რა იწვევს წამოქაფებას
გააზიარე:
ამქვეყნად სულ რამდენიმე წუთის წინ მოვლენილ პაწაწინას დედიკოს მუცელზე რომ დააწვენენ, ჯერ კიდევ თვალებაუხელელი, უშეცდომოდ პოულობს გზას ძუძუსკენ და პირველი ტრაპეზის პირველ წვეთებს გემოს უსინჯავს. თითქოსდა რა უნდა იყოს იმაზე ბუნებრივი, ვიდრე საკვების მიღებისა და ათვისების თანდაყოლილი რეფლექსია, მაგრამ რამდენჯერ გვინახავს ხურდასავით დაბრუნებული ახალმირთმეული ფია ბავშვის თეთრეულსა თუ საფენებზე, საწოლსა თუ დედიკოს ტანსაცმელზე… რატომ ხდება ასე, როგორ დავეხმაროთ პაწაწინა კუჭს, მიღებულ ულუფაზე უარი არ თქვას, როდის გვაქვს შეშფოთების საფუძველი?
გვესაუბრება “ავერსის” კლინიკის პედიატრი მირანდა ხიდეშელი.
– ღებინება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია. ჩვილებში უმეტესად მის ნაირსახეობას – წამოქაფებას ვხვდებით. ეს არის კუჭის შიგთავსის პასიური ამოსვლა საყლაპავში, შემდეგ კი ხახასა და პირის ღრუში. მას თან არ სდევს გულისრევა, სიფითრე, ზოგადი მდგომარეობის დარღვევა, ნერწყვის ჭარბი გამოყოფა. თუ სტატისტიკას მოვიშველიებთ, 4-5 თვემდე პატარების 67%-ს ერთხელ მაინც აქვს წამოქაფების ან ღებინების ეპიზოდი, წლამდე კი 87%-ს.
– მიზეზი რომელიმე დაავადებაა?
– არა, უმეტესად წამოქაფება მხოლოდ ფუნქციური დარღვევის გამოვლინებაა და კუჭ-ნაწლავის უმწიფრობით არის განპირობებული. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვილებს საყლაპავი შედარებით მოკლე აქვთ, მისი ქვედა სფინქტერი – კუჭისა და საყლაპავის საზღვარზე არსებული ბეჭდისებური კუნთი, რომელიც იკუმშება და საკვების უკან დაბრუნებას ხელს უშლის – ჯერ კიდევ არასრულფასოვნად მუშაობს. ბუნებრივია, ასაკის მატებასთან ერთად ეს პრობლემა თანდათან უკან იხევს. მე-7 თვისთვის წამოქაფებება საგრძნობლად იშვიათდება, იშვიათად კი 1,5-2 წლამდეც გრძელდება.
– თქვენ მიერ ნახსენები ანატომიური თავისებურება ხომ ყველა ჩვილს ახასიათებს; რატომ ემართება წამოქაფება მხოლოდ ზოგიერთ მათგანს?
– ჯერ ერთი, ანატომიური უმწიფრობა ყოველთვის თანაბარი ხარისხისა არ არის. ზოგიერთ ჩვილს, მათ შორის – დღენაკლულებს, ის უფრო ძლიერ აქვს გამოხატული. მეორე – ანატომიას ხშირად უნებლიეთ მშობლებიც ეხმარებიან. კუჭის შიგთავსის საყლაპავში, პირის ღრუსა და ცხვირში დაბრუნებას ხელს უწყობს:
* მოუწესრიგებული კვების რეჟიმი;
* ასაკობრივ ნორმაზე მეტი საკვების მიცემა;
* სწრაფი კვება – ამ დროს ბავშვი სიჩქარეში საკვებთან ერთად ჰაერსაც ყლაპავს (რასაც ექიმები აეროფაგიას ვუწოდებთ), ეს კი, გარდა იმისა, რომ ზრდის კუჭის შიგთავსის მოცულობას, აირების დაგროვებასაც უწყობს ხელს;
* არასწორად შერჩეული საკვები ნარევი, თუნდაც რძემჟავა ნარევებით მეტისმეტი გატაცება – (ასეთი კვება ზოგიერთ პატარას კუჭს უღიზიანებს და ღებინებას იწვევს;
* კვების არასწორი ტექნიკა – ბუნებრივი კვების დროს ბავშვის არასწორ პოზიციაში კვება, ხელოვნურის დროს კი ბოთლის არასწორად მიწოდება;
* სხეულის პოზიციის სწრაფი ცვლა;
* მოჭერილი ტანსაცმელი და საფენები, კვების დროს და მის შემდეგ მუცელზე ხელის დაჭერა ან ისეთ პოზიციაში დაკავება, რომელიც მუცლის ღრუსა და მის ორგანოებზე ზეწოლას ზრდის.
ანატომიური თავისებურებებისა და ჩამოთვლილი მიზეზების ერთობლიობა ქმნის პრობლემას, რომელსაც მედიცინის ენაზე გასტროეზოფაგური რეფლუქსი ჰქვია.
– ლათინური სახელწოდებები უბრალო ადამიანის ყურისთვის შემაშფოთებლად ჟღერს…
– ეს ტერმინი მხოლოდ და მხოლოდ კუჭის შიგთავსის საყლაპავში დაბრუნებას აღნიშნავს, რაც ფიზიოლოგიურ მოვლენად ითვლება. ასეა თუ ისე, თუ ბავშვს დღეში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ წამოაქაფებს, ან თუნდაც ყოველი კვების შემდეგ, მაგრამ მცირეოდენი მასით, ნორმალურად იმატებს წონას, კარგ გუნებაზეა და ასაკის შესაბამისად ვითარდება, საგანგაშო არაფერია.
– შესაძლებელია თუ არა რეფლუქსის შემცირება?
– საამისოდ დედამ თავიდანვე უნდა აითვისოს ბუნებრივი კვების სწორი ტექნიკა. სამშობიარო სახლებისა და პოლიკლინიკების სამედიცინო პერსონალს, განსაკუთრებით კი პედიატრებსა და მედდებს, ამაში უდიდესი როლი აკისრიათ. სამშობიაროშივე მოითხოვეთ, პედიატრი ან მისი ექთანი კვების დროს თქვენთან იყვნენ და შეამოწმონ, რამდენად სწორად აჭმევთ პატარას. თუ რძე თავიდან დიდი ნაკადით მოდის, სასურველია, გამოიწველოთ და რამდენიმე მილილიტრი ბავშვს კოვზით მისცეთ, შემდეგ კი ძუძუთი კვება განაგრძოთ. ხელოვნური კვებისას კი ბოთლი ნახევრად ვერტიკალურად დაიკავეთ. მიაქციეთ ყურადღება ნახვრეტის ზომას: თუ ის ფართოა, რძე ნაკადად წამოვა, რაც აეროფაგიის მიზეზად იქცევა. ზედმეტად წვრილი ნახვრეტით დაქანცულმა ბავშვმაც შეიძლება ჰაერის ყლაპვა დაიწყოს. ისიც იცოდეთ, რომ ხანგრძლივი გამოყენებისას საწოვარა რბილდება, ნახვრეტი უფართოვდება, ამიტომ გაცრეცილი და გაცვეთილი საწოვარა დროულად უნდა გამოცვალოთ.
არსებობს მსგავსი პრობლემების მქონე პატარებისთვის განკუთვნილი სპეციალური საწოვარები, რომლებიც რძით მთლიანად ივსება და ბავშვი ჰაერს ნაკლებად ყლაპავს. რაც შეეხება სპეციალურ ანტირეფლუქსურ ნარევებს, ისინი სამკურნალო საკვების კატეგორიას ეკუთვნის და აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს. მშობლები ხშირად შეცდომას უშვებენ – როცა ბავშვს აქვს წამოქაფება, აირების დაგროვება, თვითონვე ყიდულობენ ამ ნარევს და მთელ კვებას ცვლიან, ეს კი არამცთუ საჭირო არ არის, უბრალოდ არ შეიძლება. საერთოდ, ასეთი ნარევის ულუფა ერთ ჯერზე მისაღების 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ყველაზე მართებული ტაქტიკა კი ასეთია: თავდაპირველად – რამდენიმე კოვზი ანტირეფლუქსური ნარევის მიცემა, შემდეგ კი კვების იმ ძირითადი საკვებით გაგრძელება, რომელსაც ბავშვი იღებს, დედის რძე იქნება ეს თუ რომელიმე ადაპტირებული ნარევი.
კვების შემდეგ სასურველია ბავშვი მანამდე არ დავაწვინოთ, ვიდრე არ ამოაბოყინებს, ანუ კუჭს ჩაყლაპული ჰაერისგან არ დაცლის, რეფლუქსიანი ბავშვები კი უფრო მეტხანს – 40-45 წუთი უნდა გვეჭიროს ვერტიკალურად ან მხარზე გადაფენილი პირსახოცის პოზიციაში (თუ ეს დედისთვისაც და შვილისთვისაც მოხერხებულია).
რეფლუქსს მეტ-ნაკლებად ამცირებს სასთუმლის 300-ით ამაღლება. საერთოდ, ასეთი ბავშვებისთვის საუკეთესო ვარიანტია გვერდზე ან მუცელზე დაწვენა, ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში იმატებს უეცარი სიკვდილის რისკი, ამიტომ პატარას მარტო დატოვება არ შეიძლება, ვინმე აუცილებლად უნდა ადევნებდეს თვალს.
– ღებინება და წამოქაფება ყოველთვის ასეთი უვნებელია?
– რა თქმა უნდა, არა. წამოქაფება და ღებინება როგორც სიმპტომი შესაძლოა თან ახლდეს ამა თუ იმ ენდოკრინულ, ნევროლოგიურ თუ ინფექციურ პათოლოგიას. ასეთ დროს, ჩვეულებრივ, სხვა სიმპტომებიც იჩენს თავს. მაგალითად, შეუპოვარი ღებინება თან სდევს განვითარების ერთ-ერთ ანომალიას – პილოროსტენოზს, ანუ კუჭის გასავლის შევიწროებას. ეს დაავადება იმდენად მძიმედ მიმდინარეობს, რომ ბავშვი სტაციონარშიც კი ხვდება, სადაც ხდება პათოლოგიის საბოლოო დიაგნოსტირება. და, რა უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, სიმპტომები დაბადებისთანავე კი არა, მხოლოდ 2-4 კვირის შემდეგ იჩენს თავს.
ნებისმიერ ზემოთ აღწერილ შემთხვევაში დიაგნოზის დროული დასმა და მკურნალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ მშობლებსაც და პედიატრსაც განსაკუთრებულ ყურადღება მართებთ.
– რა ნიშნები გვაფიქრებინებს, რომ წამოქაფებისა და ღებინების მიღმა რომელიმე სერიოზული პათოლოგია იმალება?
– ფიზიოლოგიური რეფლუქსი, როგორც უკვე გითხარით, ბავშვის ნორმალურ ნერვულ-ფსიქიკურ განვითარებას ხელს არ უშლის. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვი:
- წონას ვერ იმატებს ან ცუდად იმატებს;
- უგუნებოდაა, ჭამაზე უარს ამბობს ან საფენები უჩვეულოდ მშრალია;
- ღებინება შადრევნისებურია (კუჭის შიგთავსი წნევით ამოდის);
- ამონაღები მასა უხვია (მით უმეტეს – აღემატება ერთ ჯერზე მიღებული საკვების ოდენობას);
- ამონაღები მასა მომწვანო ან მოყავისფროა ან სისხლს შეიცავს;
- შეამჩნეთ სხვა სიმპტომიც, მაგალითად, სიცხე, ფაღარათი, სუნთქვის გახშირება ან გაძნელება.