საჭიროა თუ არა ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა?
გააზიარე:
ალბათ, ყოველი ჩვენგანის ბავშვობისდროინდელ მოგონებებში დალექილა ბრილიანტის მწვანით აჭრელებული სხეული, ოჯახის წევრების ალერსი, სურვილების ასრულება – ემანდ ბატონები არ გავაბრაზოთო. სახადების უმეტესობა მედიცინამ იმუნიზაციით დაამარცხა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ყველა სახადი როდი მოხვდა სავალდებულო აცრების რიცხვში. მაგალითად, ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია
მშობლის სურვილისამებრ ტარდება.
ვინაიდან საქართველოში ჩუტყვავილას გავრცელება გაზაფხულზე და ზაფხულის დამდეგს აღწევს პიკს, სწორედ შესაფერისი დროა იმის გასარკვევად, საჭიროა თუ არა იმუნიზაცია. ამ კითხვით “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელს თამარ ობგაიძეს მივმართეთ.
– რა სავალდებულო აცრებს უტარებენ დღეს ბავშვებს და რატომ არ მოხვდა ჩუტყვავილას აცრა ჩვენს კალენდარში?
– ვაქცინაციის კალენდარი, რაც გულისხმობს ვაქცინაციით მართული ინფექციების საწინააღმდეგო აცრების ნუსხას, მათ ვადებსა და თანამიმდევრობას, ყველა ქვეყანას, მათ შორის – საქართველოსაც, საკუთარი აქვს. საქართველოში წარმოებს გეგმური ვაქცინაცია ტუბერკულოზის, დიფტერიის, ყივანახველას, პოლიომიელიტის, ჰემოფილუსის ჩხირის, B ჰეპატიტის, წითელას, წითურას, ყბაყურას წინააღმდეგ. მოზარდ გოგონებს უტარდებათ ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. იგეგმება ვაქცინაციის დაწყება როტავირუსული და პნევმოკოკური ინფექციების, ჩუტყვავილას წინააღმდეგ.
ვაქცინაციის კალენდარს ყველა სახელმწიფო ამა თუ იმ დაავადებასთან მიმართებით საკუთარი პრიორიტეტების მიხედვით ადგენს. განვითარებადი ქვეყნებისთვის გაცილებით პრიორიტეტულია ისეთ დაავადებებთან ბრძოლა, როგორიცაა დიფტერია, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, წითელა. სწორედ ამის ბრალია, რომ საქართველოს ეროვნულ კალენდარში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჯერ კიდევ არ შეუტანიათ, თუმცა მისი დაწყება უკვე იგეგმება. ვაქცინაციის დანერგვა აუცილებლად მოახდენს გავლენას ჩუტყვავილას ეპიდემიოლოგიურ სურათზე, შეამცირებას მის გავრცელებას.
– რა იწვევს ჩუტყვავილას და როგორ მიმდინარეობს იგი?
– ჩუტყვავილას გამომწვევია ჩუტყვავილა-ზოსტერის ვირუსი (ეკუთვნის ადამიანის ჰერპესვირუსების ჯგუფს). ამ ვირუსით დაინფიცირების ალბათობა ძალიან დიდია, რის გამოც ჩუტყვავილას ეპიდაფეთქებები ახასიათებს. დაავადება ვლინდება გამონაყარით და სხეულის ტემპერატურის მატებით, ჩვეულებრივ, მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა მისი კეთილთვისებიანი მიმდინარეობაც კი ხშირად ძლიერ დისკომფორტს უქმნის ბავშვებსა და მათ მშობლებს – გამონაყარს ახასიათებს შემაწუხებელი ქავილი, რაც შესაძლოა ბაქტერიული ინფექციისა და ღრმა ნაწიბურების ჩამოყალიბების მიზეზად იქცეს. ზოგჯერ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს, განსაკუთრებით – დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებში: ტემპერატურა 39-40 0C-ს აღწევს და რამდენიმე დღე გასტანს, კანსა და ლორწოვან გარსებზე ჩნდება უხვი გამონაყარი, არ არის გამორიცხული ეროზიებისა და წყლულების განვითარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ტრაქეაზე, სასუნთქ და შარდსასქესო ორგანოებზე, თვალებზე, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. მოსალოდნელია გართულებები – ფილტვების ანთება, ენცეფალიტი (თავის ტვინის ანთება), რომელიც უმეტესად დაავადების ჩათავების შემდეგ იჩენს თავს, მენინგიტი (ტვინის გარსების ანთება), წონასწორობის დარღვევა, მიოკარდიტი (გულის კუნთის ანთება), გარდამავალი ართრიტი (სახსრების ანთება), გლომერულონეფრიტი (თირკმელების ანთებითი დაავადება), ჰეპატიტი.
– ვისთვისაა განსაკუთრებით საშიში ჩუტყვავილა?
– ჩუტყვავილა განსაკუთრებით საშიშია წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, მოზრდილებისა და სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებისთვის. ამ უკანასკნელთათვის დაავადება შესაძლოა ლეტალურადაც კი დამთავრდეს. განსაკუთრებით საშიშია ჩუტყვავილა ორსულობისას. ორსულობის ადრეულ ვადაზე მან შესაძლოა ნაყოფის პათოლოგიები – ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები, კიდურების განვითარების დეფექტები, თვალების დაავადებები, სიბრმავე და სხვა – გამოიწვიოს, მოგვიანებით პერიოდში კი – თანდაყოლილი ჩუტყვავილა.
– რა შორეული შედეგები აქვს დაავადებას?
– ჩუტყვავილა სამუდამო იმუნიტეტს ტოვებს, ესე იგი მას, ვინც ერთხელ გადაიტანა დაავადება, მეორედ ის აღარ შეხვდება, თუმცა ვირუსის ისტორია ამით არ მთავრდება – იგი შესაძლოა ლატენტურ (“მთვლემარე”) მდგომარეობაში გადავიდეს და სამუდამოდ “დასახლდეს” ნერვულ ქსოვილში. იმუნიტეტის დაქვეითებისას (უმეტესად – ასაკოვან პირებში) ვირუსი აქტიურდება და იწვევს ჰერპეს ზოსტერს – სარტყლისებრ ლიქენს, რომელიც გამოიხატება გამონაყარით ნერვების გასწვრივ და ძლიერი ტკივილით.
ჰერპეს ზოსტერის აქტიური ფორმის მქონე პაციენტმა შესაძლოა გარშემო მყოფები ჩუტყვავილათი დაასნებოვნოს, თავად ჰერპეს ზოსტერს კი მრავალი გართულება მოჰყვეს: განმეორებითი ავადობა ჰერპეს ზოსტერით, კანის ბაქტერიული ინფექცია, სიბრმავე, სიყრუე, ენცეფალიტი, სეფსისი და სიკვდილიც კი.
მას, ვისაც ჩუტყვავილა არ გადაუტანია ან გაკეთებული აქვს ამ დაავადების საწინააღმდეგო აცრა, ჰერპეს ზოსტერი არ ემართება.
– რომელ ქვეყნებში ტარდება ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია და რამდენად ეფექტურია იგი?
– ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო რუტინული ვაქცინაციის დანერგვამ (19-35 თვის ბავშვების ვაქცინის ერთი დოზით აცრა) 90%-ით შეამცირა ჩუტყვავილათი ავადობა, 88%-ით – ჰოსპიტალიზაცია ჩუტყვავილას გამო, 59%-ით – ამბულატორიული ვიზიტები, 93%-ით – სიკვდილიანობა; რასაც მოჰყვა პირდაპირი (სამედიცინო ხარჯები) და არაპირდაპირი ხარჯების (დაავადების გამო გაცდენილი სამუშაო დღეები) შემცირება.
ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა 98%-ით ამცირებს ჩუტყვავილას განვითარების ალბათობას, ხოლო მისი მძიმე მიმდინარეობა ფაქტობრივად ნულამდე დაჰყავს.
უკვე თითქმის ორი ათეული წელია, ჩუტყვავილას საწინააღმდეგო რუტინული ვაქცინაცია წარმატებით ტარდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში: აშშ-ში, ავსტრალიაში, გერმანიაში, იაპონიაში, საბერძნეთში, ლუქსემბურგში, კატარში, საუდის არაბეთში, შვეიცარიაში, ისრაელში, ლატვიაში, ესპანეთში, ურუგვაიში, კანადაში…
– რა ვაქცინაა ხელმისაწვდომი საქართველოში და რა ასაკში კეთდება იგი?
– როგორც ითქვა, ჩუტყვავილას საწინააღმდეგო გეგმური ვაქცინაცია ჩვენთან ჯერჯერობით არ ტარდება, თუმცა საქართველოში იყიდება ბელგიური წარმოების ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც 1984 წელს შეიქმნა. 9 თვიდან 12 წლამდე რეკომენდებულია გაკეთდეს ვაქცინის ერთი დოზა, ხოლო 13 წლიდან და ზრდასრულ ასაკში – ორი 6-10- კვირიანი ინტერვალით. უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ვაქცინაცია ყველა ასაკში ორჯერადია, ვინაიდან ამ დროს ვაქცინის ეფექტი 98-100%-ს უდრის, ერთჯერადი ვაქცინაციისას კი 95%-ს არ აღემატება. სქემა ასეთია: 13 წლამდე: 1-ლი დოზა – 12-18 თვის ასაკში, მე-2 დოზა – 4-6 წლის ასაკში; 13 წლიდან: 2 დოზა 4-8-კვირიანი შუალედით).
რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, ვაქცინაცია ჩვენს კლინიკაშიც შეგიძლიათ ჩაიტაროთ.
– შეიძლება თუ არა ვაქცინის გაკეთება ჩუტყვავილათი დაავადებულ პირთან კონტაქტის შემდეგ?
– ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ეფექტიანია ჩუტყვავილას მქონე პირებთან კონტაქტის შემდეგ – თუ მას პირველი კონტაქტიდან 48-72 საათის განმავლობაში შევიყვანთ, ეფექტიანობა 70-100%-ს უდრის. ჩუტყვავილა გადამდებია გამონაყარის გაჩენამდე ორი დღით ადრე და უკანასკნელი ქერქის წარმოქმნიდან კიდევ 5 დღე.
– შესაძლოა თუ არა, ჩუტყვავილა აცრილ პირსაც შეხვდეს?
– აცრილ პირებში ავადმყოფთან კონტაქტის შემდეგ დაავადების ალბათობა ძალიან მცირეა (1-2%), მაგრამ მაინც არსებობს, რაც იმუნიტეტის თავისებურებებზეა დამოკიდებული, თუმცა განვითარების შემთხვევაში დაავადება მსუბუქად და გაურთულებლად ჩაივლის: ნორმალური ან უმნიშვნელოდ მომატებული ტემპერატურით, მცირე გამონაყარით, სწრაფი გამოჯანმრთელებით. ამასთან, აცრილ პირებს არ ემართებათ სარტყლისებრი ლიქენი – ჰერპეს ზოსტერი.
– ვინაიდან ვაქცინა ვირუსს შეიცავს (დასუსტებულს, მაგრამ მაინც ცოცხალს), შესაძლებელი ხომ არ არის, ადამიანი აცრის შედეგად დააავადდეს?
– აცრის შემდეგ ძალიან იშვიათად ვითარდება ჩუტყვავილას მსგავსი გამონაყარი, თუმცა სიმპტომატიკა მსუბუქია. არის გამონაყარის მხოლოდ რამდენიმე ელემენტი, რომლებიც გაურთულებლად გაივლის. ცუდი ის არის, რომ ამ შემთხვევაში აცრილი პირი გადამდებია გარშემო მყოფთათვის, ამიტომ უმჯობესია, აცრის შემდეგ სამი კვირის განმავლობაში თავი ვარიდოთ ის ორსულებსა და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებთან კონტაქტს, რომლებსაც ჩუტყვავილა არ გადაუტანიათ.
– შეიძლება თუ არა ორსულის ან მეძუძურის აცრა?
– ორსულთათვის ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება უკუნაჩვენებია. გარდა ამისა, არ არის მიზანშეწონილი ორსულობის დაგეგმვა აცრიდან სამი თვის განმავლობაში.
მეძუძურობის პერიოდში ვაქცინაცია ნებადართულია, თუმცა სასურველი არ არის აცრის შემდგომი ჩუტყვავილას განვითარების რისკისა და ჩვილის დაინფიცირების საშიშროების გამო.
– პირველ რიგში მაინც ვის უნდა ჩავუტაროთ ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა?
– როგორც მოგახსენეთ, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა შეტანილია ვაქცინაციის ეროვნულ კალენდარში, ე.ი. ამ ქვეყნებში ყველა ბავშვს ცრიან. რა თქმა უნდა, ვაქცინაცია უფასოა. საქართველოში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა ვაქცინაციის ეროვნულ კალენდარში ჯერჯერობით არ არის შეტანილი (თუმცა იგეგმება) და მისი ჩატარება, ბუნებრივია, ფინანსურ ხარჯათაა დაკავშირებული.
უნდა აიცრან ის პირები, რომელთაც არ გადაუტანიათ ჩუტყვავილა, უპირველესად – ბავშვები და მოზარდები სუსტი იმუნური სისტემით, ასევე – მათი ოჯახის წევრები, ეგზემის`ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვები (ეს კანის ალერგიული დაავადებაა, რომელსაც ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, ქრონიკული მორეციდივე მიმდინარეობა და მრავალფეროვანი გამონაყარი ახასიათებს), საბავშვო ბაღებისა და დაწყებითი კლასების პედაგოგები, სამედიცინო პერსონალი, ქალები შვილოსნობის ასაკში...
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩუტყვავილა არ არის უწყინარი დაავადება. როცა უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა არსებობს, მშობლებმა უნდა შეადარონ ვაქცინაციის სარგებელი და დაავადების, მათ შორის – გართულებებით მიმდინარე მძიმე ფორმის, პოტენციური რისკი. ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რომელ ბავშვს დაემართება ჩუტყვავილა სიცოცხლისთვის საშიში ფორმით; ფაქტია, რომ ყველაზე სერიოზული შემთხვევები ჯანმრთელ ბავშვებში აღინიშნება.
ასე რომ, დედების სურვილი, შვილმა ბავშვობაშივე გადაიტანოს ჩუტყვავილა, სულ მცირე, არარაციონალური და, შეიძლება ითქვას, საშიშიც კია. ჩუტყვავილაში არაფერია კარგი! გამართლებულია მხოლოდ ერთი სახის კონტაქტი ვირუსთან – ვაქცინის სახით.