ალერგიის კვალდაკვალ

გააზიარე:

თუ ჩვენი ჟურნალის ერთგული მკითხველი ბრძანდებით, გეხსომებათ, რომ ალერგიაზე არაერთხელ დაგვიწერია. ეს პათოლოგიური მდგომარეობა სხვადასხვა ჭრილში განვიხილეთ, დეტალურად აღვწერეთ მისი მიზეზები და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები. ამჯერად ალერგიის შედარებით უცნობ მხარეებზე ვისაუბრებთ. მაგალითად, მოდი, ვნახოთ, რამდენად საშიშია ტკიპისმიერი (მტვრის) ალერგია (ბარემ ამთავითვე გეტყვით, რომ სპეციფიკური გამოვლინება ამ ტიპის (გენეზის) ალერგიას არ ახასიათებს, ნიშნები ფაქტობრივად ისეთივეა, როგორიც სხვა ალერგიების დროს).


ვუღრმავდებით მექანიზმს
უცხოებთან ბრძოლა რომ იმუნური სისტემის მოვალეობაა, უკვე არაერთხელ გვითქვამს, მაგრამ ზოგჯერ ორგანიზმი სრულიად უვნებელ ნაწილაკებსაც კი მოსისხლე მტრებად მიიჩნევს და ომს უცხადებს. ერთ-ერთი მიზეზი გენეტიკური განწყობაა: თუ დედა ან მამა ალერგიულია, ბავშვს ასეთი რეაქციებისკენ მიდრეკილების 48%-იანი ალბათობა აქვს, ხოლო თუ ორივე მშობელია ალერგიული, საფრთხე 70%-ს აღწევს.
ალერგიის გამოვლინებანი საკმაოდ მრავალფეროვანია: ალერგიული რინიტი, ჭინჭრის ციება, კონიუნქტივიტი, ბრონქული ასთმა, ატოპიური დერმატიტი, კვინკეს შეშუპება და თვით ანაფილაქსიური შოკიც კი. ყველა ამ პათოლოგიურ მდგომარეობას საფუძვლად ერთი და იგივე მექანიზმი უდევს, რომელიც სქემატურად ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ: თავდაპირველად ორგანიზმი უცხო აგენტს ხვდება, რომლის მიმართაც იმუნიტეტი განსხვავებულ და მეტისმეტად ფაქიზ მგრძნობელობას იჩენს. ერთი შეხედვით არაფერი გვაწუხებს, მაგრამ იმუნურმა სისტემამ უკვე დაიწყო “ჯარისკაცების” გამოზრდა. ეს მამაცი მეომრები სპეციფიკური კლასის ანტისხეულები არიან, რომელთაც ევალებათ, კარგად შეისწავლონ ხსენებული აგენტი, თუ ისევ გაბედა მათ ტერიტორიაზე შეჭრა, ამოიცნონ და ბრძოლა გამოუცხადონ. ჯარისკაცები მთელ ორგანიზმს მოედებიან, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კი პოხიერ უჯრედებზე კონცენტრირდებიან. ამ ფაზას სენსიბილიზაციას (ერთგვარ ალერგიულ მზადყოფნას) უწოდებენ. განმეორებითი კონტაქტი უკვე ხილულ ცვლილებებს, ალერგიულ დაავადებას იწვევს. ანტისხეულებს ბუზი სპილოდ ეჩვენებათ და მტვრის პაწაწკინტელა ნამცეცს შურდულის ნაცვლად ქვემეხს ესვრიან. გააქტიურებული პოხიერი უჯრედები ათავისუფლებენ ჰისტამინსა და სხვა სპეციფიკურ ნივთიერებებს, რომლებიც სისხლძარღვების განვლადობის მატებას, ქავილს, გამონაყარს და მსგავს რეაქციებს იწვევს.
ვის დავაბრალოთ
ალერგიული რეაქცია ნებისმიერმა ნაწილაკმა შეიძლება გამოიწვიოს. ზოგი ადამიანი მხოლოდ ერთი ნივთიერების მიმართ არის ალერგიული, ზოგი – რამდენიმეს მიმართ. მოდი, ყველაზე გავრცელებული ალერგენები და მათთვის თავის არიდების გზები გავიხსენოთ.
საკვები
ალერგიულ რეაქციებს ყველაზე ხშირად ხამანწკები, არაქისი, თხილი, თაფლი, ზოგიერთი ხილი და ბოსტნეული იწვევს. გარდა ამისა, ადამიანს ალერგია უვითარდება რძის, კვერცხის, მარცვლეულის მიმართ. ძლიერ ალერგენულია საღებავებითა და კონსერვანტებით გაჯერებული საკვებიც. ძალზე ძლიერი და საშიში ალერგენია მწერების შხამი. ნაკბენი ზოგჯერ ანაფილაქსიურ შოკს და სიკვდილსაც კი იწვევს.
არსებობს ისეთი ფაქტორებიც, რომლებიც თავად არ იწვევს ალერგიას, მაგრამ მის სიმპტომებს ამძაფრებს, ამიტომ მათაც უნდა ერიდოთ. ყველაზე ძლიერი გამღიზიანებელი თამბაქოს კვამლია, თუმცა არანაკლებ საშიშია:
. აეროზოლები;
. დაბინძურებული ჰაერი;
. ძლიერი ტენიანობა;

ალერგია. მძაფრსუნიანი ნივთიერებები;
. ქარი;
. კვამლი.
მცენარეული მტვერი

მის მიმართ ალერგია უმეტესად რინიტითა და კონიუნქტივიტით ვლინდება და სეზონურობა ახასიათებს, ვინაიდან გამწვავება დამნაშავე მცენარის ყვავილობას ემთხვევა. თუ თქვენთვის ყველაზე მძიმე პერიოდი ადრე გაზაფხულია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ალერგიას რომელიმე ხემცენარეზე გაძლევთ – ფიჭვზე, ჭადარზე, ალვაზე, კაკალზე, ევკალიპტზე, წაბლზე, მურყანზე. მაისიდან ივლისამდე მარცვლოვნები ყვავილობენ: ჭვავი, ტიმოთელა, შვრია, სათითურა, – ზაფხულის მიწურული და შემოდგომა კი სარეველათა ყვავილობის დროა. დამნაშავის საპოვნელად ექიმებს ალერგიული სინჯების ჩატარება დასჭირდებათ. თუ გეცოდინებათ, როდის უფრო მეტად გაწუხებთ ალერგია, ძებნას საგრძნობლად გაუადვილებთ.
მტერს თქვენამდე მოღწევა რომ გაუძნელდეს, სულ უბრალო რამ არის საჭირო:
. ეცადეთ, მძიმე პერიოდი სხვა კლიმატურ რეგიონში გაატაროთ, სადაც თქვენმა მტერმა უკვე დაიყვავილა ან აყვავებას ჯერ არ აპირებს. თუ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, კანიდან და თმიდან ალერგენის მოსაცილებლად ყოველ საღამო მიიღეთ შხაპი ან აბაზანა. ერიდეთ ქუჩაში სეირნობას, განსაკუთრებით – მშრალ, ქარიან დღეებში. ასეთ ამინდში შინ შეიკეტეთ, კარ-ფანჯარა საგულდაგულოდ დაგმანეთ და კონდიციონერები აამუშავეთ, ოღონდ გახსოვდეთ: ამ უკანასკნელთ წვრილი ნაწილაკების შემაკავებელი საიმედო ფილტრი უნდა ჰქონდეთ.
ობი
ეს მიკროსკოპული პარაზიტი სოკოები სპორებს გამოყოფენ, რომლებიც მტვრის ნაწილაკებივით ჰაერში დაფარფატებენ. ამ ვაჟბატონს ვერც ერთი თავმოყვარე დიასახლისი ვერ შეეგუება, ხოლო თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს ალერგია გაწუხებთ, ობს ნამდვილი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა უნდა გამოუცხადოთ.
. გააჩუქეთ ოთახის ყვავილები – ობის სოკო შესანიშნავად მრავლდება ტენიან მიწაზე.
. ხშირად გაწმინდეთ საშხაპე, ნიჟარები, აბაზანა, დროულად შეაკეთეთ მილები, რათა წყალი არ ჟონავდეს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სანაგვე ყუთებს, მაცივარს.
ცხოველის ბეწვი
შინაური ცხოველების ბეწვი, საოფლე ჯირკვლების გამონაყოფი და ნერწყვში შემავალი ცილები ზოგიერთ ადამანში ალერგიულ რეაქციას იწვევს. ასეთი ალერგია რომ განვითარდეს, ზოგჯერ წლებია საჭირო, სიმპტომების გაქრობას კი კონტაქტის შეწყვეტის შემდეგ რამდენიმე თვეც კი შეიძლება დასჭირდეს.
თუ ძაღლი, კატა ან თუთიყუში გააშვილეთ, ნუ იფიქრებთ, რომ ბინა ცხოველებისგან გაათავისუფლეთ. დაუპატიჟებელი სტუმრები – თაგვები, ვირთხები, ტარაკნები – მაინც მოგაგნებენ, მათი ექსკრემენტები კი არანაკლებ ძლიერი ალერგენებია, ასე რომ, ბრძოლა მათთანაც მოგიწევთ.
...და მტვერი
ეს პოტენციური ალერგენების მთელი ნაკრებია. რას არ იპოვით იქ: ქსოვილის ნაწილაკებს, ცხოველების ბეწვს, ბაქტერიებს, სოკოს სპორებს, საკვების ნამცეცებს. ეს კიდევ არაფერი; ამ ნაკრებში თურმე მიკროსკოპულ ორგანიზმებს – მტვრის ტკიპებს – ჰყვარებიათ ბინის დადება. მათ ყველაზე მეტად თბილი, ტენიანი ადგილები მოსწონთ. ეტანებიან ისეთი ქსოვილის ბოჭკოებსაც, იშვიათად რომ ირეცხება. მიმოიხედეთ – ასეთ რამეებს შინ მრავლად ნახავთ: ბალიშებს, ლეიბებს, ხალიჩებს, გობელენებს...
. ეცადეთ, ოთახებში დაახლოებით 21 0Cტემპერატურა და 30-50%-იანი ტენიანობა შეინარჩუნოთ.
. ხალიჩებსა და ფარდაგებზე, აჯობებს, უარი თქვათ. ხის იატაკი და ლინოლეუმი ნაკლებ მტვერს აგროვებს. ავეჯიც ხის, ტყავის ან პლასტმასისზედაპირიანი შეარჩიეთ. თუ მთელ სახლში მისი გამოცვლა შეუძლებელია, საძინებელში მაინც მოახერხეთ – სიცოცხლის მესამედს ხომ აქ ატარებთ.
. მტვრის ტკიპები სინთეტიკურ ლეიბებსა და ბალიშებში ვერ ძლებენ, ამიტომ ალერგიით დაავადებულს ყველაზე მეტად სწორედ ასეთი საწოლი შეეფერება. 
. თეთრეული კვირაში ერთხელ მაინც გამოცვალეთ და 550C-ზე მაღალი ტემპერატურის წყალში გარეცხეთ. ხშირად რეცხეთ ფარდებიც.
. ყველა ზედმეტი ნივთი კარადაში ან პლასტმასის ყუთში გამოკეტეთ.
. კვირაში ერთხელ მაინც დაალაგეთ სახლი სველი წესით. თუ ალერგიული თავად ბრძანდებით, ამ დროს პირბადე აიფარეთ, ანდა ეს საქმე ოჯახის არაალერგიულ წევრს გადააბარეთ. მასვე მიანდეთ მტვერსასრუტი, რომელსაც მტვრის ნაწილაკების შემაკავებელი კარგი ფილტრი ექნება, თავად კი ოთახიდან გაბრძანდით. დაპირებისამებრ, ამ ტიპის ალერგენზე ქვემოთ უფრო ვრცლად გესაუბრებით.
მარცვლისოდენა პრ
ობლემა
ის, რაც საფრთხეს უქადის ჩვენს ჯანმრთელობას, ხშირად მარცვალზე გაცილებით პატარაა, მიკროსკოპით თუ დაინახავ. ამჯერად არც ვირუსს ვგულისხმობთ და არც სოკოს სპორებს –მტვრის ტკიპაზე გესაუბრებით, რომელიც ალერგიის ერთ-ერთი მიზეზია.
მტვრის ტკიპა ადამიანის კანის უჯრედებით იკვებება, მაგრამ არა ცოცხალით, არამედ უკვე ჩამოფცქვნილ-ჩამოცვენილით. წყალს ტკიპა საერთოდ არ სვამს – ის გარემოდან იწოვს ტენს. მისთვის იდეალური გარემოა რბილი ავეჯითა და ნოხებით გაწყობილი ინტერიერი. განსაკუთრებით უყვარს საწოლი ოთახი, სადაც საკვებსაც იოლად პოულობს და ტენსაც. ალერგია კი იმ ცილაზე აქვს ადამიანს, რომელსაც ტკიპა გამოყოფს.
მტვრის ტკიპის ალერგია ანუ მტვრის ალერგია უმეტესად მსუბუქად, ცხვირცემინებით, ცრემლდენითა და სურდოთი მიმდინარეობს. უფრო მძიმე შემთხვევებში შესაძლოა ასთმის სიმპტომებით იჩინოს თავი.
თუ ტკიპამ ზედა სას
უნთქ გზებს შეუტია, უმალვე შეგვაწუხებს: 
. ცხვირცემინება;

. სურდო;
. ცხვირის გაჭედვა;

. ქავილის შეგრძნება ცხვირსა და ყელში;
. ხველა;
. ტკივილი სახის არეში;
. თვალების ქვემოთ კანის შეშუპება და სილურჯე.
თუ ალერგია ქვედა სასუნთქ გზებსაც ერჩის, თავს იჩენს:
. გულმკერდში შებოჭილობის შეგრძნება;
. სუნთქვის გაძნელება;
. ამოსუნთქვისას სტვენის შეგრძნება, რომელიც შესაძლოა მხოლოდ ექიმმა გაიგონოს მოსმენისას;
. ძილის დარღვევა, რაც დაუოკებელი ხველით, ცხვირცემინებითა და სუნთქვის უკმარისობით არის გამოწვეული.
თუ ამას გაციება – სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია დაერთო, სიმპტომები მძიმდება. 
ვუტევთ ტკიპას
მტვრის ალერგიის დამარცხება ძნელია – ტკიპას თავი რომ დააღწიოთ, სახლის ყოველი კუთხე-კუნჭული ზედმოწევნით უნდა გაწმინდოთ მტვრისგან, რაც, თავადაც ხვდებით, წარმოუდგენელია, მაგრამ თუ მოინდომეთ, ალერგენების აგრესიულ ზემოქმედებას საგრძნობლად შეასუსტებთ. ამისთვის:
. გამოიყენეთ ჰიპოალერგიული საბნები, ლეიბები და ბალიშები. მათ სპეციალური ზედა ფენა აქვთ, რომელიც მათ სიღრმეში მობინადრე ტკიპას გარეთ გამოსვლის საშუალებას არ მისცემს.
. ქვეშაგები ყოველკვირა რეცხეთ. ალერგენი რომ განადგურდეს, წყლის ტემპერატურა 54,4 გრადუსი მაინც უნდა იყოს. თუ ვერ მოახერხეთ, იმავე ტემპერატურაზე 20 წუთით საშრობში შეალაგეთ.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ 24 საათის განმავლობაში გაყინვა (მაგალითად, თეთრეულის საყინულეში შეწყობა) ტკიპას ანადგურებს, მაგრამ ალერგენს, მის მიერ გამოყოფილ ცილას, ვერაფერს აკლებს. ამიტომ ნივთების გაყინვის შემდეგ აუცილებელია მათი გარეცხვა.
. ეცადეთ, ოთახში ტენიანობა 30-50%-ზე მეტი არ იყოს.
. ხშირად რეცხეთ რბილი სათამაშოები და მოარიდეთ ისინი ბავშვის საწოლს. 
. საგულდაგულოდ გადაწმინდეთ მტვერი სველი ჩვრით, სპეციალური თხევადი საწმენდი საშუალებებით.
. ჩვეულებრივი მტვერსასრუტი ტკიპას ვერ გაუმკლავდება – ისეთია საჭირო, რომელსაც ორმაგი მოქმედების მიკროფილტრი ან მტვრის შესრუტვის ძლიერი უნარი აქვს (ასეტ მტვერსასრუტს აწერია HEPA (High Efficiency Particulate Air). თუ თავად ბრძანდებით ალერგიული, მტვერსასრუტით ბინის დასუფთავებას თავი არიდეთ, ეს საპასუხისმგებლო საქმე სხვას ანდეთ, თავად კი ოთახში დალაგებიდან 20 წუთის შემდეგ შედით.  
. აუცილებლად მოაცილეთ ბინას ხალიჩები და ყველა ის დეკორატიული ნივთი, რომელიც, თქვენი აზრით, აგროვებს მტვერს. მაგალითად, მძიმე ფარდები.
უეცარი სპაზმი
ალერგიის ერთ-ერთი გამოვლინება ბრონქოსპაზმია. ის  სხვა არაფერია, თუ არა ბრონქების გლუვი კუნთების შევიწროება გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების პასუხად. ამ დროს ადამიანი თავისუფლად ჩაისუნთქავს, მაგრამ ამოსუნთქვა უჭირს – ეს სასუნთქი გზების მნიშვნელოვან კუნთოვან დატვირთვას მოითხოვს, რასაც თან ახლავს დამახასიათებელი მაღალი ტემბრის მსტვენი ხმიანობა. ამასთან ერთად ბრონქოსპაზმს ახასიათებს დისკომფორტი, გულმკერდის შებოჭილობა, ხველა, ქოშინი და ამოხველების მოთხოვნილება. არსებითად, სწორედ ბრონქოსპაზმია, ოღონდ ქრონიკული ბრინქოსპაზმი, ასთმა – ბრონქების დაავადება, რომელიც მათი გლუვი კუნთების შექცევადი სპაზმით, მათი ლორწოთი ამოვსებით, ანთებითა და ლორწოვანის შეშუპებით მიმდინარეობს.
სპაზმის მიზეზები
ბრონქოსპაზმის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია:
. თამბაქოს წევა – როგორც აქტიური, ისე პასიური. კვამლი არღვევს ფილტვის ფუნქციას, ამცირებს მედიკამენტებისადმი მგრძნობელობას და ხელს უშლის დაავადების კონტროლს (განსაკუთრებით – ასთმის დროს). თურმე ჩვილებს, რომელთა დედებიც ეწევიან, სიცოცხლის პირველ წელს 4-ჯერ უფრო ხშირად ემართებათ ხიხინით მიმდინარე დაავადებები;
. რესპირაციული ვირუსული ინფექციები – იწვევს სიმპტომებს, რომლებიც მრავალი ნიშნით ჰგავს  ასთმას;
. შენობისშიდა და შენობისგარე ალერგენები – ოთახის მტვრის ტკიპა, ბეწვიანი ცხოველები (ძაღლები, კატები, მღრღნელები), ფრინველები, ტარაკნები, მცენარეები, ობისა და საფუარის სოკოები და სხვა. მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ოთახის მტვრის ტკიპებით, ძაღლისა და კატის ბეწვით სენსიბილიზაცია ასთმის მსგავს სიმპტომებს იწვევს;
. ფიზიკური დატვირთვა. ზოგჯერ ის ბრონქოსპაზმის ერთადერთი მიზეზიც კია, მაგრამ ფიზიკურ აქტივობას, სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორებისგან განსხვავებით, პაციენტი არ უნდა ერიდოს. ამ შემთხვევაში პროფილაქტიკის ეფექტური საშუალებაა დატვირთვის წინ ექიმის მიერ დანიშნული ხანმოკლე მოქმედების მედიკამენტის მიღება;
. ძლიერი ემოციები – სტრესი, დეპრესია, შფოთვა;

. ქიმიური აგენტები, მძაფრსუნიანი საშუალებები (მაგალითად, ფორმალდეჰიდი) და აეროზოლური ნივთიერებები;
. პროფესიული აგენტები. იგულისხმება სამუშაო გარემოში არსებული ნივთიერებების ზემოქმედებით გამოწვეული ბრონქოსპაზმი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებში. თურმე ცნობილია 300-მდე ასეთი პროფესიული ალერგენი;
ბავშვებს, რომლებიც დაბინძურებულ გარემოში იზრდებიან, შესუსტებული აქვთ ფილტვების ფუნქცია, თუმცა ასთმის განვითარებასთან მისი კავშირი ჯერ კიდევ დაუდგენელია.
. საკვები, კვებითი დანამატები და კონსერვანტები (სულფიტები, რომლებსაც კონსერვანტებად იყენებენ ზოგიერთი საკვების, ლუდის და ღვინის დამზადებისას). დადგენილია, რომ იმ ბავშვებში, რომლებსაც ჩვილი ასაკიდანვე კვებავენ ხელოვნური ნარევებით, ძროხის ან სოიის რძით, ხიხინით მიმდინარე დაავადებები უფრო ხშირად აღენიშნებათ, ვიდრე დედის რძით გამოზრდილებს;
. ძლიერი ქარი, სიცივე, ნესტი;

. აეროალერგენების სეზონური მატება, რაც ხშირად ალერგიულ რინიტთან არის ასოცირებული;
. ზოგიერთი მედიკამენტი – ასპირინი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი პრეპარატები (მაგალითად, ე.წ ბეტაბლოკერები);
. მემკვიდრეობითი განწყობა – თუ ორივე მშობელს აქვს ასთმა, ალბათობა, ის შვილსაც განუვითარდეს, 50%-ია, ერთ-ერთი მშობლის დაავადებისას – 25%, თუ ორივე ჯანმრთელია – 10%-ზე ნაკლები;
. სიმსუქნე – ამ დროს სისხლში მომატებულია ზოგიერთი ჰორმონი, რომლებიც ხელს უწყობს სასუნთქი გზების ფუნქციის დარღვევას და ასთმის განვითარებას;
. ფსიქოსოციალური ფაქტორები – სტრესი, ოჯახური პრობლემები და სხვა.
როგორ ავიცილოთ თავიდან სპაზმი
ბრონქოსპაზმის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია რისკფაქტორების აღმოფხვრა. არც ასთმით დაავადებული ადამიანი, არც მისი ოჯახის წევრები და, ზოგადად, გარემოცვა არ უნდა ეწეოდნენ. უნდა ერიდოთ ბრონქოსპაზმის გამომწვევ მედიკამენტებს, საკვებსა და კვებით დანამატებს, ასევე – მძაფრსუნიან ნივთიერებებს. საწოლის თეთრეული და, შეძლებისდაგვარად, საბნებიც კვირაში ერთხელ ცხელ წყალში გარეცხოთ და მზეზე ან ცხელ საშრობში გააშროთ. აუცილებელია ბალიშისა და ლეიბის ჰაერგაუმტარ შალითებში ჩასმა.  უმჯობესია, თუ ლეიბს შემოკრული ექნება სპეციალური შალითა, რომელსაც მტვერი არ ედება. ხალიჩები მაგარი იატაკით უნდა შეცვალოთ, განსაკუთრებით – საწოლ ოთახში. სასურველია ბინის დამუშავება ტკიპების საწინააღმდეგო სპეციალური საშუალებებით, ოღონდ ისეთ დროს, როცა ბრონქოსპაზმის მქონე ადამიანი  შინ არ არის. თუ გარემოში ალერგენები მომატებულია, ფანჯრები მჭიდროდ უნდა დაიხუროს, ხოლო ტენიანობა სახლში 50%-მდე შემცირდეს. მიზანშეწონილი არ არის შინ (უკიდურეს შემთხვევაში, საწოლ ოთახში მაინც) ცხოველების ყოლა. იმ ადამიანთა სახლებში, რომელთაც მომატებული აქვთ მგრძნობელობა ოთახის მტვრის ტკიპებისა და სოკოების მიმართ, დამატენიანებელი, გამათბობელი და გამაგრილებელი მოწყობილობების გამოყენება რეკომენდებული არ არის.
დაკაწრულ-დაფოთლილი

არავინ იცის, სად აექავება უეცრად კანი. არც ის, რა შეიძლება   მოჰყვეს ერთ უბრალო წამოქავებას. ასეთი დისკომფორტი ხშირად ალერგიული რეაქციის ნიშანია, რომელმაც უწყინარ გამონაყართან ერთად სხვა, უფრო თვალსაჩინო და შემაწუხებელი სიმპტომებიც შეიძლება გამოიწვიოს. მხოლოდ სახელი რად ღირს – ჭინჭრის ციება, რომელიც ფოთლებივით ედება სხეულს, ან კვინკეს შეშუპება, რომლის დროსაც ადამიანი ბურთივით იბერება.
ქავილის მიზეზები
კანის ალერგიული გამოვლინებებიდან აღსანიშნავია: ანგიონევროზული შეშუპება ანუ კვინკეს დაავადება, ატოპიური დერმატიტი, კონტაქტური დერმატიტი და ჭინჭრის ციება, რომელიც, სტატისტიკის თანახმად, მოსახლეობის 20%-ს სიცოცხლეში ერთხელ მაინც ემართება.  ჭინჭრის ციება ანუ ურტიკარია (urtica – ჭინჭარი) პოლიეტიოლოგური დაავადებაა. ეს ნიშნავს, რომ მას მრავალი ფაქტორი იწვევს, უმთავრესი მიზეზი კი მედიკამენტები, საკვები, ინფექციები, მწერის ნაკბენია. არსებობს ჭინჭრის ციების ისეთი ვარიანტებიც, რომლებიც ფიზიკური დატვირთვის, სიცივის, სითბოს, ვიბრაციის, ინსოლაციის, წყლის ზემოქმედებით ვითარდება. ატოპიური დერმატიტი კანის ქრონიკული მორეციდივე ანუ პერიოდული გამწვავებით მიმდინარე ანთებითი დაავადებაა. ბავშვობის ასაკში ამ პათოლოგიის მთავარ მიზეზს კვებითი ალერგენები წარმოადგენს, ყველაზე ხშირად – კვერცხი, რძე, არაქისი, სოია და ხორბალი. ბავშვებისგან განსხვავებით, მოზრდილებში საკვებისმიერი ალერგია იშვიათია.
ატოპიური დერმატიტის გამწვავებას ხშირად ოთახის მტვერიც იწვევს. დაავადების მიმდინარეობას ძალზე ართულებს სტაფილოკოკური და მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ინფექცია.
კონტაქტური დერმატიტი ორგვარია: მარტივი, რომელიც კანზე ქიმიური და ფიზიკური ფაქტორების უშუალო ზემოქმედებით ვითარდება და ალერგიული, რომელიც კანთან ალერგენის კონტაქტის შემდეგ სპეციფიკური იმუნოლოგიური რეაქციის შედეგად ყალიბდება. მარტივი კონტაქტური დერმატიტი კანთან აგრესიული ფაქტორის პირველსავე კონტაქტს მოჰყვება. მაგალითად, დერმატიტის ნიშნები მჟავას ძლიერი დამაზიანებელი ზემოქმედებისთანავე იჩენს თავს. ისიც შეიძლება, ალერგიული რეაქცია ნაკლებად აგრესიულ აგენტთან (მაგალითად, სარეცხ საშუალებასთან) განმეორებითმა კონტაქტმა გამოიწვიოს. ალერგიული ხასიათის კონტაქტური დერმატიტის დროს ცვლილებები კანზე ალერგენთან კონტაქტიდან 10-14 დღეში ვითარდება.
კანის ალერგიულ დაავადებებს სხვადასხვა ნიშანი ახასიათებს. ჭინჭრის ციების შემთხვევაში გამონაყარი ძალიან ჰგავს ჭინჭრის ნასუსხს, სხეულის ნებისმიერ ადგილას შეიძლება წამოყოს თავი და ძლიერ მქავანაა.
ჭინჭრის ციების განსაკუთრებული ფორმაა კვინკეს შეშუპება, რომელიც სახის, ლორწოვანი გარსებისა და სხეულის სხვა ნაწილების შესივებით გამოიხატება. მას ქავილი არ ახასიათებს, თუმცა შესაძლოა წვისა და ტკივილის შეგრძნება ახლდეს თან. ძალიან საშიშია პირისა და ხახის ლორწოვან გარსებზე განვითარებული კვინკეს შეშუპება.
ატოპიური დერმატიტი სამ ასაკობრივ ჯგუფში: ჩვილებში, ბავშვებსა და მოზრდილებში – ვლინდება. ბავშვებში კანის პათოლოგიური ცვლილებები უპირატესად შუბლსა და ლოყებზე წარმოიშობა და თავის ქალას თმიან ნაწილსა და ნიკაპზე ვრცელდება. გამონაყარის ტიპური ადგილებია იღლიები, იდაყვისა და მუხლისქვეშა ფოსოები, მაჯები, ხელის მტევნები. გამონაყარს ხშირად ერთვის კანის ზედა ფენის აქერცვლა და ქერქების წარმოქმნა. დაზიანებულ კანში იოლად იჭრება ინფექცია და საკმაოდ რთულად მიმდინარე პათოლოგიურ პროცესს უდებს სათავეს. კონტაქტური დერმატიტის დროს გამონაყარი პოლიმორფული ანუ მრავალფეროვანია, თან ახლავს ქავილი, შეშუპება და შეწითლება. 
კანზე გამონაყარს მრავალი დაავადება იწვევს. ვინაიდან კონტაქტური დერმატიტის დროს გამონაყარი მრავალფეროვანია, დიაგნოზის დასმისას უნდა გამოირიცხოს სხვა, ასევე გამონაყარით მიმდინარე პათოლოგიები, მათ შორის – ინფექციური, იმუნოდეფიციტით განპირობებული პათოლოგიური მდგომარეობანი, ვარიკოზული ეგზემა, სებორეული დერმატიტი, კანდიდოზი, მუნი.
შემაშფოთებელი ნიშნები
კანის ალერგიის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომი, რამაც შეიძლება ალერგია გვაფიქრებინოს, ქავილია. გარდა ამისა, ალერგიულ ბავშვს მცირე ასაკიდანვე აღენიშნება კანის სიმშრალე, სიწითლე, გამონაყარი შუბლზე, ლოყებზე, აქერცვლა.
ალერგია შეიძლება ვიეჭვოთ იმ შემთხვევაშიც, როდესაც დაავადება ქრონიკულ ხასიათს იღებს, მწვავდება რომელიმე საკვების მიღებისას ან ალერგენთან კონტაქტის შემდეგ, ანდა მემკვიდრეობითი ხასიათი აქვს (ალერგია აქვთ ოჯახის წევრებს, ძირითადად – მშობლებს). ალერგიულ დაავადებას ხშირად თან სდევს ემოციური ლაბილურობა, აღგზნება, უძილობა.
პაწიებიც იტანჯებიან?
ბავშვებში ალერგიის განვითარების რისკი მაღალია. თუ ისინი ალერგიისადმი მემკვიდრეობით არიან განწყობილნი (ესე იგი ჰყავთ ალერგიული დედ-მამა), მშობლებს დიდი სიფრთხილე მართებთ. სასურველია, ბავშვმა: 
. რაც შეიძლება მეტხანს წოვოს ძუძუ, ხოლო მოგვიანებით მხოლოდ ექიმის მიერ შერჩეული საკვები მიიღოს;
. ხუთ თვემდე არ მიიღოს ცხოველური ცილები, რომლებიც უხვადაა ხორცში, თევზში, კვერცხში და ა.შ.;
გაითვალისწინეთ: ბავშვები
, რომლებსაც მცირე ასაკში უვლინდებათ კანის ალერგია, შემდეგში ბრონქული ასთმის ან ალერგიული რინიტისადმი მიდრეკილებას ამჟღავნებენ, კვების რეჟიმის მოწესრიგებასა და ჰიპოალერგიული დიეტის დაცვას კი ალერგიული დაავადებების პროფილაქტიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ანტიალერგიული სტრატეგია

კანის ალერგიული დაავადებების დიაგნოზი უმთავრესად კლინიკური სურათის საფუძველზე დაისმის. უნდა ითქვას, რომ ბავშვთა ასაკში ატოპიური დერმატიტის დროს ალერგოლოგიური ანამნეზის შეკრება განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. ამ დროს ყურადღება ექცევა ორსულობისა და მშობიარობის მიმდინარეობას, ბავშვის კვების ხასიათს, ინფექციებს და ანტიბიოტიკებით მკურნალობას ჩვილ ასაკში და ა.შ. 
თანმხლები რესპირაციული (სასუნთქი სისტემის) ალერგიული დაავადების დროს საკმარის ინფორმაციას იძლევა ეგზოალერგენებით ჩატარებული კანის სინჯი, აგრეთვე – საერთო და ალერგენსპეციფიკური იმუნოგლობულინ E-ს განსაზღვრა. მძიმე პათოლოგიური პროცესის დროს დიაგნოზის დასაზუსტებლად არცთუ იშვიათად კანის ბიოფსიასაც მიმართავენ.
მკურნალობის პრინციპი კანის ალერგიული დაავადების მიხედვით განისაზღვრება. ასე, მაგალითად: ჭინჭრის ციებისა და კვინკეს შეშუპების დროს, უწინარეს ყოვლისა, დგინდება და გამოირიცხება ალერგიის მიზეზი. თუ პრობლემის თავიდათავი საკვებია, ინიშნება ჰიპოალერგენული დიეტა. თუ ალერგიის მიზეზი მედიკამენტია, მისი მიღება უთუოდ უნდა შეწყდეს. 
თუ მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება, უნდა გამოირიცხოს სხვა სისტემური დაავადება, რომელმაც შეიძლება ურტიკარია ან კვინკეს შეშუპება გამოიწვიოს.
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სიმპტომურ მკურნალობას. ამ დროს ძირითადი საშუალება ანტიჰისტამინური პრეპარატებია, მათი უეფექტობის შემთხვევაში კი კორტიკოსტეროიდები ინიშნება. 
მან, ვისაც მწერის ნაკბენზე აქვს ალერგია, უმჯობესია თან ატაროს ადრენალინის ამპულა. ატოპიური დერმატიტის დროს ადგილობრვი კორტიკოსტეროიდული, კანის დამატენიანებელი და დამარბილებელი საშუალებების გამოყენება აუცილებელია.
გაითვალისწინეთ: ატოპიური დერმატიტის დროს არ შეიძლება ცხელი აბაზანის მიღება. საპონი უთუოდ დამარბილებელ კრემს უნდა შეიცავდეს. აბაზანის მიღებისას გირჩევთ, წყალს საჭმელი სოდა ან შვრიის ფქვილი დაამატოთ. არ არის რეკომენდებული კანზე ზეთის წასმა – ის კანს ეკვრის და მის დატენიანებას აფერხებს. არც პირსახოცით გამშრალებაა მიზანშეწონილი. დაბანისთანავე დამატენიანებელი კრემის, ვაზელინის ან მინერალური ზეთის წასმას გირჩევთ. არ არის რეკომენდებული ლოსიონის გამოყენება, ვიანიდან ის ბევრ წყალსა და ცოტა ცხიმს შეიცავს. მრავალი მათგანის შემადგენლობაში სპირტიც შედის, რაც გაღიზიანებული კანისთვის სასურველი არ არის. 
კანის ალერგიული დაავადებების დროს კვების კორექციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. დიეტოთერაპიის მთავარი მიზანია, კვების რაციონიდან გამოირიცხოს სურსათი, რომელიც ალერგენად არის მიჩნეული. ამავე დროს, წყდება იმ პროდუქტების მიღება, რომლებიც ჰისტამინის (ალერგიის გამომწვევი ნივთიერების) გამოთავისუფლებას უწყობს ხელს.
 
ჩვილ ასაკში განსაკუთრებით აგრესიულობით გამოირჩევა ძროხის რძე, რომელიც 16 სახეობის ანტიგენს შეიცავს. ძლიერ ალერგენულ თვისებებს ფლობს კვერცხი, რომლის მიღებასაც ალერგიულ პიურებს ყოველთვის ვუკრძალავთ. ამავდროულად დაუშვებელია მათთვის კვერცხის შემცველი მაიონზისა და საკონდიტრო ნაწარმის მიღებაც. ცხოველური წარმოშობის ალერგენებიდან აღსანიშნავია თევზი. ნაკლებად აგრესიულია საქონლის ხორცი. უფრო საფრთხილოა ღორისა და ცხვრის ხორცი. ალერგენებიდან აგრეთვე აღსანიშნავია ნიგოზი და თხილი. და, რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ კვებითი დანამატები, არომატული ნივთიერებები და საღებავები, რომლებსაც საკვებს ამატებენ. ძალზე აგრესიული დანამატია ტარტრაზინი – მოყვითალო ფერის საკვები საღებავი.
გაითვალისწინეთ, რომ კოსმეტიკური საშუალებები, ისევე როგორც სარეცხი ფხვნილები, ხშირად გვევლინება კონტაქტური დერმატიტის მიზეზად. მაგალითად, ტუში შეიცავს ემულგატორს, რომელიც ქუთუთოების კანს აზიანებს. თვალის ფანქარი ხშირად ნიკელს შეიცავს, რომელიც ასევე პროვოცირებას უწევს ადგილობრივ ალერგიულ რეაქციას. ფრჩხილის ზოგიერთი ლაქი ფორმალდეჰიდის შემცველია, რომელიც ლაქის გაშრობის შემდეგ კანის ალერგიულ დაზიანებას იწვევს.
შოკიც ამას ჰქვია!
ალერგია თურმე კანის ქავილსა და ცხვირცემინებას არ სჯერდება – არ არის გამორიცხული, გამომწვევის აგრესიამ ორგანიზმი შოკში ჩააგდოს. არ ვაჭარბებთ – მძიმე ალერგიულ რეაქციას, რომელიც მრავალი ორგანოს დაზიანებით მიმდინარეობს, ანაფილაქსიური შოკი ეწოდება. ანაფილაქსიური შოკის მექანიზმი ჩვენ მიერ არაერთხელ აღწერილი ალერგიული რეაქციებისგან მხოლოდ სიმძაფრით განსხვავდება. ამ შემთხვევაშიც უკვე სენსიბილიზებულ (მგრძნობელობამომატებულ) ორგანიზმში ალერგენის ხელახალი მოხვედრა მეტისმეტად აგრესიულ პასუხს იწვევს. ჩასაფრებული ანტისხეულები მათ თავდაუზოგავად ეკვეთებიან, მათი კომპლექსი ალერგიის მედიატორების (ჰისტამინის) გამოყოფას იწვევს, შედეგი გლუვი კუნთების სპაზმი, სისხლძარღვების გაფართოება და მათი განვლადობის მომატებაა. თანაც ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს – სულ რაღაც 10 წუთში მიმოქცევაში მყოფი სისხლის 50% ძარღვებს გარეთ აღმოჩნდეს. თავადაც მიხვდებით, ამ გამოცდას ორგანიზმი ძნელად თუ გაუძლებს. მხოლოდ დროულ და კვალიფიციურ ჩარევას შეუძლია შოკში მყოფი ადამიანის ხსნა.ალერგენთან კონტაქტის შემდეგ რაც უფრო მალე იჩენს თავს პირველი კლინიკური სიმპტომები, მით უფრო მძიმე ანაფილაქსიური შოკია მოსალოდნელი. ჩვეულებრივ, პირველი 30 წუთის განმავლობაში ალერგენის მოხვედრის ადგილას აღინიშნება ჩხვლეტის შეგრძნება, რომელიც მალე სახეზე, ტუჩებზე გადაინაცვლებს. ადამიანს დისკომფორტი ეუფლება, მოუსვენრობა, შიში იპყრობს. ყოველივე ამას შეიძლება დაერთოს გამონაყარი (უმეტესად – ნაჭინჭრი), მუცლის სპასტიკური ტკივილები (ჭვალი), ღებინება, ფაღარათი, სუნთქვის გაძნელება, ცემინება, ხველა, გულის აჩქარება, არითმია. თუ ზომები სასწრაფოდ არ მივიღეთ, ყალიბდება შოკის სურათი: ადამიანი ფითრდება, არტერიული წნევა ეცემა, პულსი უსუსტდება და უხშირდება და გონს კარგავს. ალერგენის ვენაში შეყვანის დროს ანაფილაქსიური შოკი უფრო სწრაფად ვითარდება. ასეთ დროს, სისუსტის, მოუსვენრობის და შიშის ხანმოკლე ეპიზოდის შემდეგ, ადამიანს გული მისდის, ოფლი ასხამს, ფითრდება, ვეღარ იკავებს შარდსა და განავალს, ეწყება კრუნჩხვა და ბოლოს კომაში ვარდება. ანაფილაქსიურ რეაქციებს თურმე ყველაზე ხშირად სამკურნალო
პრეპარატები იწვევს – ანტიბიოტიკები, საკონტრასტო ნივთიერებები, საანესთეზიო საშუალებები (თუნდაც იგივე ლიდოკაინი, რომელსაც სტომატოლოგები ასე ხშირად იყენებენ). თუმცა საავადმყოფოში მხოლოდ წამლის ალერგია როდი გვემუქრება. ლატექსი, რომლისგანაც მზადდება ქირურგიული ხელთათმანები, წვეთოვნები და კათეტერები ხშირად იქცევა ალერგიისა და ანაფილაქსიური რეაქციების მიზეზად (პრობლემა უმთავრესად მედიცინის მუშაკებსა და იმ ბავშვებს ეხება, ვისაც ხშირად სჭირდება ოპერაცია).
სააავადმყოფოს გარეთ მომხდარი შემთხვევებიდან პირველ ადგილზე საკვებით გამოწვეული ანაფილაქსია დგას. თხილი, არაქისი, კვერცხი, თევზი და ზღვის სხვა პროდუქტები – მათი ერთი ციცქნა ულუფაც კი უმძიმეს რეაქციას იწვევს.
გაგიკვირდებათ, მაგრამ ზოგჯერ მიზეზის დადგენა ვერც კი ხერხდება. ამ შემთხვევაში ექიმები იდიოპათიურ ანაფილაქსიაზე საუბრობენ.
ანტიშოკური სტრატეგია
სწრაფი და ადეკვატური ჩარევა რომ აუცილებელია, ნათელია. თუ შოკური რეაქცია საავადმყოფოში განვითარდა, ბუნებრივია, პაციენტს ექიმები დაეხმარებიან. თუ ასეთ რამეს სახლში ან ქუჩაში შეესწარით, უპირველეს ყოვლისა, გამოიძახეთ სასწრაფო, მანამდე კი, ვინაიდან სპეციფიკური დახმარება მხოლოდ პროფესიონალებს შეუძლიათ, მოგიწევთ, ზოგად ღონისძიებებს დასჯერდეთ.
თუ ავადმყოფი გონზეა და სუნთქვა უჭირს, წამოსვით, ფანჯარა გამოაღეთ, გულშემატკივრები მოაცილეთ, რაც შეიძლება მეტი ჟანგბადით რომ უზრუნველყოთ. თუ ახლომახლო ვინმე ასთმიანს ბრონქების გამაფართოებელი სპეციალური ინჰალატორი აღმოაჩნდა, მისი გამოყენებაც სცადეთ. თუ გონება ებინდება, პულსი იმდენად სუსტია, რომ ძლივს ისინჯება, წნევა დაქვეითებულია, წამოაწვინეთ და ფეხები მაღლა ააწევინეთ.
თუ გონი დაკარგა, შეუმოწმეთ სასუნთქი გზების გამავლობა და სტანდარტულ ABC-ს მიმართეთ. (იხ. “ჯანმრთელი სიცოცხლე” 2004 წ., №1-2).
ექიმებს საკმაოდ ძლიერი ანტიანაფილაქსიური არსენალი აქვთ – მთავარია, პაციენტი დროულად აღმოჩნდეს მათ ხელში, თუმცა მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგაც რამდენიმე საათის განმავლობაში მათი მეთვალყურეობის ქვეშ მოუწევს დარჩენა. ზოგჯერ ანაფილაქსია ტალღურად მიმდინარეობს და გამქრალი სიმპტომები გარკვეული ხნის შემდეგ ისევ იჩენს თავს.
ანაფილაქსიური შოკის გადატანის შემდეგ ადამიანმა ალერგოლოგს უნდა მიმართოს, რათა მომხდარის მიზეზი დაადგინოს და მომავალში ამგვარი უსიამოვნებები თავიდან აიცილოს.
იცით თუ არა რომ...
დასავლეთის ქვეყნებში ალერგიულ პაციენტებს ბევრს არაფერს უკრძალავენ. ისინი ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწევიან. მეტიც – შესაძლოა, სპორტულ წარმატებებსაც კი მიაღწიონ. მაგალითად, 1984 წელს ხუთასზე მეტი ამერიკელი ოლიმპიელიდან ოცდათვრამეტი (უმეტესად – მოცურავეები) ასთმით იყო დაავადებული და მათმა 68%-მა ოქროსა და ვერცხლის მედლების მოპოვება შეძლო.

გააზიარე: