როგორ შევარჩიოთ საბავშვო ეტლი

გააზიარე:

საბავშვო ეტლი ბავშვის პირველი ტრანსპორტია, ამიტომ მის შესარჩევად ძალ-ღონეს ნუ დაიშურებთ. სანამ თქვენი პატარა დიდ მანძილზე დამოუკიდებლად გადაადგილებას შეძლებს, ეტლი თქვენთვისაც ძალზე მნიშვნელოვანი ნივთი იქნება.
ისევე, როგორც ბავშვისთვის განკუთვნილი სხვა ნივთებისა, საბავშვო ეტლების ბაზარიც მრავალფეროვანია. გთავაზობთ რჩევებს, რათა არჩევანი გაგიადვილოთ.

ზომა
ეტლი დამხმარე საშუალებაა ბავშვის შორ მანძილზე სატარებლად. უპირველეს ყოვლისა, განსაზღვრეთ მანძილი სახლიდან იმ ადგილამდე, სადაც ბავშვის ეტლით ტარებას აპირებთ. შეამოწმეთ, შეესაბამება თუ არა ეტლის გაბარიტებს თქვენი ლიფტისა და მანქანის საბარგულის ზომები.

კონსტრუქცია
სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის სხვადასხვა კონსტრუქციის ეტლს ამზადებენ. განსაზღვრეთ, რამდენ ხანს აპირებთ მის გამოყენებას და ამის შესაბამისად გააკეთეთ არჩევანი. 6 თვემდე, სანამ ბავშვი დამოუკიდებლად ჯდომას შეძლებს, მხოლოდ დასაწოლი პოზიციის გამოყენებაა შესაძლებელი, ხოლო 6 თვიდან დასაჯდომ პოზიციაზე გადახვალთ. საუკეთესო ვარიანტია ეტლი-ტრანსფორმერი, რომელსაც საჭიროებისამებრ შეუცვლით პოზიციას. ასე თავიდან აიცილებთ მეორე ეტლის შეძენის აუცილებლობას.

უსაფრთხოება
მომდევნო, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, ეტლის უსაფრთხოებაა. შეამოწმეთ, მყარად არის თუ არა დაფიქსირებული მისი ყოველი დეტალი, ხომ არ არსებობს ეტლის უეცრად დაკეცვის საშიშროება. ეტლის მუხრუჭები ადვილი გამოსაყენებელი უნდა იყოს და კარგად იჭერდეს ბორბლებს.
ღვედების ყველაზე უსაფრთხო სისტემა ხუთღვედიანია: ორი მათგანი წელს აფიქსირებს, ორი — ბეჭებს, ერთი კი ფეხებს შორის გაივლის. ღვედის ჩამკეტები მყარად უნდა იკვრებოდეს და ბავშვს არ უნდა შეეძლოს მათი გახსნა.
ეტლის რკინის დეტალები გლუვი უნდა იყოს და არ უნდა არსებობდეს მათი შეერთების ადგილებში ბავშვის ხელის ან ფეხის მოყოლის საშიშროება. ფეხების დასაწყობი ადგილი იმდენად ვიწრო უნდა იყოს, რომ ბავშვმა ეტლიდან ჩამოცურება ვერ მოახერხოს.

სახელურები და მანევრირება
შეამოწმეთ, რამდენად კომფორტულია თქვენთვის ეტლის სახელურის სიმაღლე და ფორმა. არსებობს ეტლები როგორც განცალკევებული, ისე ერთიანი სახელურებით. სახელური მყარად უნდა ფიქსირდებოდეს, საუკეთესო შემთხვევაში — ორ პოზიციაზე. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, ეტლს მოექცეთ როგორც წინა, ისე უკანა მხრიდან.
ეტლის მარტივი მანევრირება ძალზე მნიშვნელოვანია, რათა გაუთვალისწინებელ შემთხვევებში მისი დამორჩილება ადვილად მოახერხოთ, ამიტომ შეძენამდე შეამოწმეთ ბორბლების სიმყარე და მოძრაობის სიმარტივე.
მანევრირება ეტლის სიმსუბუქეზეცაა დამოკიდებული. შეამოწმეთ, შესაძლებელია თუ არა მსუბუქი ზეწოლით მისი მართვა.

ჰიგიენა
სასურველია, ეტლი ანტიალერგული ქსოვილისგან იყოს დამზადებული, რომელიც არ გააღიზიანებს ბავშვის კანს. ის ადვილად უნდა იწმინდებოდეს და სწრაფად შრებოდეს.

აქსესუარები და სათავსები
სასურველია, ეტლს ერთი სათავსი მაინც ჰქონდეს. ის ძალიან გაგიმარტივებთ საქმეს: მასში ჩააწყობთ ბავშვის თან წასაღებ ნივთებს ან თქვენს ჩანთას.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ეტლის გადასაფარებელი. ის წვიმის, ქარისა და მზისგან იცავს ბავშვს. გადასაფარებელი ზოგ ეტლს ეხსნება, ზოგს კი არა. გირჩევთ, ისეთი ეტლი შეიძინოთ, რომელსაც ჩამაგრებული გადასაფარებელი აქვს, რათა ამინდის გაუთვალისწინებელი ცვლილებებისთვის ყოველთვის მზად იყოთ.
გადასაფარებელი მაქსიმალურად უნდა იცავდეს ბავშვს, მაგრამ ამავე დროს საკმარის სივრცეს ტოვებდეს ეტლის შიგნით.
ეტლის კიდევ ერთი ძალზე მოხერხებული ატრიბუტია ბოთლის სათავსი. მასში ბოთლი მყარად დგას და სითხის დაღვრის საშიშროება თითქმის არ არსებობს.

როგორც აღვნიშნეთ, საბავშვო ეტლების არჩევანი საკმაოდ ფართოა. საქმის კიდევ უფრო გასაადვილებლად განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული სახეობები.

უნივერსალური ეტლი
უნივერსალურ ეტლს დიდი ბორბლები აქვს, რაც მანევრირებას აადვილებს. ძარაზე მაგრდება სარწეველა კალათი, რომელსაც ახალშობილისა და 6 თვემდე ასაკის ბავშვისთვის გამოიყენებთ, 6 თვის შემდეგ კი მისი მჯდომარე პოზიციაში გამოყენებაც შესაძლებელია. მოჰყვება მანქანაში ჩასადგმელი სავარძელიც.
ამ ტიპის ეტლის ნაკლი დიდი წონა და გაბარიტებია. თუ ყოველდღიურად მაღალი სართულიდან გიწევთ მისი ეზოში ჩატანა, ის თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი ნამდვილად არ არის.

ეტლი-ტრანსფორმერი
ასეთ ეტლს ორი პოზიცია აქვს: წოლითი და ჯდომითი, რაც ძალზე მოხერხებულია. წოლით პოზიციას არა მხოლოდ 6 თვემდე, არამედ 6 თვის შემდეგაც გამოიყენებთ, თუ ბავშვს გზაში ჩაეძინა — ეტლს გადააწვენთ და ბავშვი კომფორტულად იძინებს.
ეტლის ნაკლი მისი დიდი წონა და წინა ბორბლებია, რომლებიც საკუთარი ღერძის გარშემო არ ბრუნავს და ეტლს ძნელად მანევრირებადს ხდის.

სპორტული ეტლი
სპორტულ ეტლს აქვს სპორტული დიზაინი, სამი ბორბალი და საკმაოდ მსუბუქია. სიძვირეს თუ არ ჩავთვლით, ამ ტიპის ეტლი საუკეთესოა. სამი ბორბალი ადვილი მანევრირების საშუალებას იძლევა. ამასთან, ეტლი მარტივად იკეცება და ავტომობილის საბარგულით ადვილი სატარებელია.
ეტლს აქვს როგორც წოლითი, ისე ჯდომითი პოზიციაც, ასე რომ, მას დიდხანს გამოიყენებთ.

მსუბუქი სასეირნო ეტლი
ამ ტიპის ეტლი ყველაზე მსუბუქი და პატარაა. მისი გამოყენება 6 თვიდანაა შესაძლებელი. მცირე ზომის წყალობით ადვილი სამართავია. აქვს ჩასაჯდომი და მზისა და წვიმისგან დამცავი მომცრო გადასაფარებელი.
სასეირნო ეტლი ორი ტიპისაა: ერთს მხოლოდ ჯდომითი პოზიცია აქვს, მეორისა გადაწვენაც შეიძლება. ორივე მოდელი ქოლგასავით იკეცება, რაც მათ კიდევ უფრო მოხერხებულს ხდის. რასაკვირველია, ორი პოზიციის მქონე ვარიანტი ჯობია — ბავშვს გზაში შესაძლოა ჩაეძინოს, მჯდომარე პოზიციაში ძილი კი, დამეთანხმებით, მოუხერხებელია.
სასეირნო ეტლის ნაკლი ის არის, რომ ის საკმაოდ სუსტია. თუ მისი დაკეცვა და გაშლა ხშირად გიწევთ, სავარაუდოდ, მალე გამოუსადეგარი გახდება, რადგან მისი მსუბუქი და მარტივი კონსტრუქცია დიდ დატვირთვას ვერ უძლებს.

ორ- ან მეტადგილიანი ეტლი
ამ ტიპის ეტლიც სხვადასხვანაირია. შედარებით მოძველებულია ორადგილიანი მოდელები, რომლებშიც ერთი ბავშვი მეორის უკან ზის. ასეთი მოდელები ერთადგილიან ეტლზე განიერი არ არის, ამიტომ ქუჩაში იოლი სატარებელია, მაგრამ არაკომფორტულია უკან მჯდომი ბავშვისთვის.
მეორე ვარიანტია მოდელები, რომლებშიც სავარძლები გვერდიგვერდ არის მოთავსებული. ასეთი ეტლი შეიძლება იყოს ორზე მეტადგილიანიც. ასეთი ეტლით ქუჩაში მოძრაობა, მართალია, ადვილი არ არის, მაგრამ მასში ყველა ბავშვი კომფორტულად გრძნობს თავს.
არსებობს ერთადგილიანი ეტლებიც, რომლებზეც საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სავარძელი მაგრდება. ასე რომ, ფეხით მიმავალი უფროსი ბავშვი, ეტლში კომფორტულად მჯდომი უმცროსის შემხედვარე, თავს დაჩაგრულად აღარ იგრძნობს.

გაითვალისწინეთ:
1. ეტლი გახსენით და დაკეცეთ ბავშვისგან მოშორებით, რათა მისმა რომელიმე ნაწილმა პატარა უნებლიეთ არ დააშავოს.
2. ყოველთვის შეამოწმეთ, ბოლომდე გაიშალა თუ არა დაკეცილი ეტლი, რათა სიარულის დროს არ ჩაგეკეცოთ და ბავშვი არ დაშავდეს.
3. ყოველთვის შეამოწმეთ მუხრუჭები, არ აქვს მნიშვნელობა, გზის პირას გააჩერებთ ეტლს თუ სკვერში — თუ დაგორდა, ბავშვი ნებისმიერ შემთხვევაში დაშავდება.
4. ნურასოდეს ჩადებთ ბოთლის სათავსში ცხელი სითხით სავსე ბოთლს. რაც უნდა კარგად ეხუროს თავსახური და რაც უნდა მყარად იჯდეს ჯიბეში, ყოველთვის არსებობს ალბათობა, მკვეთრი დამუხრუჭებისას ან სხვა გაუთვალისწინებელი მოძრაობისას ცხელმა სითხემ ბავშვს ზიანი მიაყენოს.
5. ნუ აიტანთ კიბეზე ბავშვიან ეტლს, გამოიყენეთ ლიფტი. თუ სხვა გზა არ არის, ჯერ ბავშვი აიყვანეთ და ეტლი მერეღა აიტანეთ. აშშ-ს სამომხმარებლო ნაწარმის უსაფრთხოების კომისიის (U.შ. ჩონსუმერ Pროდუცტ შაფეტყ ჩომმისსიონ) სტატისტიკის მიხედვით, ფატალური შემთხვევების უმეტესობა სწორედ მძინარებავშვიანი ეტლის კიბეზე ატანისას აღირიცხება.
6. ეტლის სახელურებზე ნურაფერს დაკიდებთ, გარდა მცირე ზომის ჩანთისა. აშშ-ს სამომხმარებლო ნაწარმის უსაფრთხოების კომისიის მონაცემების თანახმად, ეტლის გადაყირავება და უკან ვარდნა ბავშვების დაშავების სტატისტიკაში მეორე ადგილს იკავებს. განსაკუთრებით საშიშია უკან ვარდნა, რადგან ბავშვი კეფით ეცემა, რასაც ხშირად ფატალური შედეგი მოსდევს.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: