დაკრიოცისტიტი

გააზიარე:

ერთი წვეთი, ორი წვეთი… 

ჩვეულებრივი ამბავია: ახალშობილები ტირიან, თანაც ზოგჯერ ისეთი განწირული ხმით, რომ ყურთასმენას ახშობენ. არაჩვეულებრივი ამბავი კი ის გახლავთ, რომ ცრემლი ხშირად გზას ვერ პოულობს და საკმარისია, პატარამ წამოიტიროს, რომ ლოყებზე ღაპაღუპით ჩამოდის. ასეა მაშინ, როდესაც არხი, რომლითაც თვალიდან ცრემლი გაედინება, დახშულია.

საცრემლე არხის პრობლემები თანდაყოლილია, ისე რომ, მათ ჩამოყალიბებაში ბრალი არც დაუდევარ მშობლებს მიუძღვით და, მით უმეტეს, არც მეანს.

ცრემლნარევი ანატომია
სითხე, რომელიც საცრემლე ჯირკვლებში წარმოიქმნება, თვალის ლორწოვან გარსს ასველებს, იკრიბება არხში, რომელიც თვალის შიგნითა კუთხეში იხსნება და საბოლოოდ ცხვირის ღრუში ჩაედინება. მარტივი ლოგიკა გვკარნახობს: ცრემლმა თავისუფლად რომ იდინოს, არხი დახშული არ უნდა იყოს. სამწუხაროდ, ყოველთვის ასე როდია...

დაბადებამდე ნაყოფს არხი ძალზე თხელი შემაერთებელქსოვილოვანი მემბრანით აქვს დახშული. მოევლინება თუ არა ბავშვი ქვეყანას, პირველად ჩაისუნთქავს და ამ უდიდეს მოვლენას ყვირილით ამცნობს სამყაროს, აპკი სკდება. თუ რამემ აპკის გახეთქვას ხელი შეუშალა, ჩამოყალიბდება საცრემლე პარკის თანდაყოლილი ანთება, რომელსაც მედიკოსები დაკრიოცისტიტს (ბერძ. dacryon – ცრემლი, kystis – ბუშტი) ვუწოდებთ.

ძნელი მისახვედრი არ არის, რა გზას ეწევა ცრემლი, რომელსაც წასასვლელი არსად აქვს. ამის წარმოსადგენად წვიმიანი ამინდის გახსენებაც კმარა, როდესაც გაჭედილ ღარში წყალი ჯეროვნად ვერ გაედინება და ზემოდან შადრევანივით ასხამს, თვით ღარში დაგუბებულ წყალში კი ათასგვარი ნაგავი იყრის თავს. იგივე ხდება საცრემლე არხის დახშობისას: დაგუბებული ცრემლი  კარგავს ბაქტერიციდულ თვისებებს და მიკროორგანიზმები არხში იოლად მრავლდებიან, რასაც ანთებითი ცვლილებები მოჰყვება.

დაკრიოცისტიტის მიზეზი შესაძლოა იყოს არა მხოლოდ აპკის დაურღვევლობა, არამედ საცრემლე არხის, საყლაპავისა და ცხვირის ღრუების თანდაყოლილი დეფექტიც. თუ ამას მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციაც დაერთო, დაკრიოცისტიტის განვითარების ალბათობა ძალზე მაღალია, თანაც შესაძლოა, დაავადება მეტისმეტად მწვავედ წარიმართოს.

საცრემლე აპკის თანდაყოლილი ანთება საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა და თვალის დაავადებების საერთო მაჩვენებლის 12-13,5%-ს შეადგენს.

რატომ ტირი, პატარა?
ახალშობილს დაკრიოცისტიტის ნიშნებს სამშობიაროშივე შეამჩნევთ: ქუთუთოები შეშუპებულია, ლორწოვანი გამონადენის თვალების გახელა ჭირს. მოჭარბებული ცრემლდენა და ჩირქოვანი გამონადენი ჯერ არ შეინიშნება. პედიატრი, შეამჩნევს თუ არა ამ სიმპტომებს, კონიუნქტივიტს ეჭვობს. დაკრიოცისტიტის დიაგნოზი ამ ეტაპზე არ დაისმის.

თვალის ლორწოვანი გარსის ანთების სამკურნალოდ ექიმი თვალის წვეთებსა და მალამოს დაგინიშნავთ. საცრემლე პარკის ანთების შემთხვევაში მკურნალობა, როგორც წესი, უშედეგოა. პატარა უფრო და უფრო წუხს: გაღვიძებისას შეწებებული ქუთუთოების გახელა უჭირს, თვალის კუთხეებში კი ჩირქის კვალი მოჩანს. დაკრიოცისტიტის დადგენა ასეთ შემთხვევაშიც კი საკმაოდ ძნელია. მშობლები მხოლოდ მაშინ იწყებენ შფოთვას, როდესაც შეამჩნევენ, რომ ბავშვი არ ტირის, მაგრამ თვალები ცრემლებით აქვს სავსე, ტირილის დროს ცრემლი სახეზე ღვარად ჩამოდის, ნესტოებიდან კი გამონადენი არ აღენიშნება.

თავდაპირველად თვალებში დაგუბებული ცრემლი გამჭვირვალეა, მოგვიანებით კი, ჩირქის გაჩენისას, იმღვრევა. პროცესს ერთვის მწვავე კონიუნქტივიტი – თვალის ლორწოვანი გარსი მეტისმეტად არის შეწითლებული. შესაძლოა, სხეულის ტემპერატურამაც მოიმატოს.
დაიხსომეთ: დაკრიოცისტიტის უყურადღებოდ დატოვება არამც და არამც არ შეიძლება. უმჯობესია,  მკურნალობა მანამდე დაიწყოთ, ვიდრე პატარა სამი თვის გახდება. შესანიშნავი იქნება, თუ ბავშვს ერთი თვის ასაკში აჩვენებთ პედიატრს, თვალის ექიმს ან ოტორინოლარინგოლოგს (ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტს).

თუ პატარას ცრემლებს გულისყურით არ მოეკიდებით, შესაძლოა, მეტად მძიმე შედეგი (აბსცესი, რქოვანას დაზიანება, საცრემლე პარკის შიდა ფისტულა...) მიიღოთ. ასეთ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა გახდება საჭირო.

დროულად, ეფექტურად
დაკრიოცისტიტის დიაგნოზის დასასმელად მარტივ პროცედურას ატარებენ: ექიმი ბავშვს თვალში შეფერილ ნივთიერებას აწვეთებს და დროს ინიშნავს. საცრემლე არხის გაუვალობის შემთხვევაში თვალის კაკალი 5 წუთის განმავლობაში შეღებილი რჩება. თუ საღებავი გაქრა (თვალის კაკალს ჩვეულებრივი ფერი დაუბრუნდა), ითვლება, რომ საცრემლე აპკი ჯეროვნად ასრულებს ფუნქციას. ასეთ შემთხვევაში ამბობენ, რომ ცდის პირველი ეტაპი დადებითია.

ცდის მეორე ეტაპი დადებითია, თუ საღებავმა ცხვირის ნესტოებში შედებული ბამბის ბურთულებს ფერი უცვალა. ეს ადასტურებს, რომ საცრემლე არხი სავსებით ჯანსაღია და ცრემლს სრულყოფილად ატარებს.

პათოლოგიის არსებობისას სადიაგნოსტიკო ტესტის პირველი ეტაპი დადებითია, ხოლო მეორე – უარყოფითი. ამ დროს შეღებილი ცრემლი თვალის კუთხეშია დაგუბებული, ხოლო ხელის ფაქიზი დაჭერისას ჩირქი იწყებს ჟონვას.

თუ პატარას დაკრიოცისტიტის დიაგნოზი დაუსვეს, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ. თავდაპირველად ექიმის მითითებით პატარას მასაჟი გაუკეთეთ. ზეწოლის შედეგად შესაძლოა აპკის მთლიანობა დაირღვეს და არხი გაიხსნას. ამისთვის ბავშვი მოხერხებულად დააწვინეთ, თვალში 0,25%-იანი ლევომიცეტინის ხსნარი ჩააწვეთეთ და თვალის შიგნითა კუთხე ზემოდან ქვემოთ მიმართული მოძრაობით დაუზილეთ. წესისამებრ, 15-20 მასაჟი სავსებით საკმარისია, რომ ცრემლს გზა გაეხსნას.

არამც და არამც არ ჩააწვეთოთ ალბუციდი. მისი გამოყენებისას ბავშვმა შესაძლოა შვება იგრძნოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პატარა განიკურნა: დაკრიოცისტიტი ქრონიკულ ფორმაში გადაიზრდება და დროდადრო ბავშვს მეტისმეტად მწვავედ შეახსენებს თავს.

უმჯობესია, პროცედურა კვებამდე ჩაატაროთ – მანიპულაციით შეწუხებულ პატარას ჭამა ერთიორად დაამშვიდებს (მით უმეტეს, თუ ძუძუს წოვს).
თუ ბავშვს მასაჟმა არ უშველა, შესაძლოა, მცირე ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო. მანიპულაცია სულ რაღაც ხუთიოდე წუთს გრძელდება, შემდეგ კი რამდენიმე დღის განმავლობაში ლევომიცეტინის ხსნარის ჩაწვეთება მოგიწევთ (სასურველია, დღეში 3-ჯერ).

გაითვალისწინეთ: ბავშვს რამდენიმე დღის განმავლობაში თვალები შეშუპებული და შეწითლებული ექნება. შესაძლოა, ცოტაოდენმა ჩირქმაც გამოჟონოს. ეს ნუ შეგაშინებთ: ერთ კვირაში პატარა სავსებით გამოჯანმრთელდება.

მხედველობაში მისაღები ვადები

ზოგიერთი ამბობს, ახალშობილები ვერაფერს ხედავენო, ზოგიერთი ამტკიცებს, მხოლოდ დედიკოს დანახვა შეუძლიათო... არიან ისეთებიც, ვინც დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მუცელშიც ხედავდა, ესმოდა და ლაპარაკობდა კიდეც.

ზუსტად როდის ახელს ახალშობილი თვალს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ პატარების დიდი ნაწილი მხედველობის თანდაყოლილი პრობლემებით იბადება. სტატისტიკის თანახმად, ახალშობილთა 80% შორსმხედველია (რიცხვმა არ შეგაშინოთ – ეს ნორმალური მდგომარეობაა და მალე თავისთავად გამოსწორდება), 5-7% – ახლომხედველი. ახალშობილთა 13-15% მხედველობის ამა თუ იმ პათოლოგიისადმი განწყობილი იბადება, ხოლო 30%-ს პრობლემური მხოლოდ ერთი თვალი აქვს.

იმისთვის, რომ თვითონაც დამშვიდდეთ და ბავშვის თვალებიც პატარაობიდანვე დაიცვათ უსიამოვნებებისგან, გირჩევთ, პროფილაქტიკის მიზნით დროდადრო ექიმს აჩვენოთ.

ახალშობილს მხედველობას პირველად სამშობიარო სახლში უმოწმებენ, თუმცა ამ ასაკში ზოგიერთი პათოლოგიის შემჩნევა ძნელია. ამის შემდეგ სასურველია, პატარა ერთი თვის ასაკში აჩვენოთ ბავშვთა ოფთალმოლოგს, მერე კი წლის, 3 წლის ასაკში და, რაღა თქმა უნდა, სკოლაში წასვლის წინ.
ხშირად მხედველობის მანკს პირველ კლასში აღმოაჩენენ ხოლმე. ეს გასაგებიც არის: ბავშვის მხედველობას ერთბაშად დიდი დატვირთვა ადგება და თუ აქამდე მცირედი პრობლემა მაინც არსებობდა, უთუოდ იჩენს თავს.

გააზიარე: