მალარიის და ლეიშმანიოზის საფრთხე

გააზიარე:

გლობალური დათბობის გამო უკვე რამდენიმე წელია, ეს ტროპიკული დაავადებები ჩვენს პრობლემადაც იქცა და ყოველ ზაფხულს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს.

ცუდი ჰაერის ამბავი
“ცუდი ჰაერი” – ასე ითარგმნება ანტიკური ეპოქიდან ცნობილი დაავადების სახელწოდება, იმხანად მხოლოდ და მხოლოდ ჭაობის მავნე ჰაერს რომ ბრალდებოდა. ის არც საქართველოში ყოფილა იშვიათი. თუ ინფექციონისტებს დავუჯერებთ, მალარია მომხდურის წინააღმდეგ მრისხანე იარაღი იყო და  თვითმყოფადობის შენარჩუნებას მხნე ქართველ მეომრებთან ერთად მასაც უნდა ვუმადლოდეთ. ამერიკული სტატისტიკის მიხედვით, II მსოფლიო და ვიეტნამის ომების დროს ამ დაავადებამ მეტი ჯარისკაცი შეიწირა, ვიდრე მტრის ტყვიამ. ადამიანმა მთვარეზეც კი დადგა ფეხი, ერთუჯრედიან პარაზიტს კი ვერა და ვერ გაუმკლავდა... ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მალარიის 300-500 მილიონი ახალი შემთხვევა აღირიცხება, ხოლო ერთ მილიონზე მეტი ადამიანი, უმთავრესად – მცირეწლოვანი ბავშვი, ამ სნეულებით იღუპება. აფრიკაში თურმე 30 წამში ერთი ბავშვი კვდება მალარიისგან... რაც შეგვეხება ჩვენ, კოლხეთის ცისკარზე  ჭაობების ამოშრობის შემდეგ თითქოს გამარჯვება ვიზეიმეთ და ათეულობით წლის განმავლობაში მხოლოდ შემთხვევით თუ წამოიყოლებდნენ ჩვენებურები სუვენირად თბილი ქვეყნებიდან. რამდენიმე წელია, უკვე “ქართული” შემთხვევებიც მომრავლდა: 1998 წელს 12 კაცი დაავადდა, მომდევნო წლებში კი რამდენიმე ასეული. 2005 წლიდან საქართველოში მალარიის წინააღმდეგ გლობალური ფონდის დახმარების პროგრამაც ამოქმედდა, რაც სტატისტიკაზეც აისახა: 2005 წელს თუ 154 შემთხვევა აღრიცხეს, ერთი წლის შემდეგ სამჯერ ნაკლები იყო.
მეტი სიცხადისთვის, მოდი, დაავადების ასავალ-დასავალში ცოტა ღრმად ჩავიხედოთ. მალარიის პლაზმოდიუმი სისხლის წითელი უჯრედებით იკვებება, ციებ-ცხელებას, სისხლნაკლებობას, ღვიძლისა და ელენთის გადიდებას იწვევს (თუმცა დღესდღეობით დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემთხვევაში ამ ორგანოების გადიდება ნაკლებად გამოხატულია). ინფექციის წყარო დაავადებული ადამიანია, მაგრამ ვინაიდან გამომწვევები მხოლოდ სისხლშია, ყოფითი და თუნდაც სქესობრივი კონტაქტი საფრთხეს არ შეიცავს. იშვიათად დაავადება სისხლის გადასხმის, ორგანოთა გადანერგვისა და საზიარო შპრიცის გამოყენებისა დროსაც გადადის. ასევე შესაძლოა, მუცლადყოფნის პერიოდში გადაედოს ნაყოფს დედისგან. უფრო ხშირად კი შუალედური რგოლი, დედალი კოღო ანოფელესი ერთვება საქმეში. რაკი ამ ქალბატონს ჭაობიანი და ნოტიო ადგილები იზიდავს, საქართველოში უმეტესად მამაკაცები ავადდებიან, რომლებიც დასახლებული პუნქტისგან შორს (მშენებლობაზე, სავარგულებზე) მუშაობენ. ქალაქები და სოფლები ჩვენებურ ანოფელესს, მადლობა ღმერთს, ჯერ არ შეჰყვარებია. მალარიის საფრთხე უმთავრესად კახეთისა და ქვემო ქართლის ზოგიერთ საზღვრისპირა რეგიონში (ლაგოდეხში, მარნეულში) გვემუქრება. წამლების მიმართ გამძლე და მძიმე ფორმის გამომწვევი ჩვენებურ ანოფელესს ჯერჯერობით არ გადააქვს, ამიტომ ლაგოდეხში სტუმრობის მსურველს  ისეთი ქიმიოპროფილაქტიკა, როგორსაც მალარიის ენდემურ კერაში სტუმრობის მსურველს ურჩევენ, არ სჭირდება. სამაგიეროდ, თუ ტროპიკულ ქვეყნებში აპირებთ გამგზავრებას, სადაც ყოველი მეორე მალარიის რეზისტენტული და მძიმე ფორმით არის ავად, საპროფილაქტიკო მკურნალობის ჩატარება აუცილებელია. ამით მხოლოდ თავს კი არ დაიცავთ, დაბრუნების შემდეგ თანამემამულეებსაც არ შეუქმნით საფრთხეს. კონკრეტული ღონისძიებებისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურს მიმართეთ, საზოგადოდ კი საქართველოში თითოეულმა ჩვენგანმა, განსაკუთრებით – ენდემური კერის მკვიდრმა, მალარიის შესახებ მეტი უნდა იცოდეს და  კოღოებისგანაც უფრო მეტად დაიცვას თავი:
* ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა ზაფხულის სიცხეში წყლის გამოყენებისას უნებლიეთ კოღოს ზრდა-გამრავლების ხელშემწყობი პირობები არ შევქმნათ: პატარა გუბურები დავაშროთ, წყლის რეზერვუარები თავდახურული გვქონდეს, სანიაღვრე არხების კედლები მცენარეებისა და ნაგვისგან გავწმინდოთ.
* რაკი კოღო ადამიანს საღამო ხანს, მზის ჩასვლის შემდეგ ესხმის თავს, ამ დროს უმჯობესია ბაცი ფერის გრძელსახელოებიანი ტანსაცმელი ჩავიცვათ და შენობას შევეფაროთ. გამოვიყენოთ კოღოს დამაფრთხობელი საშუალებები – რეპელენტები (დააკვირდით ეტიკეტს: პრეპარატი დიეთილ-მ-ტოლუამიდს ან დიმეთილ ფტალატს უნდა შეიცავდეს. ასევე მეტ-ნაკლებად აფრთხობს ანოფელესს მიხაკისა და სხვა მძაფრსუნიანი ოდეკოლონები, ქაფურის სპირტი).
* შენობაში კოღოები რომ ვერ შემოფრინდნენ, კარ-ფანჯრებს ბადეები ავაფაროთ, ოთახებში შემოფრენილი კოღოები ინსექტიციდური აეროზოლებით და ელექტროფუმიგატორებით გავანადგუროთ.
* მცირეწლოვანი ბავშვის საწოლს ჩამოვაფაროთ ბადე და კიდეები მჭიდროდ ამოვუგოთ ლეიბის ქვეშ.
* ყველა საეჭვო შემთხვევაში დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს და გავიკეთოთ სისხლის ანალიზი მალარიაზე.

კიდევ ერთი სისხლისმწოველი
კიდევ ერთი დაავადება, რომელიც მწერებს გადააქვთ და შესაძლოა საბედისწეროც აღმოჩნდეს, ვისცერული ლეიშმანიოზია. მის გახშირებასაც გლობალური დათბობის პროცესს უკავშირებენ და სამხრეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანაც უჩივის. მსოფლიო ტენდენციას არც ჩვენ ჩამოვრჩით: საქართველოში 1990 წელს 12 შემთხვევა გვქონდა აღრიცხული, 2006 წლისთვის კი ეს რიცხვი 174-მდე გაიზარდა. ეს კლიმატის ცვლილებასთან ერთად მომრავლებული მაწანწალა 
ძაღლების დამსახურებაც არის. ძაღლი, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა ცხოველი (მაგალითად, ტურა), მიკროსკოპული პარაზიტის ლეიშმანიას ბუნებრივი რეზერვუარია, ჩვენამდე კი ის პაწაწინა მოსკიტს ფლებოტომუსს მოაქვს. ლეიშმანიოზის გადამტანი მწერების ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია დაჩრდილული ადგილი, ჰაერის მაღალი ტემპერატურა მკვეთრი  რხევების  გარეშე  და  ორგანული  ნარჩენები, ასეთ გარემოს კი ცხოველთა  ბუნაგებში, გამოქვაბულებში, მღრღნელების სოროებში, კლდის ნაპრალებში, ხის ფუღუროებში, შენობების ბზარებში, დაჩრდილულ ნაგვის გროვებში, ნიადაგში პოულობენ. აქ ატარებენ მოსკიტები მთელ დღეს, საკბილოს საძებნელად კი შებინდებისას გამოფრინდებიან, ოღონდ ახლომახლო, ბუდიდან სულ რამდენიმე ათეულ მეტრზე. ზოგიერთ სახეობას სინათლე იზიდავს. განსაკუთრებული აგრესია კი დედალ მოსკიტს ახასიათებს. მოსკიტების ცხოველქმედების პიკი ივნის-აგვისტოს ემთხვევა, ამიტომაც  გაზაფხულზე  გამოვლენილი ავადმყოფები წინა წელს არიან დაავადებულნი (ლეიშმანიოზს ხანგრძლივი საინკუბაციო პერიოდი აქვს – 20  დღიდან  1  წლამდე, საშუალოდ  3-5  თვე).
გასულ წლებში ინფექციის კერები ძირითადად მთისპირა და ტყისპირა რაიონებში – მთაწმინდაზე, ვაკესა და კრწანისში გახლდათ, სადღეისოდ კი უკვე მთელ თბილისშია გავრცელებული.
გარდა თბილისისა, ლეიშმანიოზის კერები მარნეულის,  ბოლნისის, გარდაბნის,  მცხეთის,  თეთრი  წყაროს,  სიღნაღის,  დედოფლის წყაროს, დმანისის რაიონებში და რუსთავში გვხვდება. დაავადებულთა  დიდი  უმრავლესობა  ოთხ  წლამდე  ასაკის ბავშვია.
ლეიშმანიოზის მწვავე  ფორმას  ახასიათებს  მაღალი ტემპერატურა (39-40°C), მძიმე ინტოქსიკაცია, ორგანიზმის საერთო მდგომარეობის სწრაფად პროგრესირებადი გაუარესება და სისხლში ცვლილებები.  ავადმყოფობის  ხანგრძლივობა  3-6  თვეა. ქრონიკული ფორმის დროს სხეულის ტემპერატურა 37,5-38, იშვიათად 39,5 C-მდე იმატებს. პერიოდულად  აღინიშნება ცხელება, რომლის  ხანგძლივობა  რამდენიმე  კვირიდან  რამდენიმე თვემდეა. სათანადო  მკურნალობის  გარეშე  დაავადება შესაძლოა 1,5-3  წელს გაგრძელდეს.
მწვავე  ფორმა,  წესისამებრ,  ადრეული ასაკის  ბავშვებში  გვხვდება,  ქრონიკული კი მოზრდილებში.
ზოგადად, დაავადებისთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, მოთენთილობა, ადინამია,  ფერმკრთალობა,  უმადობა. ელენთა და ღვიძლი გადიდებულია. ვითარდება ანემია. სპეციფიკური მკურნალობის გარეშე ავადმყოფი შესაძლოა დაიღუპოს.
დიაგნოსტიკისთვის  გადამწყვეტი  მნიშვნელობა  აქვს ძვლის ტვინში, ელენთაში, ღვიძლში, ლიმფურ კვანძებში ლეიშმანიების აღმოჩენას. 
ვისცერულ ლეიშმანიოზთან ბრძოლა ნაგავსაყრელების ლიკვიდაციასა და მაწანწალა ძაღლების კონტროლს, ლეიშმანიოზით დაავადებულების დროულ გამოვლენასა და მკურნალობას გულისხმობს. ამავე დროს ყველამ, განსაკუთრებით კი მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებმა, დაავადების შესახებ მეტი უნდა ვიცოდეთ და თავი დავიცვათ: ბავშვები შებინდებისას (მზის ჩასვლამდე 40 წუთით ადრე) არ გავიყვანოთ სასეირნოდ დაავადების კერებად მიჩნეულ ადგილებში, მოვარიდოთ მოსკიტებს. გარდა ამისა, საჭიროა ფანჯრებზე მწერსაწინააღმდეგო ბადეების გაკვრა, სხეულის ღია ადგილებზე რეპელენტების წასმა.

გააზიარე: