როგორ დავამარცხოთ არითმია

გააზიარე:

გულმა ჩიტივით ფრთხიალიც იცის და ყელში მობჯენაც. საბედნიეროდ, საგულესაც თვითონვე აგნებს. თუმცა რიტმის ყოველი დარღვევა ასე უკვალოდ როდი ჩაივლის. რომელი ქრონომეტრი აიძულებს გულს, დაბადებიდან სიკვდილამდე შეინარჩუნოს რიტმი, რა არღვევს ამ ჰარმონიას და რა საშუალებით ახერხებს თანამედროვე მედიცინა მის ძველ კალაპოტში დაბრუნებას? ამ კითხვებზე “ავერსის კლინიკის” კარდიოლოგი რუსუდან გვენეტაძე გვიპასუხებს:
– გულის რიტმის დარღვევა იმდენად რთული და მრავლისმომცველი საკითხია, რომ ცალკე დარგად – არიტმოლოგიად არის გამოყოფილი. მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ საქართველოში ამ დარგის მრავალი სანდო, მაღალი კვალიფიკაციის ექიმი მოღვაწეობს.
რიტმის წამყვანის ფუნქცია მარჯვენა პარკუჭში მდებარე სინუსის კვანძს აკისრია. მისი უჯრედები განსაზღვრული პერიოდულობით ელექტრულ იმპულსს წარმოქმნიან, რომელიც ჯერ წინაგულებს შეკუმშავს, შემდეგ კი წინაგულ-პარკუჭოვანი კვანძისა და პარკუჭთაშუა ძგიდეში არსებული გზის გავლით შეკუმშვის ბრძანებას პარკუჭებს მიუტანს. ბუნებრივია, იმპულსების აღმოცენების სიჩქარე ყოველთვის ერთნაირი არ არის. ახალშობილის გული, მაგალითად, წუთში 130-160-ჯერ ძგერს, მოზრდილისა კი 60-90-ჯერ.
ამ მონაცემებიდან ნებისმიერი გადახრა პათოლოგიად არ ითვლება. გულის რიტმის ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს ძლიერმა ფიზიკურმა დატვირთვამ, საკვებმა თუ სასმელმა, ძლიერმა ემოციებმა. ბავშვებსა და ახალგაზრდებს გულისცემა ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვასთან ერთად ეცვლებათ და ესეც ფიზიოლოგიურად ითვლება.
არითმია ზოგჯერ სავსებით კეთილთვისებიანია და მკურნალობა არ სჭირდება, ზოგჯერ კი ძალზე საშიშ ფორმას იღებს; ზოგჯერ წლობით მიმდინარეობს, ზოგჯერ კი მხოლოდ ერთხელ ვითარდება და საბედისწეროდ იქცევა. ეს ყოველივე არითმიის ფორმასა და მის გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული.
არითმიებს, უწინარეს ყოვლისა, ტაქიკარდიებად და ბრადიკარდიებად ყოფენ. პირველ შემთხვევაში გული ნორმაზე უფრო სწრაფად სცემს, მეორე შემთხვევაში კი ნელა. უშუალო მიზეზად შეიძლება იქცეს ელექტრული იმპულსის წარმოქმნის ან გატარების დარღვევა, ანდა მისი სხვა უბნებში წარმოქმნა. ყოველივე ამის გათვალისწინებით არითმიის მრავალ სახეობას განასხვავებენ. ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ფორმაა თრთოლა და ფიბრილაცია (ციმციმი). ამ დროს გულის კუნთის ცალკეული უჯრედები უწესრიგოდ, ქაოსურად იკუმშება. წინაგულების ციმციმის დროს წნევის შენარჩუნება შესაძლოა მოხერხდეს, მაგრამ უწესრიგოდ მოძრავი სისხლი შედედებას იწყებს, თრომბები კი სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს. პარკუჭების ფიბრილაცია, თუ სამედიცინო ჩარევა დაუყოვნებლივ არ მოხდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელია. გულის გაჩერებისა და უეცარი კარდიული სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ არითმიის ეს სახეობა გახლავთ.
არითმიის მიზეზის დადგენა ყოველთვის არ არის ადვილი. ძალიან ხშირად გულის ნორმალური ელექტრული აქტივობის ცვლილებას გულის სხვა დაავადება იწვევს. მაგალითად, ხშირად არითმია გულის იშემიური დაავადების – გვირგვინოვანი არტერიების დახშობის გამო გულის კვების მოშლის – ერთ-ერთი გამოვლინება და სიკვდილის უშუალო მიზეზია. არითმიის რისკს ასევე ზრდის მომატებული არტერიული წნევა, გულის სარქვლოვანი აპარატის დაზიანება, გულის კუნთში ნაწიბურების არსებობა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის ან ქირიურგიული ჩარევის გამო. გარდა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიისა, გულის რიტმის დარღვევა შესაძლოა გამოიწვიოს ან ხელი შეუწყოს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებმა, შაქრიანმა დიაბეტმა, ზოგიერთმა მედიკამენტმა (თუნდაც გაციების, სურდოს, ხველის საწინააღმდეგო ზოგიერთმა პრეპარატმა), კოფეინმა, ნიკოტინმა, ნარკოტიკებმა, ალკოჰოლმა…
ზოგჯერ ამ მიზეზთაგან ყველა გამოირიცხება. ამ შემთხვევაში გულის რიტმის იდიოპათიურ მოშლაზე ვსაუბრობთ.
გულის არიტმული შეკუმშვები შესაძლებელია პულსის გასინჯვით ან გულისცემის მოსმენით დავადგინოთ, უფრო ზუსტად კი გულის ელექტრულ აქტივობას ელექტროკარდიოგრამა გვიჩვენებს. ზოგჯერ ამ გამოკვლევას დოზირებული ფიზიკური დატვირთვის ფონზე (ველოტრენაჟორზე ან სარბენ ბილიკზე) ვატარებთ. ეს ტესტი არითმიის დიაგნოსტიკის ძირითად და ყველაზე გავრცელებულ მეთოდად ითვლება, თუმცა ერთჯერადი გადაღებისას შესაძლოა მძიმე დარღვევაც კი გამოგვეპაროს. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად ჰოლტერის მონიტორინგს ვიყენებთ. ეს მონიტორი პორტატიული მოწყობილობაა, რომელიც ავადმყოფის  ელექტროკარდიოგრამას 24 საათის განმავლობაში აფიქსირებს. ამ შემთხვევაში დიაგნოსტიკა უფრო ზუსტია, გვაძლევს წარმოდგენას, რასთან არის დაკავშირებული არითმია და საშუალებას, შევაფასოთ მკურნალობის ეფექტი.
არითმიის მკურნალობის მეთოდებზე საუბარს დავიწყებ იმით, როგორ არ უნდა ვუკურნალოთ არითმიას. მკურნალობის დაწყება საჭიროა, როდესაც არითმია იწვევს სისხლის მიმოქცევის მოშლას, ურღვევს ავადმყოფს ცხოვრების ნორმალურ რიტმს ან სიცოცხლისთვის პოტენციურად სახიფათოა. ხშირად არითმიასთან გასამკლავებლად ფსიქოთერაპია და დამამშვიდებელი საშუალებებიც (მაგალითად კორსიზი) საკმარისია.
ბევრი გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს მეტაბოლურ თერაპიას (ატფ, კოკარბოქსილაზა, რიბოქსინი). ცნობილ კარდიოლოგს თუ დავესესხებით, ისინი საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ კორდებალეტის ფუნქციას თუ შეასრულებენ ანტიარითმიული პრეპარატის სოლოს ფონზე.
სადღეისოდ ანტიარითმიული პრეპარატების რამდენიმე ჯგუფი არსებობს, ამიტომ მედიკამენტი ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. ყურადღება უნდა მივაქციოთ დოზას, კომბინაციას, ხანგრძლივობას. ზოგ შემთხვევაში პრეპარატი მხოლოდ სტრესის, მენსტრუაციის, ღამისთევის წინ უნდა დაინიშნოს. აქვე გეტყვით, რომ მედიკამენტები არითმიის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი საშუალება არ არის...
ერთ-ერთი საშუალება რიტმის წამყვანის ანუ პეისმეკერის ჩანერგვაა, რომელიც, გულს შეკუმშვების სწორი რიტმი უწესებს. ეს აპარატი ლავიწქვეშ მაგრდება, ელექტროდები კი ვენის გავლით მარჯვენა წინაგულსა და პარკუჭში შეჰყავთ. ეს აპარატი პირველად 1958 წელს ჩანერგეს და აქედან მოყოლებული, განუწყვეტლივ იხვეწება. წინათ თუ ამ მოწყობილობას მხოლოდ სინუსური კვანძის სისუსტისა და წინაგულოვან-პარკუჭოვანი ბლოკადის დროს იყენებდნენ (როცა პულსი სულ 30-40-ს აღწევდა), სადღეისოდ მისი დანიშნულების არეალი საგრძნობლად გაფართოვდა. განვითარებულ ქვეყნებში პეისმეკერის მქონეთა რიცხვი ყოველწლიურად 40 000-ით იზრდება. 
საყოფაცხოვრებო ტექნიკის უმრავლესობა (როგორც სტაციონარული, ისე მობილური ტელეფონი, დისტანციური პულტები და გადამცემები, ტელევიზორი, რადიო, კომპიუტერი, მიქსერი, ბლენდერი...) სრულიად უსაფრთხოა სტიმულატორის მქონე ავაადმყოფისთვის. პრობლემას არც სტომატოლოგის ბორმანქანა ექოსკოპიის თუ რენტგენის აპარატი გვიქადის. ფენმა, რაციამ, ძლიერმა სტერეოსისტემამ კი შესაძლოა სტიმულატორის მუშაობაში ხარვეზები გააჩინოს. ნორმალურ ფუნქციონირებას ასევე ხელს უშლის ელექტროხერხი, ელექტროშედუღების აპარატი, დანადგარები, რომლებიც მძლავრ ელექტრულ ველს ქმნიან – ტელერადიოანძა, მაღალი ძაბვის სადენები და გენერატორები, ასევე ზოგიერთი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ლითოტრიპსია (ქვების დისტანციურად დაშლა), დიათერმია (წყლულის მოწვა), გარეგანი გეგმური დეფიბრილაცია, ელექტროფიზიოპროცედურების დიდი ნაწილი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთმა პაციენტებმა მაღალი ძაბვის კაბელების რუკა მოითხოვონ და ელექტროშემდუღებლებისა შავი კატასავით ეშინოდეთ. ასეთ გარემოში მოხვედრილი თუ თავბრუხვევას, გულის ფრიალს იგრძნობს, უბრალოდ სწრაფად უნდა გაერიდოს იმ ადგილს, სტიმულატორი კი მუშაობის რეჟიმს თავად აღიდგენს.
ელექტროდეფიბრილატორი ძალიან ეფექტური ხელსაწყოა. ფაქტობრივად, ეს ჩვენი ძირითადი იარაღია პარკუჭთა ფიბრილაციის მოსახსნელად, ოღონდ გულის გაჩერების შემდეგ ყოველი წუთი სინუსური რიტმის აღდგენის ალბათობას 10%-ით ამცირებს. ასე რომ, რაც უფრო ადრე მოხერხდება დეფიბრილაცია, მით უკეთესი. ხელოვნური სუნთქვა და გულის არაპირდაპირი მასაჟი კი დენით შეიარაღებული ექიმების მოსვლამდე დროს ახანგრძლივებს. არითმიის ზოგიერთი სახეობისას, როდესაც კონტროლს მედიკამენტებით ვერ ვახერხებთ, გულის ნორმალურ რიტმში დასაბრუნებლად ელექტრულ იმპულსს ვიყენებთ. ეს მსუბუქი ნარკოზის თანხლებით კეთდება. გარდა ამისა, უკვე არსებობს იმპლანტირებადი კარდიოვერტერდეფიბრილატორი. მათ, ვინც პარკუჭთა ფიბრილაციის რისკის მაღალ ჯგუფს მიეკუთვნება, ამ აპარატს უნერგავენ, ზუსტად ისევე, როგორც რიტმის წამყვანებს. ხელსაწყო განუწყვეტლივ აკვირდება გულის მუშაობას და როგორც კი სახიფათო ნიშნებს აღნუსხავს, ელექტროდარტყმით ნორმის ფარგლებში აბრუნებს.
თუ ეს მეთოდები არაეფექტური აღმოჩნდა საქმეში კარდიოქირურგები ერთვებიან.
როგორც ხედავთ, თანამედროვე მედიცინას არითმიის სამკურნალო მძლავრი არსენალი მოეპოვება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ძვირად ღირებულ მკურნალობაზე გაცილებით ადვილი პროფილაქტიკაა. ეს კი არც ისე ძნელია: იკვებეთ ჯანსაღად, ფიზიკურად იაქტიურეთ, ნუ მოსწევთ, ალკოჰოლი ზომიერად მიიღეთ, საეჭვო შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

გააზიარე: