რა იწვევს უნაყოფობას
გააზიარე:
იმედის გადაწურვა არ ღირს – უნაყოფობას, თუ გნებავთ, უშვილობას (ასე უფრო ხშირად იხსენიებენ) თანამედროვე მედიცინა ეფექტურად უმკლავდება. მთავარია, მიზეზი მოიძებნოს. თუმცა მიზეზიც არის და მიზეზიც… გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” მეან-გინეკოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში თეონა სალუქვაძე:
მარტივად რომ ვთქვათ, უნაყოფობა მომწიფებული ორგანიზმის ჩასახვის უნარის უქონლობაა. წყვილი უნაყოფოდ ითვლება, თუ ქალი ერთწლიანი რეგულარული, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების გამოუყენებლად მიმდინარე სქესობრივი ცხოვრების შემდეგაც კი ვერ დაორსულდა.
უნაყოფობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ასიდან 15-20 წყვილი უშვილოა.
მრავალი წლის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ უნაყოფო მხოლოდ ქალი შეიძლებოდა ყოფილიყო, რაც სინამდვილეს არამც და არამც არ შეესაბამება. ქალს უნაყოფობის დიაგნოზს ვუსვამთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მამაკაცის უნაყოფობა გამოირიცხება.
უნაყოფობის მიზეზი უამრავია, თუმცა ბრალი უმთავრესად ქალის ან მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ანატომიურ ან ფუნქციურ დარღვევას ედება. ქალის უშვილობის მიზეზი შეიძლება იყოს მუცლის ღრუსა და საშვილოსნოს მილში არსებული შეხორცება, რომელიც ხელს უშლის განაყოფიერებას (მის წილად უნაყოფობის შემთხვევათა 40-50% მოდის), ენდოკრინული დარღვევები (15-30%), ენდომეტრიოზი (20-30%). ასიდან 20-40 შემთხვევაში უნაყოფოა მამაკაცი, დანარჩენი 5-10% კი იდიოპათიური ანუ უცნობი მიზეზით განპირობებული შემთხვევების წილად მოდის.
ძალიან იშვიათად უნაყოფობის მიზეზია საშვილოსნოს არარსებობა, საშვილოსნოს ღრუში არსებული შეხორცებები, ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს ღრუს ამომფენი ლორწოვანის) ბაზალური შრის ძლიერი დაზიანება. მცირე მენჯის ღრუში უხეში ანატომიური ცვლილებების ჩამოყალიბება ხშირად გენიტალური ტუბერკულოზით არის განპირობებული.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც შეიძლება უნაყოფობა დავაბრალოთ, იმუნოლოგიური ცვლილებები გახლავთ. ამგვარი დარღვევებით განპირობებული უნაყოფობა ასიდან 3 შემთხვევაში გვხვდება.
უნაყოფო ქალთა ნახევარზე მეტს 2-დან 5-მდე ფაქტორის კომბინაცია აღენიშნება.
უნაყოფობის მიზეზის დასადგენად გამოკვლევათა მთელი წყებაა საჭირო. გამოკვლევები, წესისამებრ, იწყება საერთო სქემით, ხოლო შემდგომი გეგმა წინა გამოკვლევათა შედეგების გათვალისწინებით ისახება.
იმუნოლოგიური ფაქტორი, რომელსაც უნაყოფობამდე მივყავართ, ანტისპერმული ანტისხეულების წარმოქმნაა. ისინი 1945 წელს აღმოაჩინეს და მას შემდეგ არ ქრება ინტერესი რეპროდუქციის პროცესის დარღვევაში ანტისპერმული ანტისხეულების როლის მიმართ. სტატისტიკა კი ასეთი გახლავთ: ანტისპერმული ანტისხეულები უშვილო წყვილთა 9-36%-ს უვლინდება, მაშინ როცა შვილიან წყვილებს შორის ისინი შემთხვევათა მხოლოდ 0,9-4%-ში წარმოიქმნება.
ანტისპერმული ანტისხეულები გახლავთ იმუნოგლობულინები (IgG, IgA, IgM), რომლებიც მიმართულნი არიან სპერმატოზოიდების მემბრანის ანტიგენების წინააღმდეგ. ცნობილია ანტისხეულების მთელი ჯგუფი: YWK II, BE-20, rSMP-B, BS-63, BS-17, HED-2 და 75-kDa. ისინი წარმოიქმნებიან მამაკაცის და`ან ქალის რეპროდუქციული სისტემის სხვადასხვა უბანში და სპერმატოზოიდის სხვადასხვა ნაწილის წინააღმდეგ არიან მიმართულნი.
თუ ქალს საშვილოსნოს ყელში ანტისპერმული ანტისხეულები აღმოაჩნდა, ეს იმის მანიშნებელია, რომ შესაძლოა, ისინი რეპროდუქციული სისტემის სხვა უბანშიც – საშვილოსნოს ღრუსა და ფალოპის მილის სანათურშიც – იყოს.
ქალის ორგანიზმში აღმოჩენილი ანტისპერმული ანტისხეულები გავლენას ახდენენ არა მარტო სპერმატოზოიდების მოძრაობაზე, არამედ განაყოფიერების პროცესზეც.
ანტისპერმული ანტისხეულები მხოლოდ ქალის ორგანიზმში არ წარმოიქმნება. მათ მამაკაცის ორგანიზმიც გამოიმუშავებს. ამ შემთხვევაში რისკის ფაქტორებია ტრავმა, ვარიკოცელე (სათესლე პარკის წყალმანკი), შარდსასქესო სისტემის ინფექციები, ონკოლოგიური დაავადებები, კრიპტორქიზმი, ქირურგიული ოპერაციები, თესლგამომტანი გზების დახშობა.
ანტისხეულების გავლენა მრავალმხრივია. სახელდობრ, მათი ზემოქმედების შედეგია:
სპერმატოზოიდების მოძრაობის შეზღუდვა. ამ დროს ანტისხეულები სპერმატოზოიდის მემბრანას სხვადასხვა ადგილას ემაგრებიან, იწვევენ სპერმატოზოიდების აგლუტინაციას (შეწებებას) და აფერხებენ მათ მოძრაობას. რამდენად შეასუსტებენ ანტისხეულები სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარს, მათ რიცხვსა და ფიქსაციის ადგილზეა დამოკიდებული;
სპერმატოზოიდების მოძრაობის ბლოკადა ცერვიკალურ (საშვილოსნოს ყელის) ლორწოში.ლიტერატურაში აღწერილია ანტისპერმული ანტისხეულებით დაფარული სპერმატოზოიდების ადგილზე მოძრაობა, ეგრეთ წოდებული ციმციმი;
კვერცხუჯრედის მბრწყინავ გარსში სპერმატოზოიდების შეღწევის შეფერხება.
აქვე გეტყვით, რომ ანტისპერმული ანტისხეულები ნაყოფის ზრდა-განვითარებაზეც ახდენენ გავლენას.
ანტისპერმული ანტისხეულების არსებობას ვეჭვობთ, როდესაც:
. არსებობს რისკის ფაქტორები;
. შეცვლილია სპერმოგრამის მაჩვენებლები;
. პოსტკოიტალური ტესტი ავლენს ცვლილებებს;
. ექსტრაკორპორალური განაყოფიერება უშედეგო აღმოჩნდება;
. შეუძლებელია უნაყოფობის მიზეზის დადგენა.
პოსტკოიტალური ტესტი – ეს გახლავთ სპერმატოზოიდებისა და ცერვიკალური ლორწოს ურთიერთქმედების გამოკვლევა ანუ სპერმატოზოიდების რაოდენობისა და მოძრაობის უნარის შეფასება ცერვიკალურ არხში სქესობრივი აქტიდან რამდენიმე საათის შემდეგ.
ანტისპერმული ანტისხეულების განსაზღვრის ოქროს სტანდარტი არ არსებობს, ამიტომ მეთოდები, რომლებსაც მათი განსაზღვრისთვის იყენებენ, ერთმანეთის დამატებას წარმოადგენს. ერთ-ერთი მათგანია პოსტკოიტალური ტესტი, რომლის ორი ვარიანტი არსებობს:
ინ ვივო – ტარდება სქესობრივი აქტის (რომელიც ოვულაციის პერიოდს უნდა დაემთხვეს) შემდეგ 3-12 საათის განმავლობაში. ტესტი უარყოფითად ითვლება, როდესაც სპერმატოზოიდების მოძრაობა ქალის სასქესო ორგანოებში შენელებულია.
ინ ვიტრო – წყვილი გამოსაკვლევად ოვულაციის წინა დღეებში მოდის. მამაკაცი აბარებს სპერმას, ქალის საშვილოსნოს ყელიდან კი იღებენ ასპირატს (ცერვიკალური ლორწოს წვეთს), რის შემდეგაც მიკროსკოპით აფასებენ სპერმატოზოიდებისა და ცერვიკალური არხის ლორწოვანი გარსის ურთიერთქმედებას. ტესტი უარყოფითად ითვლება, როდესაც საშვილოსნოს ყელის ლორწოვანში სპერმატოზოიდების წინსვლითი მოძრაობა შენელებულია.
პოსტკოიტალური ტესტის უარყოფითი პასუხის მიზეზი უმეტესად სპერმაში ანტისპერმული ანტისხეულების არსებობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემა მამაკაცს უკავშირდება. არცთუ იშვიათად პრობლემა კომბინირებულია – ანტისხეულები ორივე პარტნიორს აქვს.
შეიძლება ითქვას, რომ უნაყოფობის სადიაგნოზოდ მიღებული მეთოდებიდან პოსტკოიტალური ტესტი ყველაზე ჭირვეულია, ამიტომ პარალელურად საჭიროა სხვა გამოკვლევების ჩატარებაც. მათ შორის მნიშვნელოვანია MAR-ტესტი, Immunobead-ტესტი, ლატექს-აგლუტინაციის ტესტი და იმუნოფერმენტული მეთოდი (ELISA).
საზოგადოდ, მამაკაცის გამოკვლევისას ანტისპერმული ანტისხეულები უმჯობესია სპერმაში განისაზღვროს. გამონაკლისია აზოსპერმია – სპერმაში სპერმატოზოიდების არარსებობა. ამ შემთხვევაში ანტისხეულების განსაზღვრა სისხლში ხდება.
ქალის გამოკვლევისას ანტისპერმული ანტისხეულები უნდა განისაზღვროს როგორც ცერვიკალური სითხის ასპირატში, ისე სისხლის პლაზმაში.
უნაყოფობის ამ ფორმის დროს მოწოდებულია მკურნალობის მრავალი სქემა, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება. პირველი ეტაპზე სასურველია ყველა იმ მიზეზის აღმოფხვრა, რომელმაც შეიძლება აღნიშნული პრობლემა გამოიწვიოს. ასეთია უროგენიტალური ინფექციები, ვარიკოცელე, თესლგამომტანი გზების დახშობა და სხვა.
წესისამებრ, მკურნალობას იწყებენ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის (კონდომის) მუდმივი გამოყენებით 3-6 თვის განმავლობაში ან ექიმი ურჩევს წყვილს, კონდომის გარეშე სქესობრივი კონტაქტი მხოლოდ ოვულაციის დღეებში ჰქონდეთ. როცა სპერმა იშვიათად ხვდება ქალის საშოში, ეს ხელს უწყობს ანტისხეულების ტიტრის შემცირებას, რაც, თავისთავად, ზრდის დაორსულების შანსს. პარალელურად შესაძლოა დაინიშნოს საშვილოსნოს ყელის ლორწოს გამათხელებელი და ანტისხეულების ტიტრის დამაქვეითებელი, მაგალითად, ჰორმონული თერაპია. კონსერვატიული მკურნალობის უშედეგობის შემთხვევაში კი მოწოდებულია მეუღლის სპერმით ინსემინაციის (სპერმის ხელოვნურად შეყვანა ქალის საშვილოსნოს ღრუში) კურსი ან ინ ვიტრო განაყოფიერება.