მოწევის კიდევ ერთი მძიმე შედეგი

გააზიარე:

არცთუ დიდი ხნის წინ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდით, კედლის კალენდრები ყოველდღიურად გვამცნობდნენ მბეჭდავთა თუ წყალწაღებულთა გადარჩენის დღეებს, ამიტომაც ათასგვარი ოფიციალური თუ მსოფლიო დღის გაგონებისას გვეჩვენება, რომ უკან, წარსულში დავბრუნდით. ნოემბრის მესამე ხუთშაბათი კი ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) მსოფლიო დღედ თვით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა. ვერ გეტყვით, რაზე ფიქრობდნენ საბჭოთა ფუნქციონერები ზემოხსენებული დღეების დაწესებისას, გარეგნულად მათ კვალზე შემდგარ ჯანმოს კი კონკრეტული მიზანი ამოძრავებს: გაგვაგებინოს, დაგვაფიქროს, გაგვახსენოს მორიგი სამედიცინო პრობლემა, ჩვენივე უგუნურობისა და უმოქმედობის გამო უამრავ ადამიანს რომ იწირავს. ფქოდ სიკვდილიანობის მეოთხე ყველაზე გავრცელებული მიზეზია და თუ არაფერი ვიღონეთ, 2030 წლისთვის მაჩვენებლის მესამედით გაზრდას ვარაუდობენ.

რისი (ვისი) ბრალია
პასუხი ზუსტად ისეთივეა, კუკარაჩამ რომ გასცა სასოწარკვეთილი ქალბატონი ანიკოს შეკითხვას, ვინ დამღუპაო. შეგახსენებთ, უბნის ინსპექტორმა ყმაწვილს სიგარეტის მოწევისას წაასწრო და დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან თამბაქოს მავნებლობის შესახებ სტატიის წაკითხვის შემდეგ მოზარდის პრობლემებში ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე მწეველი დედა დაადანაშაულა. ფქოდ-ის შემთხვევაშიც მიზეზი ყველაზე ხშირად თამბაქოს კვამლი და თქვენ თვითონ ბრძანდებით. თქვენ თუ არა, თქვენი მშობელი, მეუღლე თუ კოლეგა, სხვა არჩევანს რომ არ გიტოვებთ და გაიძულებთ, ყოველ ჩასუნქვას თან საწამლავიც მიაყოლოთ. მეტსაც გეტყვით: თუ ეწევით (აქტიურად თუ პასიურად), ამ დაავადების ჩამოყალიბება მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია. დღეში საშუალოდ 20 ღერის მოწევა 20 წლის განმავლობაში ფილტვების ფუნქციის შეუქცევად გაუარესებას და პათოლოგიის კლინიკური სურათის ჩამოყალიბებას იწვევს.
გარდა სიგარეტისა, განვითარებად ქვეყნებში მიზეზად შესაძლოა მყარი საწვავის გასათბობად ან საკვების მოსამზადებლად გამოყენებაც იქცეს. შემდეგ მოდის მტვრიანი ან ქიმიკატებთან დაკავშირებული სამუშაო გარემო, ბავშვობაში ფილტვების ანთების ხშირი ეპიზოდები, ძალიან იშვიათად – გენეტიკური პათოლოგიებიც, მაგალითად, ნახველის გამათხიერებელი ფერმენტის დეფიციტი.

დასადგენად და შესაფასებლად
თავიდანვე აღვნიშნოთ: სადღეისოდ მედიცინას არავითარი საშუალება არ გააჩნია, გამოასწოროს ფილტვებისთვის უკვე მიყენებული ზიანი (თუ, რა თქმა უნდა, ფილტვის გადანერგვის ოპერაციას არ ჩავთვლით) და დაავადება საბოლოოდ განკურნოს. სამაგიეროდ, შეუძლია შეაფერხოს მისი პროგრესირება, შეამსუბუქოს სიმპტომები და, საერთოდ, მისცეს ავადმყოფს საშუალება, მეტხანს და სისხლსავსე ცხოვრებით იცხოვროს. გააჩნია, რამდენად ადრე მოხერხდება დიაგნოზის დადგენა და შესაბამისი ჩარევა. თუ საქმე ქოშინამდე და თითებისა და ტუჩების გალურჯებამდე მივიდა, ექიმები ბევრს ვერაფერს გააკეთებენ, საწყის სტადიებში კი მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრების წესის შეცვლითაც კი შეიძლება, ზიანი იმდენად შევამციროთ, რომ ცხოვრებაში ხელი საერთოდ არ შეგვიშალოს. ამიტომაც არის აუცილებელი პირველივე სიმპტომების გაჩენისას ან რისკფაქტორების არსებობისას (მაგალითად, თუ 40 წელს გადააბიჯეთ და ეწევით) ექიმს მიმართოთ. ფილტვების ფუნქციის დასადგენად იქ საკმაოდ მარტივ და ინფორმაციულ ტესტს – სპირომეტრიას ჩაგიტარებენ. ამ დროს მოგიწევთ, რაც შეიძლება ღრმად ჩაისუნთქოთ და ღრმად და სწრაფად ამოისუნთქოთ სპეციალურ მილში. ჯანმრთელი ადამიანი ჰაერის 80%-ს პირველსავე წამს ამოისუნთქავს, ფილტვის ქსოვილის დაზიანებისას კი ეს მაჩვენებელი საგრძნობლად მცირდება. ეს ტესტი სუნთქვის პროცესთან დაკავშირებული პრობლემების არსებობას ბევრად უფრო ადრე აფიქსირებს, ვიდრე პაციენტს რამე შეაწუხებდეს. გარდა ამისა, ეს გამოკვლევა დაავადების პროგრესირებასა და მკურნალობის ეფექტურობის შეფასების საშუალებასაც გვაძლევს.

უბრალოდ ფაქტები
- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიაა, რომელიც ნორმალურ სუნთქვას უშლის ხელს. ეს უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ “მწეველის ხველა”.
- მსოფლიოში, სავარაუდოდ, 210 მილიონ ადამიანს აქვს ფქოდ. ნახევარმა ამის შესახებ არაფერი იცის.
- ამ დაავადებით ყოველწლიურად 3 მილიონ ადამიანზე მეტი იღუპება.
- სიკვდილიანობის თითქმის 90% დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის.
- ევროკავშირში ფქოდ-ის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ყოველწლიურად 38.6 მილიარდი ევრო იხარჯება.
- ძირითადი მიზეზი თამბაქოს კვამლია.
- სადღეისოდ, მწეველი ქალების რაოდენობის მატების გამო, დაავადება ქალებსა და მამაკაცებში თანაბრად არის გავრცელებული.
- ფქოდ-ისგან განკურნება შეუძლებელია, სამაგიეროდ, მკურნალობას დაავადების პროგრესირების შენელება შეუძლია.

შეიძლება ფქოდ გქონდეთ თუ:
- გქონიათ მის რისკ-ფაქტორებთან შეხება:
• ეწევით ან ეწეოდით;
• საქმიანობასთან დაკავშირებით გიხდებათ მტვრის ან ქიმიკატების ჩასუნთქვა;
• გასათბობად ან საკვების დასამზადებლად შეშას ან ქვანახშირს იყენებთ.
- ხართ 40 წელზე მეტის და გაწუხებთ სიმპტომები:
• მუდმივი ხველა;
• ხველის შემდეგ ნახველის გამოყოფა;
• ქოშინი თქვენი ხნისებთან შედარებით უფრო ადრე და ნაკლები დატვირთვისას გეწყებათ.

გააზიარე: