სახსრების ენდოპროთეზირება
გააზიარე:
გვესაუბრება თბილისის ტრავმატოლოგიური კლინიკის ტრავმატოლოგ-ორთოპედი აბესალომ ტყეშელაშვილი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შრომისუნარიანობის დროებითი დაქვეითების შემთხვევათა მესამედი და უნარშეზღუდულობის მეათედი სახსრების დაზიანებით არის განპირობებული. რა გასაკვირია – სახსრებს ხომ ძალიან დიდი ჯაფა ადგათ, განსაკუთრებით – მენჯ-ბარძაყისას და მუხლისას, რომელთაც ბუნებამ მთელი სხეულის სიმძიმის ზიდვა დააკისრა. ამიტომაც არის, რომ სიბერეს ნაოჭებთან ერთად განუყრელი ხელჯოხი და შეზღუდული, სიმსუბუქესა და სილაღეს მოკლებული მოძრაობებიც გვამცნობს.
სასახსრე ხრტილის დაზიანებით, დაშლითა და დეფორმაციით მიმდინარე არასპეციფიკურ ანთებით პროცესს ექიმები ართროზს ვუწოდებთ, ხალხი კი რატომღაც – მარილების დაგროვებას.
ოსტეოართროზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. აშშ-ში ოჯახის ექიმთან ვიზიტთა მეოთხედი ამ მიზეზით არის განპირობებული. გამოთვლილია, რომ 65 წელზე ხანდაზმულთა 80%-ს ართროზის რენტგენოლოგიური ნიშნები აღენიშნება, სიმპტომები კი 60%-ს აწუხებს.
ამ პათოლოგიის წარმოშობის უშუალო მიზეზი დაუდგენელია, თუმცა ცნობილია რამდენიმე რისკფაქტორი:
*ასაკი. როგორც უკვე აღვნიშნე, ხანდაზმულებში ოსტეოართროზი უფრო ხშირია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოხუცებულობისას სახსრების დაზიანება გარდაუვალია.
*ჭარბი წონა. ყოველი ზედმეტი კილოგრამი მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრებზე ზეწოლას საგრძნობლად ზრდის, ამიტომაც ნორმალური წონის შენარჩუნება სახსრების სიჯანსაღის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
*სახსრების ზედმეტი დატვირთვა. მეტისმეტად მძიმე საგნების მუდმივი თრევა, ერთი და იმავე მოძრაობის უწყვეტი გამეორება სახსრისთვის ძნელი ასატანია. აქვე გეტყვით, რომ საშუალო ინტენსივობის რეგულარული ვარჯიში სახსრებს აძლიერებს და მათი დაზიანების ალბათობას ამცირებს.
*ტრავმა. არასწორად შეხორცებული სახსარშიდა მოტეხილობა შესაძლოა ართროზის მიზეზად იქცეს.
*თანდაყოლილი პათოლოგიები. მაგალითად, ბარძაყის თავის თანდაყოლილი დისპლაზია (არასრული განვითარება). საქართველო ამ მხრივ ენდემურ კერადაც კი მიიჩნევა. ჩემი აზრით, ეს პათოლოგია ჩვენშიც ისეთივეა გავრცელებული, როგორც სხვა ქვეყნებში. უბრალოდ, საქართველოში ბოლო დრომდე მყარად ჰქონდა ფეხი მოკიდებული აკვნისა და ახალშობილის მჭიდრო შეხვევის ტრადიციას, ეს ფაქტორები კი დაზიანების გაღრმავებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, სოციალური ვითარებიდან გამომდინარე, ბევრი ვერ მკურნალობდა, ამიტომაც დაავადება მიშვებული იყო. ჩვენთან მოდიან პაციენტები, რომელთაც ფეხი უკვე 8-10 სმ-ით აქვთ დამოკლებული.
საბედნიეროდ, ორივე პრობლემას მეტ-ნაკლებად მოევლო: სადაზღვევო სისტემის გავრცელებამ მკურნალობა უფრო ხელმისაწვდომი გახადა. აკვანსაც შორეულ სოფლებშიც კი თითქმის აღარ იყენებენ, – თუმცა წარსულის ვალების გადახდა დღესაც გვიწევს — შუა ხნისები და ხანდაზმულები ხომ სწორედ აკვანში გაზრდილი თაობები არიან.
ართროზის მკურნალობის საწყის სტადიაზე დიდი მნიშვნელობა აქვს სამკურნალო ფიზკულტურას, ზედმეტი დატვირთვის შეზღუდვას, თუ საჭიროა, წონის დაკლებას, ანთების საწინააღმდეგო საშუალებებსა და ქონდროპროტექტორებს. თუ ადამიანი ჩვენს რეკომენდაციებს ზუსტად შეასრულებს, პრობლემური სახსარი შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე მოემსახუროს და არც კი შეაწუხოს.
შორს წასულ შემთხვევებში ხშირად საუკეთესო გამოსავალი ართროპლასტიკა ანუ დაზიანებული სახსრის ენდოპროთეზით შეცვლაა. მსოფლიოში არსებობს ენდოპროთეზების მწარმოებელი რამდენიმე წამყვანი ფირმა, რომლებიც ხარისხით ერთმანეთს ეჯიბრებიან. საქართველოშიც სწორედ მსოფლიო ლიდერების ხუთეულში შემავალი ფირმების ნაწარმი შემოდის. ოპერაცია, გამოყენებული პროთეზის ღირებულების კვალობაზე, საშუალოდ 5500-7000 ლარი ჯდება. საზღვარგარეთ ასეთი ჩარევა გაცილებით ძვირია. პროთეზირება, ჩვეულებრივ, მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებს უტარდება.
ზუსტად ვერ ვიტყვით დაახლოებით რამდენ ხანს მოემსახურება პაციენტს ახალი სახსარი. გააჩნია ადამიანს, მის ფიზიკურ აქტივობას, წონას. პროთეზი სახსარს სრულფასოვნად ვერ შეცვლისნაოპერაციევმა ადამიანმა განსაზღვრული რეჟიმი უნდა დაიცვას, ზედმეტ დატვირთვას მოერიდოს. ყოველივე ამის გათვალისწინებით ხელოვნური სახსარი ზოგს 10 წელი ემსახურება, ზოგს – 15, ზოგს – 20. ასე რომ, საშუალო სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ამა თუ იმ ფირმის პროთეზისთვის არსებობს, საკუთარ თავზე მექანიკურად არ უნდა გადმოვიტანოთ.
არც ოპერაციის ხელაღებით ყველასთვის გაკეთება არ არის მართებული. მით უმეტეს, ჩვენთან ხშირად მოდის პაციენტი, რომელიც წლობით იტანჯება – პათოლოგია უკვე შორს არის წასული, სახსარში ანკილოზია განვითარებული (ჩაკეტილია და აღარ მოძრაობს), კუნთებიც განლეულია. ამ შემთხვევაში ოპერაცია რომც გავაკეთოთ, ვერავინ იტყვის, აღდგება თუ არა ატროფირებული კუნთები, ხომ არ ექნება პაციენტს ხშირი ამოვარდნილობა და საერთოდ, გაუუმჯობესებს თუ არა ოპერაცია სიცოცხლის ხარისხს.
დაბოლოს, გირჩევთ იყავით ფიზიკურად აქტიურნი, მაგრამ გაუფრთხილდით სახსრებს და ერიდეთ ზედმეტ დატვირთვას. თუ სახსრის ტკივილმა შეგაწუხათ, რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს. დაგვიანების შემთხვევაში, როგორც უკვე გითხარით, ოპერაცია შესაძლოა ეფექტური აღარც კი იყოს.