ქუთაისის გუბერნიას დაექვემდებარა.

საქართველოს რევკომის 1921 წლის 16 ივლისის დეკრეტით აჭარა ავტონომიურ რესპუბლიკად გამოცხადდა. ამჟამად მას, საქართველოს შემადგენლობაში არსებულ ავტონომიურ რესპუბლიკას, აქვს საკუთარი დროშა და გერბი, ჰყავს საკუთარი მთავრობა და არჩეული საკანონმდებლო ორგანო, თუმცა რჩება და ყოველთვის დარჩება საქართველოს განუყოფელ, ყველაზე კოლორიტულ და თვალწარმტაც ნაწილად.

 

რა ვნახოთ და საიდან დავიწყოთ

აჭარაში სანახავი ბევრზე ბევრია. ეს მხარე ერთი დიდი დღესასწაულია, რომელიც მთელ წელიწადს გრძელდება. კვარიათი, სარფი, გონიო, ციხისძირი, მწვანე კონცხი, ქობულეთი ზაფხულობით უამრავ ტურისტს მასპინძლობს და დაუვიწყარ დასვენებას ჰპირდება. აჭარის სული და გულია შავი ზღვის მარგალიტად წოდებული ყველაზე ევროპული და თანამედროვე ქართული ქალაქი ბათუმი, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში გააშენეს ევროპელმა არქიტექტორებმა და დღესაც უმრავი არქიტექტურული სიახლის სიმბოლოა.

თუმცა აჭარის მთავარი სიმდიდრე არც პლაჟებია და არც თავად ბათუმი – ეს მისი ისტორიული ძეგლებია, რომლებიც ამ მხარის ღირსების სიმბოლოდ აღმართულა.

ჩვენი ლაშქრობაც სწორედ აჭარის უძველესი კულტურული მემკვიდრეობის მონახულებით იწყება.

 

გონიოს ციხე

ისტორიული ჭანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ჭოროხის შესართავთან, მარცხენა მხარეს, უძველესი ციხესიმაგრე გონიო, იგივე აფსაროსი მდებარეობს. გონიო მას შედარებით გვიან, დაახლოებით XII-XIII საუკუნეებში დაერქვა, მანამდე კი აფსარის სახელწოდებით იყო ცნობილი (აფსაროსი მისი ბერძნული ვარიანტია), რაც, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, წყლით მდიდარ, ჭაობიან ადგილს ნიშნავს. სხვათა შორის, ამ ჭაობმა ჩვენს დრომდეც მოაღწია – გონიოს ჭაობი არხების მეშვეობით საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში დააშრეს.

ამჟამად გონიოს ციხე ჭოროხის ნაპირიდან – 500, ხოლო ზღვის ნაპირიდან პირდაპირი ხაზით 800 მეტრითაა დაშორებული, თუმცა მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ძველად ჭოროხის მარცხენა შენაკადი ზედ გონიოს ციხესთან ჩამოდიოდა და იქვე, ციხის მახლობლად, ზღვას ერთვოდა. გადმოცემით, ამ მდინარეს ძველად სანაოსნო მნიშვნელობა ჰქონია – აქედან ნავებით ართვინში გადადიოდნენო, მაგრამ დროთა განმავლობაში ჭოროხის ეს ტოტი ჩაკეტილა და წყალსატევად ქცეულა. ასე გაჩენილა ტბა, რომელსაც დღეს გონიოს ტბის სახელით ვიცნობთ.

გონიოს ციხე ფორმით სწორკუთხედია. მისი სიგრძე 228 მეტრია, სიგანე – 195 მეტრი. გონიო რთული, კოშკებით და მინაშენ-დანაშენებით მდიდარი ნაგებობაა. თავისი არსებობის განმავლობაში მან არაერთი აღდგენა-რესტავრაცია განიცადა. გალავნის კედლებში აშკარად შეინიშნება მშენებლობის რამდენიმე ფენა.

ციხის უძველესი ფენა ბუმბერაზი თლილი ლოდებით არის ნაშენი. არქეოლოგიური მასალებისა და ბერძნულ-რომაულ მწერლობაში დაცული ცნობების მიხედვით, ეს ფენა წინაფეოდალური ხანით თარიღდება.

აქვეა ბიზანტიური ეპოქის (VI-VII ს.ს.) ნაშენობათა ფენა. სარესტავრაციო სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო გონიოში გენუელთა ყოფნის ხანაშიც (XIII-XIV ს.ს.). ისტორიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ თავად სახელწოდება “გონიოც” “გენუას” სახეცვლილი ფორმაა და სწორედ გენუელთა აჭარაში ყოფნის დროს დაერქვა აფსაროსს.

ციხის გალავანს გარედან მიშენებული აქვს ერთმანეთისგან თითქმის თანაბარი მანძილით დაშორებული თვრამეტი კოშკი. მათ შორის ყველაზე დიდია ოთხი, რომლებიც გალავნის კუთხეებთანაა აღმართული.

 

პეტრას ციხე

ჩვენი მომდევნო გაჩერება პეტრას ციხეა, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე მდებარეობს და ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით თარიღდება.

ისტორიული ციხე-ქალაქი პეტრა ხელსაყრელი სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო VI საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ გააშენა ლაზების ამ უძველეს სამოსახლო ადგილას. ქალაქზე გადიოდა ზღვისპირა გზა, რომელიც დასავლეთ საქართველოს ბიზანტიის პროვინციებთან, ირანსა და სომხეთთან აკავშირებდა. პეტრა კონტროლს უწევდა საზღვაო ნაოსნობას ბიზანტიიდან შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ.

ციხე-ქალაქის მდებარეობა და სტატუსი იმდენად მომხიბვლელი იყო, რომ VI საუკუნის შუა წლებში პეტრა ბიზანტია-ირანის ომის მიზეზადაც კი იქცა. ქალაქმა მომდევნო საუკუნეებშიც შეინარჩუნა მნიშვნელობა. შუა საუკუნეებში მას ქაჯეთის ციხეს უწოდებდნენ. მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი გახლდათ XIX საუკუნეშიც.

პეტრას აკროპოლისი ზღვისპირა კლდოვან ბორცვზე მდებარეობდა. ხმელეთის მხრიდან მას გალავანთან ერთად კლდოვანი რელიეფიც იცავდა, რის გამოც მიუვალ ციხედ მიიჩნეოდა. მისი ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი. არქეოლოგიურმა გათხრებმა შიდა ციხის გალავანთან ერთად გამოავლინა სხვადასხვა ნაგებობა, მათ შორის – VI-VII საუკუნეების ბაზილიკის საძირკველი, რომელიც პეტრას საეპისკოპოსოს საკათედრო ტაძრის ნაშთია.

 

მახუნცეთის ჩანჩქერი

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მახუნცეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 335 მეტრ სიმაღლეზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს, 50 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერი გადმოედინება და მოზრდილ მორევს აჩენს. ეს შთამბეჭდავი წყალვარდნილი ერთნაირად იზიდავს როგორც ტურისტებს, ისე ქართველ მოლაშქრეებსაც.

 

თამარის ხიდები

ზემო აჭარაში, სხალთის ხეობისკენ მიმავალმა, გზად მდინარე აჭარისწყალზე გადებული ფურტიოს ქვის თაღოვანი ხიდი უნდა გაიარო. დაახლოებით ორი საუკუნის წინ აჭარაში დიდი წყალდიდობა ყოფილა. აჭარისწყალი მთიდან ჩამოტანილ უზარმაზარ ლოდებს მოაგორებდა. მთელ ხეობაში ისმოდა თურმე მისი ღრიალი. გზად ყველაფერი გაუნადგურებია, ჩამოურეცხავს მთის ფერდობები, მოუთხრია ხეები, წაუღია სახლები, მაგრამ ფურტიოს ხიდისთვის ძვრაც ვერ უყვია.

დაუმუშავებელი ქვითა და კირით ნაშენმა კამაროვანმა ხიდებმა დროს გაუძლო.

თამარის ხიდების სახელწოდებით ცნობილი ქვის თაღოვანი ხიდები მთელ აჭარაშია მიმოფანტული – კინტრიშზე, ჭოროხზე, აჭარისწყალზე, მაჭახლისწყალზე. აჭარის რეგიონში სულ 25 ასეთი ხიდია აღმოჩენილი.

ლეგენდის თანახმად, ხიდები თამარ მეფეს აუშენებია, თუმცა მეცნიერი შალვა ვარშანიძე მათ დაახლოებით მეოთხე-მეხუთე საუკუნეებს მიაკუთვნებს. იმ პერიოდში აჭარა სამცხესთან ერთად ქართლის სამეფოში შედიოდა როგორც ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული. ზოგი ხიდი კი ოდნავ მოგვიანებით, მეშვიდე-მერვე საუკუნეებში უნდა იყოს აშენებული.

 

მტირალას ეროვნული პარკი

მართალია, 16 000 ჰექტარზე გადაჭიმული პარკის მთლიანად შემოვლას ვერ მოვახერხებთ, მაგრამ მასზე წარმოდგენას ნამდვილად შევიქმნით.

მტირალას ეროვნული პარკი კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქობულეთ-ჩაქვის ქედზე, შავი ზღვის სიახლოვეს მდებარეობს და ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორისაა მოქცეული.

მთელი წლის განმავლობაში აქ 4 520 მმ ნალექი მოდის, რაც მტირალას მთას ქვეყნის ყველაზე სველ ადგილად აქცევს. ეს სახელიც სწორედ უხვნალექიანობის გამო შეერქვა.

პარკის ტერიტორიაზე შეხვდებით როგორც წაბლნარებს, წიფლნარებს, კოლხური ტიპის შერეულ ტყეებს, ისე კოლხეთისთვის დამახასიათებელ მარადმწვანე შქერის ბუჩქებსაც.

პარკის ბინადართა შორის არიან მურა დათვი, ფოცხვერი, მგელი, თხუნელა, სინდიოფალა, კავკასიური (სპარსული) ციყვი, კურდღელი, მელა, მაჩვი, ტყის კატა, შველი, გარეული ღორი. თუ რეპტილიების იდუმალი ცხოვრება გიზიდავთ, შესაძლოა, კავკასიურ სალამანდრას, ტრიტონს, გომბეშოს, ვასაკასაც წააწყდეთ.

პარკში შესასვლელად და მოლაშქრეებისთვის განკუთვნილი რომელიმე ბილიკის ასარჩევად დაბა ჩაქვში უნდა ჩახვიდეთ – სწორედ იქ მდებარეობს პარკის ადმინისტრაცია, ხოლო ვიზიტორთა ცენტრი ადმინისტრაციული ცენტრიდან 15 კმ-ით დაშორებულ სოფელ ჩაქვისთავშია განთავსებული.

ვიზიტორთა ცენტრის საექსპოზიციო დ საპრეზენტაციო დარბაზში გაეცნობით მტირალას ეროვნული პარკის სპეციფიკას, მომსახურებათა ჩამონათვალს, ტარიფებს, ტურებს და სასურველ ვარიანტს აირჩევთ.

 

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბოტანიკური ბაღი ბათუმის ცენტრიდან ათიოდე კილომეტრზე, მდინარე ჩაქვისწყლის შესართავსა და მწვანე კონცხს შორისაა გაშენებული და სანაპირო ზოლის დაახლოებით 1 კმ სიგრძის მონაკვეთი უკავია.

1881 წელს მეჩისლავ (მიხეილ) დ’ალფონსმა, რუსეთის ქვეშევრდომობამიღებული ფრანგი ოფიცრის შთამომავალმა, ჩაქვის მახლობლად პირველი ბაღი გააშენა. მისი დაწყებული საქმე ბოტანიკოსმა პაველ ტატარინოვმა განაგრძო 10 ჰექტარზე ე. წ. სააკლიმატიზაციო ბაღის გაშენებით, რომელსაც ახლა ბოტანიკური ბაღის ზედა პარკის სახელით ვიცნობთ. საბოლოო სახე და ბოტანიკურის სტატუსი კი ბაღს მხოლოდ 1912 წელს მიენიჭა ხარკოვის უნივერსიტეტის პროფესორის ანდრეი კრასნოვის ძალისხმევით.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის რელიეფი მთაგორიანია. აქ სამი დენდროპარკი, კოლხეთის ტყის ნაკრძალი და ლანდშაფტურ-გეოგრაფიული პრინციპით შექმნილი ცხრა ფლორისტული განყოფილებაა: ამიერკავკასიის ტენიანი სუბტროპიკების, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ჰიმალაის, აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის, მექსიკისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების. მცენარეთა კოლექცია შეიცავს 5 000-ზე მეტ სახეობას, სახესხვაობას, ფორმასა და ჯიშს.

ბაღში სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწევიან მეცნიერები მეყვავილეობის და დეკორატიული მებაღეობის, ბოტანიკის, სუბტროპიკული მცენარეთა სელექციის განხრით.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერება შესაძლებელია როგორც ფეხით, ისე სპეციალური ავტომობილითაც. სურვილის შემთხვევაში გამყოლსაც დაიქირავებთ.

 

ბათუმის ისტორიული ბულვარი

ზღვისპირა ბულვარი ბათუმის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს და ფართო ზოლად მიუყვება ზღვის სანაპიროს. 1987 წელს მას საქართველოს საბაღე-საპარკო ხელოვნების ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც, ალბათ, მკითხველთა მცირე ნაწილს თუ ეცოდინება, თუმცა ყველამ იცის, რომ ბულვარი ბათუმელთა და ქალაქის სტუმართა ცხოვრებისა და ტრადიციების განუყოფელი ნაწილია.

ზღვის სანაპირო ზოლში სასეირნო ადგილის მოწყობის იდეა ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორს სმეკალოვს ეკუთვნოდა, თუმცა მის ხორცშესხმაში უდიდესი წვლილი შეიტანა ზემოხსენებულმა მეჩისლავ დ’ალფონსმა, რომელმაც, ახლა უკვე ქალაქის მთავარი მებაღის სტატუსით, ბულვარი ჩაქვის საკუთარი მამულიდან გადმორგული იშვიათი მცენარეებით გაამდიდრა.

 

ამჯერად სულ ეს იყო, თუმცა გაგონილს თვალით ნანახი სჯობია. ასე რომ, შეკარით ბარგი და საქართველოს ულამაზეს მხარეს, შავი ზღვის მარგალიტს – აჭარას ესტუმრეთ.

 

ნინო ბაზერაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე: