ყველაზე ხშირად რა იწვევს სახის ტკივილს?

გააზიარე:

ტკივილს ვინც უძლებს, ძლიერია, ვინც ამარცხებს – ბრძენი


ბოლო ხანს სულ უფრო მეტი პაციენტი მიმართავს რენტგენოლოგიურ კაბინეტს სახის გაურკვეველი ტკივილის მიზეზის დასადგენად. აქ ისინი ცხვირის დანამატი წიაღების ანთების: ფრონტიტის, ჰაიმორიტის, ეთმოიდიტის, — გამოსარიცხად მოდიან, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მათ უმრავლესობას დადებითი პასუხით ვუშვებთ უკან. ზოგიერთს, უმთავრესად მათ, ვინც ცხვირიდან გამონადენსაც უჩივის, მართლაც რომელიმე ეს დაავადება აღმოაჩნდება ხოლმე, სამკურნალოდ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს მიმართავს და ტკივილის გარეშე აგრძელებს ცხოვრებას. აი, რა ბედი ეწევათ დანარჩენებს, არ ვიცი, თუმცა სულ უფრო ხშირად მესმის “კომპეტენტური” ადამიანების დარიგებები: “სახე გტკივათ და არ იცით, რატომ? სამწვერა ნერვის ნევრალგია იქნება, ნევროლოგს მიმართეთ”. ჰოდა, მეც გადავწყვიტე, ნამდვილად კომპეტენტური პირისთვის, ნევროლოგ გიორგი გეგელაშვილისთვის მეკითხა, რა იწვევს სახის ტკივილს და რატომ არის სამწვერა ნერვის ნევრალგია ასეთი ხშირი ჩვენს ქვეყანაში. ბატონი გიორგი “ტკივილის შესწავლის საქართველოს ასოციაციის” მრჩეველი და ვებპორტალ “ტკივილის მართვის” რედაქტორია. მათი ვებგვერდის დევიზი ასეთია: “ტკივილს ვინც უძლებს, ძლიერია, ვინც ამარცხებს – ბრძენი”. მაგრამ ტკივილი რომ დაამარცხო, ჯერ მისი მიზეზი უნდა გაიგო.
ჩვენი საუბარი სულაც არ წარიმართა ისე, როგორც ვგეგმავდი და პირველსავე შეკითხვაზე დაუჯერებელი პასუხი მივიღე... 

  • – ბატონო გიორგი, ბოლო დროს უფრო და უფრო ხშირად გვესმის სამწვერა ნერვის ნევრალგიის შესახებ. მაინც რატომ გვხვდება ეს დაავადება ასე ხშირად? თუ ვიცით, რამდენ ადამიანს აწუხებს ის?

– ჩვენში, მოგეხსენებათ, ეპიდემიოლოგიური კვლევები არ ტარდება, მსოფლიო მონაცემებისა და პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით კი საქართველოში ეს დაავადება დაახლოებით 400 კაცს უნდა ჰქონდეს.

  • – დავაზუსტებ: 400 ახალ შემთხვევაზეა საუბარი? ყოველწლიურად 400 კაცს ემართება სამწვერა ნერვის ნევრალგია?

– არა, მთელ საქართველოში სულ 400 პაციენტი თუ მოითვლება, ვისაც შეიძლება სამწვერა ნერვის ნევრალგიის კლასიკური ფორმა დაუდასტურდეს.

  • – მაგრამ მათ უმეტესობას, ვისაც დიდი ხანია სახის ტკივილი ტანჯავს, სწორედ ამ დიაგნოზით ისტუმრებენ შინ...

– სახის მიდამოში არსებული ტკივილის დროს, როდესაც კბილის პრობლემა გამოირიცხება და წიაღების ანთებაც ეჭვქვეშ რჩება, ყველაფერს სამწვერა ნერვის ანთებად ან ნევრალგიად იხსენიებენ. ჩვენთან, ტკივილის ცენტრში, მიღებულია, რომ სხვადასხვა ტკივილით დატანჯულ პაცენტებს დავუსვათ კითხვები და მოთმინებით დაველოდოთ პასუხებს. სწორედ პაციენტთან საუბარი – და არა რენტგენის ან კომპიუტერის სურათის თვალიერება – არის ექიმის უპირველესი ინსტინქტიც და ინსტრუმენტიც. თქვენც შეგიძლიათ, ერთი მარტივი შეკითხვით გამორიცხოთ ნევრალგია. თუ კითხვაზე: “რამდენ ხანს გრძელდება ტკივილი?” – პასუხად მიიღეთ “რამდენიმე საათს”, “მთელ დღეს” ან “დიდხანს”, – შეგიძლიათ თამამად უთხრათ მოპასუხეს, რომ სამწვერა ნერვის ნევრალგია არ აქვს. ნევრალგიას მოვლითი, ორწუთიანი, დენის დარტყმის მსგავსი ტკივილი ახასიათებს. ხანგრძლივი ტკივილის დროს პრობლემის სათავე სხვაგან უნდა ვეძებოთ.

  • – მაშ, მოდი, ამოვწუროთ სამწვერა ნერვის საკითხი და მერე სხვა პრობლემებზეც ვისაუბროთ. მაინც რა არის სამწვერა ნერვის ნევრალგია და როგორ ვლინდება ის კლინიკურად?

– სხვათა შორის, შაკიკის, სავარაუდოდ, პირველი აღმწერელი არეტეუს კაბადოკიელი თითქმის ორი ათასწლეულის წინ იხსენიებდა თავის ტკივილის ერთ-ერთ ფორმას, რომელსაც თან ახლავს “შეკუმშული და დამახინჯებული სახის გამომეტყველება”, ხოლო ვილიამ ოსლერმა საუკუნის წინ, 1912 წელს, დეტალურად აღწერა სამწვერა ნერვის ნევრალგია. კლასიკური ნევრალგია სახის ნახევრის ავადმყოფობაა. მას ელექტრული დენის დარტყმის მსგავსი ტკივილის შეტევები ახასიათებს, რომლებიც უეცრად იწყება და უეცრადვე სრულდება. შესაძლოა, ტკივილს პროვოცირება გაუწიოს პირის დაბანამ ან გაპარსვამ, თამბაქოს წევამ, ლაპარაკმა ან კბილების გამოხეხვამ. ეპიცენტრი უმეტესად ცხვირ-ტუჩის ნაოჭი და ნიკაპის მცირე ნაწილებია. უშუალო მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ ბრალი მიუძღვის სამწვერა ნერვისა და დაკლაკნილი ნათხემის ზედა არტერიის (უფრო იშვიათად – ვენის) კონფლიქტს. ავადმყოფობა უმეტესად 40 წლიდან იწყება. ორჯერ უფრო ხშირად ემართებათ ის ქალებს. ავადობა 90 წლისთვის აღწევს პიკს. კლასიკურ ფორმაზე მაშინ ვფიქრობთ, როდესაც ტკივილი წარბის ზემოთაა ლოკალიზებული, ორმხრივია, თან ახლავს მუდმივი დაბუჟება, არ რეაგირებს კარბამაზეპინზე და ახალგაზრდა ასაკში იწყება.
არსებობს სამწვერა ნერვის სიმპტომური ნევრალგიაც, რომელსაც თავის ტვინის სხვადასხვა სნეულება იწვევს: ანევრიზმა, სიმსივნე, ანთებითი დაავადებები – გაფანტული სკლეროზი, სარკოიდოზი, ვასკულიტი და სხვა. ამ დროს შესაძლოა “დამნაშავე” აღმოჩნდეს პირის ღრუს ლითონური იმპლანტი, ენის პირსინგი... სამწვერა ნერვის კლასიკური ნევრალგიის ტკივილი, დასაწყისში მაინც, კარბამაზეპინით მკურნალობას ემორჩილება. ოპერაციას მიმართავენ კარბამაზეპინის უეფექტობისას და მაშინ, როდესაც პაციენტი აპროტესტებს მომადუნებელი წამლის გულისგამაწვრილებლად დიდხანს მიღებას.

  • – უკვე შევიტყვეთ, რომ სამწვერა ნერვის პრობლემა არც ისე ყოფილა გავრცელებული, როგორც გვეგონა. მაშ, ყველაზე ხშირად რა იწვევს სახის ტკივილს?

– სახის მწვავე ტკივილის მიზეზი უმეტესად სტომატოლოგიური პრობლემა, ტრავმა, ყურის ან ცხვირის დანამატი ღრუების ანთებაა. პაციენტთან საუბარი, პირის ღრუსა და ყურში ჩახედვა, სტომატოლოგისა და ყელ-ყურ-ცხვირის ექიმის კონსულტაცია ხშირად საკმარისია დიაგნოზის დასასმელად. თვალბუდისა და მიმდებარე უბნების პერიოდული ტკივილის დროს უწინარესად თვალის ავადმყოფობა და შაკიკი უნდა გამოვრიცხოთ. ასეთ ტკივილებს ავტონომიური ცეფალალგიაც იწვევს, რომელიც ხშირად შაკიკში ერევათ. მას ცრემლდენა და ღამით გამაღვიძებელი შეტევები ახასიათებს. მზარდი და შეუპოვარი ტკივილის დროს სერიოზული პათოლოგიების ძიება გვიხდება. ყველაზე დიდ გაუგებრობას იწვევს ე.წ. “ცრუ წიაღის ანთებები“. საქმე ის გახლავთ, რომ ცხვირის დანამატი წიაღების ქრონიკული ანთება, თუ არ გამწვავდა, მტკივნეული არ არის, ამიტომ უსიცხო ორ-სამდღიანი თავის ტკივილი, მეტადრე – თუ გულისრევაც ახლავს თან, უფრო ხშირად შაკიკია და არა წიაღის ანთება. ბევრჯერ გვინახავს მხოლოდ რენტგენის სურათზე დაყრდნობით ამ დროს გაკეთებული უშედეგო პუნქცია და ზოგჯერ ოპერაციაც. როდესაც სახის ტკივილს ღეჭვა ამწვავებს, ქვედა ყბა-საფეთქლის სახსრის სინდრომი უნდა ვიეჭვოთ. ამ დროს ტკივილის წამყვანი მიზეზი შესაძლოა სახსროვანი ან კუნთოვანი იყოს. აქ ყბა-სახის ქირურგის დახმარებით ვარკვევთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს. ტკივილის ცენტრში უმთავრესად მოდიან არა ახალდაწყებული ტკივილის გამო, არამედ მაშინ, როდესაც რამდენიმე წელიწადია უსაშველოდ სტკივათ თავი ან სახე და მიზეზი ვერ უპოვიათ. ამ შემთხვევაში ხშირად ისმება “სახის პირველადი მიზეზდაუდგენელი ტკივილის“ დიაგნოზი. ყოველი ასი ათასი კაციდან ერთს სწორედ მიზეზდაუდგენელი სახის ტკივილი აქვს. მე შეგნებულად და ჯიუტად ვუწოდებ ამ ტკივილს “მიზეზდაუდგენელს” და არ მხიბლავს სიტყვა “იდიოპათიური”. ნუ მიწყენთ და, როდესაც ქართულში არსებობს უცხოურის შესატყვისი მოქნილი სიტყვა, ნეოლოგიზმებით კეკლუცობა სიბრიყვეა. მიზეზის დაუდგენლობა სულაც არ არის თანამედროვე მედიცინისთვის უცხო. პაციენტთა რამდენ პროცენტს ვუდგენთ არტერიული წნევის მიზეზს? – იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის ვერც ერთს. მაშ, რატომღა ვცდილობთ, ტკივილი მივაწეროთ მაინცდამაინც სისხლძარღვების შევიწროებას, ანთებას ან ოსტეოქონდროზს? ან, მაგალითად, წელის ტკივილის დროს რატომ ვასხივებთ ზედმეტად ჩვენს სათუთ ორგანოებს რენტგენის სხივებით? ხომ ისედაც ვიცით, რომ “ოსტეოქონდროზი” დიდი ვერაფერი აღმოჩენაა ჩვენს ეპოქაში...

  • – თუ მიზეზს ვერ ადგენთ, მაშ, როგორ იქცევით?

– ისევე, როგორც არტერიული წნევის მომატებისას: მაღალია წნევა? – უნდა დავწიოთ. სტკივა პაციენტს? – უნდა გავუყუჩოთ. არც წნევასა და არც ტკივილთან დაზავება არ შეიძლება.
გაჭიანურებული ტკივილის დროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის რწმენას და ტკივილის მართვაში მის ჩართულობას. მკურნალობა ტკივილის მართვის მხოლოდ ნაწილია. მის დასაძლევად მრავალმხრივ მიდგომას ვიყენებთ: ფსიქოლოგიურ მეთოდებს, ელექტროთერაპიას, წამლებით მკურნალობას... ვერიდებით ისეთ მედიკამენტებს, რომლებსაც ადვილად ეჩვევა ადამიანი. ასეთებია, უპირველესად, პირდაპირი ტკივილგამაყუჩებლები. ყველაზე ეფექტური წამლებია დეპრესიის, კრუნჩხვის, კუნთოვანი სპაზმის სამკურნალო საშუალებები. სრულიად უეფექტოა საკვებდანამატები და “კარგი ინსტრუქციის” მქონე პრეპარატები, რომელთაც “უკუჩვენებები“ არ გააჩნიათ.
ხშირად, როდესაც პაციენტი ამ წამლების საყიდლად მიდის, აფთიაქში ეკითხებიან: “ნუთუ ეპილეფსია`დეპრესია გაქვთ?” – და გვიწევს ახსნა, რომ პრეპარატებს აქვთ მეორე, მესამე დანიშნულება, ზოგჯერ – ათეულობით სხვადასხვა დანიშნულებაც კი. მახსოვს, იგივე ხდებოდა გასული საუკუნის 80-იან წლებში ასპირინთან მიმართებით. დღეს ინფარქტის პროფილაქტიკისთვის მისი გამოყენება აღარავის უკვირს.

  • – დაბოლოს, რას ურჩევდით მას, ვინც სახის მიდამოს ტკივილით იტანჯება?

– გახსოვდეთ, ყველა მედიკამენტს სასურველთან ერთად შეიძლება ჰქონდეს არასასურველი მოქმედებაც. დროულად აცნობეთ ექიმს წამლის ნებისმიერი თანამოვლენის შესახებ. ზოგჯერ საჭიროა მისი ხანგრძლივი ან მუდმივი მიღება, მაგრამ ეს ნუ შეგაშინებთ – სწორი მკურნალობა პრაქტიკულად უსაფრთხოა ორგანიზმისთვის. მიენდეთ იმ ექიმს, ვისი რწმენაც გაქვთ.

გააზიარე: