ყლაპვის გაძნელება

გააზიარე:

ყლაპვის მარტივი აქტის განხორციელებაში თურმე ორმოცდაათამდე წყვილი კუნთი და ნერვი მონაწილეობს. მიუხედავად ამისა, უამრავ პათოლოგიურ მდგომარეობას შეუძლია, აღნიშნულ პროცესს ხელი შეუშალოს. ყლაპვის გაძნელებას მედიცინის ენაზე დისფაგია ჰქვია. ის ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა ასაკთან ერთად დისფაგიის შემთხვევების რიცხვიც იმატებს.
ტერმინი “დისფაგია” მყარი საკვების ან სითხის პირის ღრუდან კუჭისკენ გადაადგილების გართულებას, გაძნელებას ნიშნავს. ამ დარღვევას ხშირად თან ახლავს ყლაპვის დროს ტკივილის შეგრძნებაც (ოდინოფაგია). ზოგჯერ პაციენტს საერთოდ არ შეუძლია ყლაპვა. ყლაპვის ცალკეული, ერთეული შემთხვევები შემაშფოთებელი არ არის. ასეთი რამ ადამიანს შესაძლოა მაშინაც დაემართოს, როცა სწრაფად ჭამს და სათანადოდ დაუმუშავებელ (დაუღეჭავ) მოზრდილ ლუკმებს ყლაპავს. ყლაპვის მუდმივი, განმეორებადი გაძნელება კი შესაძლოა სერიოზული პათოლოგიური მდგომარეობის ნიშანი იყოს. 
როგორ ხდება ყლაპვა
ადამიანი მთელი დღის განმავლობაში ასობით ყლაპვის აქტს ახორციელებს. მყარი საკვები, სითხე და მთელი დღის განმავლობაში წარმოქმნილი ნერწყვი სწორედ ამ აქტის წყალობით ხვდება კუჭში.
 ყლაპვის პროცესი 4 ეტაპისგან შედგება.
* პირველი ორალური მომზადების ეტაპია. ამ დროს საკვებს ვღეჭავთ და გადასაყლაპავად ვამზადებთ.
* მეორეა ორალური ეტაპი. ამ დროს დაღეჭილი ლუკმა ენის დახმარებით პირის ღრუს უკანა ნაწილისკენ გადაადგილება და ყლაპვა იწყება.
* მესამე ეტაპზე სააკვები ხახასა და საყლაპავში გადაადგილება.
* ფინალურ ეტაპზე კი საკვები საყლაპავის გავლით კუჭში ჩადის.
პირველი და მეორე ეტაპები გარკვეულწილად ნებითი პროცესებია, მესამე და მეოთხე კი უნებლიეთ, ადამიანის ნებისაგან დამოუკიდებლად ხდება.
სხვა სიმპტომები
ყლაპვის დარღვევა გამოიხატება:
* ყლაპვის თანმხლები ტკივილით;
* ყლაპვის შეუძლებლობით;
* საკვების გულზე დადგომის შეგრძნებით;
* გაძლიერებული ნერწყვდენით;
* ყელში უცხო სხეულის, ბურთის გაჩხერის შეგრძნებით;
* საკვების უკან ამოტყორცნით (რეგურგიტაციით);
* გახშირებული გულძმარვით;
* საკვებისა და კუჭის წვენის საყლაპავში ამოსვლით (რეფლუქსით);
* წონის კლებით (ვითარდება ხანგრძლივი დისფაგიის შედეგად);
* ყლაპვის დროს საკვების გადაცდენითა და ხველით, ხმის შეცვლით.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ რაიმე დაბრკოლების (მაგალითად, უცხო სხეულის) გამო ყლაპვას საერთოდ ვერ ახერხებთ ან ის სუნთქვაში გიშლით ხელს, უახლოეს გადაუდებელი დახმარების სამსახურს მიმართეთ. ყლაპვის უმნიშვნელო და იშვიათი გაძნელება მღელვარების საფუძველს არ იძლევა, მაგრამ აუცილებლად მოინახულეთ ექიმი, თუ ეს პრობლემა დიდი ხანია გრძელდება, რეგულარული ხასიათი აქვს და თან წონის დაქვეითება, საკვების რეგურგიტაცია (პირის ღრუში დაბრუნება) ან ღებინება ახლავს. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ბავშვებთან – მოგეხსენებათ, მათ ძალიან უყვართ პატარა ნივთების პირში ჩადება და ხშირად გადაეყლაპებათ ან გადასცდებათ ხოლმე.
პრობლემის მიზეზი
ყლაპვასთან დაკავშირებული სირთულეების გამოწვევა უამრავ დაავადებას თუ პათოლოგიურ მდგომარეობას შეუძლია. ისეთი შემთხვევებიც არის, როდესაც დისფაგიის მიზეზის დადგენა ვერც კი ხერხდება. მოდი, ყველაზე გავრცელებულ დაავადებებზე შევჩერდეთ. ისინი ორ ჯუფად იყოფა: საყლაპავისა და პირ-ხახის დაავადებებად.
საყლაპავისმიერ დისფაგიას საკვების გაჩხერის, საყლაპავში გაჭედვის შეგრძნება ახლავს თან. მას იწვევს:
* კარდიის ქალაზია. საყლაპავის ქვედა ნაწილის კუნთები (აქ არსებული სფინქტერი) ჯეროვნად ვერ დუნდება, რაც საკვების კუჭისაკენ გადაადგილებას ხელს უშლის. ეს ყველაფერი საყლაპავის ნერვკუნთოვანი აპარატის მოშლის შედეგია. დაავადების დასაწყისში ჭირს მხოლოდ მყარი საკვების ყლაპვა, მოგვიანებით კი თხევადისაც. კარდიის აქალაზიას კუჭის შიგთავსის რეფლუქსიც ახასიათებს (დროთა განმავლობაში განვითარებული საყლაპავის გლუვი კუნთების დასუსტების გამო). დისფაგია აქალაზიის დროს პროგრესირებს.
* საყლაპავის დიფუზური სპაზმი. ამ დროს საყლაპავში მრავლობითი ინტენსიური, მაგრამ არაკოორდინირებული შეკუმშვა წარმოიშობა, რის გამოც ყლაპვის აქტი სათანადოდ ვერ ხორციელდება. უშუალო მიზეზი უცნობია. ძლიერ ცივი და ცხელი საკვები სპაზმის განვითარებას ხელს უწყობს. ამ დროს ყლაპვის აქტი ხშირად მტკივნეულია და ძალიან ჰგავს სტენოკარდიულ ტკივილს. მსგავსი ტკივილის დროს გულის იშემიური დაავდების გამორიცხვა აუცილებელია.
* საყლაპავის სტრიქტურა (შევიწროება). საყლაპვის შევიწოება შესაძლოა გამოიწვიოს როგორც დიდი ზომის საკვებმა მასამ, ისე ქრონიკული გასტროეზოფაგურმა რეფლუქსის შედეგად განვითარებულმა ნაწიბურმა ან სიმსივნემ. 
* საყლაპავის სიმსივნე. საყლაპავის სიმსივნე შეიძლება იყოს როგორც ავთვისებიანი (საყლაპავის კიბო), ისე კეთილთვისებიანი. ამ დროს ყლაპვის გაძნელება პროგრესირებს. ყლაპვის პრობლემები შესაძლოა კუჭის კარდიული ნაწილის სიმსივნემაც გამოიწვიოს. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სიმსივნის მკურნალობის სხივური მეთოდი საყლაპავის ანთებას და მის დანაწიბურებას (შევიწროებას) იწვევს.
* უცხო სხეულები. საკვები, მაგალითად, ხორცის მოზრდილი ნაჭერი, ან სხვა საგანი შესაძლოა ხახაში ან საყლაპავში გაიჭედოს და საყლაპავის ნაწილობრივი ბლოკადა გამოიწვიოს. ასეთი რამ ყველაზე ხშირად ემართებათ ბავშვებს და მოხუცებს, რომელთაც პროთეზი აქვთ ან საკვებს სათანადოდ ვერ ღეჭავენ.
* გასტროეზოფაგური რეფლუქსი. საყლაპავში კუჭის მჟავე შიგთავსის განმეორებითი ასვლა (რეფლუქსი) მისი ქვედა ნაწილის გაზიანებას, ანთებას (რეფლუქს ეზოფაგიტს), სპაზმს და შემაერთებელი ქსოვილის (ნაწიბურის) განვითარებას იწვევს, რის შედეგადაც საყლაპავის სანათური ვიწროვდება და ყლაპვა ძნელდება. 
* სკლეროდერმია. ეს ტიპური კოლაგენური დაავადებაა, რომელიც შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაზიანებით მიმდინარეობს. ამ დროს სხვადასხვა ორგანოში (მათ შორის – საყლაპავშიც) შემაერთებელ ქსოვილს ფიბროზული ენაცვლება, რაც აღნიშნულ ორგანოთა ფუნქციის მოშლას იწვევს. სკლეროდერმიის შედეგად საყლაპავის სფინქტერი სუსტდება და რეფლუქსი ვითარდება, რაც ხშირ გულძმარვას იწვევს. 
პირხახისმიერი (ოროფარინგეალური) დისფაგია მაშინ ვითარდება, როცა ზიანდება ხახის კუნთები და ნერვები (ხახის დამბლა). ამ დროს საკვების ულუფის პირის ღრუდან საყლაპავში გადაადგილება ძნელდება და საკვები ხშირად ტრაქეაში (სასულე) ან ცხვირის ღრუში ხვდება. ეს რეფლექსურ ხველას იწვევს. ამგვარ შემთხვევებში იმატებს პნევმონიის (ფილტვების ანთება) განვითარების რისკი.
პირხახისმიერი დისფაგიის მიზეზებია:
* ნევროლოგიური დარღვევები. ნერვული სისტემის მწვავე დაზიანების – ინსულტის ან თავისა და ზურგის ტვინის ტრავმის ერთ-ერთი სიმპტომი დისფაგიაც არის. ყლაპვის გაძნელება შესაძლოა პოსტპოლიომიელიტური სინდრომის, გაფანტული სკლეროზის, კუნთოვანი დისტროფიის, ან პარკინსონის დაავადების დროსაც ჩამოყალიბდეს. 
* ხახის დივერტიკული – ხახის კუნთოვანი კედლის პათოლოგიური პარკისებური გამოდრეკა. ამ გამონადრეკში საკვები გროვდება და ყლაპვას ხელს უშლის.
რა გართულებაა მოსალოდნელი
მალნუტრიცია (არასრულფასოვანი კვება) და დეჰიდრატაცია (ორგანიზმის გაუწყლოება) დისფაგიის ყველაზე გავრცელებული გართულებებია, რადგან ყლაპვის შეუძლებლობის შემთხვევაში ორგანიზმი სათანადო რაოდენობის სითხისა თუ საკვების მიღებას ვერ ახერხებს. საკვების სასუნთქ გზებში გადაცდენისას შესაძლოა ფილტვების ანთება ან ზედა სასუნთქი გზების ინფექცია განვითარდეს.
როგორ იკვლევენ
როგორც უკვე მიხვდით, ყლაპვის დარღვევა შეიძლება იყოს საკმაოდ მძიმე დაავადების გამოხატულებაც და ადვილად მოსაგვარებელი პრობლემის სიმპტომიც. ექიმი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში პაციენტს სრულყოფილად სინჯავს და მიზეზის დასადგენად აუცილებელ გამოკვლევებსაც ატარებს. კვლევის პირველი ეტაპი, წესისამებრ, ბარიუმის ფაფის გამოყენებით საყლაპავის რენტგენოსკოპიაა. აღნიშნული კვლევის დროს პაციენტს სპეციალურ საკონტრასტო ნივთიერებას – ბარიუმის სულფატის წყალხსნარს ასმევენ, მერე კი რადიოლოგი რენტგენის აპარატის მეშვეობით ამ სითხის საყლაპავში გადაადგილებას აკვირდება. ყლაპვის დარღვევის მიზეზს ამ გზით უმეტესად წარმატებით ადგენენ. მომდევნო მეთოდი ენდოსკოპიაა – სპეციალური აპარატით, ენდოსკოპით, ჩადიან საყლაპავში და ათვალიერებენ მას. იშვიათად მანომეტრიასაც მიმართავენ – მცირე ზომის მილს საყლაპავში ათავსებენ და ყლაპვის მომენტში მისი კუნთების ძაბვას ზომავენ. პირხახისმიერი დისფაგიის დროს შესაძლოა ნევროლოგის ან ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტის კონსულტაციაც გახდეს საჭირო.
როგორ მკურნალობენ
მკურნალობის ტაქტიკა მრავალმხრივია და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში პათოლოგიის მიზეზზეა დამოკიდებული. საყლაპავის დაავადებებით გამოწვეული დისფაგიის დროს მნიშვნელოვანია მედიკამენტური მკურნალობა, რეჟიმის დაცვა, დიეტა. კარდიის აქალაზიის შორს წასულ შემთხვევებში (როცა საყლაპავი ძლიერ არის დავიწროებული) ენდოსკოპზე დამაგრებული სპეციალური ბალონით მას მექანიკურად აფართოებენ. საყლაპავის სიმსივნის დროს ოპერაციულ ჩარევას მიმართავენ. გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს მედიკამენტური თერპია საკმაოდ ეფექტურია, თუმცა წამლების (ანტაციდური, კუჭის მჟავიანობის შესამცირებელი პრეპარატები) დიდხანს მიღებაა საჭირო. საყლაპავის დიფუზური სპაზმის დროს ეფექტურია სპაზმოლიზური საშუალებები. პირხახისმიერ დისფაგიას ნევროლოგი მკურნალობს. ამ დროს ეფექტურია ხახის კუნთებისთვის განკუთვნილი ვარჯიშები და ყლაპვის სწორი ტექნიკის დაუფლება. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს პაციენტისთვის სპეციალური თხევადი საკვების მიცემა. ყლაპვის უეცარი გაძნელებისგან თავის დასაზღვევად ჭამეთ ნელა და ლუკმა კარგად დაღეჭეთ. სასურველია, მიირთვათ ხშირად და მცირე ულუფებით. ეცადეთ, დაძინებამდე 3 საათით ადრე ივახშმოთ.
თამარ არქანია

გააზიარე: