თვალის გამოკვლევა
გააზიარე:
მხედველობის დაქვეითების მიზეზებისა და თავიდან აცილების გზების გარკვევაში “ავერსის კლინიკის” ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი მაია ბერაიადაგვეხმარება.
იმის გარკვევა, რას, უფრო ზუსტად კი როგორ ვხედავთ, არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ.
პირველი, რასაც ექიმები ზომავენ, მხედველობის სიმახვილეა. ალბათ ყველას დაგჭირვებიათ ასოების ამოკითხვა თუ იმის დადგენა, რომელ მხარეს აქვს გახსნილი წრეწირს პირი. ეს სპეციალური ცხრილებია, რომლებიც მიუთითებს, რამდენი მეტრიდან უნდა დაინახოს ჯანმრთელმა თვალმა ესა თუ ის ობიექტი. მას ხან მთელი რიცხვებით გამოხატავენ, ხან %-ობით, ხან კი წილადით. ასე, მაგალითად: მხედველობის სიმახვილე 6/6ნიშნავს რომ თქვენ 6 მეტრიდან ზუსტად იმდენი დაინახეთ, რამდენიც უნდა დაგენახათ. თუ მხედველობა 6/18-ზე ნაკლებია – რასაც სხვა (ნორმალურად მხედველი) 18 მეტრზე ამჩნევს, თქვენ 6-დანაც ვერ ხედავთ. ამას ჯანმო უკვე დაქვეითებულ მხედველობად მიიჩნევს, ოღონდ მანამდე, ვიდრე შედეგი 3/60-ის ტოლი ან მასზე უკეთესია, თანაც უკეთესად მხედველ თვალში და საუკეთესო შესაძლო კორექციით (ანუ ეს შედეგი თქვენთვის საუკეთესოდ შერჩეული სათვალის მორგების შემდეგ უნდა აჩვენოთ). როცა იმავე პირობებში (ანუ მაქსიმალურად ზუსტად შერჩეული სათვალით და უკეთეს თვალში) მხედველობა 3/60-ზე ნაკლებია, უკვე უსინათლობაზე ლაპარაკობენ. ეს პირველი და ყველაზე ხშირად ჩასაბარებელი გამოცდაა, თუმცა მისი მეშვეობით ვერ დავრწმუნდებით, რომ ყველაფერი რიგზეა და ის, რასაც 1-ის თუ 6/6-ის ტოლი მხედველობა მიუთითებს, არ არის საკმარისი, რომ მხედველობას იდეალური დავარქვათ.
მხედველობის ველის (გვერდითი მხედველობის) შემოწმება წარმოდგენას გვაძლევს იმაზე, სივრცის რა ნაწილს ვხედავთ თვალებისა და თავის გაუნძრევლად. ნორმაში მხედველობის ველი ჰორიზონტალურად 160-170º-ს უნდა შეადგენდეს. თუ ჯანმრთელ ან უკეთ მხედველ თვალში ველი 20º-ზე ნაკლებია, ამას, განურჩევლად მხედველობის სიმახვილისა, დაქვეითებულ მხედველობად აფასებენ, 10º-ზე ნაკლებს კი უსინათლობად.
თვალების კოორდინაცია, სიღრმის შეგრძნება, ფოკუსირების უნარი და ფერების აღქმაცნორმალური მხედველობის შემადგენელი ნაწილებია.
და მაინც, თუნდაც ყველა მაჩვენებლით მხედველობა უნაკლო იყოს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვალში ყოველგვარი პათოლოგიური ცვლილების არსებობა გამორიცხულია. ეს ის პათოლოგიური ცვლილებებია, რომელთა შედეგსაც მხოლოდ წლების შემდეგ დავინახავთ, უფრო ზუსტად, ვეღარ დავინახავთ. ამიტომაც მხოლოდ მხედველობის შემოწმება საკმარისი არ არის. ამისთვის თვალის წნევის გაზომვა და გუგის გაფართოებისას თვალის ფსკერის დათვალიერებაა საჭირო.
საზეპირო
ნებისმიერი ასაკის ადამიანმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიაროს სრული გამოკვლევა ოფთალმოლოგთან.
თვალის ანატომია
ვიდრე მხედველობის ყველაზე გავრცელებულ პრობლემებზე დაწვრილებით ვისაუბრებდეთ, მოდი, თვალის აგებულება მიმოვიხილოთ და რამდენიმე ტერმინის მნიშვნელობაც შევიტყოთ.
საგნის გამოსახულებას ამ საგნის მიერ არეკლილი სინათლის სხივების წყალობით აღვიქვამთ. სხივები გამჭირვალე და ამობურცულ რქოვანას გაივლის, გუგის – ფერად გარსში არსებული ხვრელის – გავლით ბროლში იკრიბება, იქვე იცვლის მიმართულებას და ბადურაზე ფოკუსირდება. ამას სხივთა გარდატეხა, შუქგარდატეხა ანუ რეფრაქცია ეწოდება. მხედველობის დაქვეითებას უმეტესად სწორედ სხივთა გარდატეხის დარღვევა იწვევს. მხედველობის ასეთ პრობლემებს რეფრაქციის მანკებს ვუწოდებთ.
ნებისმიერი მანძილიდან არეკლილი საგნის ზუსტად ბადურაზე მოხვედრას სწორედ ბროლი უზრუნველყოფს. მან თავისი ფუნქცია უზადოდ რომ შეასრულოს, გამჭვირვალე უნდა იყოს. სამწუხაროდ, ზოგჯერ ის იმღვრევა და იწვევს პრობლემებს, ოდნავი ბუნდოვანებიდან მოყოლებული მხედველობის ველის სრულ დაბინდვამდე. ამ დაავადებას კატარაქტა ჰქვია.
ბროლსა და რქოვანას შორის არსებულ სივრცეს ფერადი გარსი ორ – წინა და უკანა – საკნად ყოფს. აქ თვალის სითხე მოძრაობს, რომელიც გამუდმებით წარმოიქმნება და იწოვება. ყოველ 90 წუთში სითხე მთლიანად ახლდება. სითხე მონაწილეობს რქოვანასა და ბროლის კვებაში, თვალის კაკლის ფორმის შენარჩუნებაში და უზრუნველყოფს, რომ ბადურა სისხლძარღვებს გლუვად ეკვროდეს, მაგრამ ეს მაშინ, როცა სითხის არც წარმოქმნას და არც გაწოვას არაფერი უშლის ხელს და მისი წნევა ნორმის ფარგლებში რჩება. წნევის მომატება კი შეიძლება გლაუკომის მიზეზად იქცეს.
ბადურა თვალის შიგნითა გარსია, რომელიც თვალის კაკლის უკანა ორ მესამეს ამოფენს. გამოსახულება გამოსახულებად ყოფნას სწორედ აქ ასრულებს და უკვე ნერვულ სიგნალად გარდაქმნილი ტვინისკენ გზას სწორედ აქედან მიიკვლევს (აქვე შევნიშნოთ, რომ ლათინურად ბადურას რეტინა ჰქვია. შესაბამისად, რეტინოპათია ბადურას პათოლოგიას ნიშნავს). ყველაზე მეტი მხედველობის რეცეპტორი ბადურას უკანა ნაწილის ცენტრშია კონცენტრირებული. ამ ნაწილს ყვითელ ხალს – მაკულა ლუტეას – ეძახიან. ყველაზე მკაფიო სიგნალს ტვინს ის გადასცემს. რასაც ვუყურებთ, მისი ანარეკლიც ბადურას სწორედ ამ ნაწილზე ხვდება.