როგორ გავუმკლავდეთ ჭარბ ოფლიანობას და ერითროფობიას

გააზიარე:

ჰიპერჰიდროზი ანუ მომატებული ოფლიანობა და ერითროფობია ანუ ბლაშინგ სინდრომი (სახის სიწითლის შიში) არცთუ ისე იშვიათია. საქართველოში ამ პრობლემის სტატისტიკა, სამწუხაროდ, არ არსებობს, თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის 2-3% ჰიპერჰიდროზს უჩივის. 12 წლის წინ სწორედ ამერიკაში გაჩნდა ამ დაავადების სადაზღვევო პირობებში გათვალისწინების ინიციატივაც, რამაც, თავის მხრივ,  ჰიპერჰიდროზისა და ერითროფობიის სამკურნალო ცენტრების შექმნის იდეა წარმოშვა. პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი ასეთი ცენტრი საქართველოში, “ავერსის კლინიკაში” გაიხსნა. აქ კომპლექსურად ტარდება დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი ყველა გამოკვლევა და კვალიფიციური ექიმების ჯგუფი თითოეულ პაციენტს მკურნალობის კურსს ინდივიდუალურად უდგენს. ჟურნალი “ავერსი” ჰიპერჰიდროზისა და ერითროფობიის  სამკურნალო ცენტრს ეწვია და ამ დაავადებების შესახებ მის ხელმძღვანელს, აკადემიურ დოქტორს მედიცინაში, ასოცირებულ პროფესორს კობა სახეჩიძეს გაესაუბრა.  

  • – ბატონო კობა, რა იწვევს ჭარბ ოფლიანობას?

– ჭარბოფლიანობა, ჰიპერჰიდროზი, შეიძლება გამოიწვიოს როგორც მაღალმა ტემპერატურამ, ფიზიკურმა დატვირთვამ და ძლიერმა ემოციამ, ისე ამა თუ იმ დაავადებამ. მაგალითად, იგი დამახასიათებელია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების – კვანძოვანი და მრავალკვანძოვანი ჩიყვის, ჰიპერ- და ჰიპოთირეოზის, თირეოტოქსიკოზის – მქონე პაციენტებისთვის. გარდა ამისა, თან ახლავს თავის ტვინის სიმსივნეებსა და ტრავმებს, ჰორმონულ დარღვევებს, ტუბერკულოზს, პარკინსონიზმს, შეინიშნება კლიმაქტერიულ პერიოდშიც. ჭარბოფლიანობა ხშირია გარდატეხის ასაკში, თუმცა ამ შემთხვევაში ის დროებითია, ასე რომ, სამედიცინო ჩარევა არ არის რეკომენდებული.

  • – რა არის ერითროფობია?

– ტერმინი “ერითროფობია” “გაწითლების შიშს” ნიშნავს. დღეს მას ბლაშინგ სინდრომსაც უწოდებენ. ის ვეგეტატიური ნერვული სისტემის არასწორი მუშაობის შედეგად მიიჩნევა, თუმცა უშუალო მიზეზი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. ბლაშინგ სინდრომს ერთვის ერითროფობია – მოულოდნელი გაწითლების შიში. მისი დაავადებად მიჩნევა არ იქნება მიზანშეწონილი, რადგან, ჩემი აზრით, ის უფრო ორგანიზმის თავისებურებაა. ერითროფობიის დიაგნოსტიკა, პაციენტის ჩივილებიდან გამომდინარე, ადვილია.

  • – სხეულის რა ნაწილები გამოირჩევა ჭარბი ოფლიანობით?

– ჰიპერჰიდროზი ორგვარია – გენერალიზებული და ლოკალური. გენერალიზებული ჭარბოფლიანობის დროს საოფლე ჯირკვლების აქტივობა მთელ სხეულზეა გამოხატული, ლოკალური ჰიპერჰიდროზი კი ძირითადად ხელისგულებზე, ფეხისგულებზე და იღლიის არეში ვლინდება, უფრო ნაკლებად – კისრის, სახისა და თავის არეში. დამახასიათებელია საზარდულის მიდამოსთვისაც. ლოკალური ჭარბოფლიანობა შეიძლება იყოს მემკვიდრეობითიც და საყოფაცხოვრებო ფაქტორებით გამოწვეულიც, მაგალითად, პირადი ჰიგიენის დაუცველობით, უხარისხო ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ტარებით, ანდა ვეგეტატიური ნერვული სისტემის მოშლით.

  • – რა კვლევას უტარებენ ამ პრობლემის მქონე პაციენტს?

– უპირველესად, მნიშვნელოვანია სწორი ანამნეზის შეკრება – აღნიშნავს თუ არა პაციენტი ჩივილებს ან აქვს თუ არა ზემოხსენებული დაავადებებით დატვირთული მემკვიდრეობა. შემდეგ ტარდება შესაბამისი კვლევები და საჭიროების შემთხვევაში – კონსულტაცია. დასასრულ, კლინიკა თავად უკავშირდება პაციენტს და აცნობს ექიმების დასკვნას.
თუ ჭარბოფლიანობა არ არის დაკავშირებული რომელიმე დაავადებასთან და მხოლოდ საოფლე ჯირკვლების აქტიური მუშაობით არის გამოწვეული, მივმართავთ მეთოდებს, რომლებიც მსოფლიოში უკვე ფართოდ არის დანერგილი.

  • – ამ მეთოდების გამოყენებამდე რა კონსერვატიულ საშუალებებს ურჩევთ პაციენტს?

– არსებობს სპეციალური დეოდორანტები, რომლებიც იღლიის არეში ჭარბოფლიანობის დროს გამოიყენება, მაგრამ აუცილებელია, მათი მოხმარებისას გავითვალისწინოთ თან დართული რეკომენდაციები. საქმე ის არის, რომ ამგვარი დეოდორანტები ავიწროებს საოფლე ჯირკვლების სადინარებს და ოფლიანობას ამ გზით ამცირებს. ისინი უსაფრთხოა მხოლოდ მაშინ, თუ სწორად გამოვიყენეთ. დეოდორანტი სუფთა, დაბანილ კანზე უნდა წაისვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში სადინარები დაიხშობა, რამაც შესაძლოა საოფლე ჯირკვლების ანთება გამოიწვიოს.

  • – ჰიპერჰიდროზისა და ერითროფობიის მკურნალობის რა თანამედროვე მეთოდები არსებობს?

– მსოფლიოში დანერგილია ჭარბოფლიანობის მკურნალობის ოთხი და ერითროფობიის მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდი. აქედან ერთი ორივე პათოლოგიისთვის საერთოა.
ორივე პათოლოგიის შემთხვევაში ჯობს, პაციენტმა  პირველად ფსიქოლოგთან ან ფსიქოთერაპევტთან ჩაიტაროს კონსერვატიული მკურნალობა.

პაციენტს შესაძლოა შევთავაზოთ ადგილობრივი მკურნალობა – სპეციალური პრეპარატის ინექციები პათოლოგიის არეში. კერძოდ, ინსულინის პატარა ნემსით სხეულის სხვადასხვა უბანში (ხელისგულებში, ფეხისგულებში, იღლიის ფოსოებში) შეგვყავს ბოტოქსი ან დისპორტი, რომლებიც სიმპათიკურ ნერვულ დაბოლოებებს ბლოკავს. თუ ინექცია შედეგიანი აღმოჩნდა, ეფექტი ექვსიდან რვა თვემდე გრძელდება. რა თქმა უნდა, საჭიროებისდა მიხედვით შეიძლება პროცედურის გამეორებაც.
მიუხედავად იმისა, რომ ბოტულოტოქსინის პრეპარატები მოხმარების წესების დაცვის შემთხვევაში უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, მათ გამოყენებას აქვს აბსოლუტური უკუჩვენებებიც, კერძოდ:
. ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდი;
. ონკოლოგიური დაავადებები;
. ანთებითი პროცესები ინექციის ადგილას;
. სისხლის შედედების დარღვევა;
. პრეპარატის ინდივიდუალური ინდივიდუალური შეუთავსებლობა (მისგან თავის დასაზღვევად აუცილებელია, მკურნალობის დაწყებამდე გაკეთდეს სინჯი).
იონოფორეზი (ელექტროფორეზი) მკურნალობის კიდევ ერთი გავრცელებული მეთოდია, რომელიც ხელისგულებსა და ფეხისგულებზე ზემოქმედების საშუალებას იძლევა. ამ პროცედურის ჩასატარებლად აუცილებელია სპეციალური აპარატი, რომელიც პრეპარატის ხელისგულებსა და ფეხებისგულებში შეღწევას უწყობს ხელს. პაციენტი 20 წუთის განმავლობაში იღებს პრობლემური კიდურების აბაზანას და დაახლოებით 20 პროცედურის შემდეგ  ნერვული დაბოლოებების ინაქტივაცია ხდება. ეფექტმა შესაძლოა 4-8 თვე გასტანოს. ამ ხნის შემდეგ პროცედურის გამეორებაა საჭირო.
თუ ჰიპერჰიდროზი იღლიის არეშია, რეკომენდებულია კიურეტაჟი, რაც ქირურგიული ჩარევის შედეგად საოფლე ჯირკვლების მექანიკური გზით დარღვევას გულისხმობს. იღლიის არეში ადგილობრივი გაუტკივარების ფონზე კეთდება 1 სმ-მდე ზომის განაკვეთი და ინსტრუმენტით ხდება საოფლე ჯირკვლებისა და მათი სადინარების დარღვევა. ამ პროცედურის შედეგიც დროებითია, დაახლოებით 6-9- თვიანი; დროთა განმავლობაში სადინარები აღდგება და კიურეტაჟის ეფექტიც იკარგება. 
დღესდღეობით ჰიპერჰიდროზისა და ერითროფობიის მკურნალობის ყველაზე რადიკალურ მეთოდად თორაკოსკოპიული სიმპათექტომია ითვლება (შედეგიანია ასიდან 95-98 შემთხვევაში, ოპერაციის დამთავრებისთანავე). ქირურგიული ჩარევა ტარდება ზოგადი გაუტკივარების ფონზე. გულმკერდზე კეთდება ორი მცირე ზომის – 5-მილიმეტრიანი – განაკვეთი, სპეციალური აპარატით შევდივართ გულმკერდის ღრუში და საჭირო დონეზე ვარღვევთ სიმპათიკურ განგლიას (კვანძს). თორაკოსკოპის საშუალებით ოპერაციის მსვლელობას ეკრანზე ვაკვირდებით.

  • – რა თავისებურებებით გამოირჩევა ეს ოპერაცია?

– ოპერაციის ხანგრძლივობა არ აღემატება 20-25 წუთს. პაციენტი სტაციონარში მხოლოდ ერთი დღით რჩება, მეორე დღეს ვუტარებთ საკონტროლო რენტგენოგრაფიულ კვლევას, ვაცლით დრენაჟს და ვწერთ სახლში.
თორაკოსკოპიული სიმპათექტომიის შედეგი მუდმივია, რაც მის უდავო ღირსებას წარმოადგენს, მაგრამ პაციენტებმა უნდა იცოდნენ ამ ოპერაციის შესაძლო გართულებების შესახებაც. ესენია:
. პნევმოთორაქსი (გულმკერდის ღრუში ან კანქვეშ ჰაერის არსებობა);
. გორნერის სინდრომი (თვალის სიმპათიკური ინერვაციის მოშლა, რაც ვლინდება გუგის შევიწროებით, თვალის ნაპრალის შევიწროებით);
. კომპენსატორული ოფლიანობა – ოფლიანობის მომატება ორგანიზმის სხვა ადგილებში.
ჩვენ პაციენტებს ოთხივე ზემოთ აღწერილ მეთოდს ვთავაზობთ. ის, რაც აქამდე საქართველოში მიუწვდომელი იყო აღნიშნული პათოლოგიით შეწუხებული პაციენტებისთვის, დღეს ჩვენს კლინიკაში მაღალპროფესიულ დონეზე ტარდება. მკურნალობის მეთოდის არჩევის უფლებას პაციენტს ვუტოვებთ, თუმცა ყველაფერს დაწვრილებით ვუხსნით, ვაწვდით მაქსიმალურ ინფორმაციას როგორც კონსერვატიულ, ასევე რადიკალურ მეთოდებზე. აქვე ვთავაზობთ კომპლექსურ წინასაოპერაციო კვლევებს (სისხლის ყველა საჭირო ანალიზი, გულმკერდის რენტგენოგრაფია, თერაპევტისა და ანესთეზიოლოგის კონსულტაცია). ასე რომ, ჰიპერჰიდროზით დაავადებულ ადამიანს ჩვენთან სრული სამედიცინო სერვისის მიღების საშუალება აქვს.
საუბრის დასასრულს, მინდა, “ავერსის კლინიკის” სახელით თქვენს მკითხველს ჯანმრთელობა ვუსურვო.

გააზიარე: